Tuesday, January 28, 2014

ნანუ

მე, ლიკა ახობაძე, 1979 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, მთელი 3 კვირით ადრე, ვიდრე მელოდნენ. ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ბებიისათვის და ერთი ბაბუისათვის, ასევე ყველა პირდაპირი თუ ,,ირიბი“ დეიდისათვის და ბიძისათვის, პირველი შვილიშვილი, პირველი დიშვილი, პირველი დეიდაშვილის შვილი ვიყავი. ,,პირველი სიხარული“, როგორც მაშინ იტყოდნენ ხოლმე. ეს პირველობა მაინცდამაინც ადვილი საქმე არ იყო, ,,შენ დიდი ხარ, მეტი მგეთხოვება“-ს ამბავში, მაგრამ ამავე დროს, დაბადებიდან უსაზღვრო სიყვარულით დავიმუხტე. ვისაც როგორ შეეძლო ისე მანებივრებდა. ძალიან გამიმართლა, რომ ადეკვატური დედა აღმომაჩნდა, თორემ ერთი თავნება, აუტანელი ეგოისტი ვიქნებოდი დღეს (თუმცა შეიძლება, ვინმე ასეთად აღმიქვავს, არ ვიცი). მოკლედ, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ წლამდე თავზე თმა საერთოდ არ მქონდა და ფოტოებს რომ ვუყურებ ძნელი გასარჩევია გოგო ვარ თუ ბიჭი, მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი, იმიტომ რომ დედამ მარტივი სიტყვების ,,ბურთი“, ,,სახლი“ და ,,აუა“-ს ნაცვლად პრეზიდენტების სახელები მასწავლა, რომელთაც მეც თუთიყუშივით ვიმეორებდი - ,,რეიგანიო“, ,,მიტერანიო“... ხო, სად გავჩერდი და ჭკვიანი კი არა ბებიაჩემი ნანუს თვალში, ნამდვილი ,,ვუნდერკინდი“, იგივე ბავშვი საოცრება ვიყავი. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ყველაზე ნიჭიერი და ვიცოდი ყველა ლექსი (რომელიც სხვა ბევრვმა ბავშვმაც იცოდა), მე ვხატავდი და ვძერწავდი ყველაზე კარგად, მე მქონდა ყველაზე ლამაზი თმა დედამიწაზე (იმდენად ლამაზი, რომ ბოლო 20 წელია არავის, ნუ თითქმის არავის ვუნახივარ ჩემი ბუნებრივი, არაგასწორებული თმით), მე მქონდა ყველაზე ლამაზი, ატმისფერი კანი.... კარგად თუ გახსოვართ, ისიც გეცოდინებათ რამდენი ჭორფლი იყრის ამ ,,ულამაზეს“ ატმისფერ კანზე თავს, (ეს ჭორფლი კი არა, მზემ გაკოცაო, ასე მეუბნებოდნენ). მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი დაბადებით სრულიად ნათესაური კავშირი ხარობდა, ამათ დაამატეთ დედას და მამას უთვალავი მეგობარი. აი ასეთი უდიდესი და გულწრფელი სიყვარულის ბუშტში გავიზარდე. დედაჩემი ყოველი თვის 23 რიცხვში იხდიდა ჩემს დაბადების დღეს, მოდიოდნენ დეიდები და ბიძიები, ზოგი მათგანი სწორედ 23-მების ფლირტაობის შედეგად გახდა ერთი მთლიანი, ან არ გახდა და უბრალოდ გაეპრანჭა ერთმანეთს და რაც მთავარია, დააგემოვნა მარინას შუები და ,,ტრუბაჩკები“, ტარხუნის ,,პეროგი“ და სოკოს ,,პერაშკები“, თუ გაუმართლა და ,,კაფეინი ტორტის“ ერთი ნაჭერი მაინც გასინჯა, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება ციფრი 23. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, კარგი ქნა დედაჩემმა რომ გამაჩინა. დეიდებსა და ბიძიებს, თენგოს ბიჭებს და მარინას გოგებს, ყველა იმ მოსიყვარულე ადამიანს, თავისი ადგილი აქვს ჩემს გულშიც, ყველასთან ჩემი ურთიერთობა და ბევრი მოგონება მაკავშირებს. მათ შორის არის ჩემი ბიძა იკა, რომელიც ბევრი წელია ძალიან შორს ცხოვრობს, მაგრამ მთელი ბავშვობა სწორედ მის კისერზე (საკმაოდ მაღალზე) გავატარე და ბევრი წელი მასთან ერთად დავდიოდი პაემნებზე, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მათ შორის ჩემი მეცადინეობით (შეიძლება ვამეტებ) ქორწინებით დასრულდა. ჩემი დეიდა ლიანა, რომლის სახელიც მქვია და რომლისთვისაც ნამდვილად პირველი დისშვილი ვიყავი. ნამყოფი ვარ ლიანას ყველა მეგობრის სახლში, ლიანას ,,მკაცრი“ მითითებით ნადგომი ვარ ყველა ამ სახლის კუთხეში, მომსწრე ვარ ყველა ქალური, თუ ქალ-ვაჟურ ,,ტუსოვკის“ თბილისშიც და სოხუმშიც. ჩემი ბიძია ბორია, რომელმაც ჩემი გცნობის შთაბეჭდილება ასე გამოხატა: ,,ლუჩე დომა იმეტ ლვა, ჩემ ლიკუ“-ო. მერაბი ბიძია და ალი ბიცოლა, მახსობს წითელა მქონდა და ლალიმ წითელკობლებიან კაბაში გამოწყობილი თოჯინა ჩამომიტანა, ნანა, რომელიც დეიდაც არის ნათლიაც, მეგობარიც, შორენა, რომელიც სხვათაშორის პირველი შორენაა დედამიწაზე და ყველაზე მეგობრული მამიდა, მამიდებს შორის.... შემიძლია დაუსრულებლად ვწერო ადამიანებზე, ისინი მართლა ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ყველა ამ ადამიანს შორის ყველაზე, ყველაზე მეტად მაინც ერთს ვუყვარდი - ნანუს. ნანუ ჩემი ბებიაა, ნათელა შენგელაია, პედაგოგიკის ლექტორი მაშნდელ პუშკინის ინსტიტუტში. სახელი ,,ნანუ“ მე დავარქვი. მოგეხსენებათ ლაპარაკი უადრეს ასაკში დავიწყე და მოსაწყენი სახელის ,,ნათელა“-ს ნაცვლად ნანუ დავარქვი. მას მერე მისთვის ნათელა აღარავის დაუძახია. მე და ნანუ, ჩემი დაბადებისთანავე, განუყრელი მეგობრები გავხდით. ერთხელ დედას და მამას რაღაცაზე გავუბრაზდი, უფროს სწორად ისინი გამიბრაზდნენ და ნანუსთან დავიძინე, მას მერე ბევრი წელი ერთად გვეძინა და დედ-მამასთან აღარ დავბრუნებულვარ. ნანუს დავყავდი ბაღში და შემდეგ მაკითხავდა. სამსახურს ადრე ამთავრებდა და კარგ ტონად მიაჩნდა ბაღიდან ჩემი ადრე გამოყვანა, მაგრამ მე როგორც თამაშის მოყვარულს ნანუს ,,სვეცკი პონწიკების“ არ მესმოდა და პატივცემული ლექტორი ქალი საღამოს 7 საათამდე მელოდებოდა, სანამ უკანსკნელი ბავშვი არ დატოვება ბაღის კედლებს. მერე ტროლეიბუსით ვბრუნდებოდით სახლში, სადაც მე ისევე როგორც ახლა სამსახურიდან წამოსულს, აუცილებლად მეძინებოდა. ტროლეიბუსში გვხვედებოდა იკას მეგობარი ლევან მიქელაძე, რომლესაც ხელით მივყავდი სახლში. ნანუ მატარებდა მუსიკაზე ჯანაშიას ქუჩაზე და ნანა მასწავლებელთან ერთად თვლიდა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვუკრავ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნოტის ჟღერადობა არ მესმის და საშინელი უნიჭო ვარ. იქიდან რუსთაველზე, გამომცემლობასთან გამატარებდა და პონჩიკებს მიყიდდა აუცილებლად. ნანუს დავყავდი სოლფეჯიოზე და გუნდზე. იქიდან აუცილებლად კაფე ,,ფრანციაში“ გადამიყვანდა და ასაწონ ნამცხვარს ,,ოცნება“-ს მაჭმევდა. ნანუს ეგონა რომ არაჩვეულებრივად ვმღერი, ერთხელ მახსოვს გუნდზე დედამ წამიყვანა, ალბათ ღია გაკვეთილი იყო, ყველა ბავშვი თავის ნიჭს წარმოაჩენდა, როდესაც ჩემი სიმღერის ჯერი დადგა და მე ავმღერდი, დედამ სირცხვილისგან თავი ძალიან ქვემოთ ჩასწია და მას მერე გუნდზე მხოლოდ ნანუ მატარებდა. ნანუ მიკეთებდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ,,ალადიკებს“ (სწორედ მისი რეცეპტით ვამზადებ მეც) ,,ვიშინკის“ მურაბასთან ერთად, კარტოფილის ღვეზელებს, მისრულებდა ყველა ნორმალურ და არანორმალურ სურვილს. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენი და როგორი სტუმარი გვყავდა სახლში, თუ მე იმ დროს არ ვიყავი, ნანუ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თეფშით ხელში მივიდოდა გაწყობილ მაგიდასთან და ყველა კერძის საუკეთესო ნაწილს ჩემთვის გადმოიღებდა და სათუთად შენახულს დამახვედრებდა. 10 მაისს ნანუს დაბადების დღეა, მიყვარდა 10 მაისი, მოდიოდნენ მისი მეგობრები, ბიძაშვილები - ცისია კახიანი, საშურა შენგელაია, დები, ყველანი ლამაზები და როგორ გითხრათ გვრაიანები, დედა ახვედრებდა ათასგვარ გემრიელობებს, სხდებოდნენ და იწყებდნენ საუბარს. ნანუ იცნობდა ყველას, მართლა ყველას! აი. მელქაძეების პირველი ვაჟის დისწულის ძმა, რომელიც ცეკას მდივანთან მუშაობდა და გელოვანები კაცო, ილიკო ბიძიას პირველი ცოლი, საღარაძეები, ჩემი ნელიკო, ნინა დეიდა. ,,ნინა დეიდა“ ჩემი ბავშვობის მითია, მუდმივად საუბრობდა მასთან ტელეფონით და მე სულ მაინტერესებდა: რამდენი წლის იყო ის ქალი, ვისაც ჩემი ბებია ნანუ დეიდას ეძახდა. პირველი შოკი ალბათ მაშინ განიციდა, როდესაც მე მარხვა გადავწყვიტე. ის რომ ,,ლიკუნას“ რამე აკლია, ყოვლად წარმოუდგენელი იყო მისთვის და ამის ხათრით კულინარიაში რევოლუციებს ახდენდა. მერე მე გავიზარდე. ნანუ ამისთვის მზად არ იყო, არც როდესაც 15 წლის ვიყავი, არც როდესაც 20-ს, 25-ს 30-ს. მუდმივად ცდილობდა ისევ ისე მომქცოდა როგორც პატარას, ამის გამო უფრო მეტს ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ვიდრე ვმეგობრობდით. რომანტიკულ ისტორიებს არ მიყვებოდა, მაგრამ 16 წლით მასზე უფროსი ერასტი ახობაძე როგორ მოხიბლა მწვანე თვალებითა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფეხებით, ეს კი გამიზიარა. კეკლუცი არ იყო, არა და მისი აგრეგნობის ქალი ნამდვილად უნდა ყოფილიყო. მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ მას ვგავარ. 2010 წლის იანვარში მე ბერლინში წავედი და 17 იანვარს დავბრუნდი. 16 იანვარს ნანუ გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment