Sunday, March 13, 2011

ბერმუდის სამკუთხედი

სკოლაში იმ წლებში ვსწავლობდი, როდესაც განათლების რეფორმა პერსპექტივაშიც კი არ იყო და შესაბამისად, „აი, ია“ - „აი, თითი“ ჩემი მეგობარი ბუკის დახმარების გარეშე შევისწავლე. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ რიცხვს მანდატურები არ განეკუთვნებოდნენ, არც მე და არც ერთი ჩემი სკოლელი და კლასელი არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სკოლაში კარგად, შეიძლება ითქვას ძალიან კარგად ვსწავლობდი, ქართულიდან დაწყებული, ქიმიით დამთავრებული (ქიმიაზე ცოტა გადავამეტე, მაგრამ ქიმიის მასწავლებელს ისე ვუყვარდი,რომ....), როგორც იტყვიან „круглая отличница“ ვიყავი (როგორც იტყოდნენ, საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ რუსულ ენას საქართველოში ლათინური ენის ბედის გაზიარებას უპირებენო). ეროვნული კომფორტი რომ არავის დავურღვიო ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელიც სავარაუდოდ ასე უნდა ჟღერდეს: „მრგვალი ფრიადოსანი“.  განსაკუთრებით მიყვარდა რუსული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. ხომ გესმით ჩემი, რაღაცას რომ კითხულობ და სწავლობ არა იმიტომ, რომ ხვალ გაკვეთილზე მოყვე, არამედ იმიტომ, რომ ძალიან გაინტერესებს და უბრალოდ ვერ წყდები. რუსული ლიტერატურის საყვარელი გმირები დღესაც კარგად მახსოვს, მაგრამ აი, საქართველოს ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი პერიოდი, ეპიზოდი, თარიღი ისე ამომიფრინდა თავიდან, რომ გეგონება არც კი წამეკითხოს არასდროს. ვახო ამბობს, ეს იმის ბრალია, რომ სკოლის შემდეგ არ მქონია შეხება და ამის გამო ე.წ. პასიურ ცოდნაში გადავიდა, როგორც კი დაინტერესდები, ეგრევე ამოგიტივტივდებაო. თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, მეფე ლუარსაბი, თურქ-სელჩუკები და გარისის ბრძოლა, წარმოიდგინეთ სცენა, როგორ ტივტივებენ ისინი ჩემი მეხსიერების ფსკერზე.

თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე, ბარემ გეტყვით რაზე ვწერ, მოკლედ იმის და მიუხედავად, რომ როგორც შევთანხმდით სკოლაშიც და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში, (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელს მხოლოს ასო ბგერა „ივ“-თი რატომ მოიხსენიებენ ხომ არ იცით?!) „მრგვალი ფრიადოსანი“ ვიყავი, სკოლაში და უნივერსიტეტში ნასწავლი და გააზრებული ბევრი ისეთი ელემენტარული რამ აღარ მახსოვს, რომ ძალიან მიკვირს. გარდა ამისა, არის ბევრი სფერო, რომელშიც არც არასოდეს ვიცოდი ბევრი, არის ბევრი წიგნი, ე.წ. საკითხავად სავალდებულო ლიტერატურიდან, რომელიც არ წამიკითხავს, არის ბევრი თემა, რომელზეც მხოლოდ მოკრძალებულად თუ შემიძლია ორიოდე სიტყვის თქმა. მოკლედ, ალბათ ვიღაცის თვალშიც მე არასაკმარისი ინტექლექტით თუ ცოდნით გამოვირჩევი, ისევე როგორც ის სხვები ჩემს თვალში რომ არიან, უფრო ზუსტად, რომ უნდა იყვნენ „დაუნები“.  სწორედ აქედან უნდა დამეწყო, დიახ, იმ „დაუნებიდან“, პეტრე მელიქიშვილი დიზაინერი რომ ჰგონიათ, შოთა რუსთაველი საქართველოს მეფე და ობსერვატორია კონსერვატორიის ნაწილი. გულახდილად რომ გითხრათ, მე სულაც არ გამეხარდა, ყველა ამ შეკითხვაზე, გაგიკვირდებათ და სწორი პასუხი ვიცოდი. ნუთუ ეს რამეს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩემს ადამიანობას, პატიოსნებას, წესიერებას, თუნდაც ინტელექტის დონეს?. როგორი იქნებოდა ჩემი პასუხები ვინმეს ფიზიკიდან ან ქიმიიდან ან მაკრო ეკონომიკიდან რომ დაესვა ათი უმარტივესი კითხვა? არ მინდა იმის თქმა, რომ ეს კარგია, თუ ვინმეს შოთა რუსთაველი საქართველოს მეფე ჰგონია (დამსახურება კი შოთა რუსთავლეს ნამდვილად ბევრ მეფეზე თუ არა ბევრ პრეზიდენტზე ნამდვილად მეტი აქვს საქართველოს წინაშე) და იაპონია-საქართველოს ომზეც შეუძლია ორიოდეს სიტყვის თქმა, არა ეს კარგი, ნამდვილად არ არის, ეს ცუდია (თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ დავესესხები - ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ცუდია). ეს არის ერის ინტელექტუალურ-გონებრივი დეგრადაცია, იმ ერის უკანასკნელი ოცი წელი სოციალური სიდუხჭირისა და პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ რომ ვერაფერს გახდა (თუმცა, ბევრიც არაფერი უცდია, ალბათ ისევ ინტელექტუალური დეგრადაციის გამო). თავს დატეხილი ყველა უბედურება,  სოციალურ პრობლემას რომ არ დავაბრალო, გავაგრძელებ.

მე არ ვეკუთვნი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური პრინციპებისა და მოსაზრებების გამო არ უყურებს ტელევიზორს. მე ტელევიზორის აქტიური მაყურებელი ვარ, მაინტერესებს, რა ხდება, მაინტერესებს, როგორ ხდება და მაინტერესებს მომხდარი რა ფორმით მოაქვთ ჩემამდე.  სწორედ ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება დღევანდელი ქართული ტელევიზია (და ისიც ვიცი, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ტელევიზიას საზოგადოების ფართო წრეებზე, საქართველოს უახლესი ისტორია, ე.წ. ვარდების რევოლუცია ამის საუკეთესო მაგალითია) და სწორედ ამიტომ ვწერ დღეს ამ თემაზე.  სტატიის თემა ის ე.წ. „სპეციალური რეპორტაჟია“, რომელიც ზემოხსენებულ „დაუნებს“ ეძღვნება, უფრო ზუსტად კი დაუნებს ამხელს. მე მაქვს შეკითხვა: რას ეძღვნება ქართული ტელეარხების გადაცემების 99 პროცენტი? მაინტერესებს, ვინ აპიარებს ბიჭოლას (ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ არხზე  დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების კულტურის ბლოკში გასული ნახევარსაათიანი რეპორტაჟი. ამ ადამიანის შესახებ არც არავინ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდა, რომ არა ჟურნალისტების ძალისხმევა, მისი სექსუალური ორიენტაცია, იმიჯი, საყვარლად გადმოგდებული სექსუალური ღიპი იმდენჯერ მოხვდა ქართული ტელეარხების ჟურნალისტების ობიეტივში და შესაბამისად, ჩემს ტელევიზორში, რომ დიახ, ნამდვილად, მეც ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ბიჭოლა, ისიც ვიცი, რომ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი იაფიანი ქსოვილებით ქმნის შედევრებს და შემდეგ კატასტროფულ ფასად ყიდის ქართული ბომონდის კორიფეებზე, ვიცი და საიდან ვიცი??? მე ტელევიზორს ვუყურებ), ვინ გვთავაზობს ოცწუთიან რეპორტაჟებს იმის შესახებ, თუ როგორ სვამს ფორთოხლის ფრეშს ნინა წკრიალაშვილი და რამდენ ევროდ ყიდულობს ნინო ჩხეიძე შანელის ჩანთას პარიზში. მესმის, რომ შეიძლება ეს თემებიც ვინმეს აინტერესებს, არაფერი მაქვს არც ამ პიროვნებების საწინააღმდეგო, მაგრამ რა დოზით?! თქვენ თუ არ იცით მე გეტყვით, ერთი და იგივე სახეები, ყველა გადაცემაში, უკლებლივ ყველა არხზე და ათასჯერ დასმული ერთი და იგივე შეკითხვები თმის ფერზე, სილიკონის ძუძუებზე, ლეოპარდის ელასტიკებზე, გატეხილ და გამთელებულ გულებზე, ფულიან საყვარლებზე, ბერმუდის სამკუთხედზე....საინტერესო იქნებოდა შეკითხვა ბერმუდის სამკუთხედზე, მაგრამ ის არავის არასოდეს დაუსვამს, არაკომერციულია და შესაბამისად კარგად შეფუთულს, სარფიანად რომ ვერ გაყიდი, ალბათ ამის გამო. არც ერთ ქართულ არხზე არც ერთი შემეცნებითი გადაცემა არ გადის (ან შეიძლება იმდენად არარეიტინგულ დროს გადის და ისე ჩუმად, რომ არ ვიცი მათ შესახებ), სამაგიეროდ დღის პირველი ნახევარი უხვად არის დატვირთული იაფფასიანი უინტელექტო სერიალებით. შემეცნებითი გადაცემის როლს, გარკვეულ წილად, თავის თავზე საინფორმაციო გადაცემები იღებენ (მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც). ისინი მოგვითხრობენ, ქართულ, ამერიკულ და ევროპულ სინამდვილეზე, იშვიათად, მაგრამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ აზიაზეც. საინტერესო აქაც ინფორმაციის მოწოდების ფორმა და დოზაა. მაგალითად, ბოლო სამი დღე ამერიკელი ბიზნესმენი ბატონი დონალდ ტრამპი იმდენჯერ მომესალმა ტელეეკრანიდან და მის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტთან ისეთი დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს,  ფაქტიურად  დავიჯერე, რომ ის ამერიკის პრეზიდენტი თუ არა საგარეო საქმეტა მინისტრი მაინც არის.

და ისევ ვუბრუნდები და ამჯერად ვასრულებ თემას.

დილიდან ჩემი მეგობრების უმრავლესობა ერთი და იგივე ვიდეოს  „აშეარებს“ და თან ინდივიდუალურ კომენტარსაც ურთავს: „სირცხვილია?!“, „კოშმარია!“ და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ სირცხვილია, მაგრამ დაფიქრდით ჩვენი საუკუნე ინფორმაციული ოკეანეა, რომელშიც სულ უფრო და უფრო რთული ხდება ცნება „განათლებული ადამიანი“-ს განსაზღვრა. დაფიქრდით, სანამ `
„დაუნებს“ დაცინებთ დაცინვა ყველაზე დაბალი და იუნტელექტო საქციელია. ნაკითხი და მცოდნე ადამიანი, ის ვინც არც ინტელექტის დეფიციტს განიცდის და მუდმივად ახლის ძიებასა და შეცნობაშია, არასოდეს ჩავარდება თვითკმაყოპილებაში სხვისი უმეცრებისა და გაუნათლებლობის შემხედვარე. იმ ზემოხსნებული რეპორტაჟის გასვლით, საზოგადოების გარკვეულმა წრემ, ჟურნალისტების ჩათვლით, თვითდამკვიდრების კომპლექსი და კიდევ სხვა ათასი დაიკმაყოფილა. როგორც სატელევიზიო პიარის კიდევ ერთი პირმშო ე.წ. „კოხორა“ იტყოდა: ეს არის ჩემი კომენტარი ტელეკომპანია  „იმედი“-ს არხზე 2011 წლის 12 ივლისს გასულ `სპეციალურ რეპორტაჟზე~.

4 comments:

  1. რა თქმა უნდა ტელევიზიის იმედზე არ უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი გაიგოს. მაგრამ მე მაგიჟებს თვითონ ის ფაქტი, რომ ისეთი უზნეო ტელევიზია, როგორიც იმედია, არ უნდა აკეთებდეს ასეთ გადაცემას. მორალური უფლება არ აქვს ამის.
    არ უნდა დასცინოდეს არავის, იმის ფონზე, რომ ამ ტელევიზიის ჟურნალისტები არანაკლებ უვიცობას ამჟღავნებენ ყოველ დღე. და კინომცოდნეებს თურმე კინოლოგები რომ ქვიათ, ზუსტად იმედის ჟურნალისტის ნათქვამია კაი ხნის წინ. ნანუკა ჟორჟოლიანის აღფრთოვანებაც უნდა ახსოვდეთ თვითონვე, დათო ბახტაძე თავისი აღმოჩენილი რომ ეგონა, სულ რაღაც 1 წლის წინ. საინფორმაციოს ჟურნალისტებს ისიც ასწავლონ,ღაზას სექტორი როა და არა გაზის სექტორი და საერთოდ, როცა თვითონ ბანძი ხარ და სხვას დასცინი იგივეზე, ცოტა ტეხავს.
    მაგრამ მართალი ხარ, მხოლოდ უინტელექტო ადამიანი მისცემს თავს უფლებას, სხვას დასცინოს და დასცინოს ამ ფორმით.
    მწიფე თავთავის ამბავია :–) გახსოვს? ამასაც გვასწავლიდნენ სკოლაში ჩვენს დროს :–)

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, რომ ეს დაწერე, მართლა!!! სწორედ არის ყველაზე საშინელება, რომ იმ უგემოვნობის, გაუნათლებლობის და უინტელექტობის ფონზე რაც ტელეარხებზე ხდება, ეს ე.წ. ჟურნალისტები ბედევენ ასეთი გადაცემის გაკეთებას! თორე ვიეტნამი–საქართველოს ომის შესახებ 1956 წელს, ადამიანი რომ დაფიქრდება ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა და პრობლემა კი არა ტრაგედიაა!

    ReplyDelete
  3. почему вы нас бомбардировали?!

    ReplyDelete
  4. ხოო, ეგ წლის ფრაზა, გამოჩენილი ჟურნალისტის ნათქვამი.
    და ისე, როგორც გოგი გვახარია ამბობდა, იმედის ჟურნალისტი რომ მომვარდეს ქუჩაში და მკითხოს, ლუკინო ვისკონტი ვინ არის, შეიძლება ვუთხრა, იაპონიის პრემიერ-მინისტრიაო :)))
    კარგია ეს რომ დაწერე. კარგი იქნება ეს ჩვენი ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა წაიკითხონ, იქნებ დაფიქრდნენ და შერცხვეთ

    ReplyDelete