Saturday, January 8, 2011

До и после 30 ცხოვრება, რომელიც 30 წლის შემდეგ კიდევ უფრო მშვენიერია?!

მე 30 წლის ვარ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წლის უმეტესი ნაწილი წარსულის მოგონებებზე ფიქრში გავატარე. ფიქრები, მოგონებები, განცდები იმდენად მძაფრი იყო, რომ დავფიქრდი, ნეტავ მართლა არის 30 წელი ის ეტაპი, როდესაც ბავშვობას ახაგაზრდობასთან ერთად სათუთად კეცავ, კარადის შედარებით ძნელად მისაწვდომ თარაზო ალაგებ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ?

რა ხდებოდა 30 წლამდე? პირველი, რაც თავში მომივიდა არის სკოლა - ყველაზე არაჩვეულებრივი და საოცარი, სკოლის ასევე არაჩვეულებრივი ისტორიები, კლასელები და მასწავლებლები, სკოლის ექსკურსიები და ექსკურსიებზე გამჟღავნებული სასიყვარულო საიდუმლოები, დაბადების დღეები... როდესაც სკოლაზე ვლაპარაკობ სიტყვები არასდროს მყოფნის, განცდები და ემოციები იმდენად ძლიერია, მოგონებები იმდენად ბევრი, რომ უბრალოდ არ შემიძლია მათთან გამკლავება და მშრალი სიტყვებით იმის გადმოცემა, რას ვგრძობ როდესაც სკოლა მახსენდება! სკოლასთან ერთად იყო პირველი ფორმა (მოსკოვიდან ჩამოტანილი - რა თქმა უნდა), შემდეგ პირველი დღე ფორმის გარეშე (ეს დღეები მთელი 9 წელი გაგრძელდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა ჩემი მშობლების ბიუჯეტზე), შემდეგ პირველი სიყვარული (რა ბედნიერებაა პირველი სიყვარულის გახსენება ახლა და რამხელა ტკივილთან იყო ის დაკავშირებული მაშინ), პირველი სიყვარულის ფონად წაკითხული პირველი სასიყვარულო რომანები (აუცილებლობის წესით, „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“, „ჯეინ-ეარი“, შტეფან ცვეიგის მოთხრობები...) პირველი სიგარეტი, პირველი იმედგაცრუებაც და რა თქმა უნდა პირველი კომპლექსები (მახსოვს, როგორ ვებრძოდი გაფერადებულ სახის კანს, ზედმეტ კოლოგრამებს...) და  თავის დამკვიდრებისათვის ჩადენილი სისულელეები, გარდატეხის ასაკი, ახლადგახსნილი ღამის კლუბები, (Jazz Club-ი ერთადერთია მათ შორის, სადაც დაჟინებული ხვეწნა-მუდარის შემდეგ გამიშვეს) სადაც მოხვედრა მხოლოდ სახლიდან ჩუმად გაპარვის გზით იყო შესაძლებელი და შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები (სამი ან მეტი ზომით დიდი „პუხის კურტკა“, სტრეიჯი ჯინსები და „ბუთქუნა“ ცხვირიანი ფეხსაცმელები) და მუსიკალურ ფონად დართული Boys II Man-ს „ნელი“ სიმღერები (ace of baseace of baseAce of Base-ც იყო კი ბატონო და Take That).

მერე იყო სტუდენტობა. 18 წლის მერე ცხოვრების ტემპმა საგრძნობლად მოიმატა,  ბუნებრივად გადაიწია სახლში დაბრუნების დრომაც, რაც პირდაპირპროპორციულად იყო დაკავშირებული ძილისათვის განკუთვნილი დროის კლებასთან. ძილის კლებასთან ერთად სულ უფრო მატულობდა ორგანიზმში ალკოჰოლისა (ხშირ შემთხვევაში იაფფასიანი არაყის) და თამბაქოს (მახსოვს, ერთ დღესაც როგორ გაქრა სიგარეტის კოლოფები მაღაზიების დახლებიდან და მათ საყიდლად ღამე არაერთხელ წავსულვარ დინამოს სტადიონთან) შემცველობა. პირველი სიყვარული შორს, წარსულში დარჩა და ბუნებრივად იმატა სიყვარულის, მონატრების, დაშორების, განშორების, მოლოდონის, გულის ტკენის შეგრძნებებმა, (რომანები უნივერსიტეტში და ზღვაზე, „დაჩაზე“ და სადღაც სხვაგან)  იმატა რომანებმა რეალურად და ვირტუალურად. რომანტიულობის განცდის მატებასთან ერთად კლებულობდა რომანტიულად საკითხავი ლიტერატურის რიცხვი და ჩვენი სამეცადინო მაგიდები  წმინდა პროფესიული ლიტერატურით, კოსნპექტებითა და ქსეროქსებით გაივსო. ერთმანეთს ცვლიდა ჩათვლა-გამოცდა, გამოცდა-ჩათვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა აქამდე არც თუ ისე შესამჩნევმა  ჩვეულებრივმა სახლის ტელეფონის აპარატმა, რომლის გავარვარებული ყურმილი არაერთხელ დამიკიდებია (უხერხულად ჟღერს ეს სიტყვა, მაგრამ ასეა) გამთენიისას. პირველად შევეხეთ და ვეზიარეთ უშუალოდ ევროპას. მახსოვს როგორ შემაშინა იქაურმა ზედმეტად მოწესრუგებულმა, საათივით აწყობილმა ცხოვრების ტემპმა, გამაოცა ავტომატიდან გადმოსხმულმა ცხელმა კაპუჩინომ. დიახ, ვეზიარე ევროპული განათლების სისტემას, რომლის ავკარგიანობაზე, რა თქმა უნდა, მას მერე უკეთესად დავფიქრდი, რაც განვითარების გზაზე ჯერ კიდევ არდამდგარ, ნათურებჩამქრალ სამშობლოში დავბრუნდი. ტემპის მატებამ გაზარდა ჩვენი მოთხოვნილებებიც და ნელა-ნელა გავიზარდეთ ჩვენც. შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმებიც, რა თქმა უნდა, შეიცვალა და სავალდებულო წესით ჩანთაში მობილური ტელეფონი (2 კილოგრამიანი MOTOROLA)  და სიგარეტის კოლოფი გაჩნდა. ლოგიკურად მივადექი იმ ეტაპს, როდესაც ბავშვობა ნამდვილად დამთარვრდა (ის რომ გული არ ბერდება და გულში ჩვენ ყოველთვის პატარებად ვრჩებით, ამ შემთხვევაში არც თუ ის კარგი არგუმენტია) მართალია ახალგაზრდობა ჯერ არა, მაგრამ სულ უფრო ხშირად გესმის ფრაზა: უი 30-ის ხარ? სულ არ გეტყობა . ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ: როგორ უნდა მეტყობოდეს? თმა აუცილებლად თოჯინისფერ ყვითლად უნდა მქონდეს შეღებილი, თუ ხელზე ბრიალიანტები უნდა მიბჟღვინავდეს?, გინდა თუ არა შენ თავს ეკითხები: „А что дальше?“

მანამ სანამ „дальше“-ზე გადავალ... 2009 წლის აპრილში მე, ჩემ ორ გერმანელ მეგობრებთან (მიუხედავად იმისა, რომ ქართველები არ არიან და ევროპული მენტალიტეტითა და აზროვნებით გაჟღენთილი იურისტის ტვინი აქვს ორივეს, ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან) ერთად პარიზის ერთ-ერთ უბანში პატარა სასტუმროს ოთახში ვიჯექი. ღია ფანჯარასთან ვეწეოდით სამივე (ევროპა სულ უფრო და უფრო დაუნდობელი ხდება მწეველების მიმართ) და დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს ათას ამბავს ვუყვებოდით. სიტყვამ მოიტანა, თუ პარიზის ნიავმა არ მახსოვს, მაგრამ  ამ საუბრის დროს ერთ-ერთმა თქვა: მე წელს სკოლის დამთავრების იუბილეზე არ წავალ, 30 წლის ვარ, არც ქმარი, არც შვილი და არც „სერიოზული“ სამსახური... (Kein Mann, kein Kind, kein respecter Job). მიუხედავა იმისა, რომ ამაზე მანამდე არასოდეს მიფიქრია, გულში გამეხარდა, რომ 29 წლის ასაკში სამივე კრიტერიუმს (მეტნაკლებად მაინც) ვაკმაყოფილებდი და ამაყად შემეძლო დავხვედროდი ჩემს 30 წლის დაბადების დღეს.

დავფიქრდი და მას მერე ხშირად მიფიქრია მირიამის სიტყვებზე. მართლა არის რაღაც, რაც ქალმა 30 წლის ასაკამდე აუცილებლად უნდა მოასწროს ე.წ. შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმების სერიიდან? ქმარი, შვილი და სამსახური? (სამსახური სასურველია „სერიოზული“, ისევე როგორც მაგალითად ქმარი, სასურველია „პესპექტიული“ (როდესაც 15 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა სიტყვა „პერსპექტიულის“ მნიშვნელობა საერთოდ არ ვიცოდი)),  და თუ ჩვენ მართლა გვაქვს რაღაც შესასრულებელი ვის ვაბარებთ ამ ანგარიშს, ან ვინ შეაფასებს არჩეული ქმრის პერსპექტიულობას, ან „სერიოზული სამსახურის“  სერიოზულობის ხარისხს. 

დღეს, როდესაც მე პაქტიურად უკვე „за 30“ ვარ, მგონია, რომ ზუსტად 15 და 20 წლისგან განსხვავებით, ჩვენს ასაკში სრულიად აღარ არსებობს შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები. „პესპექტიული ქმარიც“ ჩვენი შესაფასებელია და „სერიოზული სამსახურიც“. წლებმა მხოლოდ რამდენიმე გათეთრებული თმა და თვალებთან პატარა (მართლა პატარა და მხოლოდ ჩვენთვის შესამჩნევი) ნაოჭები კი არ მოგვიტანა, არამედ თავდაჯერებულობა. დღეს ჩვენ მშობლებს აღარ ვართმევთ ფულს (არსებობს გამონაკლისებიც რა თქმა უნდა) და დასასვენებლადაც (სულ უფრო და უფრო ხშირად დასვენების ადგილები ცდება საქართველოს ფარგლებს, რაზეც 15 წლის ასაკში მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო) საკუთარი დანაზოგით დავდივართ,  საგრძნობლად გაუმჯობესდა ის ადგილები, სადაც საღამოობით ვიკრიბებით ხოლმე და ასევე საგრძნობლად მოიმატა იმ ალკოჰოლის ფასმაც, რომელსაც „სვეცკად“ ვწრუპავთ, გარდერობიც ბევრად უკეთესად გამოიყურება (რამდენი ხანია არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არაფერი გამომირთმევია) და გულწრფელად ვაღიარებ, არა მარტო ჩემი გარდერობი, დღეს მე თვითონ გაცილებით უკეთესად გამოვიყურები და უფრო ლამაზი (ლამაზი პირობითად) ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ჯინსის შორტებზე გაუგონარი ზოლიანი მაისური მეცვა და შუბლზე ამოსულ „კოპლებს“ (გასაგებია რომ სხვა რაღაც ქვია) ხუჭუჭა (ფენით რომ საოცრების მოხდენა შეიძლებოდა მაშინ ეგეც კი არ ვიცოდი) „ჩოლკით“ ვიფარავდი.

ცხოვრების ეტაპები მართლაც არსებობს, მაგრამ ბავშვობაც ჩვენია და სტუდენტობაც, რაც ახლა ხდება ესეც ჩვენი ცხოვრებაა და „дальше“ რაც იქნება, ის კიდევ უფრო საინტერესოა.  ცხოვრების ყველა ეტაპზე ხდება ის, რაც წლების მერე გვახსენდება და გვენატრება. მაგრამ ... (მე მაპატიეთ გამოუსწორებელ რომანტიკოს) 30 წლამდე ჩვენ ვიყავით ახალშობილები, ჩვილები, პატარები, ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები, 30 წლის მერე კი ჩვენ სულ ვიქნებით „დიდები“ - თავდაჯერებული 30 წელს გადაცილებული „დიდები“.

5 comments:

  1. Zalian momecona. ramdeni ragac gamaxsenda kitxvisas :-)) (სამი ან მეტი ზომით დიდი „პუხის კურტკა“, სტრეიჯი ჯინსები და „ბუთქუნა“ ცხვირიანი ფეხსაცმელები) :-)))))))
    rogor mixaria blogebis keteba karga adamianebmac rom daicyes. visac martla kargad gamosdis cera :-)

    ReplyDelete
  2. zalian didi madloba. es iyo pirveli komentari chem blogze (martalia didi simravlit arc exla gamoirhceva:)) da ver carmoidgent rogor gamexarda. madloba!

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. წერა მომანდომა, იმდენად გემრიელი პოსტებია.
    http://paranokia.tumblr.com/
    p.s google აღარ მწყალობს, და კომენტებს შელის ხოლმე :)

    ReplyDelete
  5. es komentari ar cashala, ristvisac didi madloba mas, es martla zalian zalian sasiamovno mosasmenia!!!!

    ReplyDelete