Thursday, March 21, 2013
არა ოკუპაციას!
ჩემს პირად განცდებზე საჯაროდ არ მიყვარს საუბარი. არის თემები, მაქვს მოგონებები, რომლებსაც არავის ვუზიარებ, იმიტომ არა, რომ მათ ვმალავ ან მათ გამო მრცხვენია - საერთოდ არ მიყვარს უარყოფითი მოგონებების და განცდების გახსენება. როდესაც ისინი მიდიან, მათ აღარ ვეტირები და ჩემი რეალობის დამახინჯების უფლებას არ ვაძლევ. მიხარია, რომ წავიდნენ და ის ფაქტი, რომ ოდესღაც ისინი გადავიტანე, ჩემს ახალ დღეს არ თრგუნავს. არ ვიცი ეს როგორ შევძელი, ალბათ, მაინც იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავს (ამას აბსოლუტურად გულწფელად ვამბობ). თემა, რომელზეც ვწერ მართლა ძალიან მძიმეა და ამიტომ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ჩემი ძალიან ბევრი ახლო მეგობარიც კი არ დამიმძიმებია ამ მოგონებებით, მაგრამ დღეს ძალიან მომინდა მე დამეწერა და თქვენ წაგეკითხათ.
ჩემი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ. სხვადასხვა დროს ორივემ სწავლა მოსკოვსა თუ თბილისში განაგრძო, რის გამოც მე თბილისში გავჩნდი, სოხუმი კი მხოლოდ ჩემი ბედნიერი ბავშვობის, ბედნიერი ზაფხულების გატარების ადგილად იქცა. როდესაც დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციეზე საუბრობენ, მე სოხუმი მახსენდება. საქართველოს ისტორია მეტნაკლებად მაინც, კარგად ვიცი, თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მეპარება ეჭვი მემატიანეთა გულწრფელობაში. დღეს, როდესაც მე თვითონ ვარ ჩემი ქვეყნის ისტორიის თანამოწილე, ვხვდები, რომ ჩემი რეალობა სრულიად განსხვავდება ჟამთააღმწერელთა მიერ ფურცელზე გადატანილი ......გან.
თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე ისევ აფხაზეთს მივუბრუნდები. მე მინდა მოგიყვეთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, რომელიც საქართველოს ისტორიის მოჩუქურთმებულ წიგნებში კი არ ამოვიკითხე, არამედ მე თვითონ გადავიტანე.
როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, 12 წლის ვიყავი. ჩემს დედასთან და პატარა დასთან ერთად სოხუმში ვისვენებდი, ჩემი ბებიის და ბაბუის ყველაზე ლამაზ თეთრ სახლში - ბოტანიკური ბაღის წინ. ჩვეული მზიანი დღე იყო, როგორც ყოველთვის ბევრი სტუმარი გვყავდა - ჩემი დეიდაშვილები, დედაჩემის მეგობრები, მათი შვილები. ავს არაფერი მოასწავებდა, როდესაც უცებ გავიგეთ, რომ სოხუმის საზღვრებთან ქართული ჯარი გამაგრდა.... აქედან დაიწყო... საბრძოლო მოქმედებების დეტალები და საომარი სტრატეგია არ მახსოვს. მახსოვს, როგორ ჩავსხედით ბაბუჩემის მანქანაში და წავედით სოფელში, რომელიც შემდეგ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად იქცა, როგორ გავირეთ დანაღმულ გზაზე და საბედნიეროდ არ ავფეთქდით, როგორ ჩამოვიდა თბილისიდან მამაჩემი, რომელიც აეროპორტიდან სახლამდე ფეხით მივიდა, მახსოვს ტყვიების წუილის ხმა და დაბომბვები, მახსოვს 24 საათი, რომელიც სოხუმის აეროპორტში გავატარე, მახსოვს დედაჩემის მეგობარი მიშა კოკაია, რომელმაც გამოგვაცილა და რომელიც მას მერე აღარასოდეს გვინახავს და დღესაც უცნობია, როდის და სად მოკლეს. მახსოვს ბევრი ბავშვიანი ქალი, რომელიც იმ თვითმფრინავში ვერ დაეტია, რომლითაც ჩვენ გამოვფრინდით, მახსოვს პატარა თვითმფრინავი და ფეხზე მდგომი უამრავი მგზავრი, მახსოვს როგორ ყვებოდა დედა იმ ღამით აეროპორტის საშინელი დაბომბვის ისტორიას, მახსოვს დღეები, როდესაც ველოდი ჩემი დეიდაშვილების სოხუმიდან გამოფრენას, მახსოვს მათი ჩამოსვლა, სასტუმრო "ივერიის" ფოიე, მახსოვს ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომლებიც დიდი და ლამაზი სახლებიდან, პატარა სასტუმრო ოთახში შეკუჭეს, მახსოვს აღშფოთებული თბილისის "ელიტა", რომელსაც სულიერი და ფიზიკური კომფორტი ერღვეოდა ლტოლვილების შემხედვარეს. ეს ის ხალხია - დღეს ოკუპაციას არას რომ ეუბნებიან, მაშინ კი სულ ...ზე ეკიდათ რუსების მიერ აფხაზეთიდან გამოყრილი ადამიანები და "სვეცკად" განაგრძობდნენ გულაობას ,,ყაზბეგსა“ და "აიჯიეში“. მახსოვს, როგორ ვრეკავდით გაუთავებლად სოხუმში, ყოველი მორიგი ცნობა სოხუმის დაბომბვის შესახებ და საათები გატარებული ჩემი სოხუმში დარჩენილი ბებიის და ბაბუის ხმის გაგების მოლოდინში, მახსოვს სასოწარკვეთილი მამაჩემი, რომლის ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარი სოხუმის საავადმყოფოში ოცდაოთხსაათიან მუშაობას გადაყვა, მახსოვს გაუთავებელი ცნობები ჩემი მშობლების ნათესავების, მეგობრების, უბრალოდ ნაცნობების, უბრალოდ ადამიანების გარდაცვალების, ნაღმზე აფეთქების, ომში დაღუპვის შესახებ, მახსოვს მზიანი ქალაქი გაგრა და მისი დაცემა, გაგრაში ამოხოცილი ოჯახები, შეურაცხყოფილი გვამები, მახსოვს სოხუმში დედაჩემის სახლის აფეთქება, მახსოვს დედაჩემი, რომელიც არასოდეს იღიმოდა და სულ ტიროდა, მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებით გაკეთებული სადილები, მახსოვს მამაჩემის დარდი, მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, მახსოვს 3 თვე, როდესაც ჩემი ბებია და ბაბუა და ჩემი ბიძა ტყვედ ჩავარდნენ და 3 თვიანი ძიება, იმის დასადგენად ცოცხლები იყვნენ თუ არა... მახსოვს აფხაზეთის სვანეთის გრძელი გზა, მახსოვს გაყინული ხალხი, მახსოვს ომის შემდგომი წლები, მახსოვს ბაბუჩემი, მახსოვს დედაჩემი, მახსოვს სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ვეღარასოდეს დაბრუნდება, რამდენჯერაც არ უნდა დავწეროთ დიდ პოსტერებზე: ,,ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“, ან "აფზაზეთი ჩვენი ტკივილია“.
ნამდვილად! აფხაზეთი ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილია, არა აბსტრაქტული, არა რაღაც არარეალური, არამედ სისხლით ხორცამდე ნამდვილი ტკივილი, რომელიც ყოველი ფოტოს, ყოველი მორიგი ნივთის, ყოველი მოგონების შეხებისას სულ უფრო მძაფრად გტკივა.
ბევრი წელი გავიდა. მაშინ ბევრს საუბრობდნენ მიზეზებზე, გამოსავალზე. არც პოლიტიკაში გამეგება რამე და არც ანალიტიკაში, მე მხოლოდ რეალობის აღქმა შემიძლია და ჩემი რეალობა დღეს ასეთია: არც ერთი, თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისკენ, პირიქით - ბევრი დიდი ნაბიჯი უკან.
აფხაზეთის მერე იყო 2008 წელი, როდესაც რუსეთს კიდევ ერთხელ მივეცით ჩვენი ოკუპაციის უფლება. ბევს დღესაც ჰგონია, რომ რუსეთი როგორც დამპყრობელი, რუსეთი როგორც ოკუპანტი, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაანახა მსოფლიოს. მე კიდევ მგონია, მგონია არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის 2008 წელის აგვისტო ნაციონალური მოძრაობის 4 წლიანი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. არ ვიცი ეს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გააკეთეს, ამაზე შეიძლება ბევრი იდავო, მაგრამ ფაქტი არის ერთი და თან ჯიუტი - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ, მათმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომი, მაშინ ზუსტად ის მოხდა რაც რუსეთს სურდა, ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც ოკუპანტს აწყობდა, სწორედ მის წისქვილზე დაისხა წყლის ულევი ნაკადი. არა - ნაციონალურ მოძრაობას და არა - რუსეთის ოკუპაციას, ჩემთვის ეს ორი ცნება ისეა ერთი მთლიანი, როგორც სხვა არაფერი დედამიწაზე.
ჩემი ტკივილი არც სხვაზე მეტია და არც სხვის ტკივილზე ნაკლები, აფხაზეთი მარტო მე და ჩემს ოჯახს არ დაგვიკარგავს. თუმცა ეს საერთო ქართული ტკივილი მაინც არ არის. არავის არ ვაყენებ შეურაცხყობას, უბრალოდ ვიცი, როდესაც რაღაც პირადად არ შეგხებია, როდესაც რაღაც პირადად ძალიან არ გტკენია - მას ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. ამიტომაც ლოზუნგი „არა ოკუპაციას“ (ზოგიერთი ადამიანის პირიდან გამოთქმული) ისევე არაგულწრფელად მოდის ჩემამდე, როგორც მივიწყებული პათოსი - ,,ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.
სამშობლოს სიყვარულში არავის ვეჯიბრები, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი განცდა გვაქვს, ყველას ჩვენი ემოციები და გრძნობები ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ უფლებას არავის მივცემ იმ ქვეყნის მონობისა თუ მორჩილების სურვილი დამწამოს, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან რაღაც ძალიან დიდი და ძვირფასი, ყველაზე ლაღი და მზიანი სამუდამოდ ამოგლიჯა.
Subscribe to:
Posts (Atom)