Thursday, November 13, 2014
ქოქო
ამ ბლოგის წერა რამდენიმე კვირის წინ დავიწყე, მაგრამ შესავალშივე ,,გავიჭედე“ და თავი დავანებე. რთულია იმაზე წერა, რაც შენ ძალიან გიყვარს და რაც უკვე შენი არ არის. ალბათ, ამიტომ გამომივიდა შესავალი უსაშველოდ დიდი და მთავარ სათქმელამდე მისვლა გამიჭირდა. მე ვწერდი სიკეთეზე და სიყვარულზე, იმაზე, რომ როდესაც პატარა ვიყავი, დედა ასე მეფერებოდა: „შენს ყველა წერტილს ვენაცვალე!“ სულ მაინტერესებდა, სად მქონდა წერტილები და ვეკითხებოდი: „დედა, აბა სად, სად მაქვს წერტილები?“
კიდევ ვწერდი ჩემს შვილებზე. მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო და მერე ნიკო მოევლინენ ქვეყანას, თავად მინდა, მათ ყველა წერტილს მოვეფერო და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩემს რისხვასა და ბრაზს იმსახურებენ, ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გავზარდო. ვწერდი იმაზეც, რომ ახლა უკვე ვიცი - ადამიანები ბევრი მილიონი და მილიარდი წერტილისგან შედგებიან, წერტილები სიხარულის, სიყვარულის, სინანულის, ავის და კარგის, კეთილისა და ბოროტის, როგორც ფაზლები, ისე აწყობენ ადამიანს შინაგან და გარეგნულ იერსახეს. ვწერდი, რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ და ვწერ ადამიანების ბოროტებაზე, ავისა და ცუდის კეთების სურვილზე. გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ არ მესმის ასეთი ადამიანების, არ მესმის რა ძალა ამოძრავებთ, ან ნეგატიურმა ემოციებმა რატომ მოიყარეს ასე უხვად თავი მათ გონებაში, სულსა და ხასიათში. ეტყობა ბავშვობაში დედები მათ ყველა წერტილებს არ ეფერებოდნენ....
მოკლედ, მაინც უსაშველოდ დიდი შესავალი გამომივიდა. ამ დროს კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ჩემს გარშემო ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ხალხს ვეცნობი, უკეთესად ვხვდები, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა...
ჩემი ბებია ქოქო, ყველაზე კეთილი ადამიანია მთელს მსოფლიოში. ეს სიტყვები შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და მტკიცება არ სჭირდება. მისი ბუნება მხოლოდ კეთილი წერტილებისაგან შედგება. ყველაზე გულჩვილი და სათუთი სულის მქონე ადამიანი, რომლის მსგავსსაც არასოდეს და არსად შევხვედრივარ.
როდესაც ადამიანზე წერ, რომ კეთილია, უბოროტოა, ლამაზია, საყვარელია, მტკიცებულების სახით რაღაც უნდა მოაყოლო, რომ სხვებმაც დაგიჯერონ და ასე სიტყვაზე არ გენდონ. ბევრი ამბავი და ფაქტი შეიძლება გავაცოცხლო წარსულიდან, იმ ზღვისპირა ვარდისფერი ლილიების წარსულიდან, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება...
ერთი სიტყვით რომ გითხრათ, სოხუმი ჩემთვის იყო ბედნიერება, ერთი დიდი, ფერადი, საინტერესო, უსაზღვრო, სიყვარულით სავსე, ზღვიანი და ქვიშიანი, ყველაზე გემრიელ ნაყინიანი, ღია კაფეებიანი, მეგობრებიანი, მხოლოდ ღიმილიანი ბედნიერება! ეს ბედნიერება ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა, როდესაც ვამბობ, რომ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდები, კვადრატულ მეტრებსა და ასფალტიან, თუ ქვიშიან ქუჩებს არ ვგულისხმობ. ტერიტორია, სადაც დღესაც სოხუმია, ალბათ ისევ ,,ფეხმისაწვდომია“ ჩემთვის. მაგრამ მე მხოლოდ ქუჩები და ლილიები არ მენატრება... მე მენატრება ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სოხუმს, ყველაზე ლამაზ ქალაქს დედამიწაზე, ადამიანები, რომელთა უმრავლესობა დღეს უბრალოდ ცოცხალი აღარ არის ამიტომაც მე ვეღარასოდეს დავბრუნდები იქ, ვეღარასოდეს დამხვდებიან ისინი!
სევდიანია ის რასაც ვწერ და სევდიანი ვარ მეც, ამის წერა რომ მიწევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, მოგიყვეთ სიკეთის ისტროია, რომელიც შეიძლება წაკითხვისთანავე დაგავიწყდეთ, მაგრამ მე სულ მემახსოვრება და ალბათ ყოველთვის ,,მაიძულებს“ ნებისმიერ დროს და ადგილას, ნებისმიერ ბოროტ თუ ავ ქმედებას, ჩემი მხირდან მხოლოდ სიკეთე შევაგებო.
ჩემს ბებია ქოქოს ყველა იცნობთ, მასზე არაერთხელ დამიწერია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირადად არ იცნობდით ადამიანს, რომელიც მხოლოდ დადებითი წერტილებისგან შედგებოდა, ის უბრალოდ არ ფიქრობდა ცუდზე, ავსა თუ ბოროტზე, უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ადამიანები, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით ივსებოდა და იყო ბედნიერი. ბედნიერების განცდა ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობაში. მიყვარს ქოქოს ეს თვისება და მიყვარს სამყაროს მისეული აღქმა, როგორ მინდა რომ თქვენც იგრძნოთ რასაც ვწერ. ქოქოს ნაცრისფერი, ბოლო წლებში სულ სევდიანი თვალები, ყოველთვის ბედნიერების ნაპერწკლებით ციმციმებდნენ! ქოქოს შესახებ რამდენიც არ უნდა ვწერო, სიტყვები არასოდეს მეყოფა, ამიტომ, როგორც შეგპირდით მხოლოდ ერთ ისტორიას მოვყვები, სიკეთის ისტორიას.
ქოქო პედიატრი იყო, სოხუმის საავადმყოფოში დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდა, მხოლოდ ბავშვები. სოხუმი საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქი იყო და შესაბამისად, ქოქოს პაციენტებიც სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ ....
როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, ჩვენ თბილისში წამოვედით. ქოქო და ბაბუ სოხუმში დარჩნენ. ეს ერთხელ უკვე დავწერე, არც ერთს არ სჯეროდა, რომ მათ აფხაზები ხელს ახლებდნენ, მათ სიცოცხლესა და მით უმეტეს ჯანმრთელობას შეეხებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზი და სომეხი ,,ბოევიკები“ ე.წ. სიებით ხელში დაძრწოდნენ დაბომბილი სოხუმის ქუჩებში და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ოჯახებს ადგილზე ხოცავდნენ. ძირითადად, წმენდა სოხუმის ინტელიგენციას შეეხო, იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ აფხაზეთს მეცნიერებისა თუ კულტურის სხვადასხვა დარგში.
გაავებული ბოევიკების ერთი ნაკადი ჩვენს ეზოშიც შემოიჭრა, გამწარებით ეძებდნენ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქალს. სოხუმში დარჩენილმა მერი ხაშბამ, პროფესორ მუშნი ხაშბას ქალიშვილმა და ქოქოს ნათლულმა, აუხსნა, რომ ის მეზობელი სახლიდან გაქცეულიყო. სად არის, დაჟინებით კითხულობდნენ ბოევიკები, უნდა ჩავხოცოთ, სკოლის მასწავლებელი იყო და ჩემს შვილს სულ ორიანებს უწერდაო...
ცოდვის ტრიალი იყო სექტემბრის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმში, ნამდვილი ცოდვის ტრიალი...
მერის კარებზე კიდევ ერთხელ დააკაკუნეს, მას კარის გაღების შეეშინდა, ბოევიკების დაჯგუფება, ამჯერად, ქეთევან ხაჟომიას (ქოქოს) კითხულობდა. ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ, აქედან უნდა გავიყვანოთ, მან ჩემი შვილი გადაარჩინა, როდესაც უფულოდ და უკაპიკოდ საავადმყოფოში მივედი, არავინ მომისმინა, მხოლოდ ქეთევანმა გასინჯა ჩემი შვილი, უმკურნალა, თავისი სახსრებით ყიდულობდა მისთვის წამალს და სახლიდან საჭმელი მოჰქონდაო....
ამაზე მეტს მე ვერაფერს დავწერ და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ეს ისტორია მერიმ დედას ტელეფონზე უამბო, წლევანდელი წლის 9 ან 10 ივნისს, როდესაც მე კიდევ უფრო მეტად, მილიონობით კილომეტრით, დავშორდით სოხუმს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment