Thursday, March 5, 2015
აჩვენე ბიძიას კუტუ!
ის რომ მამაკაცების მიმართ ანტაგონისტურად არ ვარ განწყობილი, თავიდანვე ხაზგასმით მინდა გითხრათ. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები, სხვადასხვა დროსა და ადგილას, მამაკაცებთან ფლირტობასა და კეკლუცს უკავშირდება. ეს საუკეთესო ჰობია, ქალს რომ უნდა ჰქონდეს იმ ჰობის შორის, ვინაიდან ქალის ყველა ქალური თვისება, სინაზით დაწყებული, აბრჭყვიალებული თვალებით დამთავრებული, მხოლოდ მამაკაცთან ფლირტის დროს მჟღავნდება. ფლირტის ხელოვნებაში რამდენად გაწაფული ვარ, ეს ჩემი აქაჩული წარბის ობიექტებს უნდა ჰკითხოთ, მე ჩემი მხრიდან მგონია, რომ რამდენიმე საფირმო ილეთი ვიცი, რომელთა ე.წ. დაპატენტებაზე მიფიქრია.
შეიძლება აზრი გაგიწყდეთ, მაგრამ პატარა გადახვევა აუცილებლად უნდა გავაკეთო. ზემოხსენებული აქაჩული წარბი და ოდნავ გადმოყვლეფილი თვალები, მე, თავის დროზე, გაპრანჭვის საუკეთესო ,,ხერხი“ მეგონა და გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი მეგობრის ქმარი, წლების შემდეგ გამომიტყდა: პირველად ქორწილში რომ გნახე, თვალებს და წარბებს ისე ამოძრავებდი, შემეცოდე და წიკიანი მეგონეო.
ახლა ისევ კაცებს მივუბრუნდები. საკითხის აქტუალურობა მოითხოვს უბრალოდ, რომ ჩემი, როგროც თვითმარქვია ბლოგერის, პოზიცია დავაფიქსირო და თქვენც გაგიზიაროთ. საქმე აი რაშია: ბოლო დროს და ალბათ არა მხოლოდ ბოლო დროს, ვისმენ ისტროებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სადაც მოქმედი გმირი მამაკაცი, იმდენად აუტანლად იქცევა, რომ გინდა არ გინდა გათქმევინებს, ყველა კაცი მართლა ... ხომ არ არისო?! ამ მოსაზრებას მე სასტიკად არ ვიზიარებ! სასტიკად არ ვიზიარებ, გრამატიკულად მაინც და მაინც გამართული არ არის, მაგრამ ჩემს კატეგორიულობას უსვამს ხაზს. არ მგონია, რომ ყველა კაცი ერთნაირია, არა! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მამაკაცების, გარკვეული ტიპის მამაკაცების, ქცევით, მოქმედებით, თუ უმოქმედობით და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობით, სიტყვით, თუ უბრალო მზერით, გულნატკენი, იმედგაცრუებული, თოვლივით შეურაცხყოფილი ქალი ბევრია. მე არ ვწერ ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომელშიც ქალიცა და კაციც თანაბრად შეიძლება მოიქცეს ცუდად, უღირსად ბოროტად, ლამაზად უშნოდ ან უგვანოდ. ურთიერთობის დროს ჩადენილი განზრახი თუ გაუფრთხილებელი, პატარა თუ დიდი შეცდომები არ არის ჩემი ბლოგის თემა. მე მინდა დავწერო წმინდა ქართულ, ეროვნულ ფენომენზე - დე, ჩაის მორეული აქვს?!
არსებობს მამაკაცების ეს კატეგორია, ბევრი არა, მაგრამ ჩემს ნაცნობობაშიც არიან ასეთები, თავისთავად ის ფაქტია რომ აფიქრებინებს საკუთარ უპირატესობაზე, რომ კაცია. სათქმელამდე ლოგიკურად რომ მივიდე და თქვენც რომ გაგაგებინოთ რისი თქმა მინდა სულ თავიდან დავიწყებ.
საშუალო სტატისტიკურ ოჯახში, სადაც დედა, როგროც წესი დიასახლისა და მამა ღიპიანი ,,ბიძა“, რომელსაც შავი ,,ვოლგა, ან შავი გემივით დიდი ჯიპი ემსახურება, იბადება ბიჭი. ბიჭის დაბადების ფაქტი, სიხარულითა და აღტაცებით, ბუნებრივია, აღემატება ამავე ოჯახში გოგოს დაბადების ფაქტს. დაბადების მომენტიდანვე ,,ჩვენი ბიჭი“, განსაკუთრებული სითბოთი და ალერსით იზრდება. სითბოს ძირითადად დედა, ბებია, დეიდა, მამიდა, ბებიის და და მათნაირები გამოხატავენ. მამას, როგორც წესი, არ სცალია. მას ბევრი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, ევრო-ინტეგრაციიდან დაწყებული, ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნებით დამთავრებული, ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად, არ სცალია ნანატრ ბიჭთან ფეხბურთის სათამაშოდ, მისთვის წიგნის წასაკითხად და არც უბრალოდ სასაუბროდ. ყველაზე თბილი სიტყვა რაც მამას ემეტება, თავში ხელის წამორტყმით ნათქვამი ,,შე, ვირიშვილო!“-ა. მამა ე.წ. გადამხდელია, ის აძლევს დედას ფულს, ფულით კი ბევრი რამის ყიდვა შეიძლება... მამა ,,ჩვენი ბიჭის“ ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდება, მაგრამ არის დღეები, როდესაც ის მამის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ოჯახში შეკრებილი აურაცხელი სტუმრის თანდასწრებით, საამაყო ბიჭს ოთახიდან იხმობს, სკმაზე შემოაყენებს და ამაყად მიმართავს: ,,აჩვენე ბიძიებს კუტუ!“. ჩვენი ბიჭი იზრდება, წლების მატებასთან ერთად, ილეთი ,,აჩვენე ბიძიას კუტუ“, სულ უფრო მეტ უხერხულობას იწვევს მასში, მაგრამ ამავე დროს, სულ უფრო უღვივებს იმ მოსაზრებას, რომ მისი ,,კუტუ“, რაღაც უპირატესობაა, რაღაც ისეთია, რაც ამდენ ნაცნობ თუ უცნობ ბიძიას აღაფრთოვანებს. კვლავ გადის წლები, ჩვენი ბიჭი დადის სკოლაში, მაინცდამაინც კარგად არ სწავლობს, მაგრამ დედა მაინც ყველა სურვილს უსრულებს, წინდებსაც ლოგინში აცმევს და შარვლის შიგნით შალის კოლგოტსაც, უბრალოდ, რომ არ გაცივდეს. თბილ საუზმესაც ხელით აჭმევს და ქუდსაც თავად ახურავს, მისი ,,უპირატესობით“ სტუმრად მოსული დეიდები და ბიძიები აღარ ინტერესდებიან, რაც ბუნებრივად ,,ჩვენი ბიჭის“ დაბნეულობას იწვევს. ყურადღებას მიჩვეული ,,უპირატესობის“ დემონსტრირებას თავად ცდილობს, მაგრამ მისი ტოლი გოგონების ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ამასობაში მოდის უმაღლესში ჩაბარების დრო. უნივერსიტეტში სწავლა-არსწავლის საკითხი არც განიხილება, ისედაც ცხადია, რომ ან ეკონომიკურ ურთიერთობებს უნდა დაეუფლოს, ან იურისპრუდენციას. უმაღლესში საბუთების ჩასაბარებლად, თუ ახლა უკვე ონლაინ განაცხადის გასაკეთებლადაც, დედასთან ერთად მიდის და სტომატოლოგთან ვიზიტიც დედის დაგეგმილია. მამა კვლავინდებურად პასიურია, მაგრამ კვლავინდებურად იხდის, ფულს, სხვა რამე არ იფიქროთ. პარალელურად კვლავ იზრდება ინტერესი მისი ,,უპირატესობის“ მიმართ, ბავშვობის მოგონებები, ამტკიცებს მოსაზრებას, რომ მისი უპირატესობა მართლაც არაჩვეულებრივი და განსხვავებულია, სკოლის დროინდელი ,,ჩავარდნა“ აგრესიას უჩენს გოგოების მიმართ, რის გამოც ,,უპირატესობას“ სულ უფრო ხშირად შურისძიებისთვის იყენებს და სულ უფრო ნაკლებად სიამოვნებისთვის. ამასობაში ,,ჩვენი ბიჭი“ უკვე იმდენად დიდია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მისი გაშვება. თბილისიდან წასულ ნაცნობებს, დედა ხაჭაპურს, შემწვარ წიწილას და გარეცხილ თეთრეულს ატანს. ,,უპირატესობას“ სულ უფრო მნაკლებად ,,ახარჯავს“ ეროვნულ სეგმენტს და ახლო, თუ შორეულ მეზობლებზეა ორიენტირებული. ,,უპირატესობისადმი“ გამოხატული ყურადღების ზენიტს, სწორედ ასეთი, არაეროვნული ურთიერთობის დროს აღწევს და სულ უფრო მეტად ენანება მისი არაჩვეულებრივი ,,უპირატესობა“ ეროვნული სეგმენტისთვის. ასე გადის კიდევ ბევრი წელი და ჩვენი 38 წლის ბიჭი, მაინც ბიჭია, მაინც ბავშვია, მაღალანაზრაურებული სამსახური კი აქვს და ახლა თავისი საკუთარი შავი ჯიპიც, მაგრამ მაინც დედასთან ცხოვრობს, მაინც დედა უმზადებს დილას პერანგს, თაფლიან არაჟანს ქიშმიშებს აყრის და ,,ჩვენი ბიჭი“ აბაზანიდან ეძახის - დეეე, ჩაის მორეული აქვს?!.....
სწორედ ასეთი 38 წლის ბავშვი ხდება ხოლმე რომელიმე ჩვენთაგანის ქმარი, შეყვარებული ან საყვარელი და ოდესაც დილას ჩაის მორეული არ აქვს....
თითქოს სასაცილოა ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი პირიქით, სევდიანია. ,,ჩვენი ბიჭი“, 38 წლის ,,შემდგარი“, ,,წარმატებული“, ,,ლოჯისტიკის მენეჯერი“, თითქოს ყველაფერი აქვს, თითქოს არც ალერსი დაკლებია და არც სითბო, არც საჭმელი და არც თბილი წინდები, მაგრამ მაინც უგვანოდ - ,,ცოლო ნასკი გამხადეს“ არ ყვირის, მაგრმა სწორედ ასე იქცევა. ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა ასე, რატომ ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, უპირატესია? პულტის სწრაფი გადახვევის მეთოდს იმ დღემდე მივყავართ, როდესაც პირველად ,,გამოათრიეს“ საკუთარი მყუდრო ოთახიდან, სავარუდოდ გააღვიძეს, ტკბილად ჩაძინებული და მილიონი უცხო ადამიანის წინაშე გააშიშვლეს. ,,აჩვენე ბიძიას კუტუ!“, ქართული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ჩემი აზრით. ის ბადებს უამრავ კომლექს, უამრავ მაინკიერ თვისებას, რაც წლების შემდეგ ქალთან ურთიერთობაში ურთიერთობის ვულკანად გადაიქცევა ხოლმე. მწარე რეალობა, ჩვენი ბიჭისთვის, მაშინ ხდება ცხადი, როდესაც რამის გამოსწორება იმდენად გვიანია, რომ თითქმის შეუძლებელია. უსაშველოდ გვიან გაიგებენ ხოლმე, რომ მათი მსგავსი ,,უპირატესობა“, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აქვს და რომ მათი უბრალო უმრავლესობა იგივე დანიშნულებით იყენებს, რომ ეს არ არის გაფეტიშების ობიექტი და უბრალო ფიზიოლოგიაა, რომ ურთიერთობას არ ჰყავს დირექტორი და ,,ნასკის“ სარეცხის მანქანაში შეგდება, ჩინ-მედლებს და მითუმეტეს კაცურ ღირსებას არაფერს ავნებს, რომ სექსი ქალისა და კაცის ურთიერთშერწყმაა და არა კაცის ბატონობა ქალზე, რომლის დროსაც ორივემ თანაბარი სიამოვნება უნდა მიიღოს.
ამის გათავისება პირობითად 38 წლის ასაკში, შეუძლებელიათქო ვწერ, მაგრამ, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ არის შესაძლებელი, გადადგით პირველი ნაბიჯები, მოურიეთ ჩაის კოვზით!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment