Thursday, March 5, 2015

ჭკუის დაკარგვის ფენომენი

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ასეთ სათაურს გადავაწყდი ,,10 მოულოდნელი რამ, რაზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ.“ მსგავსი სათაურის ე.წ. ,,პოსტები“ - ,,6 მიზეზი წარმატების მისაღწევად“, ,,12 რჩევა მათთვის, ვისად დილას გაღვიძება ეზარება“, ,,50 სიტყვა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა თქვა“ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მხვდება. მათგან ყველაზე გამორჩეული და ჩემი ფავორიტი რუსულენოვანი გვერდია - ,,Психология отношений“. ამ გვერდის მიერ შემოთავაზებული რჩევები თუ უბრალოდ ფრაზები, ვერასოდეს მტოვებს ,,გულგრილს“. ,,ძლიერი მამაკაცის, ძლიერ მკლავს ამოფარებულ ქალს არაფრის ეშინია!“, ,,სიყვარული მაშინ გეწვევა, როდესაც ამის დრო მოვა!“, ,,შეიყვარე ის, ვისაც ძლიერ უყვარხარ!“, დამაჯერებელი შრიფტით დაბეჭდილი ეს ახლადაღმოჩენილი ,,ჭეშმარიტება“ ხშირად ამოვარდება ხოლმე ჩემს ე.წ. ,,ვოლზე“. მათი სიმრავლე და ,,დაშეარების“ სიხშირე ბუნებრივად მაფიქრებინებს, რომ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ასეთ გამონათქვამებში საკუთარ თავს პოულობს, ან ეძებს. მამაკაცს ჭკუას რომ დააკარგინებს ის ათი რამ, ვაღიარებ, მეც წავიკითხე. სიმართლე გითხრათ უფრო იმისთვის, რომ თქვენ სწორედ ახლა ეს ბლოგი წაგეკითხათ. საინტერესო ჩამონათვალი იყო. ასე მაგალითად, მამაკაცებს თურმე შიშველი ფეხის ტერფი აკარგინებს ჭკუას. უმა თურმანი გამახსენდა. ადრე სადღაც წამიკითხავს, რომ მას საშინელი კომპლექსი აქვს თავისი უსაშველოდ დიდი ტერფის. რაღა დაგიმალოთ და არც საკუთარი ტერფით ვარ აღფრთოვანებული, ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ტერფი რაიმე განსაკუთრებული სექსუალური დატვირთვის ობიექტია. ჩამონათვალში იყო შიშველი მხარი, რომელიც თურმე ქალის სისუსტეს უსვამს ხაზს და მამაკაცს მისი გადარჩენის სურვილს უღვივებს. კიდევ იყო არა კუბიკებიანი (სიტყვასიტყვით ასე ეწერა), არამედ რბილი მუცელი. არ ვიცი, მუცლის პრესი რატომ დაიწუნეს ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა, მაგრამ ასე ეწერა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაც არ გამორჩა უცნობ ავტორს, რომელიც წერს, რომ მამაკაცებს კარგი მადიანი ქალები უყვართ, ქალი რომელიც ,,ნაზად“ მიირთმევს, ლოგინშიც სუსტი იქნებაო. მათლა ასე გგონიათ და წინასწარ იცით, რომ დიეტაზე მყოფი ქალი რბილად რომ ვთქვა, არამიმზიდველია ლოგინში? ზემოხსენებულ ჩამონათვალს თავი რომ დავანებო, მართლა მაინტერესებს რაზე კარგავენ ჭკუას მამაკაცები, ან თუ კარგავენ საერთოდ ჭკუას, ან თუ აქვთ საერთოდ ჭკუა? გამოკითხვა არ ჩამიტარებია და სიმართლე გითხრათ არც იმის ილუზია მაქვს, რომ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ჩემი ყველა მეგობარი ბიჭი, თუნდაც ერთ რამეს დაასახელებს რაზეც ოდესმე ჭკუა დაუკარგავს. ამიტომაც ისევ ჩვეულ მეთოდს მივმართავ და ჩემეულად ვიმსჯელებ მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ფენომენზე. ეს თემა რომ უცხო არ არის ჩემთვის, რამდენიმე წლის წინ დაწერილი ბლოგიც ადასტურებს. იქ ვწერდი იმაზე, თუ რა უყვართ ქალებს, რა არ უყვართ, რას ველოდებით მამაკაცებისგან და რა გვწყინს, მაგრამ მართალი გითხრათ, ამდენი წლის მერეც ვფიქრობ, რომ არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელიც ,,ნიმესილივით“ ყველას ერთნაირად გაუყუჩებს თავის ტკივილს და სიყვარულს აპოვნინებს, ჭკუისდამაკარგვინებელ სიყვარულს. მე ისეთ დროს გავიზარდე, ქალმა მამაკაცას ჭკუა რომ უნდა დააკარგინოს, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა.უფრო სწორად კი, მამაკაცები თავად კარგავდნენ ჭკუას და დაუღალავად ცდილობდნენ იგივე შედეგის მიღწევას ქალებთან. მამაკაცის ეს თვისება თავის შორეულ საწყისს საუკუნეების წინ იღებს. ჩემი აზრით, მამაკაცის ჭკუის დაკარგვის ისტორია, ისე კარგად არასდროს არავის დაუწერია, როგორც თავის დროზე შოთამ დაწერა. ამას ერქვა ჭკუის დაკარგვა, თუ ერქვა! ,,საქმენი საგმირონია“ სამწუხაროდ, შორეულ შუასაუკუნეებს ჩაბარდა, დაკარგული უცხო მოყმის საძებნელად საბრძოლველად კი არა, ჩაის ჭიქაში ჩადებული კოვზის მორევაც კი ეპრობლემებად დღევანდელ მამაკაცებს. ,,დე, ჩაის მორეული აქვს?!“ - ეს არის ჩემი ყველაზე ატუალური ტკივილი, მაგრამ არა ამ ბლოგის თემა. ამიტომაც ტარიელისა და ავთანდილის ჭკუადაკარგულობაზე აღარ შევჩერდდები და ისევ იმ დროს მივუბრუნდები, როდესაც ჩვენ ქალები (მაშინ გოგოები), ვკარგავდით ჭკუას ძველ ბიჭებზე. ვისაც 90-იანებში არ უცხოვრია, არც რომანტიკის გაეგება რამე. შეყვარებულისათვის მოპარული დვიჟოკით ანთებული ნათურა, ბენზინით ანთებული გული, ,,გატანილი ბუტკიდან დათრეული სნიკერსი და ლოვე იზ ჟუაჩკები“, ,,ბაბაჩკის“ ტრიალით ,,მაგრად მევასების“ მთქმელ და ხელზე ბენდენაგადახვეულ ბიჭებზე ვკარგავდით ჭკუას ჩვენ. ჩემი აზრით, მათ ვისაც შესამჩნევად გრძელი ფეხები და ფეხებზე გრძელი ქერა თმა ჰქონდათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლათ, ჭკუის დაკარგვის ამბავში. ბევრ ასეთ გოგოს არც ჰკითხეს ისე, ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა და 15-16 წლის ასაკში ,,საკუთრებად“ გაიხადეს. ბენზინით დანთებული გულებიც ჩაიწვა და ასფალტზე შავი ლაქა დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ მე მეტად გამიმართლა, არც გამორჩეულად გრძელი ფეხები მაქვს და არც ქერა თმა, მართალია, ბენზინის გული არავის დაუნთია ჩემთვის, მაგრამ არც მოტაცების მსხვერპლი გავმხდარვარ. თუმცა, ერთხელ იყო მცდელობა, ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ქორწილიდან ვბრუნდებოდი იმ დღეს გაცნობილ ბიჭთან ერთად, რომელსაც მთელი საღამო, ღამე, ფაქტიურად დილამდე ვეცეკვე. ჰოდა, სახლისკენ გზაზე, მანაც ცოტა ხნით ჭკუა დაკარგა ეტყობა და შემომთავაზა, არ გინდა პირდაპირ დასავლეთისკენ გავუხვიოთო. დღეს აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ევროპაში მეპატიჟებიან, თუნდაც ,,კოპიტნარის“ აეროპორტიდან ოცევროიანი ბილეთით. მაშინ კი დასავლეთი, ნიშნავდა დასავლეთ საქართველოში მდებარე რომელიმე სოფელს, სადაც რამდენიმე დღე გადამმალავდნენ და მერე იმ მიზეზით, რომ ,,მოსახდენი უკვე მოხდა”, სამუდამოდ დამისაკუთრებდნენ. ნამდვიალად ძალიან გამიმართლა, რომ მაშინ იმ ძალიან კარგმა ადამიანმა ჭკუა, ბოლომდე არ დაკარგა და სახლში მშვიდობიანად დამაბრუნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ისეთ დროს გავიზარდეთ, როდესაც მამაკაცებმა იცოდნენ ჭკუის დაკარგვა ქალების გამო, მაგრამ ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ოქროს შუალედის დაჭერა აქაც ყოველთვის უჭირდა ქართულ გენს, ამიტომაც ჭკუის დაკარგვაც რადიკალური ფორმით გამოიხატებოდა: დავინაზხე, მომეწონა, ცოლად მინდა!. (пришел, увидел, победил!). ქალს ფაქტიურად არ რჩებოდა დრო იმისათვის, რომ დაინტერესებულიყო თუნდაც იმ ათი მიზეზით, რაზე დაკარგავდა მამაკაცი ჭკუას, უკვე ჭკუადაკარგულის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე. რაც შეგვეხება მათ, ვინც ზემოხსენებულ ვანდალიზმს გადავურჩით, მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ხელოვნებაში, არც ჩვენ გვაქვს სამაგისტრო ნაშრომები და პუბლიკაციებითაც ვერ დავიკვეხნით. სწორად მიმიხვდით, ვგულისხმობ სექს, ქალსა და კაცს შორის, რომლის დროსაც ყველაზე კარგად შეიძლება გაიგო ვინ კარგავს ჭკუას, თავს, ფეხს თუ სხვა რამეს. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მას მერე გავიგეთ, რაც ცხოვრება ერთ კონკრეტულ მამაკაცს დავუკავშირეთ, ამიტომაც ტერმინი ,,მამაკაცები“ თავისთავად ილუზიაა, ,,მამაკაცი“, ნუ ჯანდაბას, მაქსიმუმ მამაკაცები, მაგრამ ორი - პირველი ქმარი და მეორე ქმარი. ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, სლავ ქალებზე, რომლების გამოც ყოველთვის კარგავდნენ და დღესაც კარგავენ მამაკაცები ჭკუას. ისინი ,,კავდებიან სიყვარულით“ და ნამდვილად აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება კაცის ჭკუის დაკარგვის დარგში, ეროვნებისა და მენტალური თავისებურებების გათვალისწინებით გაწეული მომსახურება, დღესაც უაღრესად ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ტიპურად ,,გრუზინი“ არასოდეს ყოფილა, დღესაც ჯინსები და კედები აცვია და არ აქვს ღიპი, თავის დროზე ისიც კარგავდა ჭკუას სლავური წარმოშობის ქალების გამო. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია ,,спокойной ночи малыши“-ს თანაწამყავსნ ტატიანა ვედენეევას უკავშირებდა, რომელსაც მოსკოვში ასპირანტურიაში მყოფ მამაჩემთან პაემანი ჰქონდა. მამამ ტატიანას გამო ჭკუა ბოლომდე რომ არ დაკარგა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მე ვარ და კიდევ ის, რომ ეს ისტორია ვიცი. თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე, შუალედური დასკვნა ასეთია: მამაკაცები ნამდვილად კარგავდნენ ჭკუას ქალების გამო, იცოდნენ როგორ უნდა დაეკარგათ ჭკუა ქალებს მათ გამო, მაგრამ რადიკალური და უსაშველოდ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებების გამო, (და ალბათ ჭკუის ნაკლებობის გამოც), ხშიარდ ჭკუასთან ერთად, იკარგებოდა, გრძნობა და ემოცია, დრო და წლები, მაგრამ რჩებოდა და რჩება დაკარგულის ჭკუის შედეგი, სიყვარულის შედეგი, ის რაც ავსებს და ქმნის დროის იმ ხანგძლივ, ან ხანმოკლე პერიოდს, რომელსაც ცხოვრება ქვია. ანუ თუ ცოცხალი ხარ, უნდა დაკარგო ჭკუა, მერე იპოვო და ისევ დაკარგო, მერე სხვას გაუნაწილო და იმისგანაც აიღო, მერე ჩაის კოვზით მოურიო და ტორტის ნაჭერი მიაწოდო... ,,Психология отношений“ ჩემი რეალობაა. დღევანდელი დღის გამოძახილი. არც ერთი ასეთი გვერდი არ წერს იმაზე, თუ როგორ უნდა ,,მოვინადიროთ“ ქალის გული, დღეში რამდენჯერ უნდა ვუთხრათ ,,მიყვარხარ“, თავზე ვარდის ფურცლები დავაყაროთ, თუ იის (გაზაფხულის სურნელი უკვე იგრძნობა და შესაბამისად, იების სურნელმა რომანტიკულად შთამაგონა..), ლოგინში შემწვარი კვერცხი და ბეკონი ურჩებნიათ ლანგარზე, თუ ხილის ასორტი და თბილი ალადები. სამაგიეროდ გინდა არ გინდა გეცოდინება, წაგეკითხინება, ,,შემოგეშეარება“ ინფორმაცია იმის შესახებ, ლურჯთვალა მამაკაცს ჭორფლიანი ქალი ურჩევნია, თუ სილიკონისძუძუებიანი, სამსახურიდან მოსულ, 40 წელ გადაცილებულ მამაკაცს ბატის ჩახოხბილი უნდა გაუცხელო, თუ მსუბუქი სალათა დაახვედრო, ბართან მდგომ ჰალსტუხიან ,,ბრუნეტს“, პერანგის ტოტი თუ ამოჩაჩული აქვს, ე.ი. ახალი ურთიერთობის დასაწყებად არის მზად. არ ვიცი ინფორმაციის ზღვა გახდა ამის მიზეზი, თუ რამე სხვა, მაგრამ თანამედროვე მაკაცები, სულ უფრო ნაკლებად კარგავენ ჭკუას, უფრო სწორად დიდი ძალისხმევის შედეგად კარგავენ. თუ ზემოხსენებულ შავბნელი დროის მამაკაცებს შევადარებ, გონება დღევანდელებს ნამდვილად უფრო ნათელი აქვთ, უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. არც განათლება მიუღიათ ლამფის“ მბჟუტავ შუქზე და არც ,,დვიჟოკის“ ამოქოქვაზე დაუკარგავთ დრო და ენერგია. მათი უმრავლესობა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების სამაგისტრო დიპლომს ფლობს, ერთი, ორი ან სამი უცხო ენა წყალივით მოედინება მათი ბაგეებიდან და მაჯაზე ბენდენის ნაცვლად ,,როლექსის“ თუ არა ,,მაიკლ ქორსის“ საათი მაინც უკეთიათ. ვფიქრობ, დიდი ძალისხმევით მოპოვებული ჭკუის დაკარგვა უფრო დასანანია და ამაშია ნეტა საქმე? როდესაც ძვირს იხდი, მერე მისი იოლად დაკარგვა რთულია...ერთი უკიდურესობიდან, მეორეშე გადავარდნა, ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდის. სწორედ ასეა, მაშინ ქალს არ იცნობდნენ ისე მოჰყავდათ ცოლად, დღეებს, თვეებსა და ზოგჯერ წლებსაც კი ატარაბენ ერთად და ბოლოს ფრაზა: ,,არ მინდა ემოციურად დამიახლოვდე...“. არ გეგონოთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ძალიან რეალურმა მამაკაცმა უთხრა, ძალიან რეალურ, ლამაზ ქალს. რას ნიშნავს ეს, ემოციურად არ დამიახლოვდე? სადმე ასეთი რამეც წერია: ,,თუ გინდა მამაკაცმა შენზე ჭკუა დაკარგოს, არასდროს უყურო მასთან ერთად მელოდრამას და არასდროს ანახო შენი ცრემლები?“. ესეც ნათელი გონების შედეგია, რომ ურთიერთობა რაციონალური მდგომარეობის ჩარჩოებში მოექცეს, ყოველგვარი სპონტანურობისა და ღმერთმა დაგვიფაროს, ემოციების გარეშე? ერთმნეთს შევხვდეთ ხუთშაბათს და შაბათს, კვირას არა, ორშაბათი მძიმე დღეა. სექსი გვქონდეს ხუთხშაბათს, იმიტომ რომ პარასკევს სამსახური 10:30 მეწყება? ამის პარალელურად, ქალმა უნდა იფიქროს, შიშველი მხარი გამოაჩინოს, თუ რბილი მუცელი, თმა ქერად შეიღებოს, თუ ბუნებრივად წითური დარჩეს და ასე წვალებით მივალთ შედეგამდე, როდესაც მამაკაცი დაკარგავს ჭკუას და თუ ძალიან გაგვიმართლა ემოციურადაც დაგვიახლოვდება, ალბათ დროებით. არა, არ ვარ რადიკალური. მოთხოვნა ისეთი შინაარსის რჩევებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მართლა დიდია და დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ ჭკუიდან შეშალონ მამაკაცები და ასევე ბევრნი არიან ისეთი მამაკაცები, რომელთაც ურთიერთობის, ქალსა და კაცს შორის რომ არის იმ ემოციური ურთიერთობის, უბრალოდ ეშინიათ. მე ფსიქოლოგი არ ვარ და ყველა ფსიქოტიპის ადამიანს არ ვიცნობ. არც მკურნალობის მეთოდი ვიცი და ვერც ამ შიშის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვიმსჯელებ. ამიტომ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ვიცი, იმას დავწერ და თუ გნებავთ რეცეპტად მიიღეთ: დედამიწაზე შეიქმნა მხოლოდ ორი საწყისი - კაცი და ქალი, მესამე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ ამ ორი საწყისის ერთად ყოფნით შეუძლია თითოეულს ჭკუის დაკარგვა. ჩვენ გვაკარგვინებს ჭკუას კონკრეტულად იმ ერთის და განუმეორებელის ფეხის შიშველი ტერფი, ჩვეულებრივი ფერის თვალები, გრძელი ან მოკლე თმა, უბრალო მაისური, უმაკიაჟო სახე, სექსუალური საცვალი, კარგით, არა კუბიკებიანი მუცელიც. ჩემი აზრით, ერთი კარგავს ჭკუას მეორეზე და ის მეორე ამ ერთზე, სრულაიდ ბუნებრივად და კანონზომიერად, აუცილებლად ემოციურად და უსაზღვროდ, სწორედ იმიტომ, რომ ამ ერთის თვალებში ხედავს საკუთარ გამოსახულებას ისე, როგორც ვერავისთან და ვერსად დედამიწაზე.

მიყვარხარ, მაგრამ...

პირველად ეს სიტყვა მაშინ მითხრეს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და მთელ დღეს ეზოში ვატარებდი. საერთოდ ჩემი ცხოვრების საკუთესო წლები ბენდელიანის ქუჩის ხუთი კორპუსის გარშემო გაშენებულ, გამწვანებულ არაჩვეულებრივ ეზოს უკავშირდება. ,,კაზაკი რაზბოინკი“, რეზინობანა და წრეში ბურთი, არანაირი ,,აიფადი“, ,,პოდი“ და ,,ტაბი“. ჩემი უბნელი ბიჭები მუდვიმ დაძაბულობაში იყვნენ დოლიძის ქუჩის ბიჭებთან. ,,დოლიძელეები“ (მათ ასე ვეძახდით) ველოსიპედებით (დესნადვა)ეშვებოდნენ ხოლმე და იმართებოდა ე.წ. ,,რაზბორკა“. როგრც მახსოვს, ,,დოლიძელეები“ უფრო ,,კრუტოი“ ტიპები იყვნენ და ამ წოდების შენარჩუნებას სწორედ ზემოხსენებული ,,რაზბორკებით“ ცდილობდნენ, რომელთაც სისტემატური ხაიათი ჰქონდა. ჩემი მეგობარი ნატო, ერთ-ერთი დოლიძელის კლასელი და, შემდეგ შეყვარებული და ახლა კიდევ ცოლია. ნატოს ,,პონტში“ ,,კრუტოი“ ტიპები ჩვენც გავიცანით, მაგრამ საქმე მხოლოდ გაცნობით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა ყველაზე ,,კრუტოიმ“, ერთ დღესაც ,,გარაჟების“ (ავტოფარეხი რომ ქვია ვიცი, უბრალოდ გარეჟები იმდროინდელი ტერმინია) სახურავზე ამიყვანა და ასე მითხრა: მოკლედ, მიყვარხარ...დაბნეულობისგან ისე გავწითლდი, როგორც არასდროს მანამდე და მარტივად ვუპასუხე: ვიცოდი... რაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იყო ის, თუ რა რთულია როდესაც ,,მიყვარხარ“-ს პირველი ამბობ. შეგრძნება, როდესაც მუცელში პეპლები იწყებენ ფრენას და პარალელურ რეჟიმში ლიფტი იწყებს უწყვეტ ასვლა-ჩასვლას. თითქოს მხოლოდ ერთი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე რთული და ამოსათქმელად ყველაზე მძიმე. ჩემი აზრით, ზოგადად ურთიერთობა, პირობითად ორ ეტაპად იყოფა: ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიყვარხარ“-ს მერე. ,,მდე“, ყველაზე ლაღია, გაზაფხულია, ფრინავენ პეპლები, ათასფერ ფერებად, თუ გაგიფრინდება დღეს ერთი ხვალ ათი დაბრუნდება... პეპლების ფარფატს სწორედ ის განაპირობებს, რომ ჯერ არაფერი გავალდებულებს. ძალიან პრაგმატულად რომ შევხედოთ, სწორედ ასეა. ამ დროს ერთი ელოდება მეორეს და მეორე? მეორე ღელავს, ვერ ვიტყი, რომ უმიზეზოდ, იმიტომ რომ თუ გიყვარვარ, მაშინ... რაღაც ეტაპის მერე, მხოლოდ პეპელების ფრენა აღარ გაკმაყოფილებს. შეიძლება უხეში ნათქვამია, მაგრამ, დიახ, არ გაკმაყოფილებს, გინდა რომ იფრინონ პეპლებმა, მაგრამ ამასთან ერთად გინდა, უბრალოდ გჭირდება რომ იცოდე, ისინი არა უმიზეზოდ, არამედ მხოლოდ შენთვის, შენს გარშემო ფრინავენ. მდე-დან მერე-ზე გადასვლა ყველაზე რთულია ალბათ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს წმინდა ქართული, ეროვნული შიშია, ,,თუ გიყვარვარ მაშინ“-ის შიში. რა თქმა უნდა, ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. აი ის სერია, გაბრაზებული ქერი, გაბრაზებული იმიტომ, რომ რომ არ იცის, იმიტომ რომ არ უთხრეს ,,მიყვარხარ“, თავის ძველ ნაცნობთან ერთად მაგრად რომ გამოტყვრება. დილით მისტერ ბიგი, მისთვის არადამახასიათებლად და საკმაოდ ბანალურად იქცევა, ურეკავს და ეუბნება: ,,YES, I FUCKING LOVE YOU...“ ბევრი ქართველი მამაკაცისგანაც მომისმენია ქართველი ქალის კრიტიკა ამის გამო, მათი ყველაზე აუტანლი თვისება სწორედ ეს არისო: როგროც კი ეტყვი მიყვარხარ, ის ჯერ ვირტუალურად გადმოდის შენს სახლში, მიგითეთებს იატაკზე დაყრილ წინდებზე, ჩაის ფერით გაყვითლებულ მაგიდაზე, შენს ,,ზალაში დგამს სტენკას“ და დღეში მილიონსამასიათასჯერ გეკითხება: სად ხარ? ძალიან გულწრფელად, ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ზოგადად, თვითმიზანი სადმე დამედგა ,,სტენკა“, ან თუნდაც დესაუ, არასოდეს მქონია, მაგრამ ყოველთვის როდესაც მიყვარდა და იმჯენჯერ რამდენჯერაც მიყვარდა, ვფიქრობდი და ვოცნებობდი, იმ ადგილებზე, სადაც ,,მასთან“ ერთად წავიდოდი, იმ დღეებზე, რომელთაც ,,მასთან“ ერთად გავატარებდი, ემოცეიბზე და შეგრძნებებზე, რომლებიც იქნებოდა ,,ჩვენი“ და არა მხოლოდ ,,ჩემი“. არ ვიცი, სად გადის ზღვარი ,,სტენკასა“ და სიყვარულს შორის. ყოველთვის როდესაც ბლოგს ვწერ, არ ვფანტაზიორობ, რეალური ადამიანების რეალურ ურთიერთობებზე ვწერ. ძალიან რეალური ლამაზი გოგო და ასევე რეალური, ცოტა მოწყენილი ბიჭი პეპლებიანი რომანის მონაწილეები გახდნენ. ჰქონდათ ურთიერთობა ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიხვარხარ“-ს მერეც, ის ვარდისფერი კვადრატი, სადაც შეყვარებულები შეიყუჟებიან ხოლმე გარესამოყაროსგან მოწყვეტილები. ბევრი იფრინეს მათმა პეპლება თუ ცოტა იფრინეს, მივიდნენ აქამდე - მიყვარხარ, მაგრამ... ისევ ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. მათი ურთიერთობა ალბათ ძალიან ბევრი წყვილის ურთიერთობას ჰგავს. ადამიანები ხვდებიან ერთამენთს, თავდავიწყებით უყარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, ლეწავენ თეფშებს, სამზარეულოს მაგიდაზე აქვთ გიჟური სექსი, სეირნობენ ფოთოლცვენაშიც და წვიმაშიც, თეთრ თოვლზე ხატავენ ანგელოზებს, უსმენოდ მღერიან საყვარელ სიმღერებს, კოცნაობენ მანქანის უკანა სკამზე, პოულობენ ბედნიერების ვარდისფერ კვადრატს და უცებ ერთ-ერთი აკვეტებს ,,მაგრამ“-ს. ბუნებრივია, მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ყველა ასეთი ურთიერთობის დეტალი, ყველა რეალური ურთიერთობის დეტალი, მაგრამ თუ ქერისა და მისტერ ბიგის მაგალითზე ვიმსჯელებ, მისტერ ბიგს არ ჰქონდა, მართლა არ ჰქონდა მიზეზი - ,,მაგრამ“. თავისუფლების დაკარგვის უსაფუძვლო შიში, იმიტომ რომ რეალურად, ,,თქვენი“ თავისუფლება ,,ჩვენ“ არაფერში გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება დრო - გატარებული ერთად, ნამდვილად გვჭირდება სიურპრიზები და სისულელები, ზოგჯერ ,,ჟელიბონები“ და ზოგჯერ ბრილიანტის ბეჭდებიც, მაგრამ თავისუფლება, არა. ალბათ არსებობს კიდევ სხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზები რომლებიც იწვევენ ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს. მისტერ ბიგმა ცოლად მაღალი და სწორთმიანი ნატაშა მოიყვანა. დაბალი და ხუჭუჭა ქერი არ შეიძლება ყოფილიყო მისი ცოლი? არც ეს არის წმინდა ქართული ფენომენი, ჩემი რძალი ექიმი უნდა იყოს, ან იურისტი. წინასწარ განსაზღვრული, შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები. ე.წ. ,,სწორი“ გადაწყვეტილებები, ,,შესაფერისი არჩევანი“. ,,შესაფერისი არჩევანი“, რომელიც უნდა გიყვარდეს და მე გიყვარვარ, მაგრამ... თავისუფლების დაკარგვის შიში, რაციონალური გადაწყვეტილება და ყველა სხვა მიზეზი მე უსუსური მგონია, თუ გიყვარვარ. ამიტომაც არ მესმის და არც მინდა გავიგო, რას ნიშნავს ,,მიყვარხარ, მაგრამ“. თუ გიყვარვარ, ნუ აკვეტებ ამ ,,მაგრამ“-ს. ესეც ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იბადებიან და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეორე ნახევრის ძიებაში არიან. ზოგი ადრე პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგი რამდენიმეს პოულობს და ზოგიც ვერასოდეს პოულობს. ექსპეტი ამ სფეროშიც არ ვარ, უბრალოდ, ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ მათზე, ვინც ვერასოდეს პოულობს, მერე მახსენდებიან ისინი, ვინც ერთმანეთი იპოვა და ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს გამო დაკარგა. არ ვიცი ლამაზი გოგოს და მოწყენილი ბიჭის სიყვარული რამდენად ძლიერია, უფრო სწორად, სიყვარული უფრო ძლიერია, თუ ,,მაგრამ“. ყოველთვის მგონია, რომ სიტყვები მიაქვს ქარს და ნაწერს აღიქვამს თვალი გადასცემს, გონებას, მერე გულს, ან პირიქით, არ ვიცი. ეს ბლოგი თითქოს წერილია ოკეანეში გადაგდებულ ბოთლში და თუ ის ,,შენთან“ მოცურდება, მისი მორალი ასეთია: მე არ დავდგამ ,,სტენკას“, შენ თუ არ მეტყვი ,,მიყვარხარ მაგრამ..“-ს.

აჩვენე ბიძიას კუტუ!

ის რომ მამაკაცების მიმართ ანტაგონისტურად არ ვარ განწყობილი, თავიდანვე ხაზგასმით მინდა გითხრათ. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები, სხვადასხვა დროსა და ადგილას, მამაკაცებთან ფლირტობასა და კეკლუცს უკავშირდება. ეს საუკეთესო ჰობია, ქალს რომ უნდა ჰქონდეს იმ ჰობის შორის, ვინაიდან ქალის ყველა ქალური თვისება, სინაზით დაწყებული, აბრჭყვიალებული თვალებით დამთავრებული, მხოლოდ მამაკაცთან ფლირტის დროს მჟღავნდება. ფლირტის ხელოვნებაში რამდენად გაწაფული ვარ, ეს ჩემი აქაჩული წარბის ობიექტებს უნდა ჰკითხოთ, მე ჩემი მხრიდან მგონია, რომ რამდენიმე საფირმო ილეთი ვიცი, რომელთა ე.წ. დაპატენტებაზე მიფიქრია. შეიძლება აზრი გაგიწყდეთ, მაგრამ პატარა გადახვევა აუცილებლად უნდა გავაკეთო. ზემოხსენებული აქაჩული წარბი და ოდნავ გადმოყვლეფილი თვალები, მე, თავის დროზე, გაპრანჭვის საუკეთესო ,,ხერხი“ მეგონა და გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი მეგობრის ქმარი, წლების შემდეგ გამომიტყდა: პირველად ქორწილში რომ გნახე, თვალებს და წარბებს ისე ამოძრავებდი, შემეცოდე და წიკიანი მეგონეო. ახლა ისევ კაცებს მივუბრუნდები. საკითხის აქტუალურობა მოითხოვს უბრალოდ, რომ ჩემი, როგროც თვითმარქვია ბლოგერის, პოზიცია დავაფიქსირო და თქვენც გაგიზიაროთ. საქმე აი რაშია: ბოლო დროს და ალბათ არა მხოლოდ ბოლო დროს, ვისმენ ისტროებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სადაც მოქმედი გმირი მამაკაცი, იმდენად აუტანლად იქცევა, რომ გინდა არ გინდა გათქმევინებს, ყველა კაცი მართლა ... ხომ არ არისო?! ამ მოსაზრებას მე სასტიკად არ ვიზიარებ! სასტიკად არ ვიზიარებ, გრამატიკულად მაინც და მაინც გამართული არ არის, მაგრამ ჩემს კატეგორიულობას უსვამს ხაზს. არ მგონია, რომ ყველა კაცი ერთნაირია, არა! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მამაკაცების, გარკვეული ტიპის მამაკაცების, ქცევით, მოქმედებით, თუ უმოქმედობით და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობით, სიტყვით, თუ უბრალო მზერით, გულნატკენი, იმედგაცრუებული, თოვლივით შეურაცხყოფილი ქალი ბევრია. მე არ ვწერ ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომელშიც ქალიცა და კაციც თანაბრად შეიძლება მოიქცეს ცუდად, უღირსად ბოროტად, ლამაზად უშნოდ ან უგვანოდ. ურთიერთობის დროს ჩადენილი განზრახი თუ გაუფრთხილებელი, პატარა თუ დიდი შეცდომები არ არის ჩემი ბლოგის თემა. მე მინდა დავწერო წმინდა ქართულ, ეროვნულ ფენომენზე - დე, ჩაის მორეული აქვს?! არსებობს მამაკაცების ეს კატეგორია, ბევრი არა, მაგრამ ჩემს ნაცნობობაშიც არიან ასეთები, თავისთავად ის ფაქტია რომ აფიქრებინებს საკუთარ უპირატესობაზე, რომ კაცია. სათქმელამდე ლოგიკურად რომ მივიდე და თქვენც რომ გაგაგებინოთ რისი თქმა მინდა სულ თავიდან დავიწყებ. საშუალო სტატისტიკურ ოჯახში, სადაც დედა, როგროც წესი დიასახლისა და მამა ღიპიანი ,,ბიძა“, რომელსაც შავი ,,ვოლგა, ან შავი გემივით დიდი ჯიპი ემსახურება, იბადება ბიჭი. ბიჭის დაბადების ფაქტი, სიხარულითა და აღტაცებით, ბუნებრივია, აღემატება ამავე ოჯახში გოგოს დაბადების ფაქტს. დაბადების მომენტიდანვე ,,ჩვენი ბიჭი“, განსაკუთრებული სითბოთი და ალერსით იზრდება. სითბოს ძირითადად დედა, ბებია, დეიდა, მამიდა, ბებიის და და მათნაირები გამოხატავენ. მამას, როგორც წესი, არ სცალია. მას ბევრი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, ევრო-ინტეგრაციიდან დაწყებული, ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნებით დამთავრებული, ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად, არ სცალია ნანატრ ბიჭთან ფეხბურთის სათამაშოდ, მისთვის წიგნის წასაკითხად და არც უბრალოდ სასაუბროდ. ყველაზე თბილი სიტყვა რაც მამას ემეტება, თავში ხელის წამორტყმით ნათქვამი ,,შე, ვირიშვილო!“-ა. მამა ე.წ. გადამხდელია, ის აძლევს დედას ფულს, ფულით კი ბევრი რამის ყიდვა შეიძლება... მამა ,,ჩვენი ბიჭის“ ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდება, მაგრამ არის დღეები, როდესაც ის მამის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ოჯახში შეკრებილი აურაცხელი სტუმრის თანდასწრებით, საამაყო ბიჭს ოთახიდან იხმობს, სკმაზე შემოაყენებს და ამაყად მიმართავს: ,,აჩვენე ბიძიებს კუტუ!“. ჩვენი ბიჭი იზრდება, წლების მატებასთან ერთად, ილეთი ,,აჩვენე ბიძიას კუტუ“, სულ უფრო მეტ უხერხულობას იწვევს მასში, მაგრამ ამავე დროს, სულ უფრო უღვივებს იმ მოსაზრებას, რომ მისი ,,კუტუ“, რაღაც უპირატესობაა, რაღაც ისეთია, რაც ამდენ ნაცნობ თუ უცნობ ბიძიას აღაფრთოვანებს. კვლავ გადის წლები, ჩვენი ბიჭი დადის სკოლაში, მაინცდამაინც კარგად არ სწავლობს, მაგრამ დედა მაინც ყველა სურვილს უსრულებს, წინდებსაც ლოგინში აცმევს და შარვლის შიგნით შალის კოლგოტსაც, უბრალოდ, რომ არ გაცივდეს. თბილ საუზმესაც ხელით აჭმევს და ქუდსაც თავად ახურავს, მისი ,,უპირატესობით“ სტუმრად მოსული დეიდები და ბიძიები აღარ ინტერესდებიან, რაც ბუნებრივად ,,ჩვენი ბიჭის“ დაბნეულობას იწვევს. ყურადღებას მიჩვეული ,,უპირატესობის“ დემონსტრირებას თავად ცდილობს, მაგრამ მისი ტოლი გოგონების ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ამასობაში მოდის უმაღლესში ჩაბარების დრო. უნივერსიტეტში სწავლა-არსწავლის საკითხი არც განიხილება, ისედაც ცხადია, რომ ან ეკონომიკურ ურთიერთობებს უნდა დაეუფლოს, ან იურისპრუდენციას. უმაღლესში საბუთების ჩასაბარებლად, თუ ახლა უკვე ონლაინ განაცხადის გასაკეთებლადაც, დედასთან ერთად მიდის და სტომატოლოგთან ვიზიტიც დედის დაგეგმილია. მამა კვლავინდებურად პასიურია, მაგრამ კვლავინდებურად იხდის, ფულს, სხვა რამე არ იფიქროთ. პარალელურად კვლავ იზრდება ინტერესი მისი ,,უპირატესობის“ მიმართ, ბავშვობის მოგონებები, ამტკიცებს მოსაზრებას, რომ მისი უპირატესობა მართლაც არაჩვეულებრივი და განსხვავებულია, სკოლის დროინდელი ,,ჩავარდნა“ აგრესიას უჩენს გოგოების მიმართ, რის გამოც ,,უპირატესობას“ სულ უფრო ხშირად შურისძიებისთვის იყენებს და სულ უფრო ნაკლებად სიამოვნებისთვის. ამასობაში ,,ჩვენი ბიჭი“ უკვე იმდენად დიდია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მისი გაშვება. თბილისიდან წასულ ნაცნობებს, დედა ხაჭაპურს, შემწვარ წიწილას და გარეცხილ თეთრეულს ატანს. ,,უპირატესობას“ სულ უფრო მნაკლებად ,,ახარჯავს“ ეროვნულ სეგმენტს და ახლო, თუ შორეულ მეზობლებზეა ორიენტირებული. ,,უპირატესობისადმი“ გამოხატული ყურადღების ზენიტს, სწორედ ასეთი, არაეროვნული ურთიერთობის დროს აღწევს და სულ უფრო მეტად ენანება მისი არაჩვეულებრივი ,,უპირატესობა“ ეროვნული სეგმენტისთვის. ასე გადის კიდევ ბევრი წელი და ჩვენი 38 წლის ბიჭი, მაინც ბიჭია, მაინც ბავშვია, მაღალანაზრაურებული სამსახური კი აქვს და ახლა თავისი საკუთარი შავი ჯიპიც, მაგრამ მაინც დედასთან ცხოვრობს, მაინც დედა უმზადებს დილას პერანგს, თაფლიან არაჟანს ქიშმიშებს აყრის და ,,ჩვენი ბიჭი“ აბაზანიდან ეძახის - დეეე, ჩაის მორეული აქვს?!..... სწორედ ასეთი 38 წლის ბავშვი ხდება ხოლმე რომელიმე ჩვენთაგანის ქმარი, შეყვარებული ან საყვარელი და ოდესაც დილას ჩაის მორეული არ აქვს.... თითქოს სასაცილოა ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი პირიქით, სევდიანია. ,,ჩვენი ბიჭი“, 38 წლის ,,შემდგარი“, ,,წარმატებული“, ,,ლოჯისტიკის მენეჯერი“, თითქოს ყველაფერი აქვს, თითქოს არც ალერსი დაკლებია და არც სითბო, არც საჭმელი და არც თბილი წინდები, მაგრამ მაინც უგვანოდ - ,,ცოლო ნასკი გამხადეს“ არ ყვირის, მაგრმა სწორედ ასე იქცევა. ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა ასე, რატომ ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, უპირატესია? პულტის სწრაფი გადახვევის მეთოდს იმ დღემდე მივყავართ, როდესაც პირველად ,,გამოათრიეს“ საკუთარი მყუდრო ოთახიდან, სავარუდოდ გააღვიძეს, ტკბილად ჩაძინებული და მილიონი უცხო ადამიანის წინაშე გააშიშვლეს. ,,აჩვენე ბიძიას კუტუ!“, ქართული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ჩემი აზრით. ის ბადებს უამრავ კომლექს, უამრავ მაინკიერ თვისებას, რაც წლების შემდეგ ქალთან ურთიერთობაში ურთიერთობის ვულკანად გადაიქცევა ხოლმე. მწარე რეალობა, ჩვენი ბიჭისთვის, მაშინ ხდება ცხადი, როდესაც რამის გამოსწორება იმდენად გვიანია, რომ თითქმის შეუძლებელია. უსაშველოდ გვიან გაიგებენ ხოლმე, რომ მათი მსგავსი ,,უპირატესობა“, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აქვს და რომ მათი უბრალო უმრავლესობა იგივე დანიშნულებით იყენებს, რომ ეს არ არის გაფეტიშების ობიექტი და უბრალო ფიზიოლოგიაა, რომ ურთიერთობას არ ჰყავს დირექტორი და ,,ნასკის“ სარეცხის მანქანაში შეგდება, ჩინ-მედლებს და მითუმეტეს კაცურ ღირსებას არაფერს ავნებს, რომ სექსი ქალისა და კაცის ურთიერთშერწყმაა და არა კაცის ბატონობა ქალზე, რომლის დროსაც ორივემ თანაბარი სიამოვნება უნდა მიიღოს. ამის გათავისება პირობითად 38 წლის ასაკში, შეუძლებელიათქო ვწერ, მაგრამ, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ არის შესაძლებელი, გადადგით პირველი ნაბიჯები, მოურიეთ ჩაის კოვზით!