პირველად როდესაც შემიყვარდა 15 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს ის დღე: ქუჩაში ვსეირნობდი და რუსი მომღერლის ანჟელიკა ვარუმის სიმღერას „Ла, Ла, Фа – эти Ноты“-ს ვღიღინებდი. უცებ „ის“ დავინახე და ცხოვრებაში პირველად გულში „ლიფტი“ ვიგრძენი. ასეთი რამ (ერთი ნახვით შეყვარებას ვგულისხმობ) არც მანამდე და არც მერე აღარ დამმართნია, გულში ლიფტს ჰგავდა და თავში ფეერვერკს. ლიფტი გულის მოკუმშვის გრძნობაა, რომელსაც სწრაფი ლიფტების ასევე სწრაფი აღმა ან დაღმა სვლა იწვევს. ჩემი პირველი, უპასუხო სიყვარული გულში დაილექა, ნელ-ნელა აიორთქლდა და ბოლოს წარსულის მოგონებებში გაიფანტა. ლიფტმა კი მას მერე დიდი ხანი იარა ზემოთ-ქმემოთ (ბევრჯერ გაიჭედა კიდეც) ჩემს გულში.
ბოლოს ლიფტი როცა მქონდა, ის დღეც ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ მართლა ლიფტები კი არ არის ამ სტატიის თემა. ისევ ბანალურ მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვან პერიოდზე მინდა დავწერო. ყველანი (უმეტესობა მაინც) მაშინ ვართ ყველაზე ბედნიერები, როდესაც შეყვარებულები ვართ. რაც არ უნდა არარომანტიული და პრაგმატული იყო, თუ შეყვარებული ხარ თვალები შენდაუნებურად გიბრწყინავს, გარემო თავისთავად უფრო ლამაზი ხდება, ნერვები რატომღაც ნაკლებად გეშლება და გულში განუწყვეტლივ ადის და ჩადის ლიფტი (და ისევ ეს ლიფტი!), და მასთან ერთად ოცნებები! არამატერიალური (არ ვიცი შეიძლება ვინმე მატერიალურზეც ოცნებობს, მაგალითად „სამსუნგის“ მაცივარზე სამზარეულოში, ან „ბელუქსის“ ავეჯზე საძინებელში), არალოგიკური, არათანმიმდევრული, ლაღი ვარდისფერი (ვარდისფერი პირობითად, თორე ყვითელიც არაჩვეულებრივი ფერია და ცისფერიც) ოცნებები...
ფრთიანმა ოცნებებმა მეც საკურთხეველთან მიმიყვანა. ამის შემდეგ ოცნებები არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მატერიალური მოთხოვნილებები გაჩნდა, მართლა საჭირო ყოფილა „სამსუნგის“ მაცივარიც, „ბელუქსის“ ავეჯიც, მიქსერი და უთოც, ტეფალის ტაფებიც.... ელიავას ბაზრობაზე და წერეთლის ქუჩის შპალერის მაღაზიებში დავიწყეთ, კი არა და განვაგრძეთ „სიარული“. ამით არაფრის თქმა არ მინდა. ტეფალის ტაფებმა არც ჩემს და არც მის გრძნობებს დააკლო რამე. მართალია, ჩემთან ტელეფონით ლაპარაკში ის ღამეებს აღარ ათენებს (და მიუხედავად ამისა გვერდითა ოთახიდან არაერთხელ დაურეკავს შუაღამეს ჩემთვის, ჩემთვის ტელევიზორთან ჩაძინებულისთვის) ყვავილებს უმიზეზოდაც იშვიათად მჩუქნის, მაგრამ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტო მოაქვს ხშირად და რაც მთავარია, მას მე (და მე ის ) დღესაც ძალიან ვუყვარვარ. სიყვარული მართლა არაფერ შუაშია, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩემთან ერთად საათობით ქუჩაში ხეტიალს და ლიტერატურულში ნამცხვრების ჭამას, მას დღეს ჩვენს მიერ ერთად არჩეულ დივანზე პულტით ხელში წოლა ურჩევნია (მაპატიე შენი საიდუმლო რომ გავანდე სხვებს).
პულტი და დივანი მუდმივი კამათის მიზეზია, (არ იფიქროთ რომ ეს მხოლოდ ჩემი „პრობლემაა“ და რატომ ამას ქვემოთ გაიგებთ). დღის განმავლობაში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად იმიტომ ვურეკავთ, რომ პურის, ვაშლის, ხელსახოცების ყიდვა ან დენის და გაზის გადასახადის გადახდა შევახსენოთ. ბოლოს skype-ში ბაზრიდან (ბაზრიდან ან შეიძლება რომელიმე სუპერ-მეგა-გლობალ მარკეტიდან) მოსატანი პროდუქტების (რამდენადაც არარომანტიულად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, პროდუქტი საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ რომანტიული ვახშამი მოამზადო) სია გადავუგზავნე. როდესაც ამაზე ვწერ თან ვფიქრობ, რომ არც ისე არარომანტიული ეს ყველაფერი, უბრალოდ ყოფითია, „ბიტავოი“, როგორც რუსები იტყვიან. დივანსა და პულტს კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები, მათი „სიყვარული“ კი პიკს პარასკევს საღამოს აღწევს, როდესაც მე ჩემ გოგოებთან ერთად „პარასკევობის“ გასატარებლად ვემზადები (რა თქმა უნდა მას მერე, რაც სამსახურიდან მოსულს ზემოხსენებული პროდუქტებით გამზადებულ „რომანტიულ“ ვახშამს გავუცხელებ), ის კი ძალიან ბედნიერი (ბედნიერია იმიტომ, რომ მარტო რჩება, ტელევიზორიც მხოლოდ მისია და დივანიც) ისევ პულტით ხელში, ცოტა გაცრერილ სალათისფერ დივანზეა მოკალათებული და მეგობრებს ელოდება (ან ე.წ.„ზე მუსიკას“ მოუსმენენ, ან „უჟასებს“ უყურებენ, ამას რა თქმა უნდა ალკოჰოლს მიაყოლონ და რა ვიცი კიდევ რას გააკეთებენ...)
ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის და დღემდე საყვარელი კინოფილმის გმირ თავად ქერი ბრედშოუც იგივე „პრობლემის“ წინაშე დგას. როდესაც „Sex and the City2“ ვუყურუ მართლა გაოგნებული დავრჩი, ქერის ოცნების (და არამარტო ქერის, ალბათ მსოფლიოში ყველა მეოცნებე ქალბატონის) მამაკაცი მისაღებ ოთახში პულტით ხელში რომ დავინახე. მაშინვე ჩემი სახლი, ჩემი ქმარი, ჩემი სალათისფერი დივანი გამახსენდა. განსხვავება ჩემსა და ქერის შორის ძალიან დიდია (საკმარია იქნება მისი ფეხსაცმელების კოლექციას თუ ვახსენებ მხოლოდ), ისევე როგორც ჩემსა და ნებისმიერ სხვა ქართველ, ფრანგ თუ აფრიკელ (აფრიკელი ქალი, მე მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა) ქალს შორის, მაგრამ არის რაღაც რასაც ყველა დროისა და ეროვნების ქალები (უხეშად არ მინდა გამომივიდეს და უხეშობაზე მეტად ტრაგიკულად) „მისტირიან“ (ქალებს უყვართ ტირილი, ემოციებისგან დაცლის, ეს ჩემთვისაც საყვარელი, „საშუალება“). დაქორწინებული, განქორწინებული, დასაქორწინებელი ქალები ტირიან განვლილ წლებზე, სიყვარულზე, ახალგაზრდობაზე, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებზე, ზოგჯერ უმიზეზოდ უბრალოდ ტირიან (ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, და ან ცაზე ვარსკვლავები დან ან ქალების ტირილის მიზეზები...) ახსენდებათ თეთრ ცხენზე ამხდერებული, ან თუნდაც თეთრ ან ვერცხლისფერ და ან ნებისმიერ ფერ ავტომობილზე „მომჯდარი“ „ოცნების მამკაცები“, რომლებიც დროისა და ხანის სვლამ რაინდებიდან უბრალო მოკვდავებად აქცია. ამ განცდებისა და ემოციების ფონზე ჩვენ ქალებს გვავიწყდება, რომ ჩვენც, მართალია დღესაც ლამაზები და არაჩვეულებრივი, სასურველები და მიმზიდველები, მაგრამ ამავე დროს დილაობით თამაგაწეწილი, ზოგჟერ წინსაფარ მოხვეულები, სახლის ბაჭია-ჩუსტებიანი „პრინცესები“ ვართ, რომლებიც შეიძლება მთელი ღამე სეირნობასა ან თუნდაც ტელეპონით ლაპარაკში უფრო მეტ რომანტიკას ვხედავთ, ვიდრე დილას საუზმის მომზადებასა ან ჯინსებისა თუ ჟემპრის გაუთავებაში... თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს სალათისფერ დივანზე წამოწოლილი ჩემი „პულტიანი რაინდი“.
No comments:
Post a Comment