ჩემთვის ნაცნობ მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ენაზე ეს სიტყვა, უფრო სწორად ეს პერიოდი თაფლის ჭამასთან ასოცირდება. დიახ, სწორედ თაფლის დასაგემოვნებლად მიემგზავრებიან რუსი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუ ჩვენი მშობლების თაობის აბსოლუტური უმრავლესობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის თაფლს თუ არა, ,,სოჩენსკაია სმეტანა“ გადასმულ ,,ბულკს“ მიირთმევდა საუზმედ, თანამედროვე ქართველები - სწორედ რომ თაფლით გაჟღენთილი თურქული ფახლავათი იტკბარუნებენ პირს და ერთმანეთს საუკუნო ლხინსა თუ ჭირს, დარსა თუ ავდარს რომ გაუძლებს, ისეთ სიყვარულს ეფიცებიან... როდესაც ჩემი თაფლის ჭამის დრო დადგა, ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფრო ზუსტად კი სამსახურებრივი უნარების გასაუმჯებესებლად, გერმანიის სოფელ გარმიშ-პარტენკირხენის სასწავლო ცენტრში მიავლინეს. თბილისში მარტო დარჩენასა და მის ლოდინში უძილო, ცრემლიანი ღამეების გათენებას თაფლის ჭამა ვარჩიე და თან გავყევი (თან წამიღო, როგორც იტყვიან).
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.