Saturday, January 8, 2011

გაგუს

სანდრო გირგვლიანი ჩემი მეგობარი არ ყოფილა, მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ბევრი საერთო მეგობარი გვყოლია. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ჩემი ბევრი მეგობარი ავრცელებს ე.წ. Post-s, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. 

მე ვფიქრობ, რომ სანდრო გირგვლიანი მკვლელობის ფაქტი, მარტო მისი ოჯახის წევრების და მეგობრების ტრაგედია და უბედურება არ არის. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა დროს ხდებოდა და ხდება მკვლელობის ფაქტები, სანდრო გირვლიანის მკვლელობით არც დაწყებულა და არც დამთავრდება, სამწუხაროდ, საქართველოში კრიმინალი, მაგრამ ............... 
ამ ფაქტმა გამიჩინა საშინელი დაუცველობის და უსამართლობის გრძნობა, სახელმწიფო, რომლის ზურგსაც უნდა იყოს მისი თითოეული მოქალაქე ამოფარებული, მაპატიეთ თუ ზედმეტად იდეალისტური შეხედულება მაქვს, მისი ყველა რგოლი, თავისი კომპეტენციების ფარგლებში, ცდილობს ჯერ ერთი საერთოდ დამალოს ეს ფაქტი, მერე თავს მოგვახვიოს მკვლელობის სრულიად სხვა ვერსია და რაც ყველაზე საშინელებაა დაუსჯელად დატოვოს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები. ის რომ მკვლელობა დასჯადია სადაოა, ის რომ მკვლელს ადეკვატური სასჯელი უნდა შეეფარდოს შეიძლება დავის საგანი გახდეს? ის რომ მკვლელს თავისი სახელი უნდა უწოდო - მკვლელი, პატივისა და ღირსების შელახვაა? 

4 წელია ისმის, რომ „ვიღაცეები სპეკულირებენ სანდრო გირგვლიანის სახელით“, ანუ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ არის ცხადი და შემაძრწუნებელი: „რიგითი მკვლელობა, ძალიან სამწუხარო ამბავი“. სახელმწიფო აპარატის დამოკიდებულებას დანაშაულის (მკვლელობის) ფაქტის მიმართ განსაზღვრავს არა ქმედების შინაარსი და სიმძიმე, არამედ მასში მონაწილეთა პოზიციები სახელმწიფო აპარატის სხვადასხვა რგოლებში, რასაც მარტივად მივყავართ შეფასებამდე, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის. 

არც სამართლებრივი ტერმინებით მინდა საუბარი და არც კოდექსის მუხლების პერეფრაზი, მე როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს უბრალოდ მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრება, მეშინია, რომ ჩემი, ჩემი მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების გზები ოდესმე არ გადაიკვეთოს მათთან, ვისაც დღეს სახელმწიფოს სადავეები უპყრიათ ხელთ და უსაზღვრო ძალაუფლების დემონსტრირებით არიან დაკავებულნი. 

მეშინია, მაგრამ არ და ვერ შევეგუები ამ უსამართლობას, უბრალოდ არ მინდა კრიმინალურ სახელმწიფოში ცხოვრება! მეც მიკეთია წითელი სამაჯური ხელზე, როგორც ჩემი პროტესტი ზოგადად ძალადობის და უსამართლობის, ასევე ყველა დაუსჯელი დანაშაულის მიმართ. მე მყავს შვილი, რის გამოც უბრალოდ არ მაქვს მორალური უფლება გავჩუმდე, იმიტომ რომ ხვალ ჩემი შვილი არ გახდეს ძალადობის და უსამართლობის მსხვერპლი. ამიტომაც მივეცი თავს უფლება და დავწერე ეს წერილი. 

ეს წერილი ეძღვნება გაგუს, ძალიან კარგ ადამიანს და მეგობარს. 

28.01.2010. 

No comments:

Post a Comment