Saturday, January 8, 2011

იძებნება

2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოში 20-დან 40-წლამდე რეგისტრირებულია 662.300 (ექვსას სამოცდაორი ათას სამასი) მამაკაცი. ქალბატონების რაოდენობა ამ ასაკობრივ კატეგორიაში საგრძნობლად მაღალია და 669.300 (ექვსას სამოცდაცხრა ატას სამასი) შეადგენს. არ იფიქროთ, რომ მონაცემები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, გადამოწმებული არა, მაგრამ ოფიციალურია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ასევე ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ოფიციალური რომ არის რიცხვების დამრგვალებაზეც ეტყობა მგონი). მარტივად რომ გითხრათ ქალები 7.000 (მთელი შვიდი ათასით) მეტნი ვართ. (ალბათ ამის შემდეგ გასაგებიც არის ბოლო დროს ქართველი ქალების, მართლა თვალში საცემი, გააქტიურების მიზეზი). აქვე გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცთა გარკვეული ნაწილი დაქორწინებულია, ან თუ ჯერ არ არის დაქორცინებული ჰყავს რჩეული, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარებას აპირებს ისე, რომ ამ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას სულაც არ გეგმავს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქალაქში ნამდვილად არის მამაკაცების, განსაკუთრებით კი „სასურველი“ და „თავისუფალი“ მამაკაცების დეფიციტი. სიტყვა „დეფიციტმა“ რატომღაც გასტრონიმია გამახსენა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საქართველო რახანია კაპიტალიზაციის პროცესშია, დღესაც არც თუ ისე იშვიათად მესმის სიტყვები: „იცით, არ გვაქვს, დეფიციტშია“. ხოდა ისევე როგორც 1970-1980 წლებში რუსული ძეხვეულისა და რძის პროდუქტების დეფიციტი იყო, 2000-2010 წლებში ქართველი მამაკაცები არიან ე.წ. დეფიციტში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გასტრონომიული პროდუქტების დეფიციტისაგან განსხვავებით, რომლის დაძლევა შედარებით მარტივად,  მათი იმპორტის გზით არის შესაძლებელი, მამაკაცთა დეფიციტის შევსება გაცილებით რთული პროცესია და შესაბამისად ქართველი ქალების (დაუქორწინებელი, გნებავთ დასაქორცინებელი ქალების) მდგომარეობა ნამდვილად არ არის შესაშური. თუმცა იმპორტი (განსაკუთრებით დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, როდესაც საქართველო თამამდ უხსნის საზღვრებს მეზობელ ერებს) არ უნდა იყოს ცუდი აზრი.

იმპორტის იმედად რომ ვერ ვიქნები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამოვაცხადო არც მეტი და არც ნაკლები „ძებნა“. დიახ, იძებნება მამაკაცი, უფრო სწორად კი მამაკაცები. მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებული დეფიციტისა არსებობს ის მოთხოვნები და ე.წ. კრიტერიუმები, რომლებსაც დეფიციტში მყოფი მამაკაცები მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ. ბუნებრია, თემა „მამაკაცები“ ქალების საუბრის ძირითადი საზრდოა და სწორედ ამ საუბრებიდან გამოტანილი დასკვნებისა და შეფასებების შედეგად ჩამოყალიბებული მამაკაცის ტიპი არის ჩემი სტატიის ძიების ობიექტი.

ვიწყებთ, რა თქმა უნდა ასაკით, რომელიც სასურველია მერყეობდეს 25-დან 40 წლამდე. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ თუ მამაკაცის წლოვანება 30-დან 40-მდე მერყეობს, სასურველია ის იყოს განქორწინებული (ითვლება, რომ თუ მამაკაცმა 30 წლამდე ვერ მოახერხა ოჯახის შექმნა, მას ქალებთან ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები აქვს). მოკლედ ჩვენთვის სასურველი ასაკის მამაკაცი ასეთია: მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლება (განათლება და არა მხოლოდ სკოლის დამთავრების ატესტატი და უმაღლესი სასწავლების წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი  დიპლომი). ის აუცილებლად უნდა მუშაობდეს. უმუშევარი მამაკაცების შანსი გახდნენ ჩვენი ძიების ობიექტები მაშინვე იმატებს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ დიდი ბებიის ან ბაბუის ან თუნდაც ბიძის დანატოვარი აქვთ სადმე შორს ევროპაში, ან თუნდაც აფრიკაში. მოკლედ ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ „трудоголик“-ებს ვედძებთ, უბრალოდ მამაკაცს ორ ჩაის რომ ეყოფა იამაზე მეტი ფული უნდა უნდა ედოს თავის „бумажник“-ში (ერთ მამაკაცს ვიცნობ, რომელმაც 34 წელი ისე იცხოვრა бумажник-ი არასოდეს ჰქონია), მიუხედავდ იმისა, რომ ქალების უმრავლესობა (გასაგები მიზეზის - დიეტის გამო) პირველ რამდენიმე პაემანზე მაინც, სწორედ მხოლოდ ერთ სიმბოლური ჭიქა ჩაის, ყავის ან წვენის დალევით შემოიფარგლება (ჩემი ერთი მეგობრის პაემანი გამახსენდა, როდესაც ბიჭმა მხოლოდ ერთხელ შესთავაზა - რამეს ხომ არ მიირთმევო და პირველი უარის მიღების შემდეგ არც გახსენებია ხელმეორედ შეეთავაზებინა ერთი ჭიქა ჩაის გარდა კიდევ რამე, ან თუნდაც თავისი ინიციატივით შეეკვეთა, ასევე სიმბულური ერთი ნაჭერი თუნდაც ვაშლის პეროგი. იმედია ხვდებით, რომ ტყუილ უბრალოდ აქ არც ერთი სიტყვა არ იწერება). რადგან „бумажник“-ი ვახსენე აქვე უნდა დავამატო, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც ქალები მამაკაცებს უყენებენ ხელგაშლილობაა. ხელგაშლილობა,  რომელიც საჩუქრების ჩუქების გარდა (ეს, რა თმა უნდა, თავისთავად რომ იგულისხმება ისეთი კრიტერიუმია) კიდევ იმაში უნდა გამოხატოს მამაკაცმა, რომ საყვარელი ქალისა და მისი სავარაუდოდ ასე ათი-თორმეტი მეგობრის ანგარიშის (არა საბანკო-სასესხო, არამედ რესტორნულ-ბარული ანგარიშის) გადახდა უნდა შეეძლოს. ამას თუ „წიომნად“ („წიომნად“ გადახდას რა მნიშვნელობა აქვს ამას ახლავე მიხვდებით) გააკეთებს მთლად უკეთესი (ერთხელ მართლა ათნი, ან მეტნი ვისხედით ერთ-ერთ კაფეში, სადაც ჩემს ერთ მეგობარს ე.წ. პაკლონიკმა მოაკითხა, ეტყობა ჩვენს ოდენობას ვერ გაუძლო და მალევე გადაწყვიტა წასვლა, წასვლისას კი დაგვიბარა: ათი დოლარი გადავიხადე და 2 ლარი თქვენ დაამატეთო. დანაბარები ისეთ ტონალობაში წარმოთქვა, რომ მთელი კაფის ყურადღება მივიქციეთ, თუნდაც სიმბოლური დამთხვევის გამო: ათდოლარიანი ათი ქალბატონი). „ხელგაშლილ“ და „бумажник“-იან მამაკაცს (იმ შემთხვევაში თუ ხელგაშლილობა და სავსე „бумажник“-ი ზემოხსენებული მემკვიდრეობის შედეგია) არ აქვს უფლება იყოს უსაქმური და ფუქსავატი და მთელ დროს სპორტულებში გამოწყობილი, ტახტზე ტელევიზორის პულტით ხელში ატარებდეს. ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კარგი იუმორის გრძნობაა, რომელიც მამაკაცმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შენარჩუნოს და ყველაზე არასახუმარო ვითარებაშიც კი შეძლოს ქალის სახეზე ღიმილის გამოწვევა. ის არ უნდა იყოს მოსაწყენი და „მუდო“ (პაემანზე სასტიკად იკრძალება ფრაზები: კიდევ რა შეიძლება რომ მოგიყვე?, რა ვქნა, კიდევ რითი გაგართო?) , უნდა უყვარდეს გართობა (გართობაც საკმაოდ ფართო ცნებაა და ამიტომ მამაკაცი გართობის იმ ფორმას უნდა ირჩევდეს, მაგალითად ცეკვას, რომელსაც ქალი ანიჭებს უპირატესობას. როგროც წესი, ქალები „caunterstrike“ თამაშით ვერ ერთობიან ) და ალკოჰოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდეს, თუ მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი საკუთარი კომპლექსების დაძლევასა და მთელი მსოფლიოსთვის იმის დამტკიცებას არ ცდილობს, რომ ყველაზე „დედისმტყვნელი როჟაა“ (დიდი ბოდიში). მამაკაცი უნდა იყოს ყურადღებიანი (სიტყვა „ყურადღებიანი“ თავის თავში იმდენ რამეს მოიაზრებს, რომ ამაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ აქაც ბანალური, კარგად აპრობირებული საშუალებები გამოიყენება: მამაკაცს, როგროც მინიმუმ, არ უნდა დაავიწყდეს ქალის დაბადების დღე. თუ დაბადების დღეს საღამოს ათ საათზე , მხოლოდ კოლმეურნეობის ბაზარში ნაყიდი თაიგულით გვილოცავენ, შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩევნს საჩუქარზე ფიქრში მამაკაცს  უკანსკნელი ერთი თვე თუ არა ერთი კვირაც კი არ გაუტარებია). ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ყურადღებიანობის ფარგლების დაცვა, არიან ისეთებიც, (ქალები), რომელთაც გადამეტებული ყურადღება აღიზიანებთ და აშინებთ კიდეც. მამაკაცი გარეგნულად ესტეტიურად უნდა გამოუყურებოდეს (ამ კრიტერიუმის, თუ მოთხოვნილების დაკმაყოპილება ნებისმიერ, ყველაზე შეუხედავ მამაკასაც კი შეუძლია თუ მოინდომებს, რისთვისაც ისეთი მარტივი საგნებია საჭირო და საკმარისი, როგორც, წვერის, საპარსი, საპონი, დუში, ოდეკოლონი, სარეცხი მანქანა და მისი გავლენით სუფთა „Сорочка“ და შარვალი ), ესტეტიურობას უნდა დავუმატოთ გარეგნობა... და აი აქ ქალების მოთხოვნილებები იყოფა, იქსაქსება და იხლართება და ამიტომ TOP-ხუთეულს გამოვყოფ: შთამბეჭდავი და ღრმა (არაშტერული და არაცარიელი) თავლები, კაცური და „ლამაზი“ ხელები (ალბათ თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემმა ერთმა მეგობარმა მისი ე.წ. პაკლონიკი სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ მას პატარა და ნაზი ხელები ჰქონდა), განიერი და ათლეტური მხრები (ალბათ ქალების რომანტიული ბუნების კაპრიზია, ან სასიყვარულო რომანების გავლენა, სადაც არაერთხელ ამოიკითხავთ ფრაზას: „გაეხვია მიეს ძლიერ მკლავებში“), მისაღაბი და არა ჭარბი წონა (თუ მამაკაცი გენეტიკურად სიმსუქნისკენ არ არის მიდრეკილი ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ თუ იგი ხინკალს, ქაბაბსა და შემწვარ კარტოფილს ცხელ თონის პურს აყოლებს და მას სიმბოლურად ერთ-ორ ჭიქა ღვინოსაც ამატებს, პრობლემა აშკარად არის.) და ხმა, ოღონდ „რაღაცნაერი ხმა“ (სიტყვამ „რაღაცნაერი“ ბოლო დროს იმდენად მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა, რომ ქართული სალაპარაკო ენიდან ალათ ათობით ზედსართავი სიტყვა ამოაგდო). როგროც ხედავთ, გრძელი და მასიური კავკასიური ცხვირი და შეთხელებული თმა მამაკაცების „დაწუნების“ კრიტერიუმების TOP-ხუთეულში საერთოდ არ არის. ერთ-ერთი და ალბათ უკანასკნელი კრიტერიუმი მამაკაცის ჩაცმულობაა. გემოვნება იმდენად რთული თემაა, ამაზე საუბარი საერთოდ არ მინდა, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ იმაზე გავამახვილებ, რაც მამაკცმა არაფრის დიდებით არ უნდა გააკეთოს: მამაკაცს არ უნდა ეცვას თეთრი წინდები შავ ფეხსაცმელებთან (ასე მგონიუა, რომ ფეხსაცმლის თასმებს ამ ზემოხსენებულ თეთრ წინდებში აღარავინ „იტანიებს“ ამიტომ ამაზე აღარ შევრჩერდები), ისევე როგორც არ შეიძლება ზოლიანი სპორტული შარვლის ჩაცმა ზოგადად არც ერთ ფეხსაცმელთან, ასეთ შარვალს მხოლოდ სპორტული კედები ან ბოტასები უხდება. ფერების შერჩევისას არ არის აუცილებელი, რომ შარვალიც, პერანგიც, ჟაკეტიც ან სვიტრიც იყოს შავი. ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის ჩაცმულობაში კი ის არის, რომ ჩაცმულობა სიტუაციისა და ვითარების ადეკვატური უნდა იყოს (კინო და ღამის კლუბი არ არის ის ადგილი სადაც კოსტუმის ჩაცმა შეიძლება, ისევე როგროც ოპერა და ოფიციალური ღონისძიება -  სადაც დახეული ჯინსებისა და კედების). აქვე მამაკაცების სასარგებლოდ უნდა ვთვა, რომ მათ ჩაცმულობას (თუ ის მართლა ზღვარსგადასული არ არის) ქალები ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას უთმობენ, თუმცა მაინც აღნიშნავენ.

მოკლედ, თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ჩემი ეს სტატია ცაიკითხეთ, ხელზე „Обручалка“ არ, ან აღარ გიკეთიათ და ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებს (მეტნაკლებად მაინც) აკმაყოფილებთ, იცოდეთ, რომ თქვენზე გამოცხადებულია ძებნა.

2 comments:

  1. ღმერთო ჩემო, რამხელა მოთხოვნებია :)

    ReplyDelete
  2. albat amitom aris, rom arc erti sulieri ar gamomexmaura!!!! :))))

    ReplyDelete