Saturday, April 9, 2011
,,შვაბრა’’ VS გლამურული ძროხა
სტატიის დაწყება P.S.-ით რომ შეიძლებოდეს, მას ასე დავიწყებდი: სანამ კითხვას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ არ გშიათ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გირჩევთ, სასუსნავი მოიმარაგოთ.
გუშინ ჩემი ერთ–ერთი მეგობრის სტატუსი წავიკითხე ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ (ეს ისე გამომივიდა, გადაცემებში კონკრეტული ტელე–არხის, თუ ბრენდის სახელს რომ არ ამბობენ, რეკლამაში ჩაგვეთვლებაო... ჩამეთვალოს) სოციალურ ქსელში: ,,ქალი რომ 00:30-ზე შემწვარ კარტოფილს და პურს შეჭამს, სასწორი უნდა ურტყა ყველა მხრიდან გაბრტყელებამდე“. ამ სტატუსს შესაშური აქტიურობით გამოეხმაურა ჩემი მეგობრის ,,ფრენდების“ დიდი უმრავლესობა. ფაქტიურად ქართულ–ევროპული სუფრა გაიშალა, ვის რა ჰქონდა ნაჭამ–ნასვამი და ვის რა. ვიფიქრე, მეც შევუერთდები საერთო წვეულებას და ჩემი ,,სუფრიდან“ ვაახლებ რაიმესთქო, მაგრამ მერე მაინც თავი შევიკავე საჯარო გამოსვლისგან. იმ დღეს არც მეტი და არც ნაკლები ერთი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური, ერთი ხაჭოს ფუნთუშა და ერთიც უცნაურ შიგთავსიანი ფუნთუშა გახდა ჩემი მსუნაგი ბუნების მსხვერპლი. აი ახლაც, თავი ანონიმური ალკოჰოლიკების თუ ნარკომანების კლუბის მსგავსი ჯგუფის წევრი მგონია: გამარჯობა, მე ლიკა ვარ და მე დღეს ფუნთუშა ვჭამე (ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელსაც მუდმივად საქმის კურსში ვამყოფებ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობის შესახებ, სრული და აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციით, სპეციალურად და ექსკლუზიურად არა ნანუკას შოუსთვის, არამედ ჩემთვის მოიგონა ეს გამოთქმა: ღმერთმა შეგარგოს, ისე, რომ არ გასუქდე). ღმერთმა შეგარგოთ თქვენც, პიცა პეპერონი, პასტა ყველის სოუზით, მექსიკურად შემწვარი კარტოფილი, მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, ვენური შნიცელიც და ჩინური გუმბაო, მაგრამ... როგორ გინდა ამ ყველაფრის გემრიელად შექცევის შემდეგ არ გასუქდე?! (არის რაღაც ვარიანტები, თუმცა არა ასპროცენტიანი ! утром кекс, вечером секс). უხსოვარი დროიდან აწუხებს ეს შეკითხვა კაცობრიობას, განსაკუთრებით კი მის იმ ნაწილს, რომელსაც ყველა შესაძლო საშუალებით მუდმივად შეახსენებენ, მკაცრი პარამეტრების 90/60/90 დაცვის შესახებ (გულის გაჩერებამდე მომიჭერია წელზე ხშირი მოხმარებისგან გაცვეთილი სანტიმეტრი, რომ სასურველ პარამეტრებთან მიახლოებითი პარამეტრებისათვის მაინც მიმეღწია). ,, мужчина не собака, на кости не бросается“–ო - ყველა ჩემს მიერ გუშინ შექცეული (ვერ მომინელებია!) ფუნთუშასავით ფუმფულა ქალბატონის საყვარელი გამონათქვამია, რომელზეც მამაჩემს მარტივი პასუხი აქვს : ,,я собака!“. მიდი და შეედავე, კაცი თავისი პირით აღიარებს ძაღლი ვარ და თანაც ძვლები მიყვარსო. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც მიყვარს ძვლები, უფრო კონკრეტულად კი ,,ვეშოლკას“, ან ,,შვაბრას“ რომ ეძახიან ისეთი ქალები. დიახ, მირჩევნია მითხრან – ,,ვაიმე, რა გამხდარი ხარ!“, ვიდრე – ,,დედაა, რა ლამაზი ხარ!“. თუ გამხდარი ვარ ე.ი. შემიძლია ლამაზად გამოვიყურებოდე. პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გარეშე შემიძლია თან, მაკიაჟი, ჩრდილი თვალზე, ზაგარი (მომიტევეთ და რუჯი) კანზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე და ფაქტიურად ეგ არის რა... ღმერთო, როგორ მომენატრა ქუსლიანი ფეხსაცმელები და წელში გამოყვანილი კაბა! (თუ ჩამეთვლება რეკლამაში ძალიანაც კარგი, ატელიე INFORMAL-ის 2011–2012 წლების შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ნახვის შემდეგ, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა).
მოკლედ, თუ აქამდე ვერ გაიგეთ რაზე ვწერ და ვისთვის, ყველაზე მეტად, მაპატიეთ ეს ეგოიზმი და ჩემთვის და მათთვის, ვინც გარკვეული ობიექტური და ამავე დროს სუბიექტური მიზეზების გამო, საყვარელი გარდერობის ნახევარზე მეტს ვეღარ იყენებს და ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლა მხოლოდ იმიტომ აშინებს, რომ საგულდაგულოდ შერჩეული ,,ჟაკეტიკებისა“ და პიჯაკების იძულებითი გახდის შემდეგ ზედმეტი კოლოგრამები ყველასათვის უფრო შესამჩნევი გახდება. აგრეთვე მათთვის, ვინც ზემოხსენებული ეტაპი ტანჯვა–წამებით უკვე გამოიარა და დღეს ნატურალური რძის მწარმოებელ ფაბრიკა–კომბინატად არის ქცეული და ნებისმიერ კონკურსში აჯობებს ბავარიული წარმოშობის ნებისმიერ გლამურულ ძროხას (იხ. ,,No Land for Young Man“ http://khvichiavakho.blogspot.com/2010/12/no-land-for-young-man.html).
სტატიის შუაშიც რომ შეიძლებოდეს P.S.-ის ჩამატება, დავწერდი, რომ გლამურულ და არაგლამურულ ძროხად, ბეჰემოტად და თუნდაც ტანსაცმლის კარადადაც ღირს იგრძნო საკუთარი თავი, ამ სრულიად არაჩვეულებრივი შეგრძნებისთვის. მაგრამ, რადგან შევთანხმდით, რომ სტატია სწორედაც რომ გლამურულ ძროხებს გვეძღვნება, სენტიმენტალური ჩანაწერებისგან თავს შევიკავებ, მითუმეტეს, რომ ასეთ შეგრძნებებზე წერა არასოდეს გამოდის გულწრფელი. ეს ის გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და ჩემი აზრით, არც უნდა ეცადო.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, გარკვეული გასტრონომიული პლიუსები ნამდვილად აქვს ჩვენს მდგომარეობას. თქვენი არ ვიცი და მრავალწლიანი შიმშილის შემდეგ წელს პირველად გავსინჯე ,,გუდვილის“ ხილის ტორტი, ,,ანტრეს“ საოცარი ფუნთუშები და ლორის ,,სენდვიჩი“, ლიტერატურულის ნამცხვრების ფეერვერკიც მოვიწყვე და ტაილანდური სამზარეულოს ექსპერტი თუ არა, კონსულტანტი მაინც გავხდი. წლების შემდეგ Marco Polo-ში ვეზიარე მივიწყებული ,,რობინ ჰუდისა“ და ,,მილანური კოტლეტის“ გემოს. არც ქართულ სამზარეულოს დავწყვიტე გული და ხაჭაპურის ვარიაციებზე შექმნილი არაერთი ცომეული დავაგემოვნე. Luca Polare–ს სამარხვო თუ არასამარხვო ნაყინებზე, მათ ფერთა და გემოთა გამაზე თამამად შემიძლია სამეცნიერო ნაშრომის დაწერა და მეტსაც გეტყვით, უახლოვეს დღეებში ვაპირებ ვეწვიო BUFFET-ს და პასტას ყველაზე დიდი პორცია შევუკვეთო (ხომ წარმოგიდგენიათ, რა გამწარებული ვყოფილვარ მთელი ის წლები, ხის ფირფიტა ხლებცებს რომ ვაკნატუნებდი, უმი სტაფილოსა და კომბოსტოს დესერტად).
ჩემი მეგობრის გულწრფელი სურვილის მიუხედავად – ღმერთმა შეგარგოს, ისე, რომ არ გასუქდე, არც ერთ ლუკმას, უფრო სწორად კი კალორიას ჩაუვლია უკვალოდ, თითოეულმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა......კვალი კი დატოვა მაგრამ, არა წარუშლელი, იმედი მაქვს. ზემოხსენებული კვალი, როგორც შეიარაღებული, ისე შეუიარაღებელი თვალისათვის იმდენად შესამჩნევია, რომ ყველაზე, ყველაზე კეთილის მსრუველნიც კი ვერ მალავენ გაოცებას. ჩემი მკერავი, რომელიც კახური პირდაპირობით გამოირჩევა, ,,პრიმერკისას“ გულწრფელად გამომიტყდა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შენს უკანა ნაწილის ასეთი ზომის მიღების უნარი ჰქონდაო. აი, ესეც მე ვარ?! ამ აღიარების მთელი სიმძიმის მიუხედავად (ხომ წარმოგიდგენიათ, მას მერე რამდენი ხანი აღარ გამჩენია ახალი ტანსაცმლის არამც თუ შეკერვის, არამედ ყიდვის სურვილიც კი), იყო მასში რაღაც უაღრესად დადებითი, რაც ჩემი წარსულის სიდიადეს უსვამდა ხაზს. დიახ, იყო დრო, როდესაც მე (და ჩემი უკანალი) მედიკო მკერავის თვალში ,,შვაბრა“ ვიყავი!
გასტრონომიული პლიუსებისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა და უდიდესი მადლიერების მიუხედავად, გადავდივარ სტატიის შემდეგ ბლოკზე, რომელიც, როგორც თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა სავსებით ლოგიკურად ვარაუდობს, ეძღვნება ,,შვაბრებს“. მას შემდეგ რაც ჩემი პარამეტრები 90/60/90–ს დღითიდღე სულ უფრო და უფრო შორდება და წელში გამოყვანილი კაბაც ისევ ჩემი ბუნდოვანი მომავალის ოცნებად რჩება, სხვა რაღა დამრჩენია, თუ არა ძველი ალბომების დათვალიერება... თუ უცებ წარმოიდგინეთ, რომ შავ-თეთრი ფოტოებისგან აწყობილი ბაბთიანი საგვარეულო ალბომი მიპყრია ხელთ, ცდებით. ალბომიც, ისევე როგორც ამ სატატიის შთაგონების წყარო – ჩემი მეგობრის ზემოხსენებული სტატუსი, facebook-ის და შესაბამისად (ნაწილობრივ მაინც) მარკ ცუკენბერგის საკუთრებაა. ხან რომელ ალბომში აღმოვაჩენ საკუთარ თავს და ხან რომელში. განსაკუთრებით მიყვრას ის ფოტოები, რომლებშიც ყველაზე უფრო მეტად ვგავარ ,,შვაბრას“, ერთ–ერთ ფოტოზე კალორიების აღმრიცხველი ჩემი მეგობრის კომენტარია. კომენტარების ტოპ–ათეულს რომ ვადგენდე, მას პირველ საპატიო ადგილს მივანიჭებდი: ,,lika simindis taros gevxar:))))))))))))))))dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan gamxdari xaaaaaaaaaaaaaaaar:))))))))))))))))))))))))“ (იხ. ალბომი ,,zamtris week-endebi“ ფოტო N113). სიმინდის ტარო არ არის ცუდი, თან ეროვნულია - ქართული. სიმინდის ტარომდე, ისევე როგორც ,,შვაბრამდე“ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი მიკლია და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, უახლოესი რამდენიმე თვე (წელითქო განზრახ არ დავწერე, გამოუსწორებელი ოპტიმისტის როლს ვთამაშობ ვითომ) მომიწევს გლამურულ ძროხად დარჩენა. ფსიქოლოგიური თერაპიის და თვითშთაგონების არ მჯერა, რამდენიც არ უნდა ვუმტკიცო საკუთარ თავს: Я самая обаятельная и привлекательная, все мужчины без ума от меня–თქო (ეს უკანასკნელი შეიძლება თამამად გამოვტოვოთ გასაგები მიზეზების გამო), ფაქტი ფაქტად რჩება, რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედო საკუთარ თავს, ძნელია მიხვდე Вини пух-ს უფრო ვგავარ თუ მის გაზიან ბუშტს (Я тучка, тучка, тучка, Я вовсе не Медведь....)
რა შეიძლება იყოს, ამ სტატიის დასკვნითი ნაწილი, როგორ გგონიათ? ფიქრობთ, რომ ნოყიერი პიცის ნაჭერი და ტირამისუ მირჩევნია, ჩემს 36 ზომა ტანსაცმელს??? რადგან თავად ავირჩიე ეს გზა და ,,შვაბრასა“ და გლამურულ ძროხას შორის გამარჯვებული უნდა გამოვავლინო, ვაღიარებ, ძალიან მომენატრება ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური და ,,New York Cheesecake“, მაგრამ წელში გამოყვანილი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელები (ქუსლიან ფეხსაცმელს ასე გამწარებით იმიტომ მივტირი, რომ ძალიან სასაცილოდ და საცოდავად მეჩვენება ძროხა ქსულებზე, ამიტომ დროებით მათზე სასტიკი უარი ვთქვი) კიდევ უფრო მეტად მენატრება. გლამურულია თუ არა, ძროხა მაინც ძროხაა და მას ისევ სიმინდის ტარო მირჩევნია. ამიტომ, შეიძლება თქვენთვის ბანალურად, ჩემთვის მაინც ,,შვაბრაზე“ გავაკეთებ არჩევანს და ძალიან, ძალიან ვიმედოვნებ, რომ 2012 წლის გაზაფხულის რომელიმე მზიან დღეს მაინც მივალ სამსახურში (სხვათაშორის სამსახური სულ ახლახანს გამოვიცვალე, წარმოიდგინეთ ვმუშაობ ხალხთან ერთად, რომლებმაც როგორც გლამურული ძროხა ისე გამიცნეს და არა როგორც ,,შვაბრა“, რამხელა სტრესია!!!!) იძულებით მოცმული ,,ჟაკეტიკისა“ და ჩაფართხუნებული ,,იუბკის“ გარეშე.
P.S. თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ მაინც არ გადაგიწყვეტიათ დიეტაზე გადასვლა ან გადმოსვლა, ხვალ შაბათია, წამოდით, ერთად ვისადილოთ...
P.S.-ის P.S. სტატიაში გამოყენებულ არც ერთ კომპანიას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, არ მოუმართავს ჩემთვის რეკლამისთვის. მათი რეკლამა ატარებს მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს და შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteსაინტერესოა ამ სტატიას კიდევ რამდენ ბლოგზე გადავაწყდები :დ
ReplyDelete