Thursday, March 5, 2015
ჭკუის დაკარგვის ფენომენი
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ასეთ სათაურს გადავაწყდი ,,10 მოულოდნელი რამ, რაზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ.“ მსგავსი სათაურის ე.წ. ,,პოსტები“ - ,,6 მიზეზი წარმატების მისაღწევად“, ,,12 რჩევა მათთვის, ვისად დილას გაღვიძება ეზარება“, ,,50 სიტყვა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა თქვა“ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მხვდება. მათგან ყველაზე გამორჩეული და ჩემი ფავორიტი რუსულენოვანი გვერდია - ,,Психология отношений“. ამ გვერდის მიერ შემოთავაზებული რჩევები თუ უბრალოდ ფრაზები, ვერასოდეს მტოვებს ,,გულგრილს“. ,,ძლიერი მამაკაცის, ძლიერ მკლავს ამოფარებულ ქალს არაფრის ეშინია!“, ,,სიყვარული მაშინ გეწვევა, როდესაც ამის დრო მოვა!“, ,,შეიყვარე ის, ვისაც ძლიერ უყვარხარ!“, დამაჯერებელი შრიფტით დაბეჭდილი ეს ახლადაღმოჩენილი ,,ჭეშმარიტება“ ხშირად ამოვარდება ხოლმე ჩემს ე.წ. ,,ვოლზე“. მათი სიმრავლე და ,,დაშეარების“ სიხშირე ბუნებრივად მაფიქრებინებს, რომ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ასეთ გამონათქვამებში საკუთარ თავს პოულობს, ან ეძებს.
მამაკაცს ჭკუას რომ დააკარგინებს ის ათი რამ, ვაღიარებ, მეც წავიკითხე. სიმართლე გითხრათ უფრო იმისთვის, რომ თქვენ სწორედ ახლა ეს ბლოგი წაგეკითხათ. საინტერესო ჩამონათვალი იყო. ასე მაგალითად, მამაკაცებს თურმე შიშველი ფეხის ტერფი აკარგინებს ჭკუას. უმა თურმანი გამახსენდა. ადრე სადღაც წამიკითხავს, რომ მას საშინელი კომპლექსი აქვს თავისი უსაშველოდ დიდი ტერფის. რაღა დაგიმალოთ და არც საკუთარი ტერფით ვარ აღფრთოვანებული, ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ტერფი რაიმე განსაკუთრებული სექსუალური დატვირთვის ობიექტია. ჩამონათვალში იყო შიშველი მხარი, რომელიც თურმე ქალის სისუსტეს უსვამს ხაზს და მამაკაცს მისი გადარჩენის სურვილს უღვივებს. კიდევ იყო არა კუბიკებიანი (სიტყვასიტყვით ასე ეწერა), არამედ რბილი მუცელი. არ ვიცი, მუცლის პრესი რატომ დაიწუნეს ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა, მაგრამ ასე ეწერა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაც არ გამორჩა უცნობ ავტორს, რომელიც წერს, რომ მამაკაცებს კარგი მადიანი ქალები უყვართ, ქალი რომელიც ,,ნაზად“ მიირთმევს, ლოგინშიც სუსტი იქნებაო. მათლა ასე გგონიათ და წინასწარ იცით, რომ დიეტაზე მყოფი ქალი რბილად რომ ვთქვა, არამიმზიდველია ლოგინში?
ზემოხსენებულ ჩამონათვალს თავი რომ დავანებო, მართლა მაინტერესებს რაზე კარგავენ ჭკუას მამაკაცები, ან თუ კარგავენ საერთოდ ჭკუას, ან თუ აქვთ საერთოდ ჭკუა? გამოკითხვა არ ჩამიტარებია და სიმართლე გითხრათ არც იმის ილუზია მაქვს, რომ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ჩემი ყველა მეგობარი ბიჭი, თუნდაც ერთ რამეს დაასახელებს რაზეც ოდესმე ჭკუა დაუკარგავს. ამიტომაც ისევ ჩვეულ მეთოდს მივმართავ და ჩემეულად ვიმსჯელებ მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ფენომენზე.
ეს თემა რომ უცხო არ არის ჩემთვის, რამდენიმე წლის წინ დაწერილი ბლოგიც ადასტურებს. იქ ვწერდი იმაზე, თუ რა უყვართ ქალებს, რა არ უყვართ, რას ველოდებით მამაკაცებისგან და რა გვწყინს, მაგრამ მართალი გითხრათ, ამდენი წლის მერეც ვფიქრობ, რომ არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელიც ,,ნიმესილივით“ ყველას ერთნაირად გაუყუჩებს თავის ტკივილს და სიყვარულს აპოვნინებს, ჭკუისდამაკარგვინებელ სიყვარულს.
მე ისეთ დროს გავიზარდე, ქალმა მამაკაცას ჭკუა რომ უნდა დააკარგინოს, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა.უფრო სწორად კი, მამაკაცები თავად კარგავდნენ ჭკუას და დაუღალავად ცდილობდნენ იგივე შედეგის მიღწევას ქალებთან. მამაკაცის ეს თვისება თავის შორეულ საწყისს საუკუნეების წინ იღებს. ჩემი აზრით, მამაკაცის ჭკუის დაკარგვის ისტორია, ისე კარგად არასდროს არავის დაუწერია, როგორც თავის დროზე შოთამ დაწერა. ამას ერქვა ჭკუის დაკარგვა, თუ ერქვა! ,,საქმენი საგმირონია“ სამწუხაროდ, შორეულ შუასაუკუნეებს ჩაბარდა, დაკარგული უცხო მოყმის საძებნელად საბრძოლველად კი არა, ჩაის ჭიქაში ჩადებული კოვზის მორევაც კი ეპრობლემებად დღევანდელ მამაკაცებს. ,,დე, ჩაის მორეული აქვს?!“ - ეს არის ჩემი ყველაზე ატუალური ტკივილი, მაგრამ არა ამ ბლოგის თემა. ამიტომაც ტარიელისა და ავთანდილის ჭკუადაკარგულობაზე აღარ შევჩერდდები და ისევ იმ დროს მივუბრუნდები, როდესაც ჩვენ ქალები (მაშინ გოგოები), ვკარგავდით ჭკუას ძველ ბიჭებზე. ვისაც 90-იანებში არ უცხოვრია, არც რომანტიკის გაეგება რამე. შეყვარებულისათვის მოპარული დვიჟოკით ანთებული ნათურა, ბენზინით ანთებული გული, ,,გატანილი ბუტკიდან დათრეული სნიკერსი და ლოვე იზ ჟუაჩკები“, ,,ბაბაჩკის“ ტრიალით ,,მაგრად მევასების“ მთქმელ და ხელზე ბენდენაგადახვეულ ბიჭებზე ვკარგავდით ჭკუას ჩვენ. ჩემი აზრით, მათ ვისაც შესამჩნევად გრძელი ფეხები და ფეხებზე გრძელი ქერა თმა ჰქონდათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლათ, ჭკუის დაკარგვის ამბავში. ბევრ ასეთ გოგოს არც ჰკითხეს ისე, ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა და 15-16 წლის ასაკში ,,საკუთრებად“ გაიხადეს. ბენზინით დანთებული გულებიც ჩაიწვა და ასფალტზე შავი ლაქა დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ მე მეტად გამიმართლა, არც გამორჩეულად გრძელი ფეხები მაქვს და არც ქერა თმა, მართალია, ბენზინის გული არავის დაუნთია ჩემთვის, მაგრამ არც მოტაცების მსხვერპლი გავმხდარვარ. თუმცა, ერთხელ იყო მცდელობა, ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ქორწილიდან ვბრუნდებოდი იმ დღეს გაცნობილ ბიჭთან ერთად, რომელსაც მთელი საღამო, ღამე, ფაქტიურად დილამდე ვეცეკვე. ჰოდა, სახლისკენ გზაზე, მანაც ცოტა ხნით ჭკუა დაკარგა ეტყობა და შემომთავაზა, არ გინდა პირდაპირ დასავლეთისკენ გავუხვიოთო. დღეს აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ევროპაში მეპატიჟებიან, თუნდაც ,,კოპიტნარის“ აეროპორტიდან ოცევროიანი ბილეთით. მაშინ კი დასავლეთი, ნიშნავდა დასავლეთ საქართველოში მდებარე რომელიმე სოფელს, სადაც რამდენიმე დღე გადამმალავდნენ და მერე იმ მიზეზით, რომ ,,მოსახდენი უკვე მოხდა”, სამუდამოდ დამისაკუთრებდნენ. ნამდვიალად ძალიან გამიმართლა, რომ მაშინ იმ ძალიან კარგმა ადამიანმა ჭკუა, ბოლომდე არ დაკარგა და სახლში მშვიდობიანად დამაბრუნა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ისეთ დროს გავიზარდეთ, როდესაც მამაკაცებმა იცოდნენ ჭკუის დაკარგვა ქალების გამო, მაგრამ ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ოქროს შუალედის დაჭერა აქაც ყოველთვის უჭირდა ქართულ გენს, ამიტომაც ჭკუის დაკარგვაც რადიკალური ფორმით გამოიხატებოდა: დავინაზხე, მომეწონა, ცოლად მინდა!. (пришел, увидел, победил!). ქალს ფაქტიურად არ რჩებოდა დრო იმისათვის, რომ დაინტერესებულიყო თუნდაც იმ ათი მიზეზით, რაზე დაკარგავდა მამაკაცი ჭკუას, უკვე ჭკუადაკარგულის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე. რაც შეგვეხება მათ, ვინც ზემოხსენებულ ვანდალიზმს გადავურჩით, მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ხელოვნებაში, არც ჩვენ გვაქვს სამაგისტრო ნაშრომები და პუბლიკაციებითაც ვერ დავიკვეხნით. სწორად მიმიხვდით, ვგულისხმობ სექს, ქალსა და კაცს შორის, რომლის დროსაც ყველაზე კარგად შეიძლება გაიგო ვინ კარგავს ჭკუას, თავს, ფეხს თუ სხვა რამეს. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მას მერე გავიგეთ, რაც ცხოვრება ერთ კონკრეტულ მამაკაცს დავუკავშირეთ, ამიტომაც ტერმინი ,,მამაკაცები“ თავისთავად ილუზიაა, ,,მამაკაცი“, ნუ ჯანდაბას, მაქსიმუმ მამაკაცები, მაგრამ ორი - პირველი ქმარი და მეორე ქმარი. ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, სლავ ქალებზე, რომლების გამოც ყოველთვის კარგავდნენ და დღესაც კარგავენ მამაკაცები ჭკუას. ისინი ,,კავდებიან სიყვარულით“ და ნამდვილად აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება კაცის ჭკუის დაკარგვის დარგში, ეროვნებისა და მენტალური თავისებურებების გათვალისწინებით გაწეული მომსახურება, დღესაც უაღრესად ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ტიპურად ,,გრუზინი“ არასოდეს ყოფილა, დღესაც ჯინსები და კედები აცვია და არ აქვს ღიპი, თავის დროზე ისიც კარგავდა ჭკუას სლავური წარმოშობის ქალების გამო. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია ,,спокойной ночи малыши“-ს თანაწამყავსნ ტატიანა ვედენეევას უკავშირებდა, რომელსაც მოსკოვში ასპირანტურიაში მყოფ მამაჩემთან პაემანი ჰქონდა. მამამ ტატიანას გამო ჭკუა ბოლომდე რომ არ დაკარგა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მე ვარ და კიდევ ის, რომ ეს ისტორია ვიცი.
თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე, შუალედური დასკვნა ასეთია: მამაკაცები ნამდვილად კარგავდნენ ჭკუას ქალების გამო, იცოდნენ როგორ უნდა დაეკარგათ ჭკუა ქალებს მათ გამო, მაგრამ რადიკალური და უსაშველოდ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებების გამო, (და ალბათ ჭკუის ნაკლებობის გამოც), ხშიარდ ჭკუასთან ერთად, იკარგებოდა, გრძნობა და ემოცია, დრო და წლები, მაგრამ რჩებოდა და რჩება დაკარგულის ჭკუის შედეგი, სიყვარულის შედეგი, ის რაც ავსებს და ქმნის დროის იმ ხანგძლივ, ან ხანმოკლე პერიოდს, რომელსაც ცხოვრება ქვია. ანუ თუ ცოცხალი ხარ, უნდა დაკარგო ჭკუა, მერე იპოვო და ისევ დაკარგო, მერე სხვას გაუნაწილო და იმისგანაც აიღო, მერე ჩაის კოვზით მოურიო და ტორტის ნაჭერი მიაწოდო...
,,Психология отношений“ ჩემი რეალობაა. დღევანდელი დღის გამოძახილი. არც ერთი ასეთი გვერდი არ წერს იმაზე, თუ როგორ უნდა ,,მოვინადიროთ“ ქალის გული, დღეში რამდენჯერ უნდა ვუთხრათ ,,მიყვარხარ“, თავზე ვარდის ფურცლები დავაყაროთ, თუ იის (გაზაფხულის სურნელი უკვე იგრძნობა და შესაბამისად, იების სურნელმა რომანტიკულად შთამაგონა..), ლოგინში შემწვარი კვერცხი და ბეკონი ურჩებნიათ ლანგარზე, თუ ხილის ასორტი და თბილი ალადები. სამაგიეროდ გინდა არ გინდა გეცოდინება, წაგეკითხინება, ,,შემოგეშეარება“ ინფორმაცია იმის შესახებ, ლურჯთვალა მამაკაცს ჭორფლიანი ქალი ურჩევნია, თუ სილიკონისძუძუებიანი, სამსახურიდან მოსულ, 40 წელ გადაცილებულ მამაკაცს ბატის ჩახოხბილი უნდა გაუცხელო, თუ მსუბუქი სალათა დაახვედრო, ბართან მდგომ ჰალსტუხიან ,,ბრუნეტს“, პერანგის ტოტი თუ ამოჩაჩული აქვს, ე.ი. ახალი ურთიერთობის დასაწყებად არის მზად. არ ვიცი ინფორმაციის ზღვა გახდა ამის მიზეზი, თუ რამე სხვა, მაგრამ თანამედროვე მაკაცები, სულ უფრო ნაკლებად კარგავენ ჭკუას, უფრო სწორად დიდი ძალისხმევის შედეგად კარგავენ. თუ ზემოხსენებულ შავბნელი დროის მამაკაცებს შევადარებ, გონება დღევანდელებს ნამდვილად უფრო ნათელი აქვთ, უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. არც განათლება მიუღიათ ლამფის“ მბჟუტავ შუქზე და არც ,,დვიჟოკის“ ამოქოქვაზე დაუკარგავთ დრო და ენერგია. მათი უმრავლესობა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების სამაგისტრო დიპლომს ფლობს, ერთი, ორი ან სამი უცხო ენა წყალივით მოედინება მათი ბაგეებიდან და მაჯაზე ბენდენის ნაცვლად ,,როლექსის“ თუ არა ,,მაიკლ ქორსის“ საათი მაინც უკეთიათ. ვფიქრობ, დიდი ძალისხმევით მოპოვებული ჭკუის დაკარგვა უფრო დასანანია და ამაშია ნეტა საქმე? როდესაც ძვირს იხდი, მერე მისი იოლად დაკარგვა რთულია...ერთი უკიდურესობიდან, მეორეშე გადავარდნა, ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდის. სწორედ ასეა, მაშინ ქალს არ იცნობდნენ ისე მოჰყავდათ ცოლად, დღეებს, თვეებსა და ზოგჯერ წლებსაც კი ატარაბენ ერთად და ბოლოს ფრაზა: ,,არ მინდა ემოციურად დამიახლოვდე...“. არ გეგონოთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ძალიან რეალურმა მამაკაცმა უთხრა, ძალიან რეალურ, ლამაზ ქალს. რას ნიშნავს ეს, ემოციურად არ დამიახლოვდე? სადმე ასეთი რამეც წერია: ,,თუ გინდა მამაკაცმა შენზე ჭკუა დაკარგოს, არასდროს უყურო მასთან ერთად მელოდრამას და არასდროს ანახო შენი ცრემლები?“. ესეც ნათელი გონების შედეგია, რომ ურთიერთობა რაციონალური მდგომარეობის ჩარჩოებში მოექცეს, ყოველგვარი სპონტანურობისა და ღმერთმა დაგვიფაროს, ემოციების გარეშე? ერთმნეთს შევხვდეთ ხუთშაბათს და შაბათს, კვირას არა, ორშაბათი მძიმე დღეა. სექსი გვქონდეს ხუთხშაბათს, იმიტომ რომ პარასკევს სამსახური 10:30 მეწყება? ამის პარალელურად, ქალმა უნდა იფიქროს, შიშველი მხარი გამოაჩინოს, თუ რბილი მუცელი, თმა ქერად შეიღებოს, თუ ბუნებრივად წითური დარჩეს და ასე წვალებით მივალთ შედეგამდე, როდესაც მამაკაცი დაკარგავს ჭკუას და თუ ძალიან გაგვიმართლა ემოციურადაც დაგვიახლოვდება, ალბათ დროებით.
არა, არ ვარ რადიკალური. მოთხოვნა ისეთი შინაარსის რჩევებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მართლა დიდია და დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ ჭკუიდან შეშალონ მამაკაცები და ასევე ბევრნი არიან ისეთი მამაკაცები, რომელთაც ურთიერთობის, ქალსა და კაცს შორის რომ არის იმ ემოციური ურთიერთობის, უბრალოდ ეშინიათ. მე ფსიქოლოგი არ ვარ და ყველა ფსიქოტიპის ადამიანს არ ვიცნობ. არც მკურნალობის მეთოდი ვიცი და ვერც ამ შიშის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვიმსჯელებ. ამიტომ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ვიცი, იმას დავწერ და თუ გნებავთ რეცეპტად მიიღეთ: დედამიწაზე შეიქმნა მხოლოდ ორი საწყისი - კაცი და ქალი, მესამე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ ამ ორი საწყისის ერთად ყოფნით შეუძლია თითოეულს ჭკუის დაკარგვა. ჩვენ გვაკარგვინებს ჭკუას კონკრეტულად იმ ერთის და განუმეორებელის ფეხის შიშველი ტერფი, ჩვეულებრივი ფერის თვალები, გრძელი ან მოკლე თმა, უბრალო მაისური, უმაკიაჟო სახე, სექსუალური საცვალი, კარგით, არა კუბიკებიანი მუცელიც. ჩემი აზრით, ერთი კარგავს ჭკუას მეორეზე და ის მეორე ამ ერთზე, სრულაიდ ბუნებრივად და კანონზომიერად, აუცილებლად ემოციურად და უსაზღვროდ, სწორედ იმიტომ, რომ ამ ერთის თვალებში ხედავს საკუთარ გამოსახულებას ისე, როგორც ვერავისთან და ვერსად დედამიწაზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment