ლიკა ახობაძე
Thursday, March 5, 2015
ჭკუის დაკარგვის ფენომენი
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ასეთ სათაურს გადავაწყდი ,,10 მოულოდნელი რამ, რაზეც მამაკაცები ჭკუას კარგავენ.“ მსგავსი სათაურის ე.წ. ,,პოსტები“ - ,,6 მიზეზი წარმატების მისაღწევად“, ,,12 რჩევა მათთვის, ვისად დილას გაღვიძება ეზარება“, ,,50 სიტყვა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა თქვა“ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მხვდება. მათგან ყველაზე გამორჩეული და ჩემი ფავორიტი რუსულენოვანი გვერდია - ,,Психология отношений“. ამ გვერდის მიერ შემოთავაზებული რჩევები თუ უბრალოდ ფრაზები, ვერასოდეს მტოვებს ,,გულგრილს“. ,,ძლიერი მამაკაცის, ძლიერ მკლავს ამოფარებულ ქალს არაფრის ეშინია!“, ,,სიყვარული მაშინ გეწვევა, როდესაც ამის დრო მოვა!“, ,,შეიყვარე ის, ვისაც ძლიერ უყვარხარ!“, დამაჯერებელი შრიფტით დაბეჭდილი ეს ახლადაღმოჩენილი ,,ჭეშმარიტება“ ხშირად ამოვარდება ხოლმე ჩემს ე.წ. ,,ვოლზე“. მათი სიმრავლე და ,,დაშეარების“ სიხშირე ბუნებრივად მაფიქრებინებს, რომ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ასეთ გამონათქვამებში საკუთარ თავს პოულობს, ან ეძებს.
მამაკაცს ჭკუას რომ დააკარგინებს ის ათი რამ, ვაღიარებ, მეც წავიკითხე. სიმართლე გითხრათ უფრო იმისთვის, რომ თქვენ სწორედ ახლა ეს ბლოგი წაგეკითხათ. საინტერესო ჩამონათვალი იყო. ასე მაგალითად, მამაკაცებს თურმე შიშველი ფეხის ტერფი აკარგინებს ჭკუას. უმა თურმანი გამახსენდა. ადრე სადღაც წამიკითხავს, რომ მას საშინელი კომპლექსი აქვს თავისი უსაშველოდ დიდი ტერფის. რაღა დაგიმალოთ და არც საკუთარი ტერფით ვარ აღფრთოვანებული, ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ტერფი რაიმე განსაკუთრებული სექსუალური დატვირთვის ობიექტია. ჩამონათვალში იყო შიშველი მხარი, რომელიც თურმე ქალის სისუსტეს უსვამს ხაზს და მამაკაცს მისი გადარჩენის სურვილს უღვივებს. კიდევ იყო არა კუბიკებიანი (სიტყვასიტყვით ასე ეწერა), არამედ რბილი მუცელი. არ ვიცი, მუცლის პრესი რატომ დაიწუნეს ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა, მაგრამ ასე ეწერა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაც არ გამორჩა უცნობ ავტორს, რომელიც წერს, რომ მამაკაცებს კარგი მადიანი ქალები უყვართ, ქალი რომელიც ,,ნაზად“ მიირთმევს, ლოგინშიც სუსტი იქნებაო. მათლა ასე გგონიათ და წინასწარ იცით, რომ დიეტაზე მყოფი ქალი რბილად რომ ვთქვა, არამიმზიდველია ლოგინში?
ზემოხსენებულ ჩამონათვალს თავი რომ დავანებო, მართლა მაინტერესებს რაზე კარგავენ ჭკუას მამაკაცები, ან თუ კარგავენ საერთოდ ჭკუას, ან თუ აქვთ საერთოდ ჭკუა? გამოკითხვა არ ჩამიტარებია და სიმართლე გითხრათ არც იმის ილუზია მაქვს, რომ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ჩემი ყველა მეგობარი ბიჭი, თუნდაც ერთ რამეს დაასახელებს რაზეც ოდესმე ჭკუა დაუკარგავს. ამიტომაც ისევ ჩვეულ მეთოდს მივმართავ და ჩემეულად ვიმსჯელებ მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ფენომენზე.
ეს თემა რომ უცხო არ არის ჩემთვის, რამდენიმე წლის წინ დაწერილი ბლოგიც ადასტურებს. იქ ვწერდი იმაზე, თუ რა უყვართ ქალებს, რა არ უყვართ, რას ველოდებით მამაკაცებისგან და რა გვწყინს, მაგრამ მართალი გითხრათ, ამდენი წლის მერეც ვფიქრობ, რომ არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელიც ,,ნიმესილივით“ ყველას ერთნაირად გაუყუჩებს თავის ტკივილს და სიყვარულს აპოვნინებს, ჭკუისდამაკარგვინებელ სიყვარულს.
მე ისეთ დროს გავიზარდე, ქალმა მამაკაცას ჭკუა რომ უნდა დააკარგინოს, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა.უფრო სწორად კი, მამაკაცები თავად კარგავდნენ ჭკუას და დაუღალავად ცდილობდნენ იგივე შედეგის მიღწევას ქალებთან. მამაკაცის ეს თვისება თავის შორეულ საწყისს საუკუნეების წინ იღებს. ჩემი აზრით, მამაკაცის ჭკუის დაკარგვის ისტორია, ისე კარგად არასდროს არავის დაუწერია, როგორც თავის დროზე შოთამ დაწერა. ამას ერქვა ჭკუის დაკარგვა, თუ ერქვა! ,,საქმენი საგმირონია“ სამწუხაროდ, შორეულ შუასაუკუნეებს ჩაბარდა, დაკარგული უცხო მოყმის საძებნელად საბრძოლველად კი არა, ჩაის ჭიქაში ჩადებული კოვზის მორევაც კი ეპრობლემებად დღევანდელ მამაკაცებს. ,,დე, ჩაის მორეული აქვს?!“ - ეს არის ჩემი ყველაზე ატუალური ტკივილი, მაგრამ არა ამ ბლოგის თემა. ამიტომაც ტარიელისა და ავთანდილის ჭკუადაკარგულობაზე აღარ შევჩერდდები და ისევ იმ დროს მივუბრუნდები, როდესაც ჩვენ ქალები (მაშინ გოგოები), ვკარგავდით ჭკუას ძველ ბიჭებზე. ვისაც 90-იანებში არ უცხოვრია, არც რომანტიკის გაეგება რამე. შეყვარებულისათვის მოპარული დვიჟოკით ანთებული ნათურა, ბენზინით ანთებული გული, ,,გატანილი ბუტკიდან დათრეული სნიკერსი და ლოვე იზ ჟუაჩკები“, ,,ბაბაჩკის“ ტრიალით ,,მაგრად მევასების“ მთქმელ და ხელზე ბენდენაგადახვეულ ბიჭებზე ვკარგავდით ჭკუას ჩვენ. ჩემი აზრით, მათ ვისაც შესამჩნევად გრძელი ფეხები და ფეხებზე გრძელი ქერა თმა ჰქონდათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლათ, ჭკუის დაკარგვის ამბავში. ბევრ ასეთ გოგოს არც ჰკითხეს ისე, ჭკუადაკარგულმა მამაკაცებმა და 15-16 წლის ასაკში ,,საკუთრებად“ გაიხადეს. ბენზინით დანთებული გულებიც ჩაიწვა და ასფალტზე შავი ლაქა დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ მე მეტად გამიმართლა, არც გამორჩეულად გრძელი ფეხები მაქვს და არც ქერა თმა, მართალია, ბენზინის გული არავის დაუნთია ჩემთვის, მაგრამ არც მოტაცების მსხვერპლი გავმხდარვარ. თუმცა, ერთხელ იყო მცდელობა, ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ქორწილიდან ვბრუნდებოდი იმ დღეს გაცნობილ ბიჭთან ერთად, რომელსაც მთელი საღამო, ღამე, ფაქტიურად დილამდე ვეცეკვე. ჰოდა, სახლისკენ გზაზე, მანაც ცოტა ხნით ჭკუა დაკარგა ეტყობა და შემომთავაზა, არ გინდა პირდაპირ დასავლეთისკენ გავუხვიოთო. დღეს აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ევროპაში მეპატიჟებიან, თუნდაც ,,კოპიტნარის“ აეროპორტიდან ოცევროიანი ბილეთით. მაშინ კი დასავლეთი, ნიშნავდა დასავლეთ საქართველოში მდებარე რომელიმე სოფელს, სადაც რამდენიმე დღე გადამმალავდნენ და მერე იმ მიზეზით, რომ ,,მოსახდენი უკვე მოხდა”, სამუდამოდ დამისაკუთრებდნენ. ნამდვიალად ძალიან გამიმართლა, რომ მაშინ იმ ძალიან კარგმა ადამიანმა ჭკუა, ბოლომდე არ დაკარგა და სახლში მშვიდობიანად დამაბრუნა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ისეთ დროს გავიზარდეთ, როდესაც მამაკაცებმა იცოდნენ ჭკუის დაკარგვა ქალების გამო, მაგრამ ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ოქროს შუალედის დაჭერა აქაც ყოველთვის უჭირდა ქართულ გენს, ამიტომაც ჭკუის დაკარგვაც რადიკალური ფორმით გამოიხატებოდა: დავინაზხე, მომეწონა, ცოლად მინდა!. (пришел, увидел, победил!). ქალს ფაქტიურად არ რჩებოდა დრო იმისათვის, რომ დაინტერესებულიყო თუნდაც იმ ათი მიზეზით, რაზე დაკარგავდა მამაკაცი ჭკუას, უკვე ჭკუადაკარგულის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე. რაც შეგვეხება მათ, ვინც ზემოხსენებულ ვანდალიზმს გადავურჩით, მამაკაცების ჭკუის დაკარგვის ხელოვნებაში, არც ჩვენ გვაქვს სამაგისტრო ნაშრომები და პუბლიკაციებითაც ვერ დავიკვეხნით. სწორად მიმიხვდით, ვგულისხმობ სექს, ქალსა და კაცს შორის, რომლის დროსაც ყველაზე კარგად შეიძლება გაიგო ვინ კარგავს ჭკუას, თავს, ფეხს თუ სხვა რამეს. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მას მერე გავიგეთ, რაც ცხოვრება ერთ კონკრეტულ მამაკაცს დავუკავშირეთ, ამიტომაც ტერმინი ,,მამაკაცები“ თავისთავად ილუზიაა, ,,მამაკაცი“, ნუ ჯანდაბას, მაქსიმუმ მამაკაცები, მაგრამ ორი - პირველი ქმარი და მეორე ქმარი. ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, სლავ ქალებზე, რომლების გამოც ყოველთვის კარგავდნენ და დღესაც კარგავენ მამაკაცები ჭკუას. ისინი ,,კავდებიან სიყვარულით“ და ნამდვილად აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება კაცის ჭკუის დაკარგვის დარგში, ეროვნებისა და მენტალური თავისებურებების გათვალისწინებით გაწეული მომსახურება, დღესაც უაღრესად ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ტიპურად ,,გრუზინი“ არასოდეს ყოფილა, დღესაც ჯინსები და კედები აცვია და არ აქვს ღიპი, თავის დროზე ისიც კარგავდა ჭკუას სლავური წარმოშობის ქალების გამო. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია ,,спокойной ночи малыши“-ს თანაწამყავსნ ტატიანა ვედენეევას უკავშირებდა, რომელსაც მოსკოვში ასპირანტურიაში მყოფ მამაჩემთან პაემანი ჰქონდა. მამამ ტატიანას გამო ჭკუა ბოლომდე რომ არ დაკარგა, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მე ვარ და კიდევ ის, რომ ეს ისტორია ვიცი.
თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე, შუალედური დასკვნა ასეთია: მამაკაცები ნამდვილად კარგავდნენ ჭკუას ქალების გამო, იცოდნენ როგორ უნდა დაეკარგათ ჭკუა ქალებს მათ გამო, მაგრამ რადიკალური და უსაშველოდ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებების გამო, (და ალბათ ჭკუის ნაკლებობის გამოც), ხშიარდ ჭკუასთან ერთად, იკარგებოდა, გრძნობა და ემოცია, დრო და წლები, მაგრამ რჩებოდა და რჩება დაკარგულის ჭკუის შედეგი, სიყვარულის შედეგი, ის რაც ავსებს და ქმნის დროის იმ ხანგძლივ, ან ხანმოკლე პერიოდს, რომელსაც ცხოვრება ქვია. ანუ თუ ცოცხალი ხარ, უნდა დაკარგო ჭკუა, მერე იპოვო და ისევ დაკარგო, მერე სხვას გაუნაწილო და იმისგანაც აიღო, მერე ჩაის კოვზით მოურიო და ტორტის ნაჭერი მიაწოდო...
,,Психология отношений“ ჩემი რეალობაა. დღევანდელი დღის გამოძახილი. არც ერთი ასეთი გვერდი არ წერს იმაზე, თუ როგორ უნდა ,,მოვინადიროთ“ ქალის გული, დღეში რამდენჯერ უნდა ვუთხრათ ,,მიყვარხარ“, თავზე ვარდის ფურცლები დავაყაროთ, თუ იის (გაზაფხულის სურნელი უკვე იგრძნობა და შესაბამისად, იების სურნელმა რომანტიკულად შთამაგონა..), ლოგინში შემწვარი კვერცხი და ბეკონი ურჩებნიათ ლანგარზე, თუ ხილის ასორტი და თბილი ალადები. სამაგიეროდ გინდა არ გინდა გეცოდინება, წაგეკითხინება, ,,შემოგეშეარება“ ინფორმაცია იმის შესახებ, ლურჯთვალა მამაკაცს ჭორფლიანი ქალი ურჩევნია, თუ სილიკონისძუძუებიანი, სამსახურიდან მოსულ, 40 წელ გადაცილებულ მამაკაცს ბატის ჩახოხბილი უნდა გაუცხელო, თუ მსუბუქი სალათა დაახვედრო, ბართან მდგომ ჰალსტუხიან ,,ბრუნეტს“, პერანგის ტოტი თუ ამოჩაჩული აქვს, ე.ი. ახალი ურთიერთობის დასაწყებად არის მზად. არ ვიცი ინფორმაციის ზღვა გახდა ამის მიზეზი, თუ რამე სხვა, მაგრამ თანამედროვე მაკაცები, სულ უფრო ნაკლებად კარგავენ ჭკუას, უფრო სწორად დიდი ძალისხმევის შედეგად კარგავენ. თუ ზემოხსენებულ შავბნელი დროის მამაკაცებს შევადარებ, გონება დღევანდელებს ნამდვილად უფრო ნათელი აქვთ, უნდა ჰქონდეთ ყოველ შემთხვევაში. არც განათლება მიუღიათ ლამფის“ მბჟუტავ შუქზე და არც ,,დვიჟოკის“ ამოქოქვაზე დაუკარგავთ დრო და ენერგია. მათი უმრავლესობა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების სამაგისტრო დიპლომს ფლობს, ერთი, ორი ან სამი უცხო ენა წყალივით მოედინება მათი ბაგეებიდან და მაჯაზე ბენდენის ნაცვლად ,,როლექსის“ თუ არა ,,მაიკლ ქორსის“ საათი მაინც უკეთიათ. ვფიქრობ, დიდი ძალისხმევით მოპოვებული ჭკუის დაკარგვა უფრო დასანანია და ამაშია ნეტა საქმე? როდესაც ძვირს იხდი, მერე მისი იოლად დაკარგვა რთულია...ერთი უკიდურესობიდან, მეორეშე გადავარდნა, ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდის. სწორედ ასეა, მაშინ ქალს არ იცნობდნენ ისე მოჰყავდათ ცოლად, დღეებს, თვეებსა და ზოგჯერ წლებსაც კი ატარაბენ ერთად და ბოლოს ფრაზა: ,,არ მინდა ემოციურად დამიახლოვდე...“. არ გეგონოთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ძალიან რეალურმა მამაკაცმა უთხრა, ძალიან რეალურ, ლამაზ ქალს. რას ნიშნავს ეს, ემოციურად არ დამიახლოვდე? სადმე ასეთი რამეც წერია: ,,თუ გინდა მამაკაცმა შენზე ჭკუა დაკარგოს, არასდროს უყურო მასთან ერთად მელოდრამას და არასდროს ანახო შენი ცრემლები?“. ესეც ნათელი გონების შედეგია, რომ ურთიერთობა რაციონალური მდგომარეობის ჩარჩოებში მოექცეს, ყოველგვარი სპონტანურობისა და ღმერთმა დაგვიფაროს, ემოციების გარეშე? ერთმნეთს შევხვდეთ ხუთშაბათს და შაბათს, კვირას არა, ორშაბათი მძიმე დღეა. სექსი გვქონდეს ხუთხშაბათს, იმიტომ რომ პარასკევს სამსახური 10:30 მეწყება? ამის პარალელურად, ქალმა უნდა იფიქროს, შიშველი მხარი გამოაჩინოს, თუ რბილი მუცელი, თმა ქერად შეიღებოს, თუ ბუნებრივად წითური დარჩეს და ასე წვალებით მივალთ შედეგამდე, როდესაც მამაკაცი დაკარგავს ჭკუას და თუ ძალიან გაგვიმართლა ემოციურადაც დაგვიახლოვდება, ალბათ დროებით.
არა, არ ვარ რადიკალური. მოთხოვნა ისეთი შინაარსის რჩევებზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მართლა დიდია და დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ ჭკუიდან შეშალონ მამაკაცები და ასევე ბევრნი არიან ისეთი მამაკაცები, რომელთაც ურთიერთობის, ქალსა და კაცს შორის რომ არის იმ ემოციური ურთიერთობის, უბრალოდ ეშინიათ. მე ფსიქოლოგი არ ვარ და ყველა ფსიქოტიპის ადამიანს არ ვიცნობ. არც მკურნალობის მეთოდი ვიცი და ვერც ამ შიშის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვიმსჯელებ. ამიტომ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ვიცი, იმას დავწერ და თუ გნებავთ რეცეპტად მიიღეთ: დედამიწაზე შეიქმნა მხოლოდ ორი საწყისი - კაცი და ქალი, მესამე, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ უბრალოდ არ არსებობს. მხოლოდ ამ ორი საწყისის ერთად ყოფნით შეუძლია თითოეულს ჭკუის დაკარგვა. ჩვენ გვაკარგვინებს ჭკუას კონკრეტულად იმ ერთის და განუმეორებელის ფეხის შიშველი ტერფი, ჩვეულებრივი ფერის თვალები, გრძელი ან მოკლე თმა, უბრალო მაისური, უმაკიაჟო სახე, სექსუალური საცვალი, კარგით, არა კუბიკებიანი მუცელიც. ჩემი აზრით, ერთი კარგავს ჭკუას მეორეზე და ის მეორე ამ ერთზე, სრულაიდ ბუნებრივად და კანონზომიერად, აუცილებლად ემოციურად და უსაზღვროდ, სწორედ იმიტომ, რომ ამ ერთის თვალებში ხედავს საკუთარ გამოსახულებას ისე, როგორც ვერავისთან და ვერსად დედამიწაზე.
მიყვარხარ, მაგრამ...
პირველად ეს სიტყვა მაშინ მითხრეს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და მთელ დღეს ეზოში ვატარებდი. საერთოდ ჩემი ცხოვრების საკუთესო წლები ბენდელიანის ქუჩის ხუთი კორპუსის გარშემო გაშენებულ, გამწვანებულ არაჩვეულებრივ ეზოს უკავშირდება. ,,კაზაკი რაზბოინკი“, რეზინობანა და წრეში ბურთი, არანაირი ,,აიფადი“, ,,პოდი“ და ,,ტაბი“. ჩემი უბნელი ბიჭები მუდვიმ დაძაბულობაში იყვნენ დოლიძის ქუჩის ბიჭებთან. ,,დოლიძელეები“ (მათ ასე ვეძახდით) ველოსიპედებით (დესნადვა)ეშვებოდნენ ხოლმე და იმართებოდა ე.წ. ,,რაზბორკა“. როგრც მახსოვს, ,,დოლიძელეები“ უფრო ,,კრუტოი“ ტიპები იყვნენ და ამ წოდების შენარჩუნებას სწორედ ზემოხსენებული ,,რაზბორკებით“ ცდილობდნენ, რომელთაც სისტემატური ხაიათი ჰქონდა. ჩემი მეგობარი ნატო, ერთ-ერთი დოლიძელის კლასელი და, შემდეგ შეყვარებული და ახლა კიდევ ცოლია. ნატოს ,,პონტში“ ,,კრუტოი“ ტიპები ჩვენც გავიცანით, მაგრამ საქმე მხოლოდ გაცნობით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა ყველაზე ,,კრუტოიმ“, ერთ დღესაც ,,გარაჟების“ (ავტოფარეხი რომ ქვია ვიცი, უბრალოდ გარეჟები იმდროინდელი ტერმინია) სახურავზე ამიყვანა და ასე მითხრა: მოკლედ, მიყვარხარ...დაბნეულობისგან ისე გავწითლდი, როგორც არასდროს მანამდე და მარტივად ვუპასუხე: ვიცოდი...
რაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იყო ის, თუ რა რთულია როდესაც ,,მიყვარხარ“-ს პირველი ამბობ. შეგრძნება, როდესაც მუცელში პეპლები იწყებენ ფრენას და პარალელურ რეჟიმში ლიფტი იწყებს უწყვეტ ასვლა-ჩასვლას. თითქოს მხოლოდ ერთი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე რთული და ამოსათქმელად ყველაზე მძიმე. ჩემი აზრით, ზოგადად ურთიერთობა, პირობითად ორ ეტაპად იყოფა: ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიყვარხარ“-ს მერე. ,,მდე“, ყველაზე ლაღია, გაზაფხულია, ფრინავენ პეპლები, ათასფერ ფერებად, თუ გაგიფრინდება დღეს ერთი ხვალ ათი დაბრუნდება... პეპლების ფარფატს სწორედ ის განაპირობებს, რომ ჯერ არაფერი გავალდებულებს. ძალიან პრაგმატულად რომ შევხედოთ, სწორედ ასეა. ამ დროს ერთი ელოდება მეორეს და მეორე? მეორე ღელავს, ვერ ვიტყი, რომ უმიზეზოდ, იმიტომ რომ თუ გიყვარვარ, მაშინ... რაღაც ეტაპის მერე, მხოლოდ პეპელების ფრენა აღარ გაკმაყოფილებს. შეიძლება უხეში ნათქვამია, მაგრამ, დიახ, არ გაკმაყოფილებს, გინდა რომ იფრინონ პეპლებმა, მაგრამ ამასთან ერთად გინდა, უბრალოდ გჭირდება რომ იცოდე, ისინი არა უმიზეზოდ, არამედ მხოლოდ შენთვის, შენს გარშემო ფრინავენ. მდე-დან მერე-ზე გადასვლა ყველაზე რთულია ალბათ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს წმინდა ქართული, ეროვნული შიშია, ,,თუ გიყვარვარ მაშინ“-ის შიში. რა თქმა უნდა, ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. აი ის სერია, გაბრაზებული ქერი, გაბრაზებული იმიტომ, რომ რომ არ იცის, იმიტომ რომ არ უთხრეს ,,მიყვარხარ“, თავის ძველ ნაცნობთან ერთად მაგრად რომ გამოტყვრება. დილით მისტერ ბიგი, მისთვის არადამახასიათებლად და საკმაოდ ბანალურად იქცევა, ურეკავს და ეუბნება: ,,YES, I FUCKING LOVE YOU...“ ბევრი ქართველი მამაკაცისგანაც მომისმენია ქართველი ქალის კრიტიკა ამის გამო, მათი ყველაზე აუტანლი თვისება სწორედ ეს არისო: როგროც კი ეტყვი მიყვარხარ, ის ჯერ ვირტუალურად გადმოდის შენს სახლში, მიგითეთებს იატაკზე დაყრილ წინდებზე, ჩაის ფერით გაყვითლებულ მაგიდაზე, შენს ,,ზალაში დგამს სტენკას“ და დღეში მილიონსამასიათასჯერ გეკითხება: სად ხარ? ძალიან გულწრფელად, ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ზოგადად, თვითმიზანი სადმე დამედგა ,,სტენკა“, ან თუნდაც დესაუ, არასოდეს მქონია, მაგრამ ყოველთვის როდესაც მიყვარდა და იმჯენჯერ რამდენჯერაც მიყვარდა, ვფიქრობდი და ვოცნებობდი, იმ ადგილებზე, სადაც ,,მასთან“ ერთად წავიდოდი, იმ დღეებზე, რომელთაც ,,მასთან“ ერთად გავატარებდი, ემოცეიბზე და შეგრძნებებზე, რომლებიც იქნებოდა ,,ჩვენი“ და არა მხოლოდ ,,ჩემი“. არ ვიცი, სად გადის ზღვარი ,,სტენკასა“ და სიყვარულს შორის.
ყოველთვის როდესაც ბლოგს ვწერ, არ ვფანტაზიორობ, რეალური ადამიანების რეალურ ურთიერთობებზე ვწერ. ძალიან რეალური ლამაზი გოგო და ასევე რეალური, ცოტა მოწყენილი ბიჭი პეპლებიანი რომანის მონაწილეები გახდნენ. ჰქონდათ ურთიერთობა ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიხვარხარ“-ს მერეც, ის ვარდისფერი კვადრატი, სადაც შეყვარებულები შეიყუჟებიან ხოლმე გარესამოყაროსგან მოწყვეტილები. ბევრი იფრინეს მათმა პეპლება თუ ცოტა იფრინეს, მივიდნენ აქამდე - მიყვარხარ, მაგრამ... ისევ ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. მათი ურთიერთობა ალბათ ძალიან ბევრი წყვილის ურთიერთობას ჰგავს. ადამიანები ხვდებიან ერთამენთს, თავდავიწყებით უყარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, ლეწავენ თეფშებს, სამზარეულოს მაგიდაზე აქვთ გიჟური სექსი, სეირნობენ ფოთოლცვენაშიც და წვიმაშიც, თეთრ თოვლზე ხატავენ ანგელოზებს, უსმენოდ მღერიან საყვარელ სიმღერებს, კოცნაობენ მანქანის უკანა სკამზე, პოულობენ ბედნიერების ვარდისფერ კვადრატს და უცებ ერთ-ერთი აკვეტებს ,,მაგრამ“-ს. ბუნებრივია, მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ყველა ასეთი ურთიერთობის დეტალი, ყველა რეალური ურთიერთობის დეტალი, მაგრამ თუ ქერისა და მისტერ ბიგის მაგალითზე ვიმსჯელებ, მისტერ ბიგს არ ჰქონდა, მართლა არ ჰქონდა მიზეზი - ,,მაგრამ“. თავისუფლების დაკარგვის უსაფუძვლო შიში, იმიტომ რომ რეალურად, ,,თქვენი“ თავისუფლება ,,ჩვენ“ არაფერში გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება დრო - გატარებული ერთად, ნამდვილად გვჭირდება სიურპრიზები და სისულელები, ზოგჯერ ,,ჟელიბონები“ და ზოგჯერ ბრილიანტის ბეჭდებიც, მაგრამ თავისუფლება, არა. ალბათ არსებობს კიდევ სხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზები რომლებიც იწვევენ ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს. მისტერ ბიგმა ცოლად მაღალი და სწორთმიანი ნატაშა მოიყვანა. დაბალი და ხუჭუჭა ქერი არ შეიძლება ყოფილიყო მისი ცოლი? არც ეს არის წმინდა ქართული ფენომენი, ჩემი რძალი ექიმი უნდა იყოს, ან იურისტი. წინასწარ განსაზღვრული, შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები. ე.წ. ,,სწორი“ გადაწყვეტილებები, ,,შესაფერისი არჩევანი“. ,,შესაფერისი არჩევანი“, რომელიც უნდა გიყვარდეს და მე გიყვარვარ, მაგრამ... თავისუფლების დაკარგვის შიში, რაციონალური გადაწყვეტილება და ყველა სხვა მიზეზი მე უსუსური მგონია, თუ გიყვარვარ. ამიტომაც არ მესმის და არც მინდა გავიგო, რას ნიშნავს ,,მიყვარხარ, მაგრამ“. თუ გიყვარვარ, ნუ აკვეტებ ამ ,,მაგრამ“-ს. ესეც ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იბადებიან და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეორე ნახევრის ძიებაში არიან. ზოგი ადრე პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგი რამდენიმეს პოულობს და ზოგიც ვერასოდეს პოულობს. ექსპეტი ამ სფეროშიც არ ვარ, უბრალოდ, ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ მათზე, ვინც ვერასოდეს პოულობს, მერე მახსენდებიან ისინი, ვინც ერთმანეთი იპოვა და ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს გამო დაკარგა.
არ ვიცი ლამაზი გოგოს და მოწყენილი ბიჭის სიყვარული რამდენად ძლიერია, უფრო სწორად, სიყვარული უფრო ძლიერია, თუ ,,მაგრამ“. ყოველთვის მგონია, რომ სიტყვები მიაქვს ქარს და ნაწერს აღიქვამს თვალი გადასცემს, გონებას, მერე გულს, ან პირიქით, არ ვიცი. ეს ბლოგი თითქოს წერილია ოკეანეში გადაგდებულ ბოთლში და თუ ის ,,შენთან“ მოცურდება, მისი მორალი ასეთია: მე არ დავდგამ ,,სტენკას“, შენ თუ არ მეტყვი ,,მიყვარხარ მაგრამ..“-ს.
აჩვენე ბიძიას კუტუ!
ის რომ მამაკაცების მიმართ ანტაგონისტურად არ ვარ განწყობილი, თავიდანვე ხაზგასმით მინდა გითხრათ. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები, სხვადასხვა დროსა და ადგილას, მამაკაცებთან ფლირტობასა და კეკლუცს უკავშირდება. ეს საუკეთესო ჰობია, ქალს რომ უნდა ჰქონდეს იმ ჰობის შორის, ვინაიდან ქალის ყველა ქალური თვისება, სინაზით დაწყებული, აბრჭყვიალებული თვალებით დამთავრებული, მხოლოდ მამაკაცთან ფლირტის დროს მჟღავნდება. ფლირტის ხელოვნებაში რამდენად გაწაფული ვარ, ეს ჩემი აქაჩული წარბის ობიექტებს უნდა ჰკითხოთ, მე ჩემი მხრიდან მგონია, რომ რამდენიმე საფირმო ილეთი ვიცი, რომელთა ე.წ. დაპატენტებაზე მიფიქრია.
შეიძლება აზრი გაგიწყდეთ, მაგრამ პატარა გადახვევა აუცილებლად უნდა გავაკეთო. ზემოხსენებული აქაჩული წარბი და ოდნავ გადმოყვლეფილი თვალები, მე, თავის დროზე, გაპრანჭვის საუკეთესო ,,ხერხი“ მეგონა და გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი მეგობრის ქმარი, წლების შემდეგ გამომიტყდა: პირველად ქორწილში რომ გნახე, თვალებს და წარბებს ისე ამოძრავებდი, შემეცოდე და წიკიანი მეგონეო.
ახლა ისევ კაცებს მივუბრუნდები. საკითხის აქტუალურობა მოითხოვს უბრალოდ, რომ ჩემი, როგროც თვითმარქვია ბლოგერის, პოზიცია დავაფიქსირო და თქვენც გაგიზიაროთ. საქმე აი რაშია: ბოლო დროს და ალბათ არა მხოლოდ ბოლო დროს, ვისმენ ისტროებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სადაც მოქმედი გმირი მამაკაცი, იმდენად აუტანლად იქცევა, რომ გინდა არ გინდა გათქმევინებს, ყველა კაცი მართლა ... ხომ არ არისო?! ამ მოსაზრებას მე სასტიკად არ ვიზიარებ! სასტიკად არ ვიზიარებ, გრამატიკულად მაინც და მაინც გამართული არ არის, მაგრამ ჩემს კატეგორიულობას უსვამს ხაზს. არ მგონია, რომ ყველა კაცი ერთნაირია, არა! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მამაკაცების, გარკვეული ტიპის მამაკაცების, ქცევით, მოქმედებით, თუ უმოქმედობით და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობით, სიტყვით, თუ უბრალო მზერით, გულნატკენი, იმედგაცრუებული, თოვლივით შეურაცხყოფილი ქალი ბევრია. მე არ ვწერ ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომელშიც ქალიცა და კაციც თანაბრად შეიძლება მოიქცეს ცუდად, უღირსად ბოროტად, ლამაზად უშნოდ ან უგვანოდ. ურთიერთობის დროს ჩადენილი განზრახი თუ გაუფრთხილებელი, პატარა თუ დიდი შეცდომები არ არის ჩემი ბლოგის თემა. მე მინდა დავწერო წმინდა ქართულ, ეროვნულ ფენომენზე - დე, ჩაის მორეული აქვს?!
არსებობს მამაკაცების ეს კატეგორია, ბევრი არა, მაგრამ ჩემს ნაცნობობაშიც არიან ასეთები, თავისთავად ის ფაქტია რომ აფიქრებინებს საკუთარ უპირატესობაზე, რომ კაცია. სათქმელამდე ლოგიკურად რომ მივიდე და თქვენც რომ გაგაგებინოთ რისი თქმა მინდა სულ თავიდან დავიწყებ.
საშუალო სტატისტიკურ ოჯახში, სადაც დედა, როგროც წესი დიასახლისა და მამა ღიპიანი ,,ბიძა“, რომელსაც შავი ,,ვოლგა, ან შავი გემივით დიდი ჯიპი ემსახურება, იბადება ბიჭი. ბიჭის დაბადების ფაქტი, სიხარულითა და აღტაცებით, ბუნებრივია, აღემატება ამავე ოჯახში გოგოს დაბადების ფაქტს. დაბადების მომენტიდანვე ,,ჩვენი ბიჭი“, განსაკუთრებული სითბოთი და ალერსით იზრდება. სითბოს ძირითადად დედა, ბებია, დეიდა, მამიდა, ბებიის და და მათნაირები გამოხატავენ. მამას, როგორც წესი, არ სცალია. მას ბევრი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, ევრო-ინტეგრაციიდან დაწყებული, ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნებით დამთავრებული, ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად, არ სცალია ნანატრ ბიჭთან ფეხბურთის სათამაშოდ, მისთვის წიგნის წასაკითხად და არც უბრალოდ სასაუბროდ. ყველაზე თბილი სიტყვა რაც მამას ემეტება, თავში ხელის წამორტყმით ნათქვამი ,,შე, ვირიშვილო!“-ა. მამა ე.წ. გადამხდელია, ის აძლევს დედას ფულს, ფულით კი ბევრი რამის ყიდვა შეიძლება... მამა ,,ჩვენი ბიჭის“ ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდება, მაგრამ არის დღეები, როდესაც ის მამის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ოჯახში შეკრებილი აურაცხელი სტუმრის თანდასწრებით, საამაყო ბიჭს ოთახიდან იხმობს, სკმაზე შემოაყენებს და ამაყად მიმართავს: ,,აჩვენე ბიძიებს კუტუ!“. ჩვენი ბიჭი იზრდება, წლების მატებასთან ერთად, ილეთი ,,აჩვენე ბიძიას კუტუ“, სულ უფრო მეტ უხერხულობას იწვევს მასში, მაგრამ ამავე დროს, სულ უფრო უღვივებს იმ მოსაზრებას, რომ მისი ,,კუტუ“, რაღაც უპირატესობაა, რაღაც ისეთია, რაც ამდენ ნაცნობ თუ უცნობ ბიძიას აღაფრთოვანებს. კვლავ გადის წლები, ჩვენი ბიჭი დადის სკოლაში, მაინცდამაინც კარგად არ სწავლობს, მაგრამ დედა მაინც ყველა სურვილს უსრულებს, წინდებსაც ლოგინში აცმევს და შარვლის შიგნით შალის კოლგოტსაც, უბრალოდ, რომ არ გაცივდეს. თბილ საუზმესაც ხელით აჭმევს და ქუდსაც თავად ახურავს, მისი ,,უპირატესობით“ სტუმრად მოსული დეიდები და ბიძიები აღარ ინტერესდებიან, რაც ბუნებრივად ,,ჩვენი ბიჭის“ დაბნეულობას იწვევს. ყურადღებას მიჩვეული ,,უპირატესობის“ დემონსტრირებას თავად ცდილობს, მაგრამ მისი ტოლი გოგონების ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ამასობაში მოდის უმაღლესში ჩაბარების დრო. უნივერსიტეტში სწავლა-არსწავლის საკითხი არც განიხილება, ისედაც ცხადია, რომ ან ეკონომიკურ ურთიერთობებს უნდა დაეუფლოს, ან იურისპრუდენციას. უმაღლესში საბუთების ჩასაბარებლად, თუ ახლა უკვე ონლაინ განაცხადის გასაკეთებლადაც, დედასთან ერთად მიდის და სტომატოლოგთან ვიზიტიც დედის დაგეგმილია. მამა კვლავინდებურად პასიურია, მაგრამ კვლავინდებურად იხდის, ფულს, სხვა რამე არ იფიქროთ. პარალელურად კვლავ იზრდება ინტერესი მისი ,,უპირატესობის“ მიმართ, ბავშვობის მოგონებები, ამტკიცებს მოსაზრებას, რომ მისი უპირატესობა მართლაც არაჩვეულებრივი და განსხვავებულია, სკოლის დროინდელი ,,ჩავარდნა“ აგრესიას უჩენს გოგოების მიმართ, რის გამოც ,,უპირატესობას“ სულ უფრო ხშირად შურისძიებისთვის იყენებს და სულ უფრო ნაკლებად სიამოვნებისთვის. ამასობაში ,,ჩვენი ბიჭი“ უკვე იმდენად დიდია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მისი გაშვება. თბილისიდან წასულ ნაცნობებს, დედა ხაჭაპურს, შემწვარ წიწილას და გარეცხილ თეთრეულს ატანს. ,,უპირატესობას“ სულ უფრო მნაკლებად ,,ახარჯავს“ ეროვნულ სეგმენტს და ახლო, თუ შორეულ მეზობლებზეა ორიენტირებული. ,,უპირატესობისადმი“ გამოხატული ყურადღების ზენიტს, სწორედ ასეთი, არაეროვნული ურთიერთობის დროს აღწევს და სულ უფრო მეტად ენანება მისი არაჩვეულებრივი ,,უპირატესობა“ ეროვნული სეგმენტისთვის. ასე გადის კიდევ ბევრი წელი და ჩვენი 38 წლის ბიჭი, მაინც ბიჭია, მაინც ბავშვია, მაღალანაზრაურებული სამსახური კი აქვს და ახლა თავისი საკუთარი შავი ჯიპიც, მაგრამ მაინც დედასთან ცხოვრობს, მაინც დედა უმზადებს დილას პერანგს, თაფლიან არაჟანს ქიშმიშებს აყრის და ,,ჩვენი ბიჭი“ აბაზანიდან ეძახის - დეეე, ჩაის მორეული აქვს?!.....
სწორედ ასეთი 38 წლის ბავშვი ხდება ხოლმე რომელიმე ჩვენთაგანის ქმარი, შეყვარებული ან საყვარელი და ოდესაც დილას ჩაის მორეული არ აქვს....
თითქოს სასაცილოა ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი პირიქით, სევდიანია. ,,ჩვენი ბიჭი“, 38 წლის ,,შემდგარი“, ,,წარმატებული“, ,,ლოჯისტიკის მენეჯერი“, თითქოს ყველაფერი აქვს, თითქოს არც ალერსი დაკლებია და არც სითბო, არც საჭმელი და არც თბილი წინდები, მაგრამ მაინც უგვანოდ - ,,ცოლო ნასკი გამხადეს“ არ ყვირის, მაგრმა სწორედ ასე იქცევა. ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა ასე, რატომ ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, უპირატესია? პულტის სწრაფი გადახვევის მეთოდს იმ დღემდე მივყავართ, როდესაც პირველად ,,გამოათრიეს“ საკუთარი მყუდრო ოთახიდან, სავარუდოდ გააღვიძეს, ტკბილად ჩაძინებული და მილიონი უცხო ადამიანის წინაშე გააშიშვლეს. ,,აჩვენე ბიძიას კუტუ!“, ქართული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ჩემი აზრით. ის ბადებს უამრავ კომლექს, უამრავ მაინკიერ თვისებას, რაც წლების შემდეგ ქალთან ურთიერთობაში ურთიერთობის ვულკანად გადაიქცევა ხოლმე. მწარე რეალობა, ჩვენი ბიჭისთვის, მაშინ ხდება ცხადი, როდესაც რამის გამოსწორება იმდენად გვიანია, რომ თითქმის შეუძლებელია. უსაშველოდ გვიან გაიგებენ ხოლმე, რომ მათი მსგავსი ,,უპირატესობა“, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აქვს და რომ მათი უბრალო უმრავლესობა იგივე დანიშნულებით იყენებს, რომ ეს არ არის გაფეტიშების ობიექტი და უბრალო ფიზიოლოგიაა, რომ ურთიერთობას არ ჰყავს დირექტორი და ,,ნასკის“ სარეცხის მანქანაში შეგდება, ჩინ-მედლებს და მითუმეტეს კაცურ ღირსებას არაფერს ავნებს, რომ სექსი ქალისა და კაცის ურთიერთშერწყმაა და არა კაცის ბატონობა ქალზე, რომლის დროსაც ორივემ თანაბარი სიამოვნება უნდა მიიღოს.
ამის გათავისება პირობითად 38 წლის ასაკში, შეუძლებელიათქო ვწერ, მაგრამ, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ არის შესაძლებელი, გადადგით პირველი ნაბიჯები, მოურიეთ ჩაის კოვზით!
Thursday, November 13, 2014
სად წავიდა თაფლი?
ჩემთვის ნაცნობ მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ენაზე ეს სიტყვა, უფრო სწორად ეს პერიოდი თაფლის ჭამასთან ასოცირდება. დიახ, სწორედ თაფლის დასაგემოვნებლად მიემგზავრებიან რუსი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუ ჩვენი მშობლების თაობის აბსოლუტური უმრავლესობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის თაფლს თუ არა, ,,სოჩენსკაია სმეტანა“ გადასმულ ,,ბულკს“ მიირთმევდა საუზმედ, თანამედროვე ქართველები - სწორედ რომ თაფლით გაჟღენთილი თურქული ფახლავათი იტკბარუნებენ პირს და ერთმანეთს საუკუნო ლხინსა თუ ჭირს, დარსა თუ ავდარს რომ გაუძლებს, ისეთ სიყვარულს ეფიცებიან... როდესაც ჩემი თაფლის ჭამის დრო დადგა, ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფრო ზუსტად კი სამსახურებრივი უნარების გასაუმჯებესებლად, გერმანიის სოფელ გარმიშ-პარტენკირხენის სასწავლო ცენტრში მიავლინეს. თბილისში მარტო დარჩენასა და მის ლოდინში უძილო, ცრემლიანი ღამეების გათენებას თაფლის ჭამა ვარჩიე და თან გავყევი (თან წამიღო, როგორც იტყვიან).
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.
ქოქო
ამ ბლოგის წერა რამდენიმე კვირის წინ დავიწყე, მაგრამ შესავალშივე ,,გავიჭედე“ და თავი დავანებე. რთულია იმაზე წერა, რაც შენ ძალიან გიყვარს და რაც უკვე შენი არ არის. ალბათ, ამიტომ გამომივიდა შესავალი უსაშველოდ დიდი და მთავარ სათქმელამდე მისვლა გამიჭირდა. მე ვწერდი სიკეთეზე და სიყვარულზე, იმაზე, რომ როდესაც პატარა ვიყავი, დედა ასე მეფერებოდა: „შენს ყველა წერტილს ვენაცვალე!“ სულ მაინტერესებდა, სად მქონდა წერტილები და ვეკითხებოდი: „დედა, აბა სად, სად მაქვს წერტილები?“
კიდევ ვწერდი ჩემს შვილებზე. მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო და მერე ნიკო მოევლინენ ქვეყანას, თავად მინდა, მათ ყველა წერტილს მოვეფერო და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩემს რისხვასა და ბრაზს იმსახურებენ, ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გავზარდო. ვწერდი იმაზეც, რომ ახლა უკვე ვიცი - ადამიანები ბევრი მილიონი და მილიარდი წერტილისგან შედგებიან, წერტილები სიხარულის, სიყვარულის, სინანულის, ავის და კარგის, კეთილისა და ბოროტის, როგორც ფაზლები, ისე აწყობენ ადამიანს შინაგან და გარეგნულ იერსახეს. ვწერდი, რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ და ვწერ ადამიანების ბოროტებაზე, ავისა და ცუდის კეთების სურვილზე. გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ არ მესმის ასეთი ადამიანების, არ მესმის რა ძალა ამოძრავებთ, ან ნეგატიურმა ემოციებმა რატომ მოიყარეს ასე უხვად თავი მათ გონებაში, სულსა და ხასიათში. ეტყობა ბავშვობაში დედები მათ ყველა წერტილებს არ ეფერებოდნენ....
მოკლედ, მაინც უსაშველოდ დიდი შესავალი გამომივიდა. ამ დროს კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ჩემს გარშემო ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ხალხს ვეცნობი, უკეთესად ვხვდები, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა...
ჩემი ბებია ქოქო, ყველაზე კეთილი ადამიანია მთელს მსოფლიოში. ეს სიტყვები შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და მტკიცება არ სჭირდება. მისი ბუნება მხოლოდ კეთილი წერტილებისაგან შედგება. ყველაზე გულჩვილი და სათუთი სულის მქონე ადამიანი, რომლის მსგავსსაც არასოდეს და არსად შევხვედრივარ.
როდესაც ადამიანზე წერ, რომ კეთილია, უბოროტოა, ლამაზია, საყვარელია, მტკიცებულების სახით რაღაც უნდა მოაყოლო, რომ სხვებმაც დაგიჯერონ და ასე სიტყვაზე არ გენდონ. ბევრი ამბავი და ფაქტი შეიძლება გავაცოცხლო წარსულიდან, იმ ზღვისპირა ვარდისფერი ლილიების წარსულიდან, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება...
ერთი სიტყვით რომ გითხრათ, სოხუმი ჩემთვის იყო ბედნიერება, ერთი დიდი, ფერადი, საინტერესო, უსაზღვრო, სიყვარულით სავსე, ზღვიანი და ქვიშიანი, ყველაზე გემრიელ ნაყინიანი, ღია კაფეებიანი, მეგობრებიანი, მხოლოდ ღიმილიანი ბედნიერება! ეს ბედნიერება ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა, როდესაც ვამბობ, რომ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდები, კვადრატულ მეტრებსა და ასფალტიან, თუ ქვიშიან ქუჩებს არ ვგულისხმობ. ტერიტორია, სადაც დღესაც სოხუმია, ალბათ ისევ ,,ფეხმისაწვდომია“ ჩემთვის. მაგრამ მე მხოლოდ ქუჩები და ლილიები არ მენატრება... მე მენატრება ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სოხუმს, ყველაზე ლამაზ ქალაქს დედამიწაზე, ადამიანები, რომელთა უმრავლესობა დღეს უბრალოდ ცოცხალი აღარ არის ამიტომაც მე ვეღარასოდეს დავბრუნდები იქ, ვეღარასოდეს დამხვდებიან ისინი!
სევდიანია ის რასაც ვწერ და სევდიანი ვარ მეც, ამის წერა რომ მიწევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, მოგიყვეთ სიკეთის ისტროია, რომელიც შეიძლება წაკითხვისთანავე დაგავიწყდეთ, მაგრამ მე სულ მემახსოვრება და ალბათ ყოველთვის ,,მაიძულებს“ ნებისმიერ დროს და ადგილას, ნებისმიერ ბოროტ თუ ავ ქმედებას, ჩემი მხირდან მხოლოდ სიკეთე შევაგებო.
ჩემს ბებია ქოქოს ყველა იცნობთ, მასზე არაერთხელ დამიწერია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირადად არ იცნობდით ადამიანს, რომელიც მხოლოდ დადებითი წერტილებისგან შედგებოდა, ის უბრალოდ არ ფიქრობდა ცუდზე, ავსა თუ ბოროტზე, უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ადამიანები, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით ივსებოდა და იყო ბედნიერი. ბედნიერების განცდა ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობაში. მიყვარს ქოქოს ეს თვისება და მიყვარს სამყაროს მისეული აღქმა, როგორ მინდა რომ თქვენც იგრძნოთ რასაც ვწერ. ქოქოს ნაცრისფერი, ბოლო წლებში სულ სევდიანი თვალები, ყოველთვის ბედნიერების ნაპერწკლებით ციმციმებდნენ! ქოქოს შესახებ რამდენიც არ უნდა ვწერო, სიტყვები არასოდეს მეყოფა, ამიტომ, როგორც შეგპირდით მხოლოდ ერთ ისტორიას მოვყვები, სიკეთის ისტორიას.
ქოქო პედიატრი იყო, სოხუმის საავადმყოფოში დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდა, მხოლოდ ბავშვები. სოხუმი საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქი იყო და შესაბამისად, ქოქოს პაციენტებიც სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ ....
როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, ჩვენ თბილისში წამოვედით. ქოქო და ბაბუ სოხუმში დარჩნენ. ეს ერთხელ უკვე დავწერე, არც ერთს არ სჯეროდა, რომ მათ აფხაზები ხელს ახლებდნენ, მათ სიცოცხლესა და მით უმეტეს ჯანმრთელობას შეეხებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზი და სომეხი ,,ბოევიკები“ ე.წ. სიებით ხელში დაძრწოდნენ დაბომბილი სოხუმის ქუჩებში და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ოჯახებს ადგილზე ხოცავდნენ. ძირითადად, წმენდა სოხუმის ინტელიგენციას შეეხო, იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ აფხაზეთს მეცნიერებისა თუ კულტურის სხვადასხვა დარგში.
გაავებული ბოევიკების ერთი ნაკადი ჩვენს ეზოშიც შემოიჭრა, გამწარებით ეძებდნენ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქალს. სოხუმში დარჩენილმა მერი ხაშბამ, პროფესორ მუშნი ხაშბას ქალიშვილმა და ქოქოს ნათლულმა, აუხსნა, რომ ის მეზობელი სახლიდან გაქცეულიყო. სად არის, დაჟინებით კითხულობდნენ ბოევიკები, უნდა ჩავხოცოთ, სკოლის მასწავლებელი იყო და ჩემს შვილს სულ ორიანებს უწერდაო...
ცოდვის ტრიალი იყო სექტემბრის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმში, ნამდვილი ცოდვის ტრიალი...
მერის კარებზე კიდევ ერთხელ დააკაკუნეს, მას კარის გაღების შეეშინდა, ბოევიკების დაჯგუფება, ამჯერად, ქეთევან ხაჟომიას (ქოქოს) კითხულობდა. ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ, აქედან უნდა გავიყვანოთ, მან ჩემი შვილი გადაარჩინა, როდესაც უფულოდ და უკაპიკოდ საავადმყოფოში მივედი, არავინ მომისმინა, მხოლოდ ქეთევანმა გასინჯა ჩემი შვილი, უმკურნალა, თავისი სახსრებით ყიდულობდა მისთვის წამალს და სახლიდან საჭმელი მოჰქონდაო....
ამაზე მეტს მე ვერაფერს დავწერ და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ეს ისტორია მერიმ დედას ტელეფონზე უამბო, წლევანდელი წლის 9 ან 10 ივნისს, როდესაც მე კიდევ უფრო მეტად, მილიონობით კილომეტრით, დავშორდით სოხუმს.
დეფიციტის დაძლევა შიდა ბაზრის გამოუყენებელი რესურსის დახმარებით
ქართული ეკონომიკის მდგრადი განვითარების მჯერა თუ არა, ამას არ გეტყვით და არც იმაზე დავწერ, რომ ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, ყველაზე გამართლებული სტრატეგიაა, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება აირჩიოს. ვინც ჩემს ბლოგებს ინტენსიურად ან არაინტენსიურად კითხულობთ, იცით, რომ რამდენიმე წელია სულ ერთი თემის გარშემო ვტრიალებ: ერთ-ერთი ბლოგი მამაკაცების დეფიციტსაც მივუძღვენი და ამაოდ ვეცადე გამეგო, თუ რა სურთ ქართველ მამაკაცებს. მოკლედ, ბევრი ვეცადე თუ ცოტა, ერთი ურთიერთობის დაწყების ნაპერწკალიც ვერ დავანთე. ხელი არასოდეს ჩამიქნევია და ამ პრობლემაზე გამუდმებით ვფიქრობთ. კი, მაქვს ბევრი სხვა საფიქრალიც, მაგრამ ეგრევე ნუ გამაკრიტიკებთ, ჯერ კარგად მომისმინეთ.
უკანასკნელი შვიდი წელია, ანუ მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო მოევლინა ქვეყანას და შემდეგ უკვე ნიკო, ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელ 20 დღეს ბაკურიანში ვატარებ. ბაკურიანში ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან ბევრი ჟანგბადი, ძალიან ლამაზი მთები, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცა და ჩემი აღმოჩენა - რაინდები ცხენებზე! ე.წ. რაინდებზე, მხოლოდ ორი დღის წინ დავფიქრდი, როდესაც სანდრო ნახევარი საათით ცხენზე საჯირითოდ გავაცილე. პირველად, როდესაც ცხენზე დავსვი - ორი წლის იყო, მაშინ მეც მასთან ერთად ვჯდებოდი და ასე ერთად მივდიოდით სასეირნოდ ტყეში. ცხენის პატრონები, ძირითადად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები არიან. დილას ადრე ადგომა რომ არ ეზარებათ და სახეზე არაჩვეულებრივი რუჯი რომ აქვთ ისეთები. მართალია, მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ნახევარსაათიანი გასეირნების საფასურის გადახდის შემდეგ, მეცხენე ბიჭებზე აღარ მიფიქრია. შემდეგ წელს, ანუ როდესაც სანდრო 3 წლის გახდა, ის უკვე დამოუკიდებლად ჯდებოდა ცხენზე, მაგრამ მე, როგორც მზრუნველი ქართველი დედა, ძუნძულით მივყვებოდი უკან. ასე ვთქვათ სასიამოვნოს სასარგებლოს ვუთავსებდი და საუზმეზე ლიმონის ნამცხვრისა თუ ფუმფულა ხაჭოს ალადების მირთმევით მიღებული კალორიების დაწვას ვცდილობდი. დადგა მორიგი წელიც, როდესაც ძუნძული გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღარ შემეძლო და არც მიღებული კალორიების დაწვას ჰქონდა აზრი, ისედაც ძროხას, ან შეიძლება უფრო ბეჰემოტს ვგავდი და ნიკოს დაბადებისთვის ვემზადებოდი. ყველა ზემოხსენებულ მეცხენე ბიჭს შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, სწორედ ამ წელს გაცნობილი მეცხენე ბიჭი - ალბერტი აღმოჩნდა. უცნაური სახელის გამო, სანდრომ მას ,,სანდრო“ დაარქვა და დაუმეგობრდა. ყოველ დღე ალბერტი და სანდრო ერთად მიდიოდნენ საჯირითოდ, საღამოობით ერთად „აბირჟავებდნენ“ სხვა მეცხენე ბიჭებთან ერთად. ეს იყო ნამდვილი და გულწრფელი ორმხრივი მეგობრობა, თან ძალიან ერთგული და უღალატო. თუ ალბერტს რიმე მიზეზეზის გამო სანდროსთვის არ ეცალა, სანდრო სხვის ცხენზე არ ჯდებოდა და მორჩილად ელოდებოდა, თუ როდის მორჩებოდა ალბერტი ყანაში ფუსფუსს, დააპურებდა საქონელს და კიდევ, რა ვიცი, რამდენი და რა სახის საქმის მოგვარება უწევდა ბაკურიანელ ყმაწვილს.
ალბერტისა და სანდროს მეგობრობა ორი წელი გაგრძელდა. მთელი წელი ბაკურიანიდან ბაკურიანამდე ალბერტს, მის ცხენს, მასთან საუბრებს, ჯირითის დროს გადამხდარ ისტორიებს ვიხსენებდით. როდესაც შარშან ტრადიციისამებრ ბაკურიანს ვესტუმრეთ, პირველი რაც გავაკეთე, ალბერტი და მისი ცხენი მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ალბერტმა ცხენი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ წელს სანდრო ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ცხენების სიყვარულმა წყენა გადაავიწყა და ახალგაზრდა ძმები: ლევანი და ვასიკო გაიცნო. ეს ბიჭები დილიდან საღამომდე ცხენებით დაჰქრიან ბაკურიანში, მათ იცნობს ყველა სასტუმროს ადმინისტრატორი და დამსვენებელი ბავშვების დედები. ლევანისა და ვასიკოს მსგავსად ბაკურიანის თითქმის ყოველ მაცხოვრებელს ჰყავს ცხენი. თეთრ, ყავისფერ თუ შავ რაშზე ამხედრებული ,,რაინდები“ გამუდმებით დაჰქრიან ბაკურიანის ტყეებსა თუ ახლა უკვე ჩაბეტონებულ გზებზე. ამ სანახაობას ისე მივეჩვიე, თითქოს არაფერი, არა და ქალების ოცნება ხომ ცხენზე ამხედრებული რაინდია?! ამ აღმოჩენამდე ჩემი საყვარელი ზღაპრის, საყვარელი გმირის - კონკიას ისტორიამ მიმიყვანა. საღამოს, როდესაც ბავშვები მივაძინე და ლეპტოპით ხელში სასტუმროს ფოიეში გემრიელად მოვკალათდი, ტელევიზორში კონკიას თანამედროვე, ჰოლივუდური უნიჭო ეკრანიზაცია გადიოდა. ცოტა გული დამწყდა, ეს არაჩვეულებრივი ისტორია ასე უგემოვნოდ რომ წარმოაჩინეს, მაგრამ უცებ გონება გამინათდა. ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე მეოცნებე გოგონები და კონკიას ისტორია ერთმანეთს დავუკავშირე და მგონი ზემოთდასახული პრობლემის გადაჭრის გზასაც მივაგენი!
კონკია ერთი უსახური, მურიანი და მოწყენილი გოგო იყო კეთილი გულით. ფერიას მისთვის ულამაზესი კაბა და ბროლის ფეხსაცმელები რომ არ ეჩუქებინა, უფლისწული მას ზედაც არ შეხედავდა. კონკიას კეთილი გულითა და ლამაზი ფახულა თვალებით ისევ გოჭები, ინდაურები, ქათმები და თაგვები დატკბებოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული და თქვენ რომ ახლა კითხულობთ იმ ბლოგის მონახაზს ვაკეთებდი გონებაში, როდესაც ცხენზე გასეირნების სურვილით გულანთებული სანდრო სასადილოდან პირმოთხვრილი ამოვარდა და ელვის სისიწრაფით ლევანის ცხენს შემოახტა. ლევანი ვერ ვიცანი. გაბურძგნული შავი წვერი გაპარსული ჰქონდა, სალათისფერი, ახალგარეცხილი პერანგი ეცვა და უხერხულად ქვემოთ იყურებოდა. აი, ამ დროს კი, წინა დღის საღამო გამახსენდა, როდესაც ლევანმა ჩვენი სასტუმროს დამსვენებლის სალომეს შვილი - 3 წლის თემუკა მოიყვანა ნახევრსაათიანი ჯირითის შემდეგ. სალომე თემუკას წამოსაყვანად მივიდა და დაახლოებით 10 წუთი ჭიშკართან შეყოვნდა. ხელში თემუკა ეჭირა და ალბათ, ერთი სული ჰქონდა ეზოში შემოსულიყო, მაგრამ ლევანი სხვადასხვა კითხვებით თავს არ ანებებდა და ცხენზე სასეირნოდ ეპატიჟებოდა.
ორი წლის მანძილზე ლევანი წვერგაპარსული და პერანგში პირველად ვნახე. საკმაოდ კარგი გარეგნობის ბიჭი აღმოჩნდა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველებით და მთის ოქროსფერი რუჯით. მართალია, სალათისფერმა პერანგმა სალომეს თბილისში გამგზავრებაზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ქერა, გრძელფეხა სალომეა, რომელიც თავის უფლისწულს ელოდება ცხენზე ამხედრებულს? როგორც რეალობა აჩვენებს, ცხენზე ამხედრებული რაინდების ქალაქში ლოდინი, სრული უტოპიაა. თბილისში ლოჯისტიკის მენეჯერებს თუ შეხვდებით მხოლოდ, ჰალსტუხწაჭერილებსა და „რაღაცნაერი“ გაწელილი „ბაზრებით“ (გადავწყვიტე ლოჯისტიკის მენეჯერი ჩემს ყველა ბლოგში ერთხელ მაინც ვახსენო სხვადასხა კონტექსტში J). ნამდვილი რაინდები კი აქ, მთაში ცხოვრობენ, ქალის ფასიც რომ იციან და გემოც. მთელი დღე აიფონში კი არ იჩხრიკებიან, სლავური წარმოშობის ქალების უკანალის სანახავად, ცხენებზე ჯირითობენ ამაყი სახით, თივის ზვინებს აგებენ და ცხვრის ფარას მთის კენწეროზე მიერეკებიან. მერე რა, რომ მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის და შავი გაბურძგნული წვერიდან სახის ნაკვთების გარჩევა ჭირს. და თუ კონკიას ჰყავდა კეთილი ფერია, რომელმაც მას სუფთა ტანსაცმელი და ლამაზი თმის ვარცხნილობა აჩუქა, რატომ არ შეიძლება თანამედროვე გოგოები გახდნენ ფერიები ცხენოსანი რაინდებისთვის? ოცნებები მხოლოდ ზღაპარში არ ხდება და რომანტიკული ისტორიები თანამედროფე ტექნოლოგიებს ბოლომდე ჯერ არ გადაუსანსლავთ. აქ ბაკურიანში, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ცხოვრობენ წვერგაუპარსავი რაინდები, რომლებიც ისევე როგორც თქვენ, ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობენ. ტურიზმის დეპარტამენტი ისე შორს დგას ჩემგან, როგორც ლოჯისტიკის მენეჯმენტი, ამიტომ სამაჭანკლო ტურის ორგანიზება არამგონია კარგი იდეა იყოს. მე შემიძლია მხოლოდ გთხოვოთ, ჩამოდით ბაკურიანში და გაიცანით ისინი, ცხენით მოიარეთ აქაური ადგილები და შემდეგ პერანგის რეცხვისას „პერსილს“ გამოიყენებთ, თუ „არიელს“ ეს უკვე თქვენი საქმეა.
P.S. სანდრომ ალბერტი წელსაც გაიხსენა და შევპირდი, აუცილებლად მოგიძებნი მეთქი. დარწმუნებული ვარ, ორი წელი თბილისში თუ გაძლო ბაკურიანის მთებში გაზრდილმა ბიჭმაა, სოციალურ გვერდზე აუცილებლად ექნება თავის პროფილი და არაერთი თბილისელი პრანჭია გოგოს გულიც დაპყრობილი.
P.S. ალბერტისა და სანდროს ფოტოს აუცილებლად დავურთავ ბლოგს, თავად რომ დარწმუნდეთ...
მიჯნურობა
დღეს დილას ნიკომ ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იპოვა და ჭკვიანური სახით ფურცვლას შეუდგა. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ეს საქმიანობაც მალევე მობეზრდა და ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ჩემს ხელში აღმოჩნა. მას მერე რაც სიყვარულისა თუ მეგობრობის სამაგალითო თხზულებების წიგნი უკანასკნელად წავიკითხე, მთელი 17 წელი გავიდა.
ზუსტად ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ადამიანებს შორის ურთიერთობის დეფიციტზე, უურთიერთობაზე, უსიყვარულობაზე. ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელმაც ადამიანებს სულიერი საზრდო ,,წაართვა“, ბნელ 90-ანებზე, რომლებმაც უშუქობაში, კერასინკის სუნით გაჟღენთილი ჩვენი ურთიერთობა და მეგობრომა ასე მყარი გახადა. ჩემი მთავარი თემა მაინც უსიყვარულობაა, ალბათ არავინ შემეწინააღმდეგებით, რომ ეს ასეა. იმას ვგულისხმობ, ორი ადამიანი ერთმნეთს რომ ვერ ან არ ხვდება და ცალ-ცალკე ბოდიალი რომ ურჩევნია. ჩემთვის ეს არის ეკოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პრობლემაც. დღეს ნიკოს ხელიდან მოწოდებული ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იმ ორი დღის წინ დაწყებული საუბრის გაგრძელებად მეჩვენა.
,,გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდი უფრო წყლულად,
საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ მოკლულად!“
,,ვეფხის-ტყაოსანი“-ს სტროფების გარჩევით ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს, მით უმეტეს რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი თემა მაინც ექნება გარჩეულ-დაწერული თინათინისა და ავთანდილის სიყვარულზე, ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობაზე, ასმათისა და ტარიელის ურთიერთობის საჭვოობაზე, თემა თუ არა ნაფიქრი მაინც გვაქვს და ამას ახლა თავიდან აღარ მოვყვები. ჩემთვის გადავწყვიტე, ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ყოველ დღე წავიკითხო, ტექნიკურმა პროგრესმა სული რომ არ გამიცივოს და მიჯნურობის მიმართ ცინუკი არ გამხადოს.
თითქოს ყველას წაკითხული გვაქვს და თითქოს ყველას მოგვწონს, მაგრამ მაინც ჩემს გარშემო იმდენი ადამიანია, რომელსაც მეორე ადამიანის არსებობის საჭიროება არ აქვს, სოციალური ქსელში გამოხატული აქტივობა, საღამოს კლუბში გაცნობილ პარტნიორთან ,,ვან ნაით პონტი“, დილას ჰალსტუხი და ლოჯისტიკის მენეჯმენტი სავსებით საკმარისია ცხოვრების მშვენიერის შესაგრძნობად. ამ დროს არავინ ფიქრობს, რომ მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი... მაგრამ იქნებ ზემოხსენებული ,,ვაინ ნაით პონტიც“ თავის დროზე წაკითხული შოთას გავლენაა, პირდაპირ აღქმული და აქტიურ ქმედებაშ გამოხატული: ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“... გაცემაში რუსთაველი, მაინც მატერიალურ თუ სულიერი სიკეთის გაცემას გულისხმობა ჩემი აზრით და არა გრძნობისა და ემოციის გრძნობისა და ემოციის გარეშე გაცემ-მიცემას. თუმცა ყველას თავისი შოთა და ყველას თავისი ,,ვეფხის-ტყაოსანი“ აქვს.
დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი მიჯნურობაზე... მომწონს როდესაც ფოტოს მილაიქებენ და კომენტარში < 3 ვარიაციით გული იწერება, თანამედროვეობას მივყვები, მაგრამ ავთანდილის მსგავსად, მინდა ჩემი უნახაობით ვარდი ფერნაკლული შეიქმნას და ნახვამ გულში ცეცხლის ალი განაახლოს, ვგრძნობდე, რომ მიჯნურობა არის ტურფა, რომ სიყვარულსა მალვა უნდა...
დღეს დილას ნიკოს ,,ვეფხის-ტყაოსანი“ რომ არ ეპოვა, არაფერს დავწერდი და არაფერზე ვიფიქრებდი, წეროვანის მზით დავტკბებოდი მხოლოდ და არ გამახსენდებობა თინათით მზესა სწუნობდა, მაგრა მზე კი თინათინებდა...
კარგია როდესაც გიყვარს და კარგია როდესაც უყვარხარ, წაიკითხეთ ,,ვეფხის-ტყაოსანი“, მოძებნეთ ერთმანეთი თუნდაც სოაცაიალურ ქსელში დაწერეთ < 3 ვარიაციით შექმნილი გულები და სასიყვარულო წერილები.
Subscribe to:
Posts (Atom)