კინოში ვიყავი გოგოებთან ერთად. სპონტანურად არ წავსულვარ, ამ დღეს რამდენიმე თვეა ველოდები. რაც კი სტატია თუ ბლოგი დაიწერა ფილმის შესახებ, ყველა წავიკითხე. ტრეილერებიც ვნახე და მომზადებული მივედი, მომზადებული იმისათვის, რომ გვერდიდან მენახა, თუ როგორები ვართ ჩვენ.
31 წლის ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ 1989 წლის 9 აპრილიც კარგად მახსოვს, თბილისის ომიც, სამაჩაბლოს დაკარგვაც, აფხაზეთიც. ანუ ბნელი დროის შვილი ვარ მეც, სანთლის შუქზე კერაასინკის სუნით გაჟღენთილი დროის, ქალაქში ანთებული კოცონების და კოცონზე მოხარშული სადილების (თუმცა, სიმართლე გითხრათ ასეთი სადილი არასოდეს მიჭამია), ავტომატიანი ტიპების ბლატაობის დროის, პიკნიკის პეჩენიის და მე-9 ბლოკის ჩართვის მოლოდინში გატარებული წლების შვილი... მოკლედ, ბოლო 20 წლის მანძილზე რა ნაგავშიც იყო ეს ქვეყანა, იმ ნაგავში ვიყავი მეც. გაქცევა არასოდეს მიცდია, იმიტომ რომ ყველაფრის და მიუხედავად, დაკომპლექსებული და გაბოროტებული ტიპი არ გავხდი და არც დაჩაგრულად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ოდესღაც მარგარინიან პურს ვჭამდი და ტროლეიბუსზე უკან მოკიდებული ვმგზავრობდი. მოკლედ, ჩემი თავი არ მეცოდება ამ ყველაფრის გამო და მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი მშობლების დამსახურებაა. ამაში დღეს უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დედაჩემს ვუთხარი იმ დღეს, არ ვიცი დღეს რომ იგივეს გაკეთება მომიწიოს რაც შენ და მამა გააკეთეთ, როგორ შევძლებ მეთქი. მიუხედავ იმისა, რომ წარსულზე ხშირად და ბევრს ვფიქრობ, მეგონა, რომ ომი იმდენად შორს არის, რომ ის არასოდეს, აღარასოდეს განმეორდება. მითუმეტეს დღეს, 21 საუკუნეში, როდესაც მილიარდები იფანტება იმისთვის, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, მშვიდობისმყოფელები და მშვიდობის ელჩები, მშვიდობის მქადაგებელი სხვადასხვა ორგანოებისა და ორგანიზაციების ეგიდით დაფარფატებენ მთელს მსოფლიოში თეთრი მტრედებით ხელში... დღესაც, აი, სწორედ ახლა, ლიბია იბომბება....მოკლედ, არ მეგონა რომ ომი ჩემი რეალური ცხოვრების ნაწილიც გახდებოდა, მაგრამ როგორც ამ ომის ინიციატორმა იცის ხოლმე ნიშნის მოგებით თქმა: ნურას უკაცრავად...
არც პოლიტიკოსი ვარ, არც ისტორიკოსი, არ ნაციონალი და არც ლიბერალი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, დილას ვდგები ვსაუზმობ, როცა ამის დრო მაქვს, სამსახურში მივდივარ, მოვლენებს ვაკვირდები, ვკითხულობ და ვუყურებ. ხოდა ვუყურებ ტელევიზორს და აი რას ვხედავ: 2004 წლიდან 2008 წლამდე სატელევიზიო ეთერი მილიტარისტული სულისკვეთებით გაჯერებული სიმღერებით გამოიტენა, მუდმივად ვხედავდი რეზერვისტებს, პატრულის ბიძიებს და გულად ჯარისკაცებს, რომლებიც მზად იყვნენ ქვეყანა დაეცვათ მრტისაგან. მტერი რეალურად არსად ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვეძახდით მას, გამუდმებით ვაქეზებდით და თითს ვუქნევდით. იქნებ მე ვრთავდი ტელევიზორს არასწორ არხზე და სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო?! არ ვიცი... ფაქტია, რომ მილიტარისტული სიმღერის ბოლო კუპლეტი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწერა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისედაც ყველამ იცის, რა მოხდა, ჩემს განცდას რაც შეეხება, მაპატიეთ უხეშობა, მაგრამ ამ ხუთდღიანმა ომმა მე დედა მიტირა. არც მანამდე მქონდა ქვეყნის მდგრადი განვითარების იმედი, მაგრამ აგვისტოს მერე ყველაფერმა ფერი დაკარგა. თითქოს ისევ 30 წლით უკან დავბრუნდი იმ ბნელეთში, მაგრამ მაშინ გარემო სიტუაციის ადეკვატური იყო, დღეს კი მე ვგრძნობდი თავს ნაცრისფრად, ფერადი ფასადების ფონზე. შარდენის და ერეკელე მეორეს ქუჩებს არც მაშინ დატყობიათ და მითუმეტეს არც დღეს ეტყობათ ომის კვალი. ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე, მთელი ქვეყანა რომ წაგვართვას ვინმემ და მხოლოდ შარდენის ქუჩა დაგვიტივოს, მაინც მოვთავსდებით, ყველანი დავეტევით და კომფორტულად გავაგრძელებთ გულისამრევ სვეცკაობასო.
ომის კვალი წაშალეს ან შეღებეს, საგულდაგულოდ დამალეს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე ჩვენს სულს, გულს, ფიქრებს ეტყობა მხოლოდ, სხვაგან არასად მინახავს ამის შედეგი და დღეს ვნახე თაკოს ფილმში. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც ამას მე ვგრძნობ, სიცარიელე, უპერსპექტივო ყოფა და არა ცხოვრება, დინება რუტინა და ეს გულისგამაწვრილებელი სევდა...
ბედნიერი როგორ არ ვყოფილვარ, ყოველ დილას, როდესაც ჩემი შვილი „დილა მშვიდობისას“ მეუბნება - ბედნიერი ვარ, ყოველთვის როდესაც დედა მეხუტება, ან მეგობრებთან ერთად რაღაც უაზრობაზე ვიხევით სიცილით. ნამდვილად არის დღეები, ან მომენტები როდესაც ჩემი პირადი გარემო, რამდენიმე რადიუსში მაინც ვარდისფერია. ცხოვრება მარტო საკუთარ კვადრატში მოძრაობით რომ შემოიფარგლებოდეს, ალბათ ყველა ადამიანი შეძლებდა მისი კვადრატის სამყოფი ვარდისფერი საღებავის შოვნას, მაგრამ რა ვქნათ, რომ გარემო ჩვენს გარშემო კონკრეტულ კვადრატულ მეტრებს ბევრად აღემატება და ცდება?! პატარა რომ ვიყავი, მეგონა, ეს საამაყოა, საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში რომ ვიყავი დაბადებული. მეგონა, რომ მხოლოდ აქ არის ყველაზე მაღალი მთები, ყველაზე მწვანე ხეები, ყველაზე ლურჯი ზღვა და ყველაზე ღირსეული და ამაყი ხალხი. ან როგორ უნდა მგონებოდა სხვაგვარად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპიზოდი სწორედ ამაზე მოგვითხრობს. სკოლის მერე იმდენი წელი გავიდა... რაც უფრო მეტად ვშორდები ბავშვობას, მით უფრო ნაკლებად მჯერა საქართველოს ისტორიის მემატიანეების, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ იმ სიმძიმეს, რაც ამ ქვეყანაში დაბადებულების სათრევი ხვედრია.
ბოლო დროს საქართველოს ისტორიაზე დ მის ,,დიად წარსულზე“ საერთოდ აღარ საუბრობენ, და ჩვენი უძველესი სამშობლოს დაარსების თარიღს უახლესი ისტორიის ე.წ. ,,ვარდების რევოლუციას“ უკავშირებენ. არ მინდა ბევრი ვწერო იმაზე, რაზეც ისედაც წერენ და საუბრობენ, ეს თემები იმდენჯერ გადაიტკეპნა და ისე გაიცვითა, როგორც საქართველოს ,,დიადი“ წარსული. მხოლოდ იმას დავწერ, რომ თაკოს ფილმში არც ერთი ახალაშენებული სახლი თუ შენობა არ ჩანს, არც ახალი ბულვარი და პიაცას მოედანია გამომზეურებული, არც რესტორნული ცხოვრებაა ნაჩვენები, არც ქართული ზურნა-დუდუკი და ტაშ–ფანდური. არავინ იჩხირავს წამალს და არავის იჭერს პოლიცია, არც ქურდებს აგინებენ დედას და არც დიდძუძუებიან ბოზებს ჟიმავენ. მიუხედავდ იმისა, რომ ფილმი საკმაოდ ფერადია, კადრირების მხრივ და მოქმედება ძირითადად მზისგან გამთბარ და განათებულ დღეებში ვითარდება, მას თან სდევს ნაცრისფერი ფერი, რომელიც ფილმის გმირების თვალებიდან, საუბრიდან, მოქმედებედან ერთი სიტყვით ყველაფრიდან და ყველაფერში იგრძნობა. სევდა და სიმძიმე იმ ვითარებისა, იმ გარემოსი სადაც ჩვენ დავიბადეთ. თაკოს ფილმი გვერდიდან ნანახი რეპორტაჟების, თუ სხვა ფილმების, თუ უბრალოდ კამერით გადაღებული სცენებს შორის ერთადერთია, სადაც არ იტყუებიან, აქ ის არის ნაჩვენები რაც მართლა არის. ბევრი წლის მერე პირველად ვნახე ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა ისე როგორც მე ვგრძნობ. ტყუილი, ფარისევლობა, მოჩვენებითი კეთილდღეობა ყველგან და ყველაფერში - ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი.
მართლა დავიცალე ემოციისგან და თითქოს ბევრი უკვე განვლილი ტკივილი თავიდან განვიცადე, მაგრამ არის კიდევ ერთი....ჩემს წინ კინოში რამდენიმე 20 წლამდე ბიჭი იჯდა.. სწორედ იმ მომენტებზე იცინოდნენ, როდესაც მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რამდენჯერმე უაზრობაზე აჟიტირდნენ და მერე ისევ იცინეს. მათმა აბსოლუტურად არაადეკვატურმა რეაქციამ ჩემზე, ფილმზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იმოქმედა. ისინიც საქართველოში დაბადებულები არიან და დღეს ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ. არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, მათ შემყურეს გული მომიკვდა, გული მომიკვდა 9 აპრილზე, სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, უახლეს ომზე, ჩემ ქვეყანაზე მომიკვდა გული. არც ისე პატარები იყვნენ, არც ისე უაზროები უნდა ყოფილიყვნენ... მაგრამ რა აზრი აქვს ახლა მათი სიცილის მიზეზებზე წერას. ფასაულობები და ღირებულებები ისე გადაუგვარეს, ისე შეუნიღბეს, ისე ამოუქოლეს, რომ სხვას რას უნდა ველოდოთ ნეტა?!
თაკოს ფილმმა კიდევ ერთხელ ამატირა საქართველოზე. აუცილებლად მომინდა, დამეწერა ამის შესახებ და მეთქვა დიდი მადლობა სიმართლისათვის, არაფარისევლური და ფლიდი, არამედ გულწრფელი გრძნობისათვის, მადლობ, თაკო!
რა შორიდან დაიწყე და რა საშინელებაა, იმაზე ფიქრი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ან ომია, ან პოსტ ომის/რევოლუციის მდგომარეობა, რომელიც არ ჩამოუვარდება ომს. და უშედეგოდ რაც მთავარია. ყველაფერი უშედეგოდ.უაზრობა, ტოტალური უაზრობა. შენ გული დაგწყდა იმ 20 წლის ბავშვებზე, მაგრამ იმათთვის მართლა ძნელია გაიგონ რას განვიცდიდით ჩვენ ამ ფილმის ყურებისას. იმიტომ, რომ მთელმა ამ მრავალწლიანმა საშინელებამ ჩვენს თავზე გადაიარა. რაც შეეხება ფილმს, მეც ზუსტად ის განცდა მქონდა, რაზეც შენ ყვები და ბოლოს შემეშინდა, ისეთი მძაფრი იყო ემოცია და ცოტა შემრცხვა ამდენი ხალხის წინ არ ავტირებულიყავი. მეტირებოდა იმ უაზრობაზე და სასოწარკვეთილებაზე, რომელიც ვაი რომ სიმართლეა, მწარე სიმართლე და ამას ვერსად ვერ გავექცევით, რამდენი გაბრდღვიალებული და ფერად–ფერადი ფილმიც არ უნდა გადაიღონ. მომეწონა, როგორ შეიძლებოდა არ მომწონებოდა. მომეწონა იდეურად. მომეწონა გიო შველიძის გადასარევი ოპერატორობა და მომეწონა ბახალა – ყველაზე მეტად იმ ოთხ მსახიობში. ასე კარგად გადმოსცე ის უაზრობა და ფრუსტრაცია, ასე თითქმის უსიტყვოდ, ძალიან ძნელია და მართლა ძალიან კარგად გამოუვიდა. თაკოს მართლა დიდი მადლობა, რომ როგორც იქნა, ქართულ ფილმზე ტირილი მომინდა, გულწრფელად. და შენც დიდი მადლობა, რომ ასე ემოციურად დაწერე ეს ყველაფერი. მეც ვაპირებდი დაწერას, ისეთი აღელვებული გამოვედი კინოდან, მაგრამ მგონი აღარ დავწერ. საკმარისად დაწერეს უკვე და ისე, იმ რეცენზიებს შორის, რომელიც ამ ფილმზე დაიწერა, ემოციურად ყველაზე მისაღები შენი აღმოჩნდა. ასე რომ, ყოჩაღ! :–)
ReplyDeleteნინო დიდი მადლობა კომენტარისთვის. ცოტა მიჭირს ხოლმე ამ თემის კომენტარებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეს ის საკითხია, რომელიც მარტო ჩემი კი არ არის არამედ ჩვენია და ყველასი ერთია, ყველას ტკივილია და ყველას ცხოვრების ნაწილია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მარტო ჩემი ემოცია და განცდა არ არის და არც მინდა გამოჩნდეს რომ მივისაკუთრე :)
ReplyDeleteძალიან დიდი მადლობა, რომ მომწერე!