- საღამო მშვიდობისა, მე ნიკა (პირობითად) ვარ, მინდა სასმელზე დაგპატიჟო, შეიძლება? რას დალევ?
- საღამო მშვიდობისა, მე ნინა (პირობითად)... დიდი მადლობა, „კოსმოპოლიტანი“ (ესეც პირობითად) თუ შეიძლება.
ნიკას და ნინას თავს დავანებებ და სასიამოვნო საღამოს გატარებას ვუსურვებ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ნიკას ნინა უბრალოდ მოეწონა, ის არ უფიქრია, „ამას ახლა გავკერავ და მერე რედისონში .........“, მაგრამ არც ის უფიქრია: „რა ლამაზი გოგოა, მინდა ის ჩემი შვილების დედა გახდესო“. არც ნინას უფიქრია: „ეს ნიკა ჩვეულებრივი „ბაბნიკია“ და ერთი ღამის „პონტში“ მაბავსო“ და არც მომავალ საქორწილო კაბაზე, მეჯვარეებზე და თაიგულზე დაუწყია ფიქრი.
ზემოხსენებული დიალოგი ქალისა და მამაკაცის გაცნობის სავსებით ბუნებრივი და ამასთან ბანალური ფორმაა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (შეიძლება არა აღმოსავლურ ქვეყნებში, კი ბატონო) ადამიანების უმეტესობა სწორედ ასე მარტივად იცნობს ერთმანეთს. გაცნობის შემდეგი პერიოდი, რომანტიული დეტალები არ არის ჩემი სტატიის თემა. მე ის მაინტერესებს, რატომ არის გაცნობის ეს ფორმა, უფრო სწორად კი ამ ფორმის შემოღება და დამკვიდრება ასე რთული ჩვენში? რატომ არის აცულიბელი და უფრო მისაღები, თუ ერთმანეთს საერთო მეგობრები გაგვაცნობენ, ან თუნდაც დედაშენის თანამშრომელი თავისი მეზობლის ბიძაშვილს შემოგთავაზებს და ის ვითომ შემთხვევით შენს სამსახურში მოვა და მარკეტინგზე, მენეჯმენტზე, ან კიდევ თანამედროვე ტერმინოლოგიაში რომ უხვად შემოვიდა ისეთ „მეცნიერებაზე“ გაგესაუბრება, ან თუ ექიმი ხარ გასასინჯად წარმოგიდგენს საკუთარ თავს. საკმაოდ უხერხული გამოდის გაცნობა, თუ მაგალითად, შენ სტომატოლოგი ხარ და მოსული „კანდიდატი“ პირველივე ე.წ. პაემანზე ეგრევე პირს დაგიფჩენს. კიდევ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შენმა მამიდამ, თავისი მეგობრის ქმრის მულის ძმიშშვილთან გაგატანოს ჩურჩხელა ან თუნდაც აჯიკა (ფონად ამ სიტუაციას ძალიან უხდება ტექსტი: არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგისტრატურა უკვე გაიარა და ახლა დოქტორანტურისთვის ემზადება, უნიჭიერესია, უნიჭიერესი), თუ შენ საზღვარგარეთ, თუნდაც მოსკოვში მიემგზავრები. ითვლება რომ გაცნობის ეს ფორმა თავისთავად გულისხმობს, რომ ქალმა კაცზე და კაცმა ქალზე „ცუდი“ არაფერი უნდა იფიქროს. ანუ იმდენი ადამიანის ხელში გაიარა ამ ამბავმა, იმდენმა ადამიანმა „მისცა ვიზა“ თქვენს გაცნობას (რა თქმა უნდა არავინ იფიქრა არც ქალისა და არც მამაკაცის შინაგან მოთხოვნილებებზე, მათ პიროვნულ თვისებებზე, საერთოდ არავინ არაფერზე იფიქრა, გარდა იმისა, რომ ორივე „თავისუფალია“, თავისუფალი, ანუ არაშეუღლებული, თორემ მათ შინაგან თავისუფლებაზე ფიქრი ხომ საერთოდ არავის მოსვლია აზრად), რომ თუ ვაი და არ შედგა, შედგა კი არა გაცნობა მინიმუმ ნიშნობით და მაქსიმუმ ჯვრისწერით თუ არ დაგვირგვინდა, ზემოხსენებული „კეთილისმსურველები“ შეშფოთებული სახეებით, თავის ქიცინითა და „ნწუ.. ნწუ“-ს ძახილით იწყებენ უკმაყოპილო შფოთვას: „შენ ბატონო არ გდომებია გათხოვება/ცოლის მოყვანა“, „ვერ გავიგე, რა ჰქონდა იმ გოგო/ბიჭს შენი დასაწუნი“ და ასე განიხილავს თვენ პირად ცხოვრებას, ბიძაშვილთა, მამიდაშვილთა, მეზობელთა და თანამშორემლთა, პოლიცეილეთა, ადვოკათთა ექიმთა ....... „იმედგაცრუებული“ მასა.
და სწორედ იმიტომ, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა სწორედ ამ ორი ადამიანის „საქმეა“, რომ კოლექტივიზაცია და კოლექტიური მეურნეობა და კოლმეურნეობა რა ხანია წარსულს ჩავაბარეთ (თუ არ ჩავაბარეთ და უნდა ჩავაბაროთ) და კიდევ იმიტომ რომ ჩვენი საუკუნე მაინც ინდივიდებზე ორიენტირებულ საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს და სიმართლე თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ არც დეიდაჩემის და ბიცოლაჩემის, მითუმეტეს არც ჩემი მეზობლის მულისშვილის საქმე არ არის მე ვის, სად, და როდის შევხვდები, გამოდით სახლიდან, სამსახურიდან, ოფისიდან, სადარბაზოდან, საიდანაც გნებავთ იქიდან გამოდით, ოღონდ გამოდით და გაიცანით.
No comments:
Post a Comment