Tuesday, January 28, 2014

ნანუ

მე, ლიკა ახობაძე, 1979 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, მთელი 3 კვირით ადრე, ვიდრე მელოდნენ. ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ბებიისათვის და ერთი ბაბუისათვის, ასევე ყველა პირდაპირი თუ ,,ირიბი“ დეიდისათვის და ბიძისათვის, პირველი შვილიშვილი, პირველი დიშვილი, პირველი დეიდაშვილის შვილი ვიყავი. ,,პირველი სიხარული“, როგორც მაშინ იტყოდნენ ხოლმე. ეს პირველობა მაინცდამაინც ადვილი საქმე არ იყო, ,,შენ დიდი ხარ, მეტი მგეთხოვება“-ს ამბავში, მაგრამ ამავე დროს, დაბადებიდან უსაზღვრო სიყვარულით დავიმუხტე. ვისაც როგორ შეეძლო ისე მანებივრებდა. ძალიან გამიმართლა, რომ ადეკვატური დედა აღმომაჩნდა, თორემ ერთი თავნება, აუტანელი ეგოისტი ვიქნებოდი დღეს (თუმცა შეიძლება, ვინმე ასეთად აღმიქვავს, არ ვიცი). მოკლედ, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ წლამდე თავზე თმა საერთოდ არ მქონდა და ფოტოებს რომ ვუყურებ ძნელი გასარჩევია გოგო ვარ თუ ბიჭი, მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი, იმიტომ რომ დედამ მარტივი სიტყვების ,,ბურთი“, ,,სახლი“ და ,,აუა“-ს ნაცვლად პრეზიდენტების სახელები მასწავლა, რომელთაც მეც თუთიყუშივით ვიმეორებდი - ,,რეიგანიო“, ,,მიტერანიო“... ხო, სად გავჩერდი და ჭკვიანი კი არა ბებიაჩემი ნანუს თვალში, ნამდვილი ,,ვუნდერკინდი“, იგივე ბავშვი საოცრება ვიყავი. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ყველაზე ნიჭიერი და ვიცოდი ყველა ლექსი (რომელიც სხვა ბევრვმა ბავშვმაც იცოდა), მე ვხატავდი და ვძერწავდი ყველაზე კარგად, მე მქონდა ყველაზე ლამაზი თმა დედამიწაზე (იმდენად ლამაზი, რომ ბოლო 20 წელია არავის, ნუ თითქმის არავის ვუნახივარ ჩემი ბუნებრივი, არაგასწორებული თმით), მე მქონდა ყველაზე ლამაზი, ატმისფერი კანი.... კარგად თუ გახსოვართ, ისიც გეცოდინებათ რამდენი ჭორფლი იყრის ამ ,,ულამაზეს“ ატმისფერ კანზე თავს, (ეს ჭორფლი კი არა, მზემ გაკოცაო, ასე მეუბნებოდნენ). მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი დაბადებით სრულიად ნათესაური კავშირი ხარობდა, ამათ დაამატეთ დედას და მამას უთვალავი მეგობარი. აი ასეთი უდიდესი და გულწრფელი სიყვარულის ბუშტში გავიზარდე. დედაჩემი ყოველი თვის 23 რიცხვში იხდიდა ჩემს დაბადების დღეს, მოდიოდნენ დეიდები და ბიძიები, ზოგი მათგანი სწორედ 23-მების ფლირტაობის შედეგად გახდა ერთი მთლიანი, ან არ გახდა და უბრალოდ გაეპრანჭა ერთმანეთს და რაც მთავარია, დააგემოვნა მარინას შუები და ,,ტრუბაჩკები“, ტარხუნის ,,პეროგი“ და სოკოს ,,პერაშკები“, თუ გაუმართლა და ,,კაფეინი ტორტის“ ერთი ნაჭერი მაინც გასინჯა, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება ციფრი 23. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, კარგი ქნა დედაჩემმა რომ გამაჩინა. დეიდებსა და ბიძიებს, თენგოს ბიჭებს და მარინას გოგებს, ყველა იმ მოსიყვარულე ადამიანს, თავისი ადგილი აქვს ჩემს გულშიც, ყველასთან ჩემი ურთიერთობა და ბევრი მოგონება მაკავშირებს. მათ შორის არის ჩემი ბიძა იკა, რომელიც ბევრი წელია ძალიან შორს ცხოვრობს, მაგრამ მთელი ბავშვობა სწორედ მის კისერზე (საკმაოდ მაღალზე) გავატარე და ბევრი წელი მასთან ერთად დავდიოდი პაემნებზე, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მათ შორის ჩემი მეცადინეობით (შეიძლება ვამეტებ) ქორწინებით დასრულდა. ჩემი დეიდა ლიანა, რომლის სახელიც მქვია და რომლისთვისაც ნამდვილად პირველი დისშვილი ვიყავი. ნამყოფი ვარ ლიანას ყველა მეგობრის სახლში, ლიანას ,,მკაცრი“ მითითებით ნადგომი ვარ ყველა ამ სახლის კუთხეში, მომსწრე ვარ ყველა ქალური, თუ ქალ-ვაჟურ ,,ტუსოვკის“ თბილისშიც და სოხუმშიც. ჩემი ბიძია ბორია, რომელმაც ჩემი გცნობის შთაბეჭდილება ასე გამოხატა: ,,ლუჩე დომა იმეტ ლვა, ჩემ ლიკუ“-ო. მერაბი ბიძია და ალი ბიცოლა, მახსობს წითელა მქონდა და ლალიმ წითელკობლებიან კაბაში გამოწყობილი თოჯინა ჩამომიტანა, ნანა, რომელიც დეიდაც არის ნათლიაც, მეგობარიც, შორენა, რომელიც სხვათაშორის პირველი შორენაა დედამიწაზე და ყველაზე მეგობრული მამიდა, მამიდებს შორის.... შემიძლია დაუსრულებლად ვწერო ადამიანებზე, ისინი მართლა ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ყველა ამ ადამიანს შორის ყველაზე, ყველაზე მეტად მაინც ერთს ვუყვარდი - ნანუს. ნანუ ჩემი ბებიაა, ნათელა შენგელაია, პედაგოგიკის ლექტორი მაშნდელ პუშკინის ინსტიტუტში. სახელი ,,ნანუ“ მე დავარქვი. მოგეხსენებათ ლაპარაკი უადრეს ასაკში დავიწყე და მოსაწყენი სახელის ,,ნათელა“-ს ნაცვლად ნანუ დავარქვი. მას მერე მისთვის ნათელა აღარავის დაუძახია. მე და ნანუ, ჩემი დაბადებისთანავე, განუყრელი მეგობრები გავხდით. ერთხელ დედას და მამას რაღაცაზე გავუბრაზდი, უფროს სწორად ისინი გამიბრაზდნენ და ნანუსთან დავიძინე, მას მერე ბევრი წელი ერთად გვეძინა და დედ-მამასთან აღარ დავბრუნებულვარ. ნანუს დავყავდი ბაღში და შემდეგ მაკითხავდა. სამსახურს ადრე ამთავრებდა და კარგ ტონად მიაჩნდა ბაღიდან ჩემი ადრე გამოყვანა, მაგრამ მე როგორც თამაშის მოყვარულს ნანუს ,,სვეცკი პონწიკების“ არ მესმოდა და პატივცემული ლექტორი ქალი საღამოს 7 საათამდე მელოდებოდა, სანამ უკანსკნელი ბავშვი არ დატოვება ბაღის კედლებს. მერე ტროლეიბუსით ვბრუნდებოდით სახლში, სადაც მე ისევე როგორც ახლა სამსახურიდან წამოსულს, აუცილებლად მეძინებოდა. ტროლეიბუსში გვხვედებოდა იკას მეგობარი ლევან მიქელაძე, რომლესაც ხელით მივყავდი სახლში. ნანუ მატარებდა მუსიკაზე ჯანაშიას ქუჩაზე და ნანა მასწავლებელთან ერთად თვლიდა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვუკრავ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნოტის ჟღერადობა არ მესმის და საშინელი უნიჭო ვარ. იქიდან რუსთაველზე, გამომცემლობასთან გამატარებდა და პონჩიკებს მიყიდდა აუცილებლად. ნანუს დავყავდი სოლფეჯიოზე და გუნდზე. იქიდან აუცილებლად კაფე ,,ფრანციაში“ გადამიყვანდა და ასაწონ ნამცხვარს ,,ოცნება“-ს მაჭმევდა. ნანუს ეგონა რომ არაჩვეულებრივად ვმღერი, ერთხელ მახსოვს გუნდზე დედამ წამიყვანა, ალბათ ღია გაკვეთილი იყო, ყველა ბავშვი თავის ნიჭს წარმოაჩენდა, როდესაც ჩემი სიმღერის ჯერი დადგა და მე ავმღერდი, დედამ სირცხვილისგან თავი ძალიან ქვემოთ ჩასწია და მას მერე გუნდზე მხოლოდ ნანუ მატარებდა. ნანუ მიკეთებდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ,,ალადიკებს“ (სწორედ მისი რეცეპტით ვამზადებ მეც) ,,ვიშინკის“ მურაბასთან ერთად, კარტოფილის ღვეზელებს, მისრულებდა ყველა ნორმალურ და არანორმალურ სურვილს. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენი და როგორი სტუმარი გვყავდა სახლში, თუ მე იმ დროს არ ვიყავი, ნანუ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თეფშით ხელში მივიდოდა გაწყობილ მაგიდასთან და ყველა კერძის საუკეთესო ნაწილს ჩემთვის გადმოიღებდა და სათუთად შენახულს დამახვედრებდა. 10 მაისს ნანუს დაბადების დღეა, მიყვარდა 10 მაისი, მოდიოდნენ მისი მეგობრები, ბიძაშვილები - ცისია კახიანი, საშურა შენგელაია, დები, ყველანი ლამაზები და როგორ გითხრათ გვრაიანები, დედა ახვედრებდა ათასგვარ გემრიელობებს, სხდებოდნენ და იწყებდნენ საუბარს. ნანუ იცნობდა ყველას, მართლა ყველას! აი. მელქაძეების პირველი ვაჟის დისწულის ძმა, რომელიც ცეკას მდივანთან მუშაობდა და გელოვანები კაცო, ილიკო ბიძიას პირველი ცოლი, საღარაძეები, ჩემი ნელიკო, ნინა დეიდა. ,,ნინა დეიდა“ ჩემი ბავშვობის მითია, მუდმივად საუბრობდა მასთან ტელეფონით და მე სულ მაინტერესებდა: რამდენი წლის იყო ის ქალი, ვისაც ჩემი ბებია ნანუ დეიდას ეძახდა. პირველი შოკი ალბათ მაშინ განიციდა, როდესაც მე მარხვა გადავწყვიტე. ის რომ ,,ლიკუნას“ რამე აკლია, ყოვლად წარმოუდგენელი იყო მისთვის და ამის ხათრით კულინარიაში რევოლუციებს ახდენდა. მერე მე გავიზარდე. ნანუ ამისთვის მზად არ იყო, არც როდესაც 15 წლის ვიყავი, არც როდესაც 20-ს, 25-ს 30-ს. მუდმივად ცდილობდა ისევ ისე მომქცოდა როგორც პატარას, ამის გამო უფრო მეტს ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ვიდრე ვმეგობრობდით. რომანტიკულ ისტორიებს არ მიყვებოდა, მაგრამ 16 წლით მასზე უფროსი ერასტი ახობაძე როგორ მოხიბლა მწვანე თვალებითა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფეხებით, ეს კი გამიზიარა. კეკლუცი არ იყო, არა და მისი აგრეგნობის ქალი ნამდვილად უნდა ყოფილიყო. მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ მას ვგავარ. 2010 წლის იანვარში მე ბერლინში წავედი და 17 იანვარს დავბრუნდი. 16 იანვარს ნანუ გარდაიცვალა.

ვგიჟდები, ვაფრენ, უშენოდ მოვკვდები...

რამდენიმე კვირის წინ ბებიაჩემი ქოქოს მეგობარი გარდაიცვალა - ამალია. ამალია ბოლო 20 წელია არ მინახავს, მოგონებები მასთან მხოლოდ სოხუმში მაკავშირებს, როდესაც ჩემი ნების დამოუკიდებლად ქოქოს თავის (ყოვლადწარმოუდგენილი ფორმის და ხარისხის ხუხუჭა თმის) დასაბანად მივყავდი. განწირული ხმით საშველად ვუხმობდი ჩემს ბოლო იმედს: ამალიააა, მიშველეეეეე!!! მას მერე ბევრი წელი გავიდა, მე გავიზარდე, თავის დაბანაზე აღარ ვტირი და შესაბამიად, არც ამალიას ვიხმობ საშველად. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ამალია, მეუღლესთან ერთად, მაშინდელ ცხაკაიაში - დღევანდელი სენაკი, გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში ტრადიციულად, „სატირალში“ ჩამოდიოდა ხოლმე, ამიტომაც მართლა ძალიან ბევრი წელი არ მყავდა ნანახი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც დედამ პანაშვიდზე წასვლა ,,დამავალა“, ბუნებრივია დავემორჩილე. პანაშვიდზე მისვლა ვის უყვრას, მაგრამ არის ამაშიც რაღაც დადებითი, (რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც გარდაცვალება სიბერეში მოდის, რაც რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად კანონზომიერია) ხედავ ბერვ, დიდი ხნის უნახავ სახეს, რომელთა უმრავლესობა ბავშვობას გაგონებს, შენ ისევ პატარ ხდები და ის ,,დიდები“ ისევ გესიყვარულებიან, ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა ბევრს არ ფიქრობ, იმდენი გარემო ფაქტორი მოქმედებს და მოდიხარ ცოტა სევდიანი, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნო განცდით. განცდით, რომელმაც ცოტა ხნით სადღაც შორს, ბავშვობაში დაგაბრუნა. ამალიას პანაშვიდიდან სწორედ ასეთი სევდანარევი სასიამოვნო შეგრძნებით დავბრუნდი. დასაფლავებაზე ვერ მივედი, მოგეხსენათ მცხეთაში ვმოღვაწეობ და ასე მარტივად ვერ გადავაადგილდები თბილისის ქუჩებში. კვირა დღეს, წირვის შემდეგ, ტრადიციულად დედაჩმეთან ვიყავი, როდესაც დედამ ამელიას ქმრის გარდაცვალების შესახებ მითხრა. ეს კაცი, ბორია ბიძია, რომელიც ერთი კვირის წინ პანაშვიდზე ვნახე, ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ ორი ადამის სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. დედამ ორი სიტყვით მითხრა, ხო, სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი და მერე სულ ერთად იყვნენო. გამოგიტყდებით და ამალია, საკმაოდ თავისებული ქალი ყოფილა, მაინცდამაინც მარტივი ხასიათი რომ არ აქვთ - ისეთი. მახსოვს, წითლად შეღებილი თმა ჰქონდა, მუდამ გაპრანჭული დადიოდა და დამახასიათებელი ხმა, გემრიელ მეგრელ ქალებს რომ აქვთ ხოლმე ზუსტად ისეთი. მისი მეუღლე ბორია, საკმაოდ სიმპატიური კაცი იყო, კარგი ექიმი და საყვარელი ადამიანი. ნამდვილად არ ვიცი მათი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო და რა სირთულეების გადალახვა მოუხდათ ერთად, ბოლომ კი ძალიან ამიჩუყა გული და დამაფიქრა: ანუ არსებობენ, ნამდვიალად არსებობენ ადამიანები, ერთმანეთისათვის შექმნილები, იმდენად შერწყმულნი ერთ მთლიანად, რომ ერთამანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ? ამ თემაზე ფიქრი, ბუნებრივია მალევე გასცდა მხოლოდ ჩემი გონების საზღვრებს. ჩემმა ერთმა ძალიან ახლო მეგობარმა მითხრა: ეს სუსტი და მარტივი ადამიანების ხვედრია, ძლიერი ადამიანი სულ ახლის ძიებაშია და სხვაზე ,,ჩამოკიდების“ საშუალებას არ აძლევს საკუთარ თავსო. ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანი რაც უფრო მოაზროვნე და არაპრიმიტიულია, მით უფრო რთულია. რთულია მისი ხასიათი, საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც, ის მუდმივად ფიქრობს აანალიზებს, ეძებს და იკვლევს. ასეთია სამსახურშიც, ბორშიც კეთების დროსაც და სალონში თმის შეჭრის პროცესშიც. ალბათ, არ ვიცნობ არც ერთ საინტერესო ადამიანს, რომელიც მარტივია. მაგრამ ადამიანის ხასიათის სირთულე და მისი ,,იდუმალებით მოცული ბუნება“ არ არის ჩემი სტატიის თემა. ის რაც ზემოთ წერია სისუსტეა და მეტი არაფერი? ნუთუ არ არსებობს, ორი ჭკვიანი, აზრიანი და საინტერესო ადამიანი, ორი დამოუკიდებელი ,,შემდგარი“ (ეს სიტყვა და შეფასება მძულს) ინდივიდი, რომელიც ერთ მთლიანად არის შერწყმული? ბუნებრივია, მეც რომეოსა და ჯულიეტაზე ვიფიქრე, მაგრამ ისინი სულ 13-14 წლის იყვნენ და სწორედ მაშინ მიატოვეს წუთისოფელი, როდესაც სიყვარულისგან თავბრუ ეხვეოდათ და ძლიერი ვნებისა და ლტოლვის მეტს ვერაფერს გრძნობდნენ. ასეთი მძაფრი შეიძლება არა, მაგრამ გრძნობის ძლიერი ტალღით გამოწვეული თავბრუსხვევა ყველა ადამიანს, ერთხელ მაინც გამოუცდია, თუ რომეოსა და ჯულიეტას ბედი არ გაუზუარება, ამ ტალღის განელებით გამოწვეული ,,იმედგაცრუების“ გემოც გაუსინჯავს. რომეოს და ჯულიეტას არც ბაზარში, ბოდიში ,,გუდვილიში“ უვლიათ ერთად და არც აბიტურიენტი შვილების მისაღებ გამოცდებზე უნერვიულიათ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ გრძნობ, ლტოლვა და ვნებაც ისეთივე წარმავალი და დროებითია, როგორც სხვა ყველაფერი დედამიწაზე, მაგრამ აბა რა არის ჩემი ისტორია, ამალიას და ბორია ბიძიას ისტორიაც ეს არის? ეს თემა მართლა მაინტერესებს, მითუმეტეს ახლა, როდესაც უკვე შვიდი წელი გავიდა მას მერე, რაც მე ჩემი თავი გული, სული და ცხოვრება ერთ ადამიანს დავუკავშირე. არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ჩემთვის პირადად და ძალიან კონკრეტულად არის ეს საინტერესო, მყავს მე ჩემი მეორე ნახევარი, იმდენად შეზრდილი ჩემს სულსა და გულთან, რომ მე მის აგრეშე არსებობას ვერ შევძლებ? შვიდა არა, აი ოცდაშვიდი წელი რომ გავა, ისევ ისე შემომხედავს და მაკოცებს? შესაძლებელია, ერთი ადამიანის არ არსებობამ შეწყვიტოს მეორეს არსებობა? სისუსტეა, როდესაც ,,ვიღაცის“ გარეშე უბრალოდ არ შეგიძლია, არ გინდა ცხოვრება და ძლიერი ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული? კიდევ ერთი რაზეც ვიფიქრე: საჭიროა კი ეს? ანუ ჩვენ ყველას ერთად გვინდა, რომ დღესაც ისე გვიყვარდეს, როგორც ოცი წლის წინ და ,,ბედნიერებაც“ ესაა? მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი, რომელზეც ამ რამდენიმე დღის წინ სასაქონლო ნიშნების შესახებ პრეზენცაციისას ვმსჯელობდი: ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია ორი ადამიანიც ერთად და ცალ-ცალკე, არაფერ შუაშია არც სისუტე და არც გონებრივი განვითარება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მილიარდიან პლანეტაზე ერთმანეტს პოულობენ და ერთი მთლიანი ხდებიან, კიდევ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამავე მილიარდიან პლანეტაზე ისეთ ადამიანებს ხვდებიან, რომ ერთი მთლიანი ვერ ხდებიან და მიდმივ ძიებაში არიან. არც დასკვნა სჭირდება ამ ნაწერს და არც ღრმა ანალიზი, უბრალოდ ჩემთვის, ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ამ ნაცრისფერ დედამიწაზე, ქიმიური იარაღისა და გაუთავებელი ომების პარალელურად, ტექნოლოგიური რევოლუციების შორიახლოს, აიფონ ხუთების და ახალი ,,სოფთ ვეერების“ ,,დააბდეითების“ პროეცესში კიდევ არსებობს მძაფრი ადამიანური გრძნობები, ძლიერი ემოციები ,,ვგიჟდები“, ,,ვაფრენ“, ,,უშენოდ მოვკვდები“.....