მაგიდა რომ არ ვარ ამაზე თავიდანვე მინდა შევთანხმდეთ, (მაგიდა პირობითად). ალბათ იმის მოხერხებასაც შევძლებ, რომ გითხრათ, როგორ გამეხარდა თქვენი ნახვა, „ვოტ არ იუ დუინგ ჰიერ“-ის თქმაც შემიძლია (ოღონდ საშინელი „პრონანსით“) თქვენს მიერ გაცემულ პასუხს რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებ, ეს უკვე ცალკე თემაა და კიდევ ისიც ვიცი, რა განსხვავებაა „აი ქენ“-სა და „აი ვილ“-ს შორის. სამწუხაროდ, ჩემი ცოდნა მხოლოდ მარტივი ფრაზების თქმითა და სიმღერებიდან ამოკრეფილი სიტყვების გადაჯგუფების შესაძლებლობით შემოიფარგლება. სამწუხაროდ იმიტომ, რომ თუნდაც ეს თემა ავირჩიე და ასე საჯაროდ გიზიარებთ ჩემს „გულისტკივილს“. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე (იმიტომ რომ ჩემს გარშემო ვერავინ ასე კარგად ვერ მოახერხა), 30 წელი ისე ვიცხოვრე, რომ არცერთი ინგლისურენოვანი წიგნი, ან თუნდაც სტატია არ წამიკითხავს, ბავშვობაში უფრი დიდი სიამოვნებით „ოსენ, ოსენ ზალატიე ლისტაპადიიი..“, „მენია ტი სკორო პოზაბუდეშ, ხუდოჟნიკ ჩტო რესუეტ დოჯდ...“ ან თუნდაც „ხოჩეშ სოლნცე ვმესტო ლამპის..“ ვუსმენდი (მაშინ როდესაც „სხვანი“ ბითლზებისა და დორზების ფანები იყვნენ), მარინა ცვეტაევასა და ჰაინრიხ ჰაინეს ლექსებს ვკითხულობდი (ორიგინალში სხვათაშორის), ტელევიზორში დიდი სიმოვნებით ვუყურებდი „ჩტო? გდე? კოგდას?“-ს და სკოლაში საახალწლო ზეიმებზე „ო, თანენბაუმ, ო, თანენბაუმ, ვი გრუნ ზინდ დაინე ბლეთერთქო“ ვმღეროდი. „English language is very important for Georgian integration in the international Word“ ამის თქმა და მითუმეტეს ქმნა ნამდვილად არ ძალმიძს.
90-იანი წლების დასაწყისში (აი ზუსტად მაშინ: „მენია ტი სკორო პოზაბუდეშ, ხუდოჟნიკ ჩტო რესუეტ დოჟდ...“ პოპულარობის პიკში რომ იყო) ჩემმა ერთმა ნაცნობმა უნივერსიტეტში ჩააბარა და დიპლომიანი სასიძოს პოტენციური კანდიდატიც გახდა, ამიტომ „ძმაკაცებთან“ (მეგობრებთან, მაგრამ მაინც ძმაკაცები უფრო კარგად უსვამს ხაზს მათ სიახლოვეს) ერთ-ერთ სლავურ ზღვისპირა ქალაქში „გრუზინული დასვენებაც დაიმსახურა“. „გრუზინული დასავენება“, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასევე სლავური წარმოშობის ქალბატონების გარეშე. ჩვენი ზემოხსენებული ყმაწვილიც, ზუსტად ასეთი ქალბატონის „გულთან“ (სინამდვილეში კი არა მხოლოდ) ინტეგრაციის პოცესში იყო, როდესაც ყურში ეს სიტყვები ჩაესმა: „ზურაბ, ტი კონჩილ?...“ ზურაბი, საბჭოთა კავშირში დაბადებული, გაიდარის მოთხრობებზე გაზრდილი, სტიპაშკასა და ფილას ერთგული მეგობარი, არ დაიბნა და უპასუხა: „ნეტ, ია ტოლკო ნა ვ ტოროი კურს პერეშოლო...“.
მეორე კურსზე გადასული ზურაბი დღეს სწორედ იმათთაგანია, ვინც ჰასტუხმოღერებული ოფისში ზის, კედელზე ანგლო–საქსური განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი აქვს გამოჭენებული, აიპადი გაშლილი, ყურში ბლუტუსი და ამჯერად „ინტერნეშენალ ინტეგრატიონზე“, „ფრიი ბიზნესმარკეტზე“, „ჯეორჯიან დეველოპმენტზე“ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ „ტიპებს“, როგორც წესი არაფრის დრო არ აქვთ ხოლმე, ის დროდადრო მაინც ახერხებს ფეისბუზე პოსტების დალაიქებას.
ამასობაში ალბათ თქვენც აღმოაჩენდით, რომ არც ისე მწირია ჩემი სიტყვათა ლექსიკონი, თუმცა სამწუხაროდ არასაკმარისი (რატომ ისევ სამწუხაროდ, ამას ქვემოთ მივუბრუნდები). მანამდე კი „ინტერნატიონალე ინტეგრატიონს“ მინდა მივუბრუნდე. მოკლედ, იმის და მიუხედავად, რომ ამ სიტყვებს ისე წარმოვთქვამ როგორც ნებისმიერი ევროპელი სიტყვა „მწვრთნელს“, ამერიკასთან არა, მაგრამ ევროპასთან ინტეგრირება, მისი კულტურისა და მეცნიერების გაცნობა მაინც შევძელი. დიდი მადლობა მათ, ვინც თავის დროზე სწორედ „ო, ტანენბაუმი“ მამღერა და „ნაუსაუსკიესუნგს ურტაილზე“ (ჯასთ თრაი) „ჰაუსარბეიტი დამაწერინა“, დიახ, სწორედ მათი მეცადინეობით არ აღმოვჩნდი ჩაკეტილი ამ არაპროგრესულ და ჩამორჩენილ ქვეყანაში (ჩვენს სამშობლოზე ვლაპარაკობ) და ევროპის კარი (სინამდვილეში კი სავიზო რეჟიმი) არაერთხელ გავაღე-დავკეტე, გადავკვეთე-გადმოვკვეთე. წინ და უკან სიარულმა, გაკიკვირდებათ და მართლა იქონია გავლენა ჩემს პიროვნებად „ჩამოყალიბებაზე“. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, რომ ბევრი ტიპურად ქართული კომპლექსი და თავდაუჯერებლობა, ალბათ სწორედ მაშინ ჩაბარდა წარსულს, როდესაც (რა თქმა უნდა პირობითად) პირველი რედბულ-ვოდკა დავლიე ჰამბურგის თავისუფალი ორიენტაციის მქონე პირთა კლუბში (ბერენბერგ, თუ არ ვცდები) რეპერბანზე (რეპერბანი იმიტომ ვახსენე, რომ თუ სადმე თავისუფლება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მინახავს, ეს სწორედ ჰამბურგია და სწორედ რეპერბანი).
აქ ჩემი სტატია შუალედურ დასკვნას ითხოვს: უკვე ორ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთი, რომ მაგიდა ნამდვილად არ ვარ და მეორე, დასავლეთთან ინტეგრირებული, უფრო სწორედ ინტეგრაციის უნარის მქონე სუბიექტი ვარ.
ერთი შეხედვით სრულ ჰარმონიაში უნდა ვიმყოფებოდე თანამედროვეობასთან, მაგრამ ასე მარტივი არ არის 21-ე საუკუნე და მითუმეტეს არ არის მარტივი 21-ე საუკუნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ის რომ თუნდაც თქვენი (ჩემი მეგობრების) ინგლისურენოვანი პოსტები არ მესმის, თუ მათ „ტრანსლეიტ რუს“ მეშვეობით არ ვთარგმნი, ვერც ინგლისურენოვანი სარეკლამო რგოლებისა და კლიპების იუმორს ვიგებ და ძალიან ბევრი, ძალიან კარგი სიმღერის ტექსტი და შესაბამისად შინაარსი რჩება ჩემთვის გაუგებარი, ალბათ ქვეყნის დასასრულს არ უნდა ჰგავდეს, მაგრამ (აი სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ სამწუხაროდ) დღეს უკვე იმ ჩემი საყვარელი ევროპული ქვეყნის („ინტერნატიონალე ინტეგრატიონში“ რომ დამეხმარე თავის დროზე იმ ქვეყნის) კარიც ძნელად იღება ჩემთვის „ინტერნატიონალე რელეიშენშიპის“ ცოდნის გარეშე, უნივერსიტეტის სასწავლო მოწვევა, თუ საჯარო მეხელეთათვის გამართული სემინარი, თუ ნებისმიერი სხვა „ღონისძიება“ (ევროპაში წასვლა სულ არ მინდა, ჩემს სამშობლოში ნებისმიერი „პერსპექტიული სამსახური“ მირჩევნია) თუ კიდევ რაც გინდათ ის, ჩემგან სრულყოფილად იმ ენის ცოდნას ითხოვს, რომელზეც მე მხოლოდ „აი ჯასთ ქოლ, თუ სეი: აი ლოვე იუს“ თქმა შემიძლია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბოლო დროს, კომფორტულ ცხოვრებაში ძალიან მეშლება ხელი, იმდენად მეშლება, რომ აი სწორედ ახლა ამ სტატიას ვწერ. ჩემი ცხოვრების ბოლო დროის საუნდტრეკი ასე ჟღერს: „ნუ აი რა გახდა ამ ინგლისურის სწავლა, შენი ზარმაცობის ბრალია მეტი არაფრის, როგორ დავიჯერო, რომ ამის დრო ვერ გამონახე? არ გინდა უკეთესი სამსახური?, არ გცხვენია?“ (ზურაბს თუ არ რცხვენია, მე რატომ უნდა მცხვენოდეს?). მინდა არ მინდა, ბოლოს დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ რა ვქნა, რა გავაკეთო? რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო კარგად ვხვდები, რომ მარინა ცვეტაევა ვერ დამეხმარება (მან შეიძლება მხოლოდ ხელი შემიშალოს დღეს, ესეც ჩემდა სამწუხაროდ), ამიტომ მეც ალბათ სხვა ქართველი „ზურაბების“ მსგავსად „ინტერნატიონალე ჰაუზს“, ან „ბრიტიშ ჰაუზს“ ან სხვა რომელიმე ისეთ „ჰაუზს“ უნდა მივაკითხო, სადაც ჩემი უდიდესი ნაკლის ამოვსებისათვის საჭირო ენას შემასწავლიან. თუმცა ენის შესწავლის სხვადასვა და მეტად არატრადიციული მეთოდებიც არსებობს.
2010 წლის ივლისში სასტუმრო „რედისონ-ბლუ ივერიაში“ გამართულ სემინარზე, „კოფიბრეიკის“ დროს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე და მომხსენებლი ბრიტანელი პროფესორი გავიცანი (მე როგორ გავიცანი, თვითონ გამეცნო, რა თქმა უნდა, ყავისთვის რძეს რომ ვეძებდი იმ დროს). ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკად ერთ-ერთზე გამომელაპარაკა და მომღიმარი სახით ჩემს პასუხს დაელოდა. მე ჩემი „I am not a Table“ ინგლისურით ავუხსენი რომ მისი კი მემსოდა, მაგარმ პასუხის გაცემას ვერ შევძლებდი. პროფესორმა გამიღიმა და მირჩია: „ენის შესწავლის საუკეთესო ხერხს მივაგენი, ფრანგული მჭირდება ბოლო დროს ხშირად და ამიტომ ფრანგი გიოლფრენდი გავიჩინე, თქვენც იგივეს გირჩევთო“. აქ ჩემი შესაძლებობები სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მარცხენა ხელი მარჯვენა ხელთან მიმეტანა და საქორწილო ბეჭედზე მითითებით მორიდებულად წარმომეთქვა: „აი ემ მერიდდთქო“. პროფესორმა კვლავ გამიღიმა, ჩიბუხს მოუკიდა და მითხრა: „დიზ ის ნოუ პრობლემო“. ვისთვის როგორ, ბატონო პროფესორო, მაგრამ არა მგონია, თქვენი ენის შესწავლა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ჩემი „ინტერნატიონალე ინტეგრატიონისთვის“, რომ დაქორწინებულმა დარბასიელმა ქართველი ქალმა ინგლისურენოვანი ბოიფრენდის გაჩენაც კი არ ვითაკილო (ეს მხოლოდ ვიფიქრე).
ენის შესწავლის ბოიფრენდული მეთოდი საბოლოოდ რომ გამოვრიცხე და ალტერნატიულ მეთოდზე დავიწყე ფიქრი, სწორედ ამ დროს, რადიოში ერთ „ნიუსი“ მოვისმინე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოთქვამდა აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ძირითადი სამუშაო და სალაპარაკო ენა ინგლისურია და არა გერმანული. გერმანიის ფედერაცია ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობის შემანარჩუნებელი ძირითადი და მთავარი არტერიაა და მინისტრი, ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანად ითხოვდა გერმანული ენის მნიშვნელობის გაზრდას. გულწრფელად გეტყვით, ძალიან გამახარმა ამ „ნიუსმა“, ნიშანს ჰგავდა თითქოს „ზემოდან“. ვიფიქრე, რომ მე არ ვარ მარტო, არიან კიდევ ჩემნაერი „Table“-ები არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. ისინი ვინც მშობლიურ ენაზე (და კიდევ შეიძლება სხვა რომელიმე ენაზეც) მეტყველებენ და უბრალოდ არ სურთ ამ კომფორტის დარღვევა, მათ ცხოვრებაში აუცილებლად „დესინგ ინ თჰე მუნლაითის“ შემოღება.
ამ „ნიუსის“ მოსმენის შემდეგ გავიდა ბევრი დღე და კვირა, მალე თვეებიც გავა და ჩემი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მოწვევა, მხოლოდ მაშინ შეიძენს იურიდიულ ძალას, როდესაც მე ტოეფელის ტესტს ჩავაბარებ, ბერლინის ზაფხულის აკადემიაც დიდი სიამოვნებით გამიღებს კარს, თუკი ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის „ნახრაიხენ“-ს გავუკეთებ...მოკლედ, I am not a Table, „ბატ დიზ ისტ ნოთ ინაფ! (ისევ და ისევ ინტერნატიონალე ინტეგრატიონისათვის, რა თქმა უნდა).
No comments:
Post a Comment