2011 წლის დადგომისადმი მიძღვნილი მორიგი ხაჭაპური შევდგი ღუმელში, სამზარეულო საგულდაგულოდ მივალაგე. საგულდაგულოდ იმიტომ, რომ სამზარეულო, ჩემივე გადაწყვეტილებით, იმ ოთახში მაქვს, რომელსაც ზოგი „ზალა კომნატას“, „დიდ ოთახს“, ზოგიც „მისაღებს“ და „სასადილოს“ უწოდებს. სინამდვილეში კი ეს ის ოთახია, სადაც სახლში მოსული სტუმრები იყრიან თავს და ტელევიზორის ფონზე თქვენს კულინარიულ შედევრებს ეზიარებიან. მოკლედ იქ სადაც წესით დესაუ და „ფაბერჟეს“„ ან „კუზნეცოვის“ სერვისის მცირედი ნაწილი მაინც უნდა მედგას და მე კი მაცივარი, სარეცხის მანქანა და ამჯერად ნაძვის ხე მიდგას. მილაგებას მოვრჩი, 31 წლის დაბადების დღეზე საყვარელი ქმრის მიერ ნაჩუქარი „ლეპტოპი“ მუხლებზე დავიდე და დავიწყე წერა. ალბათ თვეზე მეტი გავიდა რაც საერთოდ არაფერი დამიწერია. მქონდა რამდენიმე მცდელობა, რამდენიმე მონახაზიც გავაკეთე იმ თემებზე, რომელთა „გაშუქებასაც“ მეგობრები მთხოვდნენ, მაგრამ არ გამომივიდა. მივხვდი, რომ შეკვეთებზე ვერ ვმუშაობ და როგორც ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი იტყოდა, თემამ უნდა დამიძახოს. სხვა რაზე შეიძლებოდა დამეწერა საახალწლოდ თუ არა საჭმელზე. საჭმლის კულტი ისედაც ხომ არის ამ ქვეყანაში და ახალ წლებზე ისეთ მაშტაბებს აღწევს, რომ მიკვირს ამდენი ხანი ისე როგორ გავძელით ხინკალს, ხაჭაპურს, ან თუნდაც ნიგვზიან ბადრიჯანს ერთი კარგი ძეგლი არ დავუდგით. სიმღერა კი მივუძღვენით: „ყველი, პური, ხაჩაპური, წიწილაა...“
მაპატიეთ, ხაჭაპურს ჩავხედე......
თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ქართული კულტურის ქართულ სამზარეულოსთან გაიგივების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ძალიან ვბრაზდები, როდესაც საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმარს პირველ რიგში აუცილებლობის წესით მცხეთის სალობიეში მიათრევენ, ლობიოს, ხინკალს, მწვადს და ქაბაბს ჯონჯოლთან ერთად, ყველაფერს ერთიანად ჩააყრიან პირში, ზემოდან გაუგებარი ფორმისა და ზომის სასმისით მომაკვდინებელი რაოდენობის ღვინოს ჩაასხამენ და მერე მომდევნო დღეები რვაჯერ კითხავენ: „მოგეწონათ ხაჭაპური? ხომ მაგარია ხინკალი?“ დიახ, ხაჭაპური ნამდვილად გემრიელია და ხინკალიც მოწონთ, მაგრამ აცალეთ ბატონო, აცალეთ... იქნებ კულინარიული მიღწევების გარდა, უცხოეთიდან ჩამოსულმა სტუმარმა სხვა რამის შეფასება და დაფასებაც შეძლოს, აცალეთ ფხიზელი თვალით შეხედოს ჯვრის მონასტერს, პარლამენტის შენობას, ან თუნდაც ჩვენი თანამედროვეობის სიამაყე - ახალ გამჭირვალე შენობას, ნუ გამოათრობთ (მაპატიეთ გამოთქმაზე) დახრჩობამდე და გულის წასვლამდე (სინამდვილეში კი არევამდე) და იქნებ რამე ისეთზე გააკეთოს კომენტარი, რაც თქვენსა და თქვენი შვილების მომავალს გამოადგება. არა და ხომ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ქართული სტუმართმოყვარეობით დანაყრებული უცხოელი სტუმრები, უფრო სწორად მათი აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოდან მძიმე კუჭის აშლილობით მიდის და სამშობლოში დაბრუნებული კვირების მანძილზე სტუმრობს გასტროენტეროლოგების კაბინეტებს.
ამ კულინარიული ისტერიის ფონზე, ბოლო დროს სატელევიზიო გადაცემებში სრულიად არალოგიკური ტენდენცია შევნიშნე. წამყვანი საკმაოდ ირონიული ტონით უსვამს შეკითხვას 35 წელს გადაცილებულ მდედრობითი სქესის სტუმარს: „არ მითხრა, რომ სამზარეულოში ტრიალებ და ხაჭაპურის გაკეთებაც იცი?!“, არ აყოვნებს სტუმრის პასუხი, რომელიც სექსუალურ-ბავშვურად ბერავს ტუჩებს და „არა. ღადაობ?“ სახის გამომეტყველებით აქნევს თავს. მზგავსი შინაარსითა და ირონიით გაჯერებული ტექსტი საჯაროდ არაერთხელ მოვისმინე და დავფიქრდი... თანამედროვეობას ჩამოვრჩი, თუ რა ხდება? როდიდან გახდა საჭმელების კეთება და ე.წ. სამზარეულოში ტრიალი სათაკილო? თან ამ სააახალწლოდ იმდენი საჭმელი გავაკეთე, ხაჭაპურით დაწყებული, ნიგვზიანითა და ჩაშუშულებით დამთავრებული, რომ ლოგიკურად დამებადა კითხვა: ის რომ საჭმელს მე თვითონ ვაკეთებ და გუდვილში, ბიგ-ბენში ან თუნდაც ჯიმარტში არ ვყიდულობ ჩემ დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს, დაბალ სოციალურ სტატუსზე? თუ ორივეზე ერთად?
გადავხედოთ ჩემს სოციალურ მდგომარეობას: უმაღლესი განათლება მაქვს, მაგისტრის დიპლომი მაქვს, ევროპაში ნასწავლი ვარ, უცხო ენას ვფლობ, სტაბილური სამსახური და შესაბამისად სტაბილური შემოსავალი მაქვს. ქმარი? ქმარი მყავს, მასაც უმაღლესი განათლება აქვს, ევროპაში ნასწავლი არის, უცხო ენას ფლობს, სტაბილური შემოსავალი (ახლა უკვე) აქვს. ანუ ჩვენში არ არის საქმე და ამიტომ ლოგიკურად ჩემს მშობლებს მივადექი: დედამ თავის დროზე წითელ დიპლომზე დაამთვრა სკოლა და მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში, სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დაახლოებით 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს რეპროდუქტოლოგიის განხრით. მამა, ასევე მოსკოვში ნასწავლი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, ფასიანი ქაღალდების სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით. რაც თავი მახსოვს, დედა სადილს თავად ამზადებს, დესერტად ნამცხვერბსაც აცხობს და საზამთროდ ბადრიჯანსაც ახუფინებს მამას. მშობლებზე არ შევჩერდი და შორს წარსულში, ბებიებსა და ბაბუებს მივადექსი. ბებია N1 ქეთევან ხაჟომია, იგივე ქოქო, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ქალია. დედა გეგენავას ქალი ჰყავდა, 37-იან წლებში ძმები და მამა დაუხვრიტეს, მამა, როგრც თვითონ ეძახის ვექილი, ანუ იურისტი ვარშავაში ჰქონდა უნაღლესი იურიდიული განათლება მიღებული. თავად ქოქო დღეს უკვე დამსახურებულ პენსიაზე მყოფი პედიატრია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება დილიდან საღამომდე და ზოგჯერ შუა ღამემდეც მუშაობდა სახლში მის გარდა სადილი არასოდეს არავის გაუეთებია. მინდა გითხრათ, ყოველთვის ჰყავდა დამხმარე ქალი ოჯახში, მაგრამ 4-ჯერ გატარებული ნიგვზისაგან მხოლოდ თვითონ აკეთებდა უგემრიელეს ბაჟეს, განუსაზღვრელი რაოდენობის „პერაშკებსა“ და მსოფლიოში ყველაზე გემრიელ გებჟალიას. ქეთევანის მეუღლე, მიხეილ ახალაია, იმ დივიზიის მთავარი ექიმი გახლდათ, რომელმაც თავის დროზე ბერლინი აიღო. მედიცინის დარგში პროფესორი, ის პირველი საბჭოთა ექიმი იყო, რომელმაც სტალინის სახელობის პრემია მიიღო. ბებია N2 ნათელა შენგელაია - იგივე ნანუ, ქიონია კახიანისა და მელიტონ შენგელაიას შვილი. ქიონია კახიანი ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული გახლდათ, ხოლო აზნაური მელიტონ შენგელაია დამსახურებული გზის ინჟინერი. ნათელას მეუღლე ბატონი ერასტი ახობაძე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თავად ნანუ პუშკინის ინსტიტუტის ლექტორი იყო რუსულენოვან სექტორზე, სადაც 50 წელზე მეტი კითხულობდა პედაგოგიკას. ისევე როგორც ქოქოს, მასაც ჰყავდა სახლში დამხმარე ქალი, მაგრამ არც აზნაურული წარმომავლობა და არც ლექტორის ფროფესია უშლიდა ხელს დილაობით „ალადუშკები“ გამოეცხო ჩემთვის, საღამოს კი ალუბლის მურაბა მოეხარშა.
იმედი მაქვს ჩემი წინაპრების გვარიშვილობასა და წარმომავლობაში ეჭვს არ შეიტანთ, მათზე კიდევ ძალიან დიდი ხანი და კიდევ ძალიან ბევრს დავწერდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ისინი არ არიან ჩემი ამ სტატიის თემა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი დიდი ბებიები თავიანთ ქმრებს, შვილებსა და შემდეგ უკვე შვილიშვილებს, ასევე ჩემი ბებიები თავიანთ პროფესორ ქმრებს, შვილებსა და შვილიშვილებს თავად უმზადებდნენ გემრიელ კერძებს, რამაც რატომღაც არც მათ პროფესიულ განვითარებაზე იქონია უარყოფითი გავლენა და არც მათ აზნაურულ წარმოშობას მოაკლო პატივი და ღირსება - ჩინი და მედლები. ხოდა მეც, როგორც ჩემი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, ვეუფლები და ვიხვეწები ქართული კერძების დამზადების პროცესში. ჩემს ცხოვრებაში პირველი ნიგვზიანი ბადრიჯანი გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გავაკეთე, სადაც ჩემს ქმარს ვახლდი სამთვიან სასწავლო პროგრამაზე. ეროვნული საღამო იმართებოდა და ქართველებს ხომ არ შევარცხვენდი, ნიგვზიანი ბადრიჯანის რეცეპტი ქოქომ skype-თი მიკარნახა და თან გაოცება ვერ დამალა, არ შეიძლება გერმანელებმა ქინძი არ იცოდნენ რა არისო! გარმიშში მოვხარშე პიველად და უკანასკნელად ლობიო ლორით და სულგუნს მონატრებულმა ხაჭაპური მოცარელათი შევზილე. ხოდა მას მერე ნიგვზიანი ბადრიჯანიც არაერთხელ გავაკეთე, ბაჟეც და ხაჭაპური ხომ საერთოდ თვალდახუჭულს გამომდის (თავს ვიქებ?). არა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კისრამდე შეკრული „საროჩკით“, ვიწრო იუბკითა და მაღალქუსლიანი ჩექმებით დავდივარ სამინისტროს ნაცრისფერ დერეფნებში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახაზინო ვალდებულებების და კიდევ ბევრი ისეთი საკითხების გარკვევით ვარ დაკავებული, რომელთაც კულინარიასთან ნამდვილად არაფერი აქვთ საერთო. ჩემი ვიზუალი და გამომეტყველება ნამდვილად არავის გაუჩენს ილუზიას, რომ ქუსლებიდან გათავისუფლებული მე ის ქალი ვარ, რომელიც შვილს ყიყლიყოს, ან ნანუს ნასწავლი რეცეპტით „ალადუშკებს“ უკეთებს, ხოლო სამსახურიდან მოსულ ქმარს შაბათს მომზადებულ ბესტროგანოვს უცხელებს გარნირთან ერთად. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს სხვა აზრიც ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, კულინარიულ მიღწევებს (ისევ თავს ვიქებ?), ჩემს ინტელექტუალურ განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამიტომ მინდა გირჩიოთ, ნუ გეშინიათ და ნუ გცხვენიათ, სამზარეულოში საშიში და მითუმეტეს სათაკილო (ის მაინც არ გაგიგიათ სხვა თუ არაფერი, რომ ПУТЬ К СЕРДЦУ МУЖЧИНЫ ЛЕЖИТ ЧЕРЕЗ ЖЕЛУДОК) არაფერია, შერონ სტოუნი თუ უვლის ბოსტანს კასკადიორის დახმარების გარეშე (ჩვენ ასე ვიცით ყოველშემთხვევაში) თქვენც გამოგივათ, ხორცს ცხარე სანელებლები უხდება, ნიგვზიან ბადრიჯანს ბროწეული და სუნელები, ხაჭაპურის ცომი უფრო ფაფუკი გამოდის, თუ მას არაჟანს დაუმატებთ, ვაშლის „პეროგისთვის“ წინასწარ მოამზადეთ ვაშლის პიურე და ერთხელ მაინც უყურეთ მშვენიერ მხატვრულ ფილმს „ჯული და ჯულია“... „Bon Appetit!“.
No comments:
Post a Comment