Thursday, November 13, 2014
დეფიციტის დაძლევა შიდა ბაზრის გამოუყენებელი რესურსის დახმარებით
ქართული ეკონომიკის მდგრადი განვითარების მჯერა თუ არა, ამას არ გეტყვით და არც იმაზე დავწერ, რომ ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, ყველაზე გამართლებული სტრატეგიაა, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება აირჩიოს. ვინც ჩემს ბლოგებს ინტენსიურად ან არაინტენსიურად კითხულობთ, იცით, რომ რამდენიმე წელია სულ ერთი თემის გარშემო ვტრიალებ: ერთ-ერთი ბლოგი მამაკაცების დეფიციტსაც მივუძღვენი და ამაოდ ვეცადე გამეგო, თუ რა სურთ ქართველ მამაკაცებს. მოკლედ, ბევრი ვეცადე თუ ცოტა, ერთი ურთიერთობის დაწყების ნაპერწკალიც ვერ დავანთე. ხელი არასოდეს ჩამიქნევია და ამ პრობლემაზე გამუდმებით ვფიქრობთ. კი, მაქვს ბევრი სხვა საფიქრალიც, მაგრამ ეგრევე ნუ გამაკრიტიკებთ, ჯერ კარგად მომისმინეთ.
უკანასკნელი შვიდი წელია, ანუ მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო მოევლინა ქვეყანას და შემდეგ უკვე ნიკო, ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელ 20 დღეს ბაკურიანში ვატარებ. ბაკურიანში ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან ბევრი ჟანგბადი, ძალიან ლამაზი მთები, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცა და ჩემი აღმოჩენა - რაინდები ცხენებზე! ე.წ. რაინდებზე, მხოლოდ ორი დღის წინ დავფიქრდი, როდესაც სანდრო ნახევარი საათით ცხენზე საჯირითოდ გავაცილე. პირველად, როდესაც ცხენზე დავსვი - ორი წლის იყო, მაშინ მეც მასთან ერთად ვჯდებოდი და ასე ერთად მივდიოდით სასეირნოდ ტყეში. ცხენის პატრონები, ძირითადად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები არიან. დილას ადრე ადგომა რომ არ ეზარებათ და სახეზე არაჩვეულებრივი რუჯი რომ აქვთ ისეთები. მართალია, მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ნახევარსაათიანი გასეირნების საფასურის გადახდის შემდეგ, მეცხენე ბიჭებზე აღარ მიფიქრია. შემდეგ წელს, ანუ როდესაც სანდრო 3 წლის გახდა, ის უკვე დამოუკიდებლად ჯდებოდა ცხენზე, მაგრამ მე, როგორც მზრუნველი ქართველი დედა, ძუნძულით მივყვებოდი უკან. ასე ვთქვათ სასიამოვნოს სასარგებლოს ვუთავსებდი და საუზმეზე ლიმონის ნამცხვრისა თუ ფუმფულა ხაჭოს ალადების მირთმევით მიღებული კალორიების დაწვას ვცდილობდი. დადგა მორიგი წელიც, როდესაც ძუნძული გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღარ შემეძლო და არც მიღებული კალორიების დაწვას ჰქონდა აზრი, ისედაც ძროხას, ან შეიძლება უფრო ბეჰემოტს ვგავდი და ნიკოს დაბადებისთვის ვემზადებოდი. ყველა ზემოხსენებულ მეცხენე ბიჭს შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, სწორედ ამ წელს გაცნობილი მეცხენე ბიჭი - ალბერტი აღმოჩნდა. უცნაური სახელის გამო, სანდრომ მას ,,სანდრო“ დაარქვა და დაუმეგობრდა. ყოველ დღე ალბერტი და სანდრო ერთად მიდიოდნენ საჯირითოდ, საღამოობით ერთად „აბირჟავებდნენ“ სხვა მეცხენე ბიჭებთან ერთად. ეს იყო ნამდვილი და გულწრფელი ორმხრივი მეგობრობა, თან ძალიან ერთგული და უღალატო. თუ ალბერტს რიმე მიზეზეზის გამო სანდროსთვის არ ეცალა, სანდრო სხვის ცხენზე არ ჯდებოდა და მორჩილად ელოდებოდა, თუ როდის მორჩებოდა ალბერტი ყანაში ფუსფუსს, დააპურებდა საქონელს და კიდევ, რა ვიცი, რამდენი და რა სახის საქმის მოგვარება უწევდა ბაკურიანელ ყმაწვილს.
ალბერტისა და სანდროს მეგობრობა ორი წელი გაგრძელდა. მთელი წელი ბაკურიანიდან ბაკურიანამდე ალბერტს, მის ცხენს, მასთან საუბრებს, ჯირითის დროს გადამხდარ ისტორიებს ვიხსენებდით. როდესაც შარშან ტრადიციისამებრ ბაკურიანს ვესტუმრეთ, პირველი რაც გავაკეთე, ალბერტი და მისი ცხენი მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ალბერტმა ცხენი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ წელს სანდრო ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ცხენების სიყვარულმა წყენა გადაავიწყა და ახალგაზრდა ძმები: ლევანი და ვასიკო გაიცნო. ეს ბიჭები დილიდან საღამომდე ცხენებით დაჰქრიან ბაკურიანში, მათ იცნობს ყველა სასტუმროს ადმინისტრატორი და დამსვენებელი ბავშვების დედები. ლევანისა და ვასიკოს მსგავსად ბაკურიანის თითქმის ყოველ მაცხოვრებელს ჰყავს ცხენი. თეთრ, ყავისფერ თუ შავ რაშზე ამხედრებული ,,რაინდები“ გამუდმებით დაჰქრიან ბაკურიანის ტყეებსა თუ ახლა უკვე ჩაბეტონებულ გზებზე. ამ სანახაობას ისე მივეჩვიე, თითქოს არაფერი, არა და ქალების ოცნება ხომ ცხენზე ამხედრებული რაინდია?! ამ აღმოჩენამდე ჩემი საყვარელი ზღაპრის, საყვარელი გმირის - კონკიას ისტორიამ მიმიყვანა. საღამოს, როდესაც ბავშვები მივაძინე და ლეპტოპით ხელში სასტუმროს ფოიეში გემრიელად მოვკალათდი, ტელევიზორში კონკიას თანამედროვე, ჰოლივუდური უნიჭო ეკრანიზაცია გადიოდა. ცოტა გული დამწყდა, ეს არაჩვეულებრივი ისტორია ასე უგემოვნოდ რომ წარმოაჩინეს, მაგრამ უცებ გონება გამინათდა. ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე მეოცნებე გოგონები და კონკიას ისტორია ერთმანეთს დავუკავშირე და მგონი ზემოთდასახული პრობლემის გადაჭრის გზასაც მივაგენი!
კონკია ერთი უსახური, მურიანი და მოწყენილი გოგო იყო კეთილი გულით. ფერიას მისთვის ულამაზესი კაბა და ბროლის ფეხსაცმელები რომ არ ეჩუქებინა, უფლისწული მას ზედაც არ შეხედავდა. კონკიას კეთილი გულითა და ლამაზი ფახულა თვალებით ისევ გოჭები, ინდაურები, ქათმები და თაგვები დატკბებოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული და თქვენ რომ ახლა კითხულობთ იმ ბლოგის მონახაზს ვაკეთებდი გონებაში, როდესაც ცხენზე გასეირნების სურვილით გულანთებული სანდრო სასადილოდან პირმოთხვრილი ამოვარდა და ელვის სისიწრაფით ლევანის ცხენს შემოახტა. ლევანი ვერ ვიცანი. გაბურძგნული შავი წვერი გაპარსული ჰქონდა, სალათისფერი, ახალგარეცხილი პერანგი ეცვა და უხერხულად ქვემოთ იყურებოდა. აი, ამ დროს კი, წინა დღის საღამო გამახსენდა, როდესაც ლევანმა ჩვენი სასტუმროს დამსვენებლის სალომეს შვილი - 3 წლის თემუკა მოიყვანა ნახევრსაათიანი ჯირითის შემდეგ. სალომე თემუკას წამოსაყვანად მივიდა და დაახლოებით 10 წუთი ჭიშკართან შეყოვნდა. ხელში თემუკა ეჭირა და ალბათ, ერთი სული ჰქონდა ეზოში შემოსულიყო, მაგრამ ლევანი სხვადასხვა კითხვებით თავს არ ანებებდა და ცხენზე სასეირნოდ ეპატიჟებოდა.
ორი წლის მანძილზე ლევანი წვერგაპარსული და პერანგში პირველად ვნახე. საკმაოდ კარგი გარეგნობის ბიჭი აღმოჩნდა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველებით და მთის ოქროსფერი რუჯით. მართალია, სალათისფერმა პერანგმა სალომეს თბილისში გამგზავრებაზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ქერა, გრძელფეხა სალომეა, რომელიც თავის უფლისწულს ელოდება ცხენზე ამხედრებულს? როგორც რეალობა აჩვენებს, ცხენზე ამხედრებული რაინდების ქალაქში ლოდინი, სრული უტოპიაა. თბილისში ლოჯისტიკის მენეჯერებს თუ შეხვდებით მხოლოდ, ჰალსტუხწაჭერილებსა და „რაღაცნაერი“ გაწელილი „ბაზრებით“ (გადავწყვიტე ლოჯისტიკის მენეჯერი ჩემს ყველა ბლოგში ერთხელ მაინც ვახსენო სხვადასხა კონტექსტში J). ნამდვილი რაინდები კი აქ, მთაში ცხოვრობენ, ქალის ფასიც რომ იციან და გემოც. მთელი დღე აიფონში კი არ იჩხრიკებიან, სლავური წარმოშობის ქალების უკანალის სანახავად, ცხენებზე ჯირითობენ ამაყი სახით, თივის ზვინებს აგებენ და ცხვრის ფარას მთის კენწეროზე მიერეკებიან. მერე რა, რომ მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის და შავი გაბურძგნული წვერიდან სახის ნაკვთების გარჩევა ჭირს. და თუ კონკიას ჰყავდა კეთილი ფერია, რომელმაც მას სუფთა ტანსაცმელი და ლამაზი თმის ვარცხნილობა აჩუქა, რატომ არ შეიძლება თანამედროვე გოგოები გახდნენ ფერიები ცხენოსანი რაინდებისთვის? ოცნებები მხოლოდ ზღაპარში არ ხდება და რომანტიკული ისტორიები თანამედროფე ტექნოლოგიებს ბოლომდე ჯერ არ გადაუსანსლავთ. აქ ბაკურიანში, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ცხოვრობენ წვერგაუპარსავი რაინდები, რომლებიც ისევე როგორც თქვენ, ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობენ. ტურიზმის დეპარტამენტი ისე შორს დგას ჩემგან, როგორც ლოჯისტიკის მენეჯმენტი, ამიტომ სამაჭანკლო ტურის ორგანიზება არამგონია კარგი იდეა იყოს. მე შემიძლია მხოლოდ გთხოვოთ, ჩამოდით ბაკურიანში და გაიცანით ისინი, ცხენით მოიარეთ აქაური ადგილები და შემდეგ პერანგის რეცხვისას „პერსილს“ გამოიყენებთ, თუ „არიელს“ ეს უკვე თქვენი საქმეა.
P.S. სანდრომ ალბერტი წელსაც გაიხსენა და შევპირდი, აუცილებლად მოგიძებნი მეთქი. დარწმუნებული ვარ, ორი წელი თბილისში თუ გაძლო ბაკურიანის მთებში გაზრდილმა ბიჭმაა, სოციალურ გვერდზე აუცილებლად ექნება თავის პროფილი და არაერთი თბილისელი პრანჭია გოგოს გულიც დაპყრობილი.
P.S. ალბერტისა და სანდროს ფოტოს აუცილებლად დავურთავ ბლოგს, თავად რომ დარწმუნდეთ...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment