Saturday, July 2, 2011

ბავარიული ძუძუები


1987 წელს დედ-მამამ გადაწყვიტა ჩემი ე.წ. გერმანულ - მე-6 სკოლაში შეყვანა. პირველი კლასი უკვე დახურული მქონდა, დღეს რომ საჯაროს უწოდებენ, აი, ისეთ სკოლაში და დისლოკაციის ადგილის შეცვლას არ ვაპირებდი. თუმცა, ჩემი ბებია დუდანას რჩევითა (რომელიც გერმანულ სკოლაში გერმანულის გაკვეთილებს გერმანული სიმღერებით ატარებდა) და ოჯახის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით (სინამდვილეში ამ გადაწყევტილებას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე, ბაბუაჩემი მიშა ჰყავდა), ისეთ სკოლაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, რომელსაც არც საბჭოთა საქართველოსთან და არც საბჭოთა განათლების სისტემასთან ჰქონდა რაიმე საერთო. ე.წ. მე-6 სკოლას მკვეთრად განსაზღვრული გეზი ჰქონდა აღებული, ჩვენთვის დღესაც ასე ნანატრი ევროპისკენ, კერძოდ კი გერმანიის ფედერაციისკენ. ახალგაზრდა მასწავლებლები, ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა და თავისუფლების დიდი ,,რაუმი“ - სამი სიტყვით ასე დავახასიათებდი ჩემს სკოლას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კარგი მგონია დღესაც და მადლობელი ვარ დედასი, მამასი და დუდანა ბებიასი, თავის დროზე ეს ,,განაჩენი“ რომ გამომიტანეს.
ჩემი სკოლის წყალობით გერმანულ ენას დავეუფლე, უნივერსიტეტშიც ამ ენის სწავლა განვაგრძე და ბევრი თუ ცოტა მეცადნეობისა თუ გამართლების შედეგად, ერთხელაც თავადაც ავღმოვჩნდი იმ ქვეყანაში, მთელი მოსახლეობა გერმანულად რომ საუბრობს. მას მერე ბევრა წყალმა ჩიარა და მეც ბევრჯერ მივიღე საოცნებო ,,ვიზა-შტამპელი“ ჩემს სასაცილო წარწერებიან პასპორტში. მოკლედ, ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ,,დოიჩე მარკა“ და ევრო გადავახურდავ-გადმოვახურდავე, გერმანიას ძალიან დავუმეგობრდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთის, ამ წინ და უკან სიარულში ვერასოდეს მოვახერხე ,,ოქტობერფესტზე“ დასწრება. ,,Oktoberfest“-ი გერმანიის ერთ-ერთი მიწის - ბავარიის ცნობილი დღესასწაულია, რომელსაც აგერ უკვე 1810 წლიდან ზეიმობს ეს ხალხი და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ უამრავ ტურისტს გემრიელი გერმანული ლუდით უტარებს თირკმლების დეზინფექციას. როგორც გითხარით ,,Oktoberfest“ სათავეს 1810 წლიდან უფლისწულ ლუდვიგისა და პრინცესა ტერეზას ქორწილიდან იღებს. თუმცა ამ დღესასწაულის ისტორიულ ფაქტებზე და ტრადიციებზე არ მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, თავადაც მოახერხებთ ამას თუ www.google.com-ში მარტივ სიტყვა - ,,Oktoberfest“ ჩააკოპირებთ. მოკვდავების ენაზე რომ გითხრათ, ,,Oktoberfest“ ეს ის დღესასწაულია, სადაც ყველა ეროვნებისა და რჯულის ადამიანი, განურჩევლად სქესისა, იმდენ ლუდს სვამს, რამდენსაც მაპატიეთ გამოთქმაზე და სტომაქი დაიტევს, მერე საერთო-საყოველთაო ღრეობას აწყობს, აი, დაახლოებით ისეთს ჩვენს რომ ვიცით ,,ლა-ლა-ლალალა...“-ს ფონზე.
მოკლედ, გერმანული ღრეობის თანამონაწილე ვერა და ვერ გავხდი, მაგრამ ჰოი საოცრებავ, სად მგონია ჩემი თავი, მე ხომ ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქის საპატიო და სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ. და თუ თავად ვერ ვახერხებ ,,Oktoberfest“-ზე წასვლას, ის ჩამოდის ჩემთან. დიახ, ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, რამდენიმე დღის წინ დიდძუძუებიანი ბავარიელი გოგოები რა მარდად დაატარებდნენ ერთდროულად რვა კათხა ლუდს ,,ვარდების რევოლუციის“ მოედანზე და დიდ მადლობას უთვლიდნენ ქალაქ თბილისის მერს...
როგორც ჩვენი ძველი მეზობლები იტყვიან - ,,ვეკ ჟივი, ვეკ უჩის“ (ისევ და ისევ თქვენს ეროვნულ კომფორტზე ვზუნავ და თარგმანს გაახლებთ: საუკუნე იცხოვრე და საუკუნე ეზიარე ახალ-ახალსო). ჰოდა, რა ამის პასუხია და რას არ მოესწრები ადამიანი, ,,შერონ სტოუნის ხსენებისა და პატივგების“ საერთაშორისო დღე ხომ დავაწესეთ და ახლა უკვე ,,Oktoberfest“-ი ქართულ-ეროვნულ ტრადიციებზე დამყნობილ ,,პრაზნიკად“ ვაქციეთ.
მაინც საოცარი და უსაზვროა ეს გლობალიზაცია და მის საზღვრებს ნამდვილად არ აქვს ფარგლები, ამიტომაც არ გამიკვირდება თუ ერთხელაც საქართველოზე უგზო-უკლოდ შეყვარებული რენე ჰარლინი ,,დენ ბლაგიდარენიეს“ - მადლიერების დღის აღსანიშნავად ნაციონალურ კოსტუმში გამოწყობილ ფშავ-ხევსურ გოგოებს ,,გამოიწერს“ საქართველოდან და ბრინჯით გამოტენილი მადიანი ინდაურის გვერდზე, ცხელ-ცხელ ხინკალს ამოაქაფქაფებინებს.
ვითომ რისი თქმა მინდოდა ამ სტატიით? არაფრის, უბრალოდ ქართულ ტრადიციას, ქართულ სტუმარ-მასპინძლობას, ქართულ მეობას მინდა გაუმარჯოს!