Saturday, January 22, 2011

რა (ჯანდაბა) სურთ კაცებს?!

2011 წელი მსოფლიოს ეკონომიკის კორიფეებმა დიდი ინფლაციის წლად დაასახელეს. მარტივად რომ გითხრათ, ინფლაცია ფულის გაუფასურებას ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ფასების ზრდასთან და შესაბამისად, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მატერიალური კეთილდღეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რბილად რომ ვთქვათ, გაუარესებასთან. ფასების ზრდა გამოიწვევს გარკვეული სახეობის პროდუქციის დეფიციტს... აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდე. თუ იფიქრეთ, რომ 2011 წლის ეკონომიკური ანალიზის შესახებ ვწერ და ინფლაციის დაძლევისა და ფასების ზრდის შეჩერების პროგრამის მონახაზს ვაკეთებ, ძალიან ცდებით. არც განათლება მაქვს საამისოდ საკმარისი, არც გამოცდილება და არც ასე ძვირად ღირებული ნერვები. სიტყვა „დეფიციტი“ უბრალოდ არ მიხსენებია. ამ რამდენიმე თვის წინ ვწერდი ე.წ. „მამაკაცების დეფიციტზე“ და მათზე ძებნა გამოვაცხადე.  როგორც მოსალოდნელი იყო (ან შეიძლება არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი მკაცრი და ჯიუტია), არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ გამომომეხმაურა და როგორც სავსებით მოსალოდნელი იყო, იაქტიურეს  ქალებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მწერდა: „თუ იპოვი ვინმეს ასეთს, ჩემსკენ გამოუშვიო“. ვერავინ ვერავისთან გავუშვი, სამწუხაროდ. ნეტა მართლა შემეძლოს მამაკაცების ერთი კარგი პარტიის გამოშვება, დაფასოებულები ფერებისა და ზომების მიხედვით (всех размеров и цветов), ჩაპროგრამებული ხასიათით, კრისტალური რეპუტაციითა და მთლად რობოტივით მოსაწყენები რომ არ იყვნენ, რამდენიმე ადვილად დასაძლევი მანკიერი თვისებით. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების პიკში შეიძლება მართლაც არის, მაგრამ ასე შორსაც არ წასულა ეს ყველაფერი, მამაკაცების ზემოხსენებული პარტიის გამოშვება რომ ხელეწიფებოდეს ვინმეს.

2011 წელს მოსალოდნელმა ინფლაციამ თავისდაუნებურად კაცების დეფიციტი გამახსენა.  ფასების ზრდა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მათზეც თუ გავრცელდა „не видать мне больше розового платья, подружки невесты“ (როგორც გაირკვა ამდენს იმიტომ ვირჯები, რომ უბრალოდ მეჯვარეობა მომენატრა, თორემ ჩემი დაუქორწინებელი და ამასთან დასაქორწინებელი მეგობრების ბედი სულაც არ მაწუხებს). როგორც ამბობენ - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და ამიტომ „მამაკაცების დეფიციტის“ თემას თავს დავანებებ. ახლა იმაზე მინდა დავწერო, უფრო სწორად კი ის გავარკვიო რა (ჯანდაბა) სურთ მამაკაცებს?

თავიდანვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ქალების იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომელიც დამაჯერებლად იჩემებს, (და არა მხოლოდ იჩემებს, ნივთიერი მტკიცებულების სახით სიგელებს, მოწმობებს და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებით დამთავრების დიპლომებსაც კი ფლობს, აბაა, კი არიან ასეთებიც) რომ ექსპერტია „კაცების“ დარგში. ნამდვილად არ ვარ არც ექსპერტი, არც სპეციალისტი და შეიძლება ითქვას, რომ უბრალო კონსულტანტადაც (ახლა რომ გაყიდვების მენეჯერი ქვია) კი არ გამოვდგები. ძალიან ბანალურად, იმ მამაკაცს გავყევი თავის დროზე ცოლად, რომელთანაც ყველაზე ხანგრძლივად „ვიარე“.  ხოდა იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა სურთ მამაკაცებს, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე სურს, მართლა დაპროგრამებულები ხომ არ არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.

Вокруг да около ბევრი არ მივლია ისე, პირდაპირ ჩემს ერთ მეგობარს მივადექი ამ კითხვით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი არც ერთი სიტყვა რომ არ დაკარგულიყო, ჩემმა ქმარმა (მას რა სურდა, ქვემოთ მოგიყვებით) სამოყვარულო კამერა მოიმარჯვა და ჩვენი დიალოგი ფირზე აღბეჭდა. ჩემი მეგობარი მალე 31 წლის შეიქმნება, დახვეწილი მუსიკალური და არა მხოლოდ მუსიკალური გემოვნება აქვს, ჯაკო პასტორიუსის ფანია და ნიუ-იორკზე ოცნებობს. მას მერე რაც გავიცანი, ერთი სურვილი მაქვს, მის გვერდზე (არ არის აუცილებელი გვერდით ედგას, კალთაში თუ ჩაუჯდება კიდევ უკეთესი) ქალი ვნახო, გინდათ შეყვარებული დაარქვით, გინდათ საყვარელი, გინდათ „გიოლფრენდი“. მთავარი ჩემთვის ის არის, რომ მას ერთ ღამეზე ცოტა უფრო დიდი ხანი რომ გრძელდება, ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან - ვინმე ქალთან. მოკლედ, ჩემი სურვილი წლებია სურვილად რჩება და ნიუ-იორკის ცათამბჯენებზე მეოცნებე ჩემი მეგობარი (დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან სიმპათიურია, მაღალი, ახოვანი და შავგვრემანი) მარტო დაბორიალობს თბილისის ქუჩებში. დიალოგზე ადვილად დავითანხმე და პირდაპირ ვკითხე: რა (ჯანდაბა) გინდა? პასუხის გაცემა სულაც არ გაჭირვებია. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იცის რაც უნდა. ვეცდები მოკლედ ჩამოგიყალიბოთ მისი სურვილი. როგორც ჭეშმარიტი ქართველი, უფრო კონკრეტულად კი ქართველი ხელოვანი (ხელოვნების რომელ დარგს ემსახურება განგებ არ დავწერ, მაშინ ადვილად მიხვდებით მის ვინაობას, მე კი კლიენტის ანონიმურობას უნდა გავუფრთხილდე) ის ძალიან ზარმაცია, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ ნიჭიერი. ალბათ სწორედ მის სიზარმაცეს უნდა დავაბრალოთ, რომ მისი აზრით, ურთიერთობა სასურველია დაიწყოს ქალმა. ზოგადად აქტიური ქალი, ქალის ის ტიპია, რომელიც მას ხიბლავს (უფრო კონკრეტულად კი მის ზარმაც, მაგრამ ნიჭიერ ბუნებას). როდესაც ურთიერთობას თვითონ იწყებს, რისკის კოეფიციენტი მაღალია, ვაი თუ ტყუილად მოუხდა ჩალიჩი, დროისა და ენერგიის დახარჯვა. ტყუილად ჩალიჩს კი საერთოდ რა მუღამი აქვს, ვერ ხვდება.  სწორედ ამიტომ ურჩევნია, რომ ურთიერთობის დასაწყისშივე გაიასნებული იყოს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ორივეს „უნდა“.  ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც თავს იფასებს (თავის დაფასება კი იმაში გამოიხატება, თუ ქალი პირველივე შემოთავაზებაზე არ თანხმდება პაემაზე და ნიჭიერ ხელოვანს თქვენ წარმოიდგინეთ და სამჯერ უწევს მისთვის sms-ის გაგზავნა), დამღლელი და გამაღიაზიანებელია.  ხოდა არ აპირებს, ვინმეს ეხვეწოს რაა, უნდა უნდა, არ უნდა და....ურთიერთობის დაწყების ინიციატორ ქალს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება იყოს მოსიყვარულე და თბილი. აქვე უნდა გამოვრიცხოთ ის ფრიგიდული ქართველი ქალები, ურთიერთობის პირველი 3 თვე მარტო კოცნაობით რომ შემოიფარგლებიან. გადაღლილი და დაღლილია, ამიტომ ეგრევე ლოგინში უნდა სითბოც, ალერსიც და დილის საუზმეც. იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ბევრად მეტია, ქალი უნდა იყოს შინაგანად საინტერესო და გარეგნულად მიმზიდველი.  უპირატესობას ე.წ. ხორციან ქალბატონებს ანიჭებს, რომლებსაც, როგორც მინიმუმ, მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე უნდა შეეძლოთ ერთ-ორი სიტყვის თქმა.  ფაქტიურად ეს არის რაც მას სურს, ანუ თუ ვინმე ამას ყველაფერს აქეთ შესთავაზებს და ლანგარზე კოხტად დაწყობილს ახალგაღვიძებულს ლოგინში მიართმევს, ჩემი მეგობარი პატივს დასდებს და „გამოართმევს“, უარს არ იტყვის.

ხვდებით ალბათ, რატომაც დაბოდიალობს თბილისის ქუჩებში მარტო. მაგრამ თუ ყველაფრის მიუხედავად მაინც გინდათ მისი გაცნობა მომმართეთ.

კომენტარისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ჩემთვის მოკრძალებულად მაინც ვიმედოვნებ, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე მაინც არ სურს.

დიალოგმა იმდენად გამიტაცა, რომ იგივე კითხვით ჩემს კიდევ ერთ მეგობარს მივადექი. მთლად лет 40-45 არ არის, მაგრამ არც ბევრი უკლია. ვერ ვიტყვი რომ დაბორიალობს, თანამდებობის პირია და შავი „რაღაცნაერი“ მანქანით მიასრიალებენ-მოასრიალებენ ხოლმე, მაგრამ იმ ზემოხსენებული „სამადავოლნი ბალვანი“-ს მსგავსად, ესეც მარტო დადის. რაც თავი მახსოვს, ყოველ ახალ წელს მპირდება, რომ მომავალ წელს ცოლს მოიყვანს და ოჯახური ცხოვრების ფერხულში ჩაებმება. დიალოგის ფირზე აღბეჭდვის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა და საერთოდ არასერიოზულად მოეკიდა ჩემს კითხვას. მცდელობა არ დავაკელი და გავარკვიე, რომ თავის 35 წლის ასაკში უნდა „გულავი“, წელიწადში სამჯერ ევროპა, ერთხელ ამერიკა, ოღონდ მხოლოდ მანჰეტენზე, „კრუგლი გოდ“ უნდა აუზი, კორტები, ზაგარი, ჰუგო ბოსი, ტომი ჰილფიგერი და პოლო. აი ასე მარტივად არის საქმე.

რესპოდენტი N3 შედარებით ახალგაზრდაა და მისი დაოჯახება სულ არ მეჩქარება. მისთვის შეკითხვა: რა (ჯანდაბა) გინდა? ასე პირდაპირ არ დამისვამს, მაგრამ იმდენი ველაპარაკე ცხოვრების ამაოებაზე, თავისით დაფქვა ყველაფერი. ეს მამაკაცის ის ტიპია, არც მუშაობა რომ  ეზარებათ და არც ქალის გულისთვის ჩალიჩი. დილას ადრე დგება.... გაპარსულ-გაპრიალებული დავინახე ერთხელ გაჩერებაზე, როგორც იტყვიან იდგა ამაყად „вес в белом“... ხოდა ეს ჩემი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მეგობარი არაჩვეულებრივი მექალთანეა და ამასთან რომანტიული ჯენტლმენი. ხან გატაცებულია, ხან შეყვარებული, ხან თავდავიწყებული და ხანაც თავდაკარგული. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვადასხვა ტიპის ქალებთან აქვს ურთიერთობა, გულში მანაც კარგად იცის რა უნდა: სულიერი, შინაგანი კომფორტი და სტაბილურობა. მის რომანტიულ ბუნებას აღიზიანებს ამბიციური და პრეტენზიული ქალები. უყვარს და სურს ის ქალები, რომელნიც მისდევენ მარტივ ტენდენციას: С милым и в шалаше рай. მაგრამ ამასთან, სასურველი ქალისათვის არ ეზარება ზემოხსენებული სამოთხის შექმნა, გნებავთ მოწყობა. არიან მამაკაცები, რომლებიც სწორედ იმით „კაიფობენ“ ქალებს რომ უსრულებენ რომანტიულ კაპრიზებს და მათი გულის დასაპყრობად „საგმირო საქმეებს“  სჩადიან.

სანამ დასკვნით ნაწილზე გადავალ, ჩემს ოჯახში შემოგახედებთ, სადაც ორი მამაკაცია. მათგან ერთ-ერთს ჯერჯერობით მხოლოდ მანქანები, დინოზავრები და ზვიგენები აინტერესებს. რაც შეეხება მეორეს, ანუ ჩემს ქმარს, სანამ ცოლად მომიყვანდა ასეთი სურვილი ჰქონდა: სამსახურიდან დაღლილი სახლში რომ დაბრუნებულიყო, გემრიელად წამოწოლილიყო ტახტზე და სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლისთვის დაეძახა: Sadeeeee! დიახ, უნდოდა, რომ შადეს დაეხვედრებინა მისთვის თბილი ჩუსტები და ძილის წინ „smooth operator“ ემღერა ხავერდოვანი ხმით. სინამდვილეში კი ცოლად ერთი უსმენო გოგო მოიყვანა, რომელიც დღემდე Анжелика Варум-ის სიმღერებს უსმენს. მამაკაცებო, აქვე მინდა გირჩიოთ, ის გინდოდეთ თუ შეიძლება, რისი მაპატიეთ გამოთქმაზე და ტრაკიც გაქვთ! მაინცდამაინც ანჯელინა ჯოლი თუ გინდათ ცოლად,  თქვენც უნდა იყოთ მინიმუმ ბრედ პიტი თუ არა ჯორჯ კლუნი მაინც (ვაღიარებ: далеко არა ანჯელინა ვარ, მაგრამ კლუნიზე, было дело, მიოცნებია).

მოკლედ ბევრი ვილაპარაკე, თუ ცოტა ვილაპარაკე, გამოვლინდა მამაკაცის სამი განსხვავებული ტიპი: თვითკმაყოფილი, იგივე „სამადავოლნი ბალვანი“; ჩვეულებრივი „პოხუისტი“ და რომანტიული ჯენტლმენი. გარდა იმისა, რაც ამ სამი ტიპის მამაკაცს ცალ-ცალკე სურს, არსებობს საერთო საყოველთაო კაცური სურვილები. აი, ისინი ქალებს რომ გვათქმევინებს ხოლმე ყველა კაცი ერთნაერიაო. ამ სურვილების ტოპ-ათეული კი, სავარაუდოდ ასე გამოიყურება:

პირველ ადგილს საპატიოდ იკავებს მატერიალური კეთილდღეობა, უფრო მარტივად კი ფული და აქვე ერთიანდება ყველა ის მატერიალური ნივთი (მანქანა, საათი, ბლუთუსი, აიფოუნი და აიპადი და მართლა ჯანდაბა თქვენ!), რომლის შეძენაც მხოლოდ ფულით არის შესაძლებელი.

მეორე ადგილზე 90% შემთხვევებში დგანან (კვარცხლბეგზე) ქალები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინელი ქალები (ჩემმა ერთმა უკრაინიდან დაბრუნებულმა მეგობარმა გულდაწყვეტით აღიარა: აქამდე კაცებში მივლიაო).

მესამე ადგილს იკავებს ჭამა-სმა დიდად შესარგი და მხოლოდ მამაკაცებს რომ ესმით, ისეთი „გულავი“.

მეოთხე ადგილი, გარკვეული წლების შემდეგ, ვაი-ვაგლახითა და წვალებით მოიპოვეს ცოლებმა (შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია). თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცოლისათვის განკუთვნილ ადგილას თქვენი დედა მოკალათდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცების უმრავლესობას მაინც სურს ოჯახური კომფორტი, გარეგნული იდილია, რომელიც სურათის ჩარჩოში თავსდება - ოჯახური პორტრეტი ცოლ-ქმარი და სამი შვილი ბათუმის ბულვარზე, კოლონების ფონზე.

მეხუთე ადგილზეა თქვენი დედა, თუ  მეოთხე პოზიციაში არ შეეცილება ცოლს, რა თქმა უნდა.

აუცილებელი ხუთეულის შემდეგ საპატიო მეექვსე ადგილს იკავებენ მეგობრები, მეგობრული „ტუსოვკები“, პოკერ-ჯოკერი და ასე შემდეგ. 

მეშვიდე ადგილას არის დასვენება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია N2 სურვილთან.

მერვე ადგილს იკავებს ტელევიზორი, მისივე პულტი და ის სიმყუდროვე, რომელიც ტახტზე წამოწოლაში გამოიხატება.

მეცხრე ადგილი არის შესასრულებლად სავალდებულო, მაგრამ გარკვეულ წილად მაინც სურვილით განპირობებული ოჯახური გასვლითი ტურები.

მივადექი მეათე ადგილს, რომელსაც არ დავაკონკრეტებ და ერთ თავისუფალ სურვილს დავუტოვებ მამაკაცებს.

ტოპ ათეულს რომ თავი დავანებო, ჩემი აზრით  მამაკაცებს რა (ჯანდაბა) სურთ და...რაც შეიძლება მეტი შეუზღუდავი თავისუფლება. მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, მამაკაცების დარგში ექსპერტი არ ვარ და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი სურვილების თანმიმდევრობაც შემეშალა და შინაარსიც. ამიტომ ყველა მამაკაცს, რომელიც ამ სტატიას წაიკითხავს (იმედი მაქვს სათაურით მაინც მივიზიდავ თქვენს ყურადღებას) ძალიან გთხოვთ, მითხარით, რა (ჯანდაბა) გსურთ?!

12 comments:

  1. აუ, რა მაგარი იყო! ძაან ვისიამოვნე! დიდი ხანია ასე არ მიცინია! წავალ, დავაშეარებ :)
    პ.ს. უკრაინის მერე რო აღმოაჩინა, აქამდე კაცებში მივლიაო, იმან ბოლო მომიღო :))))))))

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ყველა ახალი კომენტარი!!!

    ReplyDelete
  3. :))))))))))))))))

    პასუხი ერთ სიტყვაში რომ გავაერთიანოთ, ეს სიტყვა ალბათ იქნება "ჯანდაბა" :))

    კარგი იყო ძალიან. მინდა ხოლმე, ცალკეული ადგილები დავაკოპირო და დავაკომენტო მაგრამ ნაწერზე ორჯერ დიდი კომენტარი გამოვა მაშინ. ამიტომ მოკლედ - მეც ვისიამოვნე, ვიცინე და... ჯანდაბა :))
    პ.ს. პირველ მეგობარს აგული ხომ არ ჰქვია შემთხვევით? :))))

    ReplyDelete
  4. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთმა, უფრო სწორად მხოლოდ ერთმა მამაკაცმა მითხრა რაც უნდოდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათ მართლა ჯანდაბა სურთ:)))))))))

    პირველი ემგობარი, საქმეც მაგაშია, რომ გამოგონილი არ არის, არც ერთი სიტყვა არ დამიმატებია, მართლა ასე ფიქრობს, ვაი ვაი ვაი!

    ReplyDelete
  5. :)) არა, გამოგონილი რომ არ არის მაგას მივხვდი. გამოგონილი კი არა ყველაზე რეალურია, მგონი :)

    მამაკაცების დიდ ნაწილს იგივე "მოთხოვნები" აქვს, მართლა. ოღონდ საქმე იმაშია, ბოლოს მარტო სიარული როცა ბეზრდებათ, ამ იდეალთან მიახლოებული კი არა, თითქმის ანტიპოდიც კი შეიძლება აღმოჩნდეს მათ გვერდით... ასე ხდება რეალობაში :)

    ReplyDelete
  6. p.s. ამ ბოლო დროს ვფიქრობდი: ქალები ხშირას მსჯელობენ ამ საკითხზე, თუნდაც არასერიოზულად, რიტორიკულად სვავენ ამ შეკითხვას და პასუხობენ: "ჯანდაბა", ან "თვითონაც არ იციან რა უნდათ", ან "ყველა კაცს ერთი რამ უნდა" და მსგავს გაცვეთილ ფრაზებს, რომლებისაც პრინციპში ალბათ თვითონვე აღარ სჯერათ.

    და მე მაინტერესებს: კაცებიც კითხულობენ იგივეს? ან რას ამბობენ? კაცებიც ამბობენ, რომ "ყველა ქალი ერთნაირია"? :) მართლა მაინტერესებს :) უნდა ვიკითხო... :D

    ReplyDelete
  7. აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ამდენი მარტო ბოდიალის შემდეგ უცებ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ყბა ჩამოგივარდება ადამიანს!

    კაცები, ჩემი აზრით, არ ფიქრობენ რომ ყველა ქალი ერთნაერია, უბრალოდ იმაზე მეტად კომპლექსდებიან ქალებთან ურთიერთობაში ვიდრე ქალებს გონიათ. მამაკაცების დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ქალს წარმოუდგენლად დიიიდი პრეტენზიები და მოთხოვნები აქვს, და ამის გამო უჭირთ ხშირ შემთხვევაში პირველი ნაბიჯის გადადგმა. კიდევ ერთი თვისება, საყოველტაოდ ადამიანური არის მარტოობის შიში და დისკომფორტი როდესაც გაქვს ეს არაჩვეულებრივი სტატუსი Single. ამ სტატუსი არაჩვეულებრიობაზე თუ დაფიქრდება ქალიც და მამაკაციც, შინაგანად ისე მოდუნდება, რომ ერთმანეთს აღარ დააკომპლექსებს და ურთიერთობასაც მარტივად ააწყობს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია.

    ReplyDelete
  8. აჰა, ზუსტად, რომ ქალები ყველაფერს ართულებენ :) არა და სინამდვილეში, მგონი ორივე მხარეს უნდა მარტივად და ლაითად იყოს ყველაფერი :)

    ReplyDelete
  9. didi kalosha via marika K.

    :) კაი იყო, მომეწონა. ერთი რაც მეხამუშა, რუსული აზროვნებაა. რაც მთავარია - სიმართელს ჰღაღადებ!

    მე ”პოხუისტ лет 40-45 არ არის” ქმრებს განვეკუთვნები. ოღონდ გამიმართლა, ცოლის ”ჩემი ჭკუის” შემხვდა. ნეტა შვილები რა გაიზრდებიან :)

    ReplyDelete
  10. რუსული აზროვნება გეხამუშა თუ რუსული ფრაზები?

    ReplyDelete
  11. ჰაჰაჰაააა მადლობა დიდი რომ დაწერეთ.... სულ მინდოდა სულ....
    აი ქალებს თუ გამოჰკითხავთ ჩვენ რაღა ანდაბა გვინდა -კითხეთ რაააა... გაფიცებთ დედას,მამას და ყველა "ზარმაცი,მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ ნიჭიერ" ქართველს :)

    ReplyDelete
  12. თეონა, თქვენ გინდათ იმაზე დავწერო ქალებს რა სურთ?? არა, მე ჩემს თავზე ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ფროიდი ისე მოკვდა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და მე შევძლებ ამის გარკვევას?! :))))))))))))))))) მადლობა რომ წაიკითხეთ

    ReplyDelete