Monday, June 6, 2011

აგვისტოს 5 დღე

მაშინ ჩემი შვილი ერთი წლის და სამი თვის იყო, ჩემი ორსული მეგობრის უფროსი ქალიშვილი კი სამის. არაჩვეულებრივი ზაფხული გავატარეთ, თითქმის ერთი თვე ვიყავით ბაკურიანში და 7 აგვისტოს უკან წამოსვლას ვაპირებდით....დაბრუნება მხოლოდ 10 აგვისტოს შევძელით, თბილისში ჩამოსვლიდან ნახევარ საათში გორის ე.წ. „ტრასა“ დიდი ხნით ჩაიკეტა, ცეცხლმოკიდებულ ხიდებზე გავლას, როგორც იტყვიან, ბეწვზე გადავურჩით. ზუსტად არ მახსოვს, 8 თუ 9 აგვისტოს ერთ–ერთი საინფორმაციო გამოშვება ასე დამთავრდა: ,,დაიბომბა ქალაქი გორი... ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მომდევნო საინფორმაციო გამოშვებამდე გემშვიდობებით“... და სერიალი ჩართეს.... მახსოვს ცარიელი თბილისი, მახსოვს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავრასარდლის სიტყვები: ,,ხვალ დილამდე არაფერი იქნება....“

ნებისმიერ ჩვენთაგანს თავისი „აგვისტოს 5 დღე“ აქვს, რომლებიც ერთად შეკრებილნი, ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს ქმნიან. მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოხატული ემოცია, ვერასოდეს გადმოგცემს მის სიმძაფრეს, განცდისა და ტკივილის სიმძიმეს. უბრალო ფაქტები ზედმეტად მშრალია.. არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიტანო თქვენამდე სათქმელი, ეს ხომ მარტო ჩემი ტკივილი არ არის, ეს ხომ თქვენც გადაიტანეთ, ეს ხომ თქვენც იცით...

კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჩემი აზრით, არის მშვიდობა. ამაზე თითოეული ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს დაფიქრებას, როდესაც საკუთარ თავზე გამოცდის ომის მთელ სიმძიმეს. რა შეიძლება იყოს ომის მონაპოვარი?

როდესაც ომზე ვსაუბრობ, ბუნებრია არ შემიძლია ვიყო გაწონასწორებული და რაციონალური, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი, შეიძლება იდეალისტური, ოცნებებითა თუ განცდებით. საქართველოს ძლიერ და ნათელ მომავალზე, რა თქმა უნდა მიოცნებია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, გულწრფელად ვაღიარებ, არ ვიცი რისი გაღება შემიძლია ამისთვის. ,,სამშობლოსათვის თავდადებული გმირები“ - ღრმა ბავშვობაში მრავალჯერ გაგონილი ეს სიტყვები დღეს უკვე ჩემი რეალური ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ მაშინდელ თუ დღევანდელ გმირებზე და თავს ვეკითხები: რას ეწირებოდნენ ისინი მაშინ და რისთვის იხოცებიან დღეს? არ ვიცი გაზვიადებულია თუ არა საქართველოს ისტორიის ის ეპოზოდები, როდესაც მრავალათასიან მტრის ჯარს ქართველი გულადი მეომრები საოცარი თავგანწირვითა და გულადობით ამარცხებდნენ, მაგრამ თანამედროვე პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ომის მოგება, ომში გამარჯვება, მხოლოდ თანაბარი სამხედრო აღჭურვილობითა და საბრძოლო ტექნიკის პირობებში თუა შესაძლებელი. სამხედრო განათლება არ მაქვს, ამიტომაც ბუნებრივია არ ვიცი და არ მესმის ომის ტექნიკა, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს მინდა ვიცოდე, რატომ ეწეოდა ჩემი ქვეყანა ომის პროპაგანდას, რატომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოს, რისთვის დაიწყო ომი, რისთვის ღირდა ამ ომის დაწყება (არ მინდა არც ერთი უტრირებული ფრაზის გამოყენება და გადაუმოწმებელი, მხოლოდ ემოციებზე დამყარებული სიტყვების წერა, მაგრამ აღიარებული ფაქტია, დღევანდელ დღემდე ჩვენი სახელმწიფო, სწორედ 2008 წლის ომის შედეგად ევროპისა და ამერიკის ნაწყალობემა დახმარებამ ,,მოათრია“). ,,აგვისტოს 5 დღის მონაპოვარი“, ბოლო დღეები მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში, ჰოლივუდის მინი ფიალიალის, ბრჭყვიალა კაბების ფრიალისა და ცრემლნარევი თვალების ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრომ ამაზე – აგვისტოს 5 დღის მონაპოვარზე...

ომი ადრე თუ გვიან მთავრდება. ომს ჰყავს მხოლოდ ერთი გამარჯვებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა სენტიმენტალური გრძნობების აღძვრა, არ მინდა გაცვეთილი ფრაზები, არ მინდა უტრირებული ფაქტები. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დამარცხდა რუსეთის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში; საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები დღემდე დაუდგენელია; საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება სამაჩაბლოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე; საქართველოს ტერიტორიის 20% ფლობს რუსეთის ფედერაცია; საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები; სამაჩაბლოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. (რა გავლენა იქონია 2008 წლის ომმა საქართველოს სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე, ამაზე ბუნებრივია არაფერს დავწერ).
მშრალ ციფრებში და მარტივ ფრაზებში გამოხატული აგვისტოს 5 დღე ასე გამოიყურება:

აგვსიტოს 5 დღის შედეგად დაღუპულია ორასამდე ქართველი სამხედრო;
აგვსიტოს 5 დღის შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა;
აგვსიტოს 5 დღის შედეგად დაკარგულია 140–მდე ქართული სოფელი;
აგვსიტოს 5 დღის შედეგად ოფიციალურად რეგისტრირებულია 25 ათასამდე დევნილი.

და მაინც რა არის აგვისტოს 5 დღის მონაპოვარი? ჰოლივუდელი რეჟისორის რენე ჰარლინის მხატვრული ფილმი ,,აგვისტოს 5 დღე“ და 2011 წლის 5 ივნის თბილისში გამართული პომპეზური პრემიერა, რომელსაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, სხვა ვერაფერი ვიპოვე...

მე ნუ მიპასუხებთ, საკუთარ თავს უპასუხეთ, ღირდა თქვენი აგვისტოს 5 დღე 2011 წლის 5 ივნისს გამართულ პრემიერად?!