წელს ჩემი შვილი პირველად მივიყვანე ბაღში. „ბაღი“ ზოგადად ემოციებთან და განცდებთან დაკავშირებული თემაა, მაგრამ არა ამ სტატიის თემა (პირადად მე ძალიან მიყვარდა ჩემი ბაღი და მხოლოდ დადებითად ვიმუხტები, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას, მე მგონი ,ერთადერთ ძეგლს ჩავუვლი ხოლმე ფალიაშვილის ქუჩაზე).
მოკლედ მე დილის 8 საათზე ვდგები, მერე ვიდეოს პულტის სწრაფი გადახვევის ეფექტით ვემზადები, ისე რომ 09:10 წუთზე გავდივარ სახლიდან და მივიდვარ ბაღში (უკვე საკმაოდ დაღლილი, ხშირ შემთხვევაში მაკიაჟის გარეშე და გამოუძინარი - დასიებული თვალებით). ერთ დილასაც ასეთ „ვიდზე“ მივედით მე და ჩემი 3 წლის შვილი ბაღში, კარი გაიღო, მასწავლებელი ჩვეული სითბოთი შეგვეგება და ამ დროს..... გვერდითა ოთახიდან გამოდის ირინკა (ირინკა ჩემი შვილის ბაღელია, მხოლოდ ბაღელია და არა მეგობარი, იმიტომ რომ გოგოა და „შეიძლება გოგოსთან მეგობრობა?“. ძალიან გამხდარი, ცისფერი თვალებით, 4 წლის ირინკა ცეროდენას ჰგავს), ნამძინარევი და გათიშული სახით, ტანზე დისნეის მულტფილმის - ფიფქია და შვიდი ჯუჯადან, ფიფქიას ყვითელი კაბა (ცოტა გაცრეცილი, ბაღში არაერთი წელი რომ აცვიათ სხვადასხვა „ირინკებს“ ამის გამო) აცვია (თავის ტანსაცმელზე აცვია ოღონდ, სვიტრზე და ჯინსებზე, სვიტრიდან როლინგიც რომ ჩანს ცოტა ისე) და ფეხზე ბევრი ზომით დიდი ვარდისფერი პლასტმასის ქუსლიანი ქოშები (თავიდან სწორედ ამ ქოშების ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება). ხმას არ იღებს, არც მიცინის არც არაფერი, უბრალოდ ცდილობს თავისი კაბის დემონსტრირებას (არ ვიცი რამდენად შევძელი ირინკას არაჩვეულებრივი ტიპაჟის აღწერა თქვენთვის). დილის 09:30 საათზე ჯერ ბოლომდე გამოუფხიზლებელი და მშიერი ირნკა უკვე იმ განწყობით იყო რომ ფიფქიაა, საყვარელი ზრაპროს გმირი, თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს რომ ელოდება აი ზუსტად ისეთი „პრინცესა“! (ამ დროს ჩემი - 30 წლის გაზრდილი „პრინცესის“ ვიდი გაიხსენეთ). უფლისწულის როლში შეიძლება ჩემი შვილიც იყო იმ წუთას, მაგრამ ირინკასგან გასხვავებით, რომელიც ალბათ სწორედ სანდროს ეპრანჭებოდა და ამიტომ არ მიყურებდა მე, სანდრო გოგოს, როგორც ზოგადად კონტაქისა და კონკრეტულად თამაშის ობიექტს საერთოდ არ აღიარებს. ესეც ძალიან საინტერესო ფენემენია 4 წლის ასაკში ჩვენ - „პრინცესები“ არ ვერიდებით „უფლისწულებთან“ თამამად და ღიად „ფარცქვალს“, მაგრამ აი უკვე 24 წლის რომ ვართ მაშინ თავს ამაყად ზემოთ ვწევთ (თქვენმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ახლა ეს გაიფიქრა: „კარგი რა, ვინღა იფასებს დღეს თავს!“) და ველოდებით როდის მოინადირებენ, და დაიპყრობენ და გნებავთ მოიპოვებენ (არის ამ სიტყვებში რაღაც „ისეთი“, რაც ჩვენს მიუწვდომლობას უსვამს ხაზს) ჩვენს გულებს „უფლისწულები“.
გამოვედი ბაღიდან და სამსახურამდე მიმავალს მთელი გზა ირინკა მედგა თვალწინ. რა თქმა უნდა ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში. „პრინცესობაზე“ არასოდეს მიოცნებია და ბავშვობაში ხშირად ჭეშმარიტ „პრინცესებს“ რომ არ შეშვენით სწორედ ისე ვიქცედო, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან მიყვდარა კონკია. იმდენად მიყვარდა, რომ ყველა შესაძლო ზეიმზე თუ კარნავალზე, ეზოში დადგმულ სპექტაკლზე, მოკლედ ყველგან სადაც კი შეიძლებოდა კონკია ვიყავი და ზოგადად ჩემი ქცევისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მაგრამ ამავე დროს სპეციალურად ჩემთვის შეკერილი (იმ დროს ჩვენმა მშობლებმა ინტერნეტი რომ არსებობდა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ და მითუმეტეს ამ „მითიური ინტერნეტიდან“ მატერიალური საგნების, ამ შემთხვევაში „პრინცესების“ კაბების, „გამოწერის“ ტექნოლოგიასაც არ ფლობდნენ) ვარდსიფერი ვერცხლისფერ ბაბთებიანი კაბა მეცვა.
საინტერესოა როდის აღვიქვამთ საბოლოოდ რეალობას, ვარდისფერი ოთახიდან გამოსულები, როდის ვიხსნით ვარდისფერ სათვალეს და საერთოდ როდის ვსწავლობთ ფერების აღქმას (თუმცა ბავშვობის გავლენით თუ ქალური რომანტიული ბუნების „წყალობით“ ჩვენთვის დღესაც არსებობს, მუქი ღვინისფერი, „ჭუჭყიანი ვარდისფერი“, ატმისფერი“, რომელსაც მამაკაცები უბრალოდ ერთი მარტივი სიტყვით -„წითელი“ მოიხსენიებენ). ზოგადად მამაკაცების ფერების აღქმის უნარი, ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო, რომ ცალკე სტატიის მიძღვნას იმსახურებს.
ისევ ირინკას მივუბრუნდები, უფრო სწორად კი ირინკას ფენომენს, რომელიც ქალების დიდ უმრავლესობას მთელ მსოფლიოში თავს რომანტიული ზღაპრის გმირად აგრძნობინებს. როცა პატარები ვართ ალბათ ვიზუალური მხარე გვიზიდავს, მულტფილმებში ან მხატვრულ ფილმებში ან თუნდაც წიგნებში ნანახი „პრინცესების“ ლამაზი და ფერადი (ბჭყვიალა და ფრიალა, როგროც ჩემი მეგობრის შვილი ლელი იტყოდა) კაბები, ჰაეროვანი გარემო, საცეკვაო დრაბაზები, უფლისწულები..... (აი, საკმარისია ამაზე დავფიქრდე და აქვე ჩემს სამუშაო მაგიდასთან რამდენიმე წამით ისევ კონკია ვარ). ასე ყალიბდება ქალის ცნობიერებაში მისი მომავალი და ამიტომაც არის, რომ უკვე გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ის სწორედ ბავშვობის ვარდისფერ (ვარდისფერი უნდა ჭარბობდეს ამ სტატიაში) ოცნებებში ნანახ „უფლისწულს“ ეძებს და ბუნებრივია მას ვერც უნივერსიტეტის ეზოში, ვერც ავტობუსის გაჩერებაზე და ვერც ყველაზე „სვეცკ“ კაფეში ვერ ხვდება. აი სწორედ ამ დროს ვიზრდებით და რატომღაც ძალიან განვციდით ამას (უფრო სწორად იმას, რომ უფლისწულები თურმე არ არსებობენ და ამ დროს ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ არც ჩვენ ვართ „პრონცესები“) არა და მას შემდეგ რაც კეთილი უფლისწული „პრინცესას“ ბოროტი დედინაცვალის, ან ურჩხულის კლანჩებიდან დაიხსნის და გადაარჩენს, ან ნაზი ამბორით საუკუნოვანი ძილისგან ვნებიანად გამოაღვიძებს ზღაპარი აღარ გრძელდება, „на самом интересном месте“, როგორც იყტვიან, წყდება და ჩვენ არ ვიცით როგორ გარძელდა კონკიასა და უფლისწულის „თანაცხოვრება“. არ ვიცით რამდენი შვილი ეყოლა კონკიას, როგორი მშობიარობა ჰქონდა, წონაში მომატებული როდის „ჩადგა“ (ეს სიტყვა საჭმლის ასოციაციას იწვევს, აი ისეთის ჩადგმით რომ მოაქვთ და არა ჩამოტარებით) ფორმაში, ან მაგალითად როგორი სიმთვრალე ჰქონდა უფლისწულს, საერთოდ უსაქმური იყო ეს უფლისწული თუ მუშაობდა სადმე, დილაობით წვერგაპარსული იყო თუ არა, ისევ ირინკა გამახსენდა და უნდა დავწერო, რომ არც ის ვიცით ჯუჯებმა თავიანთი სახლი მემკვიდრეობით ფიფქიას დაუტოვეს, თუ ვინმე სხვა შორეულ ნათესავს.
როდის გაიგებს ირინკა, რომ ფიფქია და მისი კაბა მხოლოდ არარეალური და ზღაპრული სამყაროს ნაწილია, რომ „სამწუხაროდ“ სადაც არ უნდა ჩააბაროს და რამდენიც არ უნდა ისწავლოს „პრინცესა“ ვერ გამოვა (დიდი დიდი სილამაზის კონკურში მიიღოს მონაწილეობა, ისიც თუ მკაცრ პარამეტრებს 90/60/90 დააკმაყოფილებს) ალბათ მაშინ, როდესაც თვითონაც გაიზრდება და თავის შვილს ბაღში წაიყვანს, ბაღში, ფიფქიას კაბაში გატარებული ვარდისფერი დღეები გაახსენდება და თბილად გაეღიმება. რაც უფრო დიდი ხანი იქნება ის ზღაპრის გავლენის ქვეშ მით მეტ ხანს გაგრძელდება მისი ბავშვობა, ამიტომ, მე მგონი მაინც არ ღირს, რომ მან ეს სტატია წაიკითხოს. ჩვენ კი უკვე გაზრდილი და „далеко не“ პრონცესების „ვიდზე“ (არა ზოგჯერ მაინც ვართ ხოლმე, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ საქორწილო კაბა სწორედ „პრინცესობის“ გავლენით იკერება“) მყოფებმა ჩავიცვათ შარვლები (ვარდსიფერი- ვერცხლისფერ ბანტებიანი კაბა მართალია, აღარ მეტევა, მაგრამ მაინც შენახული მაქვს, ვინ იცის როდის და რაში გამომადგება), გავაკეთოთ სადილები და გავფინოთ სარეცხი, ოღონდ ისე, რომ გულში ყოველთვის ვიყოთ „პრინცესები“.
გოგოების პრინცესობის არ ვიცი, მაგრამ აი ბიჭები კი ზუსტად 6 წლის ასაკში ვხვდებით, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული უფლისწულები არ ვართ.
ReplyDelete6-დან სადღაც 12-მდე კოგნიტიური დისონანსი გვაქვს და მაინც გვინდა, რომ იქნებ რამენაირად გამოვიდეთ უფლისწულები.
12-დან 21-მდე სხვადასხვა ფაზებს გავდივართ: ავაზაკი, ყაჩაღი, მსახური, რაინდი...
უფლისწულობას საბოლოოდ 25 წლის შემდეგ ვანებებთ თავს
საბოლოოდ მოკალი ხომ უფლისწულად თქვენი წარმოდგენის იმედი?! თუმცა, 25 წლის მერე ალბათ ყველა ქალი ისედაც ხვდება, რომ პრინცი მხოლოდ ზღაპრის ნაყოფია და თან ზღაპარშიც რამდენნად ინარჩუნებს თავის რომანტიულ ბუნებას ეგეც კი არ ვიცით ბოლომდე
ReplyDelete