Friday, May 27, 2011

მე გული მერევა

ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში გულის რევის შეგრძნება სავსებით ბუნებრივია. უფრო სწორად, სავსებით ბუნებრივი იქნებოდა, რომ არა სხვა მიზეზები, შეიძლება მეც უფრო თამამად შემერგო მოგონილი ახირებებისთვის განკუთვნილი თვეები და იანვრის ცივ დღეებში ფეხების ბაკუნითა და დაბერილი ტუჩებით მომეთხოვა მარწყვი, მაისისში კი ციდან თეთრი ფანტელის ცვენა. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ მსგავსი ახირება არც ახლა და არც არასოდეს მქონია, რაც შეეხება გულის რევის შეგრძნებას ის უკვე წლებია მაქვს და სულ უფრო და უფრო მძაფრდება. თუ თქვენ გული არ გერევათ, ალბათ ვერ გაიგებთ რატომ ვწერ ამ გულის ამრევ თემაზე, შეიძლება ჭამის მადაც გაგიფუჭოთ, ან ის შინაგანი კომფორტი დაგირღვიოთ დიდი ძალისხმევის შედეგად რომ მოიპოვეთ და გარე სამყაროსთან კედელი აიშენეთ. მოკლედ, თქვენი ნებაა, დაინტერესდებით თუ არა, რატომ ან რის გამო მერევა გული, არადა იმდენად მერევა, რომ ამის მოთმენა მეტი აღარ შემიძლია და გიზიარებთ:

მე გული მერევა ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ხან შევარდნაძეს უჩოქებს, ხან ,,მიშას“ ყვირის და ხან ბურჯანაძეს ულოკავს უკანალს. მათზე, ვინც ბოლო 22 წელია ოქროსქოჩრიანი ვაჟკაცის გამოჩენას ელოდება, რომელიც მას მატერიალურ და სულიერ კომფორს მოუტანს, გაზის და დენის ფულს გადაუხდის და არხეინად აცხოვრებს ნინო ჩხეიძის სიმღერის ფონზე. გული მერევა ზარმაცებზე, რომელთაც აუცილებლად კერპი ჭირდება, რომ თაყვანი სცეს და დაუჩოქოს. გული მერევა უქნარებზე, სამსახურში ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი რომ მიდიან და შუადღის მოსვლამდე ნაბეღლავის ბოთლით ხელში და ოხვრით გადაადგილდებიან კორიდორში. გული მერევა კონფორმისტებზე, რომელსაც დღევანდელი ფენოვანი ხაჭაპური ურჩევნია ხვალინდელ.... ზოგადად ხვალს. გული მერევა გულგრილობაზე და უგულობაზე.

მე გული მერევა ჩემს სასამართლო აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელიც მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით მოქმედებს და ისეთ გულისამრევს ტკბილ იდილიაში იმყოფება, ნებისმიერ ახალდაქორწინებულ წყვილს შეშურდება.

მე გული მერევა მოსყიდულ მოსამართლეებზე და გაყიდულ საქმეებზე, გული მერევა უპრინციპო პროკურორებზე და ღიპიან ჩინოვნიკებზე. გული მერევა გამოუძიებელ საქმეებზე და ციხეში უკანონოდ ჩაყრილ კანონიერ ქუნდებზე.

მე გული მერევა უსახურ მინისტრებზე, მარიონეტებზე მაღალის ხელში. გული მერევა მათ გამოსვლებზე, მათ დამოკიდებულებებზე, გული მერევა მათ ჯიპებზე და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მათეულ სტილზე.

მე გული მერევა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, გული მერევა მათ მიერ მიღებულ კანონებზე, საკანონმდებლო დონეზე დაკანონებულ უსამართლობაზე და უზნეობაზე.

მე გული მერევა საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, გული მერევა არჩევნების გაყალბებაზე და ხმების გადანაწილების პროცესზე. გული მერევა უკანონო გარიგებებზე და ხმების ყიდვა-გაყიდვაზე.

მე გული მერევა ბათუმის სასტუმროების მშენებელობაზე, რომლებშიც მიუხედავად იმისა, რომ 8 წელია დაუღალავად ვმუშაობ ვერასოდეს შევდგამ ფეხს და გული მერევა იმაზე, რომ ქვეყნის განვითარება ამ სასტუმროების მშენებლობას უნდა დავუკავშირო. მე გული მერევა შეღებილ ფასადებზე, რომელთა უკან გაჭირვება და შიმშილია, გული მერევა იმიტირებულ აყვავებულ საქართველოზე, გული მერევა ერთჯერად დახმარებებზე და გული მერევა სამაჩაბლოს მოსახლეობისთვის აშენებულ გეტეოებზე.

მე გული მერევა ჩემს პრეზიდენტზე, რომელიც მე ქვეყნის მოღალატეს და რუსეთის აგენტს მიწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მაქვს. გული მერევა მის ტყუილებზე და არაგულწრფელობაზე, მის მიერ შექმნილ მეორე საქართველოზე, გული მერევა მასზე, როგორც წაგებული ომის ურცხ მთავარსარდალზე.

მე გული მერევა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც შეყვარებულები არიან პოლიტიკოსებში და მათი ქმედებების ობიექტურად შეფასების უნარი აქვთ დაკარგული. გული მერევა, ძალადობის მოყვარულ ხალხზე, რომელთაც ადამიანური სოლიდარობისა და თანაგრძნობის განცდა გაუგონარმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა დაავიწყა. გული მერევა სოციალური სოლიდარობის არარსებობაზე.

მე გული მერევა ქალაქის დასუფთავების სამსახურზე, რომელიც ნაგავსაც კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ნიშნით გამოარჩევს და გვის. პოლიტიკური ოპენეტების მიერ დაყრილ ნაგავს კი ასევე პოლიტიკური ნიშნით დედაქალაქში ტოვებს.

გული მერევა ე.წ. კონსტრუქციულ რვიანზე, რომელიც თურმე კონსტრუქციულად ცდილობს ქვეყნის გადარჩენას და ხელისუფლებასთან საკანონმდებლო ცვლილებებზე მართავს კონსტრუქციულ შეხვედრებს.

მე გული მერევა ნინო ბურჯანაძეზე, რომელიც ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მეხოტბე იყო და ახლა თავში ავარდნილი ამბიციის დასაოკებლად თავად ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ისე უსირცხვილოდ ივიწყებს თავის უსირცხვილო წარსულს.

მე გული მერევა ირაკლი ოქრუაშვილზე, მის არაკაცულ საქციელზე, შეპირებებად დარჩენილ დაპირებებზე, აფხაზეთის სამაჩაბლოს დაბრუნებაზე. არაკაცურად მოცემულ ყველა მის კაცურ სიტყვაზე მერევა გული.

მე გული მერევა სპეცნაზზე და მათ ქცევაზე, მათ გაბოროტებულ სულზე და გონებაზე მერევა გული.


მე გული მერევა საკუთარ თავზე და საკუთარ ხალზე. გული მერევა იმის გამო, რომ ამდენი წელია ამ შეგრძნებით ვიცხოვრე და ვერაფერი გავაკეთე. გული მერევა ჩემს თავზე, იმის გამო, რომ სრულიად გულწრფელად გუშინ ვიფიქრე: აღარ მინდა საქართველო, აღარ მინდა ქართული სული და გენი, მომბეზრდა „დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“, ,,გადადექი!“ მომბეზრდა არაფრის მომცემი პათოსი და შეძახილები, მომბეზრდა ამბიციურობა, გაუნათლებლობა, უგუნურობა, უვიცობა, მოღალატეობა, უსამართლობა და ტყუილი. მომბეზრდა და აღარ მინდა ასეთი საქართველო და თუ სხვანაერი არ არის, მაშინ საერთოდ აღარ მინდა ის. მე საქართველოზე დღეს გული მერევა!

2 comments:

  1. სამწუხაროდ, ხშირად არევიათ გული მშობლიურ ქვეყანაზე,აქ ილია მოკლეს!
    განა დღევანდელობა გასაკვირია?
    სამწუხაროა!

    ReplyDelete
  2. დარწმუნებული ვარ ილიასაც აერეოდა გული, პირველკლასელებს პირველი წიგნის ნაცვლად ე.წ. მეგობარ ბუკებთან რომ უწევთ დამეგობრება, გული აერეოდა სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე სახელმწიფო ენასთან... სწორედ იმ საქართველოზე მერევა გული, სადაც ილიას ყოველ დღე კლავენ.

    ReplyDelete