Thursday, March 5, 2015

მიყვარხარ, მაგრამ...

პირველად ეს სიტყვა მაშინ მითხრეს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და მთელ დღეს ეზოში ვატარებდი. საერთოდ ჩემი ცხოვრების საკუთესო წლები ბენდელიანის ქუჩის ხუთი კორპუსის გარშემო გაშენებულ, გამწვანებულ არაჩვეულებრივ ეზოს უკავშირდება. ,,კაზაკი რაზბოინკი“, რეზინობანა და წრეში ბურთი, არანაირი ,,აიფადი“, ,,პოდი“ და ,,ტაბი“. ჩემი უბნელი ბიჭები მუდვიმ დაძაბულობაში იყვნენ დოლიძის ქუჩის ბიჭებთან. ,,დოლიძელეები“ (მათ ასე ვეძახდით) ველოსიპედებით (დესნადვა)ეშვებოდნენ ხოლმე და იმართებოდა ე.წ. ,,რაზბორკა“. როგრც მახსოვს, ,,დოლიძელეები“ უფრო ,,კრუტოი“ ტიპები იყვნენ და ამ წოდების შენარჩუნებას სწორედ ზემოხსენებული ,,რაზბორკებით“ ცდილობდნენ, რომელთაც სისტემატური ხაიათი ჰქონდა. ჩემი მეგობარი ნატო, ერთ-ერთი დოლიძელის კლასელი და, შემდეგ შეყვარებული და ახლა კიდევ ცოლია. ნატოს ,,პონტში“ ,,კრუტოი“ ტიპები ჩვენც გავიცანით, მაგრამ საქმე მხოლოდ გაცნობით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა ყველაზე ,,კრუტოიმ“, ერთ დღესაც ,,გარაჟების“ (ავტოფარეხი რომ ქვია ვიცი, უბრალოდ გარეჟები იმდროინდელი ტერმინია) სახურავზე ამიყვანა და ასე მითხრა: მოკლედ, მიყვარხარ...დაბნეულობისგან ისე გავწითლდი, როგორც არასდროს მანამდე და მარტივად ვუპასუხე: ვიცოდი... რაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იყო ის, თუ რა რთულია როდესაც ,,მიყვარხარ“-ს პირველი ამბობ. შეგრძნება, როდესაც მუცელში პეპლები იწყებენ ფრენას და პარალელურ რეჟიმში ლიფტი იწყებს უწყვეტ ასვლა-ჩასვლას. თითქოს მხოლოდ ერთი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე რთული და ამოსათქმელად ყველაზე მძიმე. ჩემი აზრით, ზოგადად ურთიერთობა, პირობითად ორ ეტაპად იყოფა: ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიყვარხარ“-ს მერე. ,,მდე“, ყველაზე ლაღია, გაზაფხულია, ფრინავენ პეპლები, ათასფერ ფერებად, თუ გაგიფრინდება დღეს ერთი ხვალ ათი დაბრუნდება... პეპლების ფარფატს სწორედ ის განაპირობებს, რომ ჯერ არაფერი გავალდებულებს. ძალიან პრაგმატულად რომ შევხედოთ, სწორედ ასეა. ამ დროს ერთი ელოდება მეორეს და მეორე? მეორე ღელავს, ვერ ვიტყი, რომ უმიზეზოდ, იმიტომ რომ თუ გიყვარვარ, მაშინ... რაღაც ეტაპის მერე, მხოლოდ პეპელების ფრენა აღარ გაკმაყოფილებს. შეიძლება უხეში ნათქვამია, მაგრამ, დიახ, არ გაკმაყოფილებს, გინდა რომ იფრინონ პეპლებმა, მაგრამ ამასთან ერთად გინდა, უბრალოდ გჭირდება რომ იცოდე, ისინი არა უმიზეზოდ, არამედ მხოლოდ შენთვის, შენს გარშემო ფრინავენ. მდე-დან მერე-ზე გადასვლა ყველაზე რთულია ალბათ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს წმინდა ქართული, ეროვნული შიშია, ,,თუ გიყვარვარ მაშინ“-ის შიში. რა თქმა უნდა, ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. აი ის სერია, გაბრაზებული ქერი, გაბრაზებული იმიტომ, რომ რომ არ იცის, იმიტომ რომ არ უთხრეს ,,მიყვარხარ“, თავის ძველ ნაცნობთან ერთად მაგრად რომ გამოტყვრება. დილით მისტერ ბიგი, მისთვის არადამახასიათებლად და საკმაოდ ბანალურად იქცევა, ურეკავს და ეუბნება: ,,YES, I FUCKING LOVE YOU...“ ბევრი ქართველი მამაკაცისგანაც მომისმენია ქართველი ქალის კრიტიკა ამის გამო, მათი ყველაზე აუტანლი თვისება სწორედ ეს არისო: როგროც კი ეტყვი მიყვარხარ, ის ჯერ ვირტუალურად გადმოდის შენს სახლში, მიგითეთებს იატაკზე დაყრილ წინდებზე, ჩაის ფერით გაყვითლებულ მაგიდაზე, შენს ,,ზალაში დგამს სტენკას“ და დღეში მილიონსამასიათასჯერ გეკითხება: სად ხარ? ძალიან გულწრფელად, ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ზოგადად, თვითმიზანი სადმე დამედგა ,,სტენკა“, ან თუნდაც დესაუ, არასოდეს მქონია, მაგრამ ყოველთვის როდესაც მიყვარდა და იმჯენჯერ რამდენჯერაც მიყვარდა, ვფიქრობდი და ვოცნებობდი, იმ ადგილებზე, სადაც ,,მასთან“ ერთად წავიდოდი, იმ დღეებზე, რომელთაც ,,მასთან“ ერთად გავატარებდი, ემოცეიბზე და შეგრძნებებზე, რომლებიც იქნებოდა ,,ჩვენი“ და არა მხოლოდ ,,ჩემი“. არ ვიცი, სად გადის ზღვარი ,,სტენკასა“ და სიყვარულს შორის. ყოველთვის როდესაც ბლოგს ვწერ, არ ვფანტაზიორობ, რეალური ადამიანების რეალურ ურთიერთობებზე ვწერ. ძალიან რეალური ლამაზი გოგო და ასევე რეალური, ცოტა მოწყენილი ბიჭი პეპლებიანი რომანის მონაწილეები გახდნენ. ჰქონდათ ურთიერთობა ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიხვარხარ“-ს მერეც, ის ვარდისფერი კვადრატი, სადაც შეყვარებულები შეიყუჟებიან ხოლმე გარესამოყაროსგან მოწყვეტილები. ბევრი იფრინეს მათმა პეპლება თუ ცოტა იფრინეს, მივიდნენ აქამდე - მიყვარხარ, მაგრამ... ისევ ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. მათი ურთიერთობა ალბათ ძალიან ბევრი წყვილის ურთიერთობას ჰგავს. ადამიანები ხვდებიან ერთამენთს, თავდავიწყებით უყარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, ლეწავენ თეფშებს, სამზარეულოს მაგიდაზე აქვთ გიჟური სექსი, სეირნობენ ფოთოლცვენაშიც და წვიმაშიც, თეთრ თოვლზე ხატავენ ანგელოზებს, უსმენოდ მღერიან საყვარელ სიმღერებს, კოცნაობენ მანქანის უკანა სკამზე, პოულობენ ბედნიერების ვარდისფერ კვადრატს და უცებ ერთ-ერთი აკვეტებს ,,მაგრამ“-ს. ბუნებრივია, მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ყველა ასეთი ურთიერთობის დეტალი, ყველა რეალური ურთიერთობის დეტალი, მაგრამ თუ ქერისა და მისტერ ბიგის მაგალითზე ვიმსჯელებ, მისტერ ბიგს არ ჰქონდა, მართლა არ ჰქონდა მიზეზი - ,,მაგრამ“. თავისუფლების დაკარგვის უსაფუძვლო შიში, იმიტომ რომ რეალურად, ,,თქვენი“ თავისუფლება ,,ჩვენ“ არაფერში გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება დრო - გატარებული ერთად, ნამდვილად გვჭირდება სიურპრიზები და სისულელები, ზოგჯერ ,,ჟელიბონები“ და ზოგჯერ ბრილიანტის ბეჭდებიც, მაგრამ თავისუფლება, არა. ალბათ არსებობს კიდევ სხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზები რომლებიც იწვევენ ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს. მისტერ ბიგმა ცოლად მაღალი და სწორთმიანი ნატაშა მოიყვანა. დაბალი და ხუჭუჭა ქერი არ შეიძლება ყოფილიყო მისი ცოლი? არც ეს არის წმინდა ქართული ფენომენი, ჩემი რძალი ექიმი უნდა იყოს, ან იურისტი. წინასწარ განსაზღვრული, შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები. ე.წ. ,,სწორი“ გადაწყვეტილებები, ,,შესაფერისი არჩევანი“. ,,შესაფერისი არჩევანი“, რომელიც უნდა გიყვარდეს და მე გიყვარვარ, მაგრამ... თავისუფლების დაკარგვის შიში, რაციონალური გადაწყვეტილება და ყველა სხვა მიზეზი მე უსუსური მგონია, თუ გიყვარვარ. ამიტომაც არ მესმის და არც მინდა გავიგო, რას ნიშნავს ,,მიყვარხარ, მაგრამ“. თუ გიყვარვარ, ნუ აკვეტებ ამ ,,მაგრამ“-ს. ესეც ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იბადებიან და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეორე ნახევრის ძიებაში არიან. ზოგი ადრე პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგი რამდენიმეს პოულობს და ზოგიც ვერასოდეს პოულობს. ექსპეტი ამ სფეროშიც არ ვარ, უბრალოდ, ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ მათზე, ვინც ვერასოდეს პოულობს, მერე მახსენდებიან ისინი, ვინც ერთმანეთი იპოვა და ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს გამო დაკარგა. არ ვიცი ლამაზი გოგოს და მოწყენილი ბიჭის სიყვარული რამდენად ძლიერია, უფრო სწორად, სიყვარული უფრო ძლიერია, თუ ,,მაგრამ“. ყოველთვის მგონია, რომ სიტყვები მიაქვს ქარს და ნაწერს აღიქვამს თვალი გადასცემს, გონებას, მერე გულს, ან პირიქით, არ ვიცი. ეს ბლოგი თითქოს წერილია ოკეანეში გადაგდებულ ბოთლში და თუ ის ,,შენთან“ მოცურდება, მისი მორალი ასეთია: მე არ დავდგამ ,,სტენკას“, შენ თუ არ მეტყვი ,,მიყვარხარ მაგრამ..“-ს.

აჩვენე ბიძიას კუტუ!

ის რომ მამაკაცების მიმართ ანტაგონისტურად არ ვარ განწყობილი, თავიდანვე ხაზგასმით მინდა გითხრათ. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები, სხვადასხვა დროსა და ადგილას, მამაკაცებთან ფლირტობასა და კეკლუცს უკავშირდება. ეს საუკეთესო ჰობია, ქალს რომ უნდა ჰქონდეს იმ ჰობის შორის, ვინაიდან ქალის ყველა ქალური თვისება, სინაზით დაწყებული, აბრჭყვიალებული თვალებით დამთავრებული, მხოლოდ მამაკაცთან ფლირტის დროს მჟღავნდება. ფლირტის ხელოვნებაში რამდენად გაწაფული ვარ, ეს ჩემი აქაჩული წარბის ობიექტებს უნდა ჰკითხოთ, მე ჩემი მხრიდან მგონია, რომ რამდენიმე საფირმო ილეთი ვიცი, რომელთა ე.წ. დაპატენტებაზე მიფიქრია. შეიძლება აზრი გაგიწყდეთ, მაგრამ პატარა გადახვევა აუცილებლად უნდა გავაკეთო. ზემოხსენებული აქაჩული წარბი და ოდნავ გადმოყვლეფილი თვალები, მე, თავის დროზე, გაპრანჭვის საუკეთესო ,,ხერხი“ მეგონა და გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი მეგობრის ქმარი, წლების შემდეგ გამომიტყდა: პირველად ქორწილში რომ გნახე, თვალებს და წარბებს ისე ამოძრავებდი, შემეცოდე და წიკიანი მეგონეო. ახლა ისევ კაცებს მივუბრუნდები. საკითხის აქტუალურობა მოითხოვს უბრალოდ, რომ ჩემი, როგროც თვითმარქვია ბლოგერის, პოზიცია დავაფიქსირო და თქვენც გაგიზიაროთ. საქმე აი რაშია: ბოლო დროს და ალბათ არა მხოლოდ ბოლო დროს, ვისმენ ისტროებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სადაც მოქმედი გმირი მამაკაცი, იმდენად აუტანლად იქცევა, რომ გინდა არ გინდა გათქმევინებს, ყველა კაცი მართლა ... ხომ არ არისო?! ამ მოსაზრებას მე სასტიკად არ ვიზიარებ! სასტიკად არ ვიზიარებ, გრამატიკულად მაინც და მაინც გამართული არ არის, მაგრამ ჩემს კატეგორიულობას უსვამს ხაზს. არ მგონია, რომ ყველა კაცი ერთნაირია, არა! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მამაკაცების, გარკვეული ტიპის მამაკაცების, ქცევით, მოქმედებით, თუ უმოქმედობით და ხშირ შემთხვევაში უმოქმედობით, სიტყვით, თუ უბრალო მზერით, გულნატკენი, იმედგაცრუებული, თოვლივით შეურაცხყოფილი ქალი ბევრია. მე არ ვწერ ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომელშიც ქალიცა და კაციც თანაბრად შეიძლება მოიქცეს ცუდად, უღირსად ბოროტად, ლამაზად უშნოდ ან უგვანოდ. ურთიერთობის დროს ჩადენილი განზრახი თუ გაუფრთხილებელი, პატარა თუ დიდი შეცდომები არ არის ჩემი ბლოგის თემა. მე მინდა დავწერო წმინდა ქართულ, ეროვნულ ფენომენზე - დე, ჩაის მორეული აქვს?! არსებობს მამაკაცების ეს კატეგორია, ბევრი არა, მაგრამ ჩემს ნაცნობობაშიც არიან ასეთები, თავისთავად ის ფაქტია რომ აფიქრებინებს საკუთარ უპირატესობაზე, რომ კაცია. სათქმელამდე ლოგიკურად რომ მივიდე და თქვენც რომ გაგაგებინოთ რისი თქმა მინდა სულ თავიდან დავიწყებ. საშუალო სტატისტიკურ ოჯახში, სადაც დედა, როგროც წესი დიასახლისა და მამა ღიპიანი ,,ბიძა“, რომელსაც შავი ,,ვოლგა, ან შავი გემივით დიდი ჯიპი ემსახურება, იბადება ბიჭი. ბიჭის დაბადების ფაქტი, სიხარულითა და აღტაცებით, ბუნებრივია, აღემატება ამავე ოჯახში გოგოს დაბადების ფაქტს. დაბადების მომენტიდანვე ,,ჩვენი ბიჭი“, განსაკუთრებული სითბოთი და ალერსით იზრდება. სითბოს ძირითადად დედა, ბებია, დეიდა, მამიდა, ბებიის და და მათნაირები გამოხატავენ. მამას, როგორც წესი, არ სცალია. მას ბევრი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, ევრო-ინტეგრაციიდან დაწყებული, ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნებით დამთავრებული, ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად, არ სცალია ნანატრ ბიჭთან ფეხბურთის სათამაშოდ, მისთვის წიგნის წასაკითხად და არც უბრალოდ სასაუბროდ. ყველაზე თბილი სიტყვა რაც მამას ემეტება, თავში ხელის წამორტყმით ნათქვამი ,,შე, ვირიშვილო!“-ა. მამა ე.წ. გადამხდელია, ის აძლევს დედას ფულს, ფულით კი ბევრი რამის ყიდვა შეიძლება... მამა ,,ჩვენი ბიჭის“ ცხოვრებაში ნაკლებად ჩნდება, მაგრამ არის დღეები, როდესაც ის მამის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ოჯახში შეკრებილი აურაცხელი სტუმრის თანდასწრებით, საამაყო ბიჭს ოთახიდან იხმობს, სკმაზე შემოაყენებს და ამაყად მიმართავს: ,,აჩვენე ბიძიებს კუტუ!“. ჩვენი ბიჭი იზრდება, წლების მატებასთან ერთად, ილეთი ,,აჩვენე ბიძიას კუტუ“, სულ უფრო მეტ უხერხულობას იწვევს მასში, მაგრამ ამავე დროს, სულ უფრო უღვივებს იმ მოსაზრებას, რომ მისი ,,კუტუ“, რაღაც უპირატესობაა, რაღაც ისეთია, რაც ამდენ ნაცნობ თუ უცნობ ბიძიას აღაფრთოვანებს. კვლავ გადის წლები, ჩვენი ბიჭი დადის სკოლაში, მაინცდამაინც კარგად არ სწავლობს, მაგრამ დედა მაინც ყველა სურვილს უსრულებს, წინდებსაც ლოგინში აცმევს და შარვლის შიგნით შალის კოლგოტსაც, უბრალოდ, რომ არ გაცივდეს. თბილ საუზმესაც ხელით აჭმევს და ქუდსაც თავად ახურავს, მისი ,,უპირატესობით“ სტუმრად მოსული დეიდები და ბიძიები აღარ ინტერესდებიან, რაც ბუნებრივად ,,ჩვენი ბიჭის“ დაბნეულობას იწვევს. ყურადღებას მიჩვეული ,,უპირატესობის“ დემონსტრირებას თავად ცდილობს, მაგრამ მისი ტოლი გოგონების ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ამასობაში მოდის უმაღლესში ჩაბარების დრო. უნივერსიტეტში სწავლა-არსწავლის საკითხი არც განიხილება, ისედაც ცხადია, რომ ან ეკონომიკურ ურთიერთობებს უნდა დაეუფლოს, ან იურისპრუდენციას. უმაღლესში საბუთების ჩასაბარებლად, თუ ახლა უკვე ონლაინ განაცხადის გასაკეთებლადაც, დედასთან ერთად მიდის და სტომატოლოგთან ვიზიტიც დედის დაგეგმილია. მამა კვლავინდებურად პასიურია, მაგრამ კვლავინდებურად იხდის, ფულს, სხვა რამე არ იფიქროთ. პარალელურად კვლავ იზრდება ინტერესი მისი ,,უპირატესობის“ მიმართ, ბავშვობის მოგონებები, ამტკიცებს მოსაზრებას, რომ მისი უპირატესობა მართლაც არაჩვეულებრივი და განსხვავებულია, სკოლის დროინდელი ,,ჩავარდნა“ აგრესიას უჩენს გოგოების მიმართ, რის გამოც ,,უპირატესობას“ სულ უფრო ხშირად შურისძიებისთვის იყენებს და სულ უფრო ნაკლებად სიამოვნებისთვის. ამასობაში ,,ჩვენი ბიჭი“ უკვე იმდენად დიდია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მისი გაშვება. თბილისიდან წასულ ნაცნობებს, დედა ხაჭაპურს, შემწვარ წიწილას და გარეცხილ თეთრეულს ატანს. ,,უპირატესობას“ სულ უფრო მნაკლებად ,,ახარჯავს“ ეროვნულ სეგმენტს და ახლო, თუ შორეულ მეზობლებზეა ორიენტირებული. ,,უპირატესობისადმი“ გამოხატული ყურადღების ზენიტს, სწორედ ასეთი, არაეროვნული ურთიერთობის დროს აღწევს და სულ უფრო მეტად ენანება მისი არაჩვეულებრივი ,,უპირატესობა“ ეროვნული სეგმენტისთვის. ასე გადის კიდევ ბევრი წელი და ჩვენი 38 წლის ბიჭი, მაინც ბიჭია, მაინც ბავშვია, მაღალანაზრაურებული სამსახური კი აქვს და ახლა თავისი საკუთარი შავი ჯიპიც, მაგრამ მაინც დედასთან ცხოვრობს, მაინც დედა უმზადებს დილას პერანგს, თაფლიან არაჟანს ქიშმიშებს აყრის და ,,ჩვენი ბიჭი“ აბაზანიდან ეძახის - დეეე, ჩაის მორეული აქვს?!..... სწორედ ასეთი 38 წლის ბავშვი ხდება ხოლმე რომელიმე ჩვენთაგანის ქმარი, შეყვარებული ან საყვარელი და ოდესაც დილას ჩაის მორეული არ აქვს.... თითქოს სასაცილოა ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი პირიქით, სევდიანია. ,,ჩვენი ბიჭი“, 38 წლის ,,შემდგარი“, ,,წარმატებული“, ,,ლოჯისტიკის მენეჯერი“, თითქოს ყველაფერი აქვს, თითქოს არც ალერსი დაკლებია და არც სითბო, არც საჭმელი და არც თბილი წინდები, მაგრამ მაინც უგვანოდ - ,,ცოლო ნასკი გამხადეს“ არ ყვირის, მაგრმა სწორედ ასე იქცევა. ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ იქცევა ასე, რატომ ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, უპირატესია? პულტის სწრაფი გადახვევის მეთოდს იმ დღემდე მივყავართ, როდესაც პირველად ,,გამოათრიეს“ საკუთარი მყუდრო ოთახიდან, სავარუდოდ გააღვიძეს, ტკბილად ჩაძინებული და მილიონი უცხო ადამიანის წინაშე გააშიშვლეს. ,,აჩვენე ბიძიას კუტუ!“, ქართული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ჩემი აზრით. ის ბადებს უამრავ კომლექს, უამრავ მაინკიერ თვისებას, რაც წლების შემდეგ ქალთან ურთიერთობაში ურთიერთობის ვულკანად გადაიქცევა ხოლმე. მწარე რეალობა, ჩვენი ბიჭისთვის, მაშინ ხდება ცხადი, როდესაც რამის გამოსწორება იმდენად გვიანია, რომ თითქმის შეუძლებელია. უსაშველოდ გვიან გაიგებენ ხოლმე, რომ მათი მსგავსი ,,უპირატესობა“, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აქვს და რომ მათი უბრალო უმრავლესობა იგივე დანიშნულებით იყენებს, რომ ეს არ არის გაფეტიშების ობიექტი და უბრალო ფიზიოლოგიაა, რომ ურთიერთობას არ ჰყავს დირექტორი და ,,ნასკის“ სარეცხის მანქანაში შეგდება, ჩინ-მედლებს და მითუმეტეს კაცურ ღირსებას არაფერს ავნებს, რომ სექსი ქალისა და კაცის ურთიერთშერწყმაა და არა კაცის ბატონობა ქალზე, რომლის დროსაც ორივემ თანაბარი სიამოვნება უნდა მიიღოს. ამის გათავისება პირობითად 38 წლის ასაკში, შეუძლებელიათქო ვწერ, მაგრამ, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ არის შესაძლებელი, გადადგით პირველი ნაბიჯები, მოურიეთ ჩაის კოვზით!

Thursday, November 13, 2014

სად წავიდა თაფლი?

ჩემთვის ნაცნობ მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ენაზე ეს სიტყვა, უფრო სწორად ეს პერიოდი თაფლის ჭამასთან ასოცირდება. დიახ, სწორედ თაფლის დასაგემოვნებლად მიემგზავრებიან რუსი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუ ჩვენი მშობლების თაობის აბსოლუტური უმრავლესობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის თაფლს თუ არა, ,,სოჩენსკაია სმეტანა“ გადასმულ ,,ბულკს“ მიირთმევდა საუზმედ, თანამედროვე ქართველები - სწორედ რომ თაფლით გაჟღენთილი თურქული ფახლავათი იტკბარუნებენ პირს და ერთმანეთს საუკუნო ლხინსა თუ ჭირს, დარსა თუ ავდარს რომ გაუძლებს, ისეთ სიყვარულს ეფიცებიან... როდესაც ჩემი თაფლის ჭამის დრო დადგა, ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფრო ზუსტად კი სამსახურებრივი უნარების გასაუმჯებესებლად, გერმანიის სოფელ გარმიშ-პარტენკირხენის სასწავლო ცენტრში მიავლინეს. თბილისში მარტო დარჩენასა და მის ლოდინში უძილო, ცრემლიანი ღამეების გათენებას თაფლის ჭამა ვარჩიე და თან გავყევი (თან წამიღო, როგორც იტყვიან).
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.

ქოქო

ამ ბლოგის წერა რამდენიმე კვირის წინ დავიწყე, მაგრამ შესავალშივე ,,გავიჭედე“ და თავი დავანებე. რთულია იმაზე წერა, რაც შენ ძალიან გიყვარს და რაც უკვე შენი არ არის. ალბათ, ამიტომ გამომივიდა შესავალი უსაშველოდ დიდი და მთავარ სათქმელამდე მისვლა გამიჭირდა. მე ვწერდი სიკეთეზე და სიყვარულზე, იმაზე, რომ როდესაც პატარა ვიყავი, დედა ასე მეფერებოდა: „შენს ყველა წერტილს ვენაცვალე!“ სულ მაინტერესებდა, სად მქონდა წერტილები და ვეკითხებოდი: „დედა, აბა სად, სად მაქვს წერტილები?“ კიდევ ვწერდი ჩემს შვილებზე. მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო და მერე ნიკო მოევლინენ ქვეყანას, თავად მინდა, მათ ყველა წერტილს მოვეფერო და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩემს რისხვასა და ბრაზს იმსახურებენ, ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გავზარდო. ვწერდი იმაზეც, რომ ახლა უკვე ვიცი - ადამიანები ბევრი მილიონი და მილიარდი წერტილისგან შედგებიან, წერტილები სიხარულის, სიყვარულის, სინანულის, ავის და კარგის, კეთილისა და ბოროტის, როგორც ფაზლები, ისე აწყობენ ადამიანს შინაგან და გარეგნულ იერსახეს. ვწერდი, რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ და ვწერ ადამიანების ბოროტებაზე, ავისა და ცუდის კეთების სურვილზე. გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ არ მესმის ასეთი ადამიანების, არ მესმის რა ძალა ამოძრავებთ, ან ნეგატიურმა ემოციებმა რატომ მოიყარეს ასე უხვად თავი მათ გონებაში, სულსა და ხასიათში. ეტყობა ბავშვობაში დედები მათ ყველა წერტილებს არ ეფერებოდნენ.... მოკლედ, მაინც უსაშველოდ დიდი შესავალი გამომივიდა. ამ დროს კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ჩემს გარშემო ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ხალხს ვეცნობი, უკეთესად ვხვდები, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა... ჩემი ბებია ქოქო, ყველაზე კეთილი ადამიანია მთელს მსოფლიოში. ეს სიტყვები შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და მტკიცება არ სჭირდება. მისი ბუნება მხოლოდ კეთილი წერტილებისაგან შედგება. ყველაზე გულჩვილი და სათუთი სულის მქონე ადამიანი, რომლის მსგავსსაც არასოდეს და არსად შევხვედრივარ. როდესაც ადამიანზე წერ, რომ კეთილია, უბოროტოა, ლამაზია, საყვარელია, მტკიცებულების სახით რაღაც უნდა მოაყოლო, რომ სხვებმაც დაგიჯერონ და ასე სიტყვაზე არ გენდონ. ბევრი ამბავი და ფაქტი შეიძლება გავაცოცხლო წარსულიდან, იმ ზღვისპირა ვარდისფერი ლილიების წარსულიდან, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება... ერთი სიტყვით რომ გითხრათ, სოხუმი ჩემთვის იყო ბედნიერება, ერთი დიდი, ფერადი, საინტერესო, უსაზღვრო, სიყვარულით სავსე, ზღვიანი და ქვიშიანი, ყველაზე გემრიელ ნაყინიანი, ღია კაფეებიანი, მეგობრებიანი, მხოლოდ ღიმილიანი ბედნიერება! ეს ბედნიერება ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა, როდესაც ვამბობ, რომ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდები, კვადრატულ მეტრებსა და ასფალტიან, თუ ქვიშიან ქუჩებს არ ვგულისხმობ. ტერიტორია, სადაც დღესაც სოხუმია, ალბათ ისევ ,,ფეხმისაწვდომია“ ჩემთვის. მაგრამ მე მხოლოდ ქუჩები და ლილიები არ მენატრება... მე მენატრება ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სოხუმს, ყველაზე ლამაზ ქალაქს დედამიწაზე, ადამიანები, რომელთა უმრავლესობა დღეს უბრალოდ ცოცხალი აღარ არის ამიტომაც მე ვეღარასოდეს დავბრუნდები იქ, ვეღარასოდეს დამხვდებიან ისინი! სევდიანია ის რასაც ვწერ და სევდიანი ვარ მეც, ამის წერა რომ მიწევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, მოგიყვეთ სიკეთის ისტროია, რომელიც შეიძლება წაკითხვისთანავე დაგავიწყდეთ, მაგრამ მე სულ მემახსოვრება და ალბათ ყოველთვის ,,მაიძულებს“ ნებისმიერ დროს და ადგილას, ნებისმიერ ბოროტ თუ ავ ქმედებას, ჩემი მხირდან მხოლოდ სიკეთე შევაგებო. ჩემს ბებია ქოქოს ყველა იცნობთ, მასზე არაერთხელ დამიწერია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირადად არ იცნობდით ადამიანს, რომელიც მხოლოდ დადებითი წერტილებისგან შედგებოდა, ის უბრალოდ არ ფიქრობდა ცუდზე, ავსა თუ ბოროტზე, უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ადამიანები, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით ივსებოდა და იყო ბედნიერი. ბედნიერების განცდა ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობაში. მიყვარს ქოქოს ეს თვისება და მიყვარს სამყაროს მისეული აღქმა, როგორ მინდა რომ თქვენც იგრძნოთ რასაც ვწერ. ქოქოს ნაცრისფერი, ბოლო წლებში სულ სევდიანი თვალები, ყოველთვის ბედნიერების ნაპერწკლებით ციმციმებდნენ! ქოქოს შესახებ რამდენიც არ უნდა ვწერო, სიტყვები არასოდეს მეყოფა, ამიტომ, როგორც შეგპირდით მხოლოდ ერთ ისტორიას მოვყვები, სიკეთის ისტორიას. ქოქო პედიატრი იყო, სოხუმის საავადმყოფოში დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდა, მხოლოდ ბავშვები. სოხუმი საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქი იყო და შესაბამისად, ქოქოს პაციენტებიც სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ .... როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, ჩვენ თბილისში წამოვედით. ქოქო და ბაბუ სოხუმში დარჩნენ. ეს ერთხელ უკვე დავწერე, არც ერთს არ სჯეროდა, რომ მათ აფხაზები ხელს ახლებდნენ, მათ სიცოცხლესა და მით უმეტეს ჯანმრთელობას შეეხებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზი და სომეხი ,,ბოევიკები“ ე.წ. სიებით ხელში დაძრწოდნენ დაბომბილი სოხუმის ქუჩებში და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ოჯახებს ადგილზე ხოცავდნენ. ძირითადად, წმენდა სოხუმის ინტელიგენციას შეეხო, იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ აფხაზეთს მეცნიერებისა თუ კულტურის სხვადასხვა დარგში. გაავებული ბოევიკების ერთი ნაკადი ჩვენს ეზოშიც შემოიჭრა, გამწარებით ეძებდნენ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქალს. სოხუმში დარჩენილმა მერი ხაშბამ, პროფესორ მუშნი ხაშბას ქალიშვილმა და ქოქოს ნათლულმა, აუხსნა, რომ ის მეზობელი სახლიდან გაქცეულიყო. სად არის, დაჟინებით კითხულობდნენ ბოევიკები, უნდა ჩავხოცოთ, სკოლის მასწავლებელი იყო და ჩემს შვილს სულ ორიანებს უწერდაო... ცოდვის ტრიალი იყო სექტემბრის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმში, ნამდვილი ცოდვის ტრიალი... მერის კარებზე კიდევ ერთხელ დააკაკუნეს, მას კარის გაღების შეეშინდა, ბოევიკების დაჯგუფება, ამჯერად, ქეთევან ხაჟომიას (ქოქოს) კითხულობდა. ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ, აქედან უნდა გავიყვანოთ, მან ჩემი შვილი გადაარჩინა, როდესაც უფულოდ და უკაპიკოდ საავადმყოფოში მივედი, არავინ მომისმინა, მხოლოდ ქეთევანმა გასინჯა ჩემი შვილი, უმკურნალა, თავისი სახსრებით ყიდულობდა მისთვის წამალს და სახლიდან საჭმელი მოჰქონდაო.... ამაზე მეტს მე ვერაფერს დავწერ და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ეს ისტორია მერიმ დედას ტელეფონზე უამბო, წლევანდელი წლის 9 ან 10 ივნისს, როდესაც მე კიდევ უფრო მეტად, მილიონობით კილომეტრით, დავშორდით სოხუმს.

დეფიციტის დაძლევა შიდა ბაზრის გამოუყენებელი რესურსის დახმარებით

ქართული ეკონომიკის მდგრადი განვითარების მჯერა თუ არა, ამას არ გეტყვით და არც იმაზე დავწერ, რომ ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, ყველაზე გამართლებული სტრატეგიაა, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება აირჩიოს. ვინც ჩემს ბლოგებს ინტენსიურად ან არაინტენსიურად კითხულობთ, იცით, რომ რამდენიმე წელია სულ ერთი თემის გარშემო ვტრიალებ: ერთ-ერთი ბლოგი მამაკაცების დეფიციტსაც მივუძღვენი და ამაოდ ვეცადე გამეგო, თუ რა სურთ ქართველ მამაკაცებს. მოკლედ, ბევრი ვეცადე თუ ცოტა, ერთი ურთიერთობის დაწყების ნაპერწკალიც ვერ დავანთე. ხელი არასოდეს ჩამიქნევია და ამ პრობლემაზე გამუდმებით ვფიქრობთ. კი, მაქვს ბევრი სხვა საფიქრალიც, მაგრამ ეგრევე ნუ გამაკრიტიკებთ, ჯერ კარგად მომისმინეთ. უკანასკნელი შვიდი წელია, ანუ მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო მოევლინა ქვეყანას და შემდეგ უკვე ნიკო, ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელ 20 დღეს ბაკურიანში ვატარებ. ბაკურიანში ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან ბევრი ჟანგბადი, ძალიან ლამაზი მთები, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცა და ჩემი აღმოჩენა - რაინდები ცხენებზე! ე.წ. რაინდებზე, მხოლოდ ორი დღის წინ დავფიქრდი, როდესაც სანდრო ნახევარი საათით ცხენზე საჯირითოდ გავაცილე. პირველად, როდესაც ცხენზე დავსვი - ორი წლის იყო, მაშინ მეც მასთან ერთად ვჯდებოდი და ასე ერთად მივდიოდით სასეირნოდ ტყეში. ცხენის პატრონები, ძირითადად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები არიან. დილას ადრე ადგომა რომ არ ეზარებათ და სახეზე არაჩვეულებრივი რუჯი რომ აქვთ ისეთები. მართალია, მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ნახევარსაათიანი გასეირნების საფასურის გადახდის შემდეგ, მეცხენე ბიჭებზე აღარ მიფიქრია. შემდეგ წელს, ანუ როდესაც სანდრო 3 წლის გახდა, ის უკვე დამოუკიდებლად ჯდებოდა ცხენზე, მაგრამ მე, როგორც მზრუნველი ქართველი დედა, ძუნძულით მივყვებოდი უკან. ასე ვთქვათ სასიამოვნოს სასარგებლოს ვუთავსებდი და საუზმეზე ლიმონის ნამცხვრისა თუ ფუმფულა ხაჭოს ალადების მირთმევით მიღებული კალორიების დაწვას ვცდილობდი. დადგა მორიგი წელიც, როდესაც ძუნძული გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღარ შემეძლო და არც მიღებული კალორიების დაწვას ჰქონდა აზრი, ისედაც ძროხას, ან შეიძლება უფრო ბეჰემოტს ვგავდი და ნიკოს დაბადებისთვის ვემზადებოდი. ყველა ზემოხსენებულ მეცხენე ბიჭს შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, სწორედ ამ წელს გაცნობილი მეცხენე ბიჭი - ალბერტი აღმოჩნდა. უცნაური სახელის გამო, სანდრომ მას ,,სანდრო“ დაარქვა და დაუმეგობრდა. ყოველ დღე ალბერტი და სანდრო ერთად მიდიოდნენ საჯირითოდ, საღამოობით ერთად „აბირჟავებდნენ“ სხვა მეცხენე ბიჭებთან ერთად. ეს იყო ნამდვილი და გულწრფელი ორმხრივი მეგობრობა, თან ძალიან ერთგული და უღალატო. თუ ალბერტს რიმე მიზეზეზის გამო სანდროსთვის არ ეცალა, სანდრო სხვის ცხენზე არ ჯდებოდა და მორჩილად ელოდებოდა, თუ როდის მორჩებოდა ალბერტი ყანაში ფუსფუსს, დააპურებდა საქონელს და კიდევ, რა ვიცი, რამდენი და რა სახის საქმის მოგვარება უწევდა ბაკურიანელ ყმაწვილს. ალბერტისა და სანდროს მეგობრობა ორი წელი გაგრძელდა. მთელი წელი ბაკურიანიდან ბაკურიანამდე ალბერტს, მის ცხენს, მასთან საუბრებს, ჯირითის დროს გადამხდარ ისტორიებს ვიხსენებდით. როდესაც შარშან ტრადიციისამებრ ბაკურიანს ვესტუმრეთ, პირველი რაც გავაკეთე, ალბერტი და მისი ცხენი მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ალბერტმა ცხენი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ წელს სანდრო ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ცხენების სიყვარულმა წყენა გადაავიწყა და ახალგაზრდა ძმები: ლევანი და ვასიკო გაიცნო. ეს ბიჭები დილიდან საღამომდე ცხენებით დაჰქრიან ბაკურიანში, მათ იცნობს ყველა სასტუმროს ადმინისტრატორი და დამსვენებელი ბავშვების დედები. ლევანისა და ვასიკოს მსგავსად ბაკურიანის თითქმის ყოველ მაცხოვრებელს ჰყავს ცხენი. თეთრ, ყავისფერ თუ შავ რაშზე ამხედრებული ,,რაინდები“ გამუდმებით დაჰქრიან ბაკურიანის ტყეებსა თუ ახლა უკვე ჩაბეტონებულ გზებზე. ამ სანახაობას ისე მივეჩვიე, თითქოს არაფერი, არა და ქალების ოცნება ხომ ცხენზე ამხედრებული რაინდია?! ამ აღმოჩენამდე ჩემი საყვარელი ზღაპრის, საყვარელი გმირის - კონკიას ისტორიამ მიმიყვანა. საღამოს, როდესაც ბავშვები მივაძინე და ლეპტოპით ხელში სასტუმროს ფოიეში გემრიელად მოვკალათდი, ტელევიზორში კონკიას თანამედროვე, ჰოლივუდური უნიჭო ეკრანიზაცია გადიოდა. ცოტა გული დამწყდა, ეს არაჩვეულებრივი ისტორია ასე უგემოვნოდ რომ წარმოაჩინეს, მაგრამ უცებ გონება გამინათდა. ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე მეოცნებე გოგონები და კონკიას ისტორია ერთმანეთს დავუკავშირე და მგონი ზემოთდასახული პრობლემის გადაჭრის გზასაც მივაგენი! კონკია ერთი უსახური, მურიანი და მოწყენილი გოგო იყო კეთილი გულით. ფერიას მისთვის ულამაზესი კაბა და ბროლის ფეხსაცმელები რომ არ ეჩუქებინა, უფლისწული მას ზედაც არ შეხედავდა. კონკიას კეთილი გულითა და ლამაზი ფახულა თვალებით ისევ გოჭები, ინდაურები, ქათმები და თაგვები დატკბებოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული და თქვენ რომ ახლა კითხულობთ იმ ბლოგის მონახაზს ვაკეთებდი გონებაში, როდესაც ცხენზე გასეირნების სურვილით გულანთებული სანდრო სასადილოდან პირმოთხვრილი ამოვარდა და ელვის სისიწრაფით ლევანის ცხენს შემოახტა. ლევანი ვერ ვიცანი. გაბურძგნული შავი წვერი გაპარსული ჰქონდა, სალათისფერი, ახალგარეცხილი პერანგი ეცვა და უხერხულად ქვემოთ იყურებოდა. აი, ამ დროს კი, წინა დღის საღამო გამახსენდა, როდესაც ლევანმა ჩვენი სასტუმროს დამსვენებლის სალომეს შვილი - 3 წლის თემუკა მოიყვანა ნახევრსაათიანი ჯირითის შემდეგ. სალომე თემუკას წამოსაყვანად მივიდა და დაახლოებით 10 წუთი ჭიშკართან შეყოვნდა. ხელში თემუკა ეჭირა და ალბათ, ერთი სული ჰქონდა ეზოში შემოსულიყო, მაგრამ ლევანი სხვადასხვა კითხვებით თავს არ ანებებდა და ცხენზე სასეირნოდ ეპატიჟებოდა. ორი წლის მანძილზე ლევანი წვერგაპარსული და პერანგში პირველად ვნახე. საკმაოდ კარგი გარეგნობის ბიჭი აღმოჩნდა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველებით და მთის ოქროსფერი რუჯით. მართალია, სალათისფერმა პერანგმა სალომეს თბილისში გამგზავრებაზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ქერა, გრძელფეხა სალომეა, რომელიც თავის უფლისწულს ელოდება ცხენზე ამხედრებულს? როგორც რეალობა აჩვენებს, ცხენზე ამხედრებული რაინდების ქალაქში ლოდინი, სრული უტოპიაა. თბილისში ლოჯისტიკის მენეჯერებს თუ შეხვდებით მხოლოდ, ჰალსტუხწაჭერილებსა და „რაღაცნაერი“ გაწელილი „ბაზრებით“ (გადავწყვიტე ლოჯისტიკის მენეჯერი ჩემს ყველა ბლოგში ერთხელ მაინც ვახსენო სხვადასხა კონტექსტში J). ნამდვილი რაინდები კი აქ, მთაში ცხოვრობენ, ქალის ფასიც რომ იციან და გემოც. მთელი დღე აიფონში კი არ იჩხრიკებიან, სლავური წარმოშობის ქალების უკანალის სანახავად, ცხენებზე ჯირითობენ ამაყი სახით, თივის ზვინებს აგებენ და ცხვრის ფარას მთის კენწეროზე მიერეკებიან. მერე რა, რომ მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის და შავი გაბურძგნული წვერიდან სახის ნაკვთების გარჩევა ჭირს. და თუ კონკიას ჰყავდა კეთილი ფერია, რომელმაც მას სუფთა ტანსაცმელი და ლამაზი თმის ვარცხნილობა აჩუქა, რატომ არ შეიძლება თანამედროვე გოგოები გახდნენ ფერიები ცხენოსანი რაინდებისთვის? ოცნებები მხოლოდ ზღაპარში არ ხდება და რომანტიკული ისტორიები თანამედროფე ტექნოლოგიებს ბოლომდე ჯერ არ გადაუსანსლავთ. აქ ბაკურიანში, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ცხოვრობენ წვერგაუპარსავი რაინდები, რომლებიც ისევე როგორც თქვენ, ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობენ. ტურიზმის დეპარტამენტი ისე შორს დგას ჩემგან, როგორც ლოჯისტიკის მენეჯმენტი, ამიტომ სამაჭანკლო ტურის ორგანიზება არამგონია კარგი იდეა იყოს. მე შემიძლია მხოლოდ გთხოვოთ, ჩამოდით ბაკურიანში და გაიცანით ისინი, ცხენით მოიარეთ აქაური ადგილები და შემდეგ პერანგის რეცხვისას „პერსილს“ გამოიყენებთ, თუ „არიელს“ ეს უკვე თქვენი საქმეა. P.S. სანდრომ ალბერტი წელსაც გაიხსენა და შევპირდი, აუცილებლად მოგიძებნი მეთქი. დარწმუნებული ვარ, ორი წელი თბილისში თუ გაძლო ბაკურიანის მთებში გაზრდილმა ბიჭმაა, სოციალურ გვერდზე აუცილებლად ექნება თავის პროფილი და არაერთი თბილისელი პრანჭია გოგოს გულიც დაპყრობილი. P.S. ალბერტისა და სანდროს ფოტოს აუცილებლად დავურთავ ბლოგს, თავად რომ დარწმუნდეთ...

მიჯნურობა

დღეს დილას ნიკომ ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იპოვა და ჭკვიანური სახით ფურცვლას შეუდგა. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ეს საქმიანობაც მალევე მობეზრდა და ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ჩემს ხელში აღმოჩნა. მას მერე რაც სიყვარულისა თუ მეგობრობის სამაგალითო თხზულებების წიგნი უკანასკნელად წავიკითხე, მთელი 17 წელი გავიდა. ზუსტად ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ადამიანებს შორის ურთიერთობის დეფიციტზე, უურთიერთობაზე, უსიყვარულობაზე. ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელმაც ადამიანებს სულიერი საზრდო ,,წაართვა“, ბნელ 90-ანებზე, რომლებმაც უშუქობაში, კერასინკის სუნით გაჟღენთილი ჩვენი ურთიერთობა და მეგობრომა ასე მყარი გახადა. ჩემი მთავარი თემა მაინც უსიყვარულობაა, ალბათ არავინ შემეწინააღმდეგებით, რომ ეს ასეა. იმას ვგულისხმობ, ორი ადამიანი ერთმნეთს რომ ვერ ან არ ხვდება და ცალ-ცალკე ბოდიალი რომ ურჩევნია. ჩემთვის ეს არის ეკოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პრობლემაც. დღეს ნიკოს ხელიდან მოწოდებული ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იმ ორი დღის წინ დაწყებული საუბრის გაგრძელებად მეჩვენა. ,,გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდი უფრო წყლულად, საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ მოკლულად!“ ,,ვეფხის-ტყაოსანი“-ს სტროფების გარჩევით ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს, მით უმეტეს რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი თემა მაინც ექნება გარჩეულ-დაწერული თინათინისა და ავთანდილის სიყვარულზე, ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობაზე, ასმათისა და ტარიელის ურთიერთობის საჭვოობაზე, თემა თუ არა ნაფიქრი მაინც გვაქვს და ამას ახლა თავიდან აღარ მოვყვები. ჩემთვის გადავწყვიტე, ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ყოველ დღე წავიკითხო, ტექნიკურმა პროგრესმა სული რომ არ გამიცივოს და მიჯნურობის მიმართ ცინუკი არ გამხადოს. თითქოს ყველას წაკითხული გვაქვს და თითქოს ყველას მოგვწონს, მაგრამ მაინც ჩემს გარშემო იმდენი ადამიანია, რომელსაც მეორე ადამიანის არსებობის საჭიროება არ აქვს, სოციალური ქსელში გამოხატული აქტივობა, საღამოს კლუბში გაცნობილ პარტნიორთან ,,ვან ნაით პონტი“, დილას ჰალსტუხი და ლოჯისტიკის მენეჯმენტი სავსებით საკმარისია ცხოვრების მშვენიერის შესაგრძნობად. ამ დროს არავინ ფიქრობს, რომ მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი... მაგრამ იქნებ ზემოხსენებული ,,ვაინ ნაით პონტიც“ თავის დროზე წაკითხული შოთას გავლენაა, პირდაპირ აღქმული და აქტიურ ქმედებაშ გამოხატული: ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“... გაცემაში რუსთაველი, მაინც მატერიალურ თუ სულიერი სიკეთის გაცემას გულისხმობა ჩემი აზრით და არა გრძნობისა და ემოციის გრძნობისა და ემოციის გარეშე გაცემ-მიცემას. თუმცა ყველას თავისი შოთა და ყველას თავისი ,,ვეფხის-ტყაოსანი“ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი მიჯნურობაზე... მომწონს როდესაც ფოტოს მილაიქებენ და კომენტარში < 3 ვარიაციით გული იწერება, თანამედროვეობას მივყვები, მაგრამ ავთანდილის მსგავსად, მინდა ჩემი უნახაობით ვარდი ფერნაკლული შეიქმნას და ნახვამ გულში ცეცხლის ალი განაახლოს, ვგრძნობდე, რომ მიჯნურობა არის ტურფა, რომ სიყვარულსა მალვა უნდა... დღეს დილას ნიკოს ,,ვეფხის-ტყაოსანი“ რომ არ ეპოვა, არაფერს დავწერდი და არაფერზე ვიფიქრებდი, წეროვანის მზით დავტკბებოდი მხოლოდ და არ გამახსენდებობა თინათით მზესა სწუნობდა, მაგრა მზე კი თინათინებდა... კარგია როდესაც გიყვარს და კარგია როდესაც უყვარხარ, წაიკითხეთ ,,ვეფხის-ტყაოსანი“, მოძებნეთ ერთმანეთი თუნდაც სოაცაიალურ ქსელში დაწერეთ < 3 ვარიაციით შექმნილი გულები და სასიყვარულო წერილები.

Thursday, February 13, 2014

პლასტიკური ვალენტინი

შემოტევა 12 თებერვალს, დილას ასე თორმეტის ნახევრისთვის დაიწყო. ვინმე RGG და მასთან ერთად ,,ალდო“, ,,ლა სენზა“, ,,მარკ სპენსერი“ (მეც არ ვიცი ვინ არიან) და სხვანი მატყობინებდნენ, რომ მალე ვალენტინობაა. მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა: სპეციალური შემოთავაზებები, ტექნიკის მაღაზიებისგან, რესტორნებისგან, საფონდო ბირჟებისა და ბანკებისგან... ეს კიდევ არაფერი, დღის კულმინაცია იყო - „შეხვდი ვალენტინობას ლამაზი ტუჩებით!“... პლასტიკური ოპერაცია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით არ დამიგეგმავს, მაგრამ გადავწყვიტე საყოველთაო ღელვას ავყვე და მეც დავწერო ორი სიტყვა ამ თემაზე. როგორც უკვე არაერთხელ დამიწერია, არ მიყვარს მკაცრად განსაზღვრული დაპირისპირებები, ანუ Fuck Valentine's Day-ს მიმდევარი ვარ და არც გულის ფორმის ტორტების გამოცხობას ვაპირებ ამ დღესთან დაკავშირებით, მითუმეტეს ჯვარი აქაურობას და არც პლასტიკურ ოპერაციას. ამ დღის ისტორია ისედაც ყველამ კარგად იცით, ახლა მე რომ არ მოვყვე თხრობას. ზოგადად სიყვარული და მისი გამოვლინება მრავალმხრივი და გნებავთ რომანტიკული, მომწონს. შეიძლება ზედმეტად ბანალური, ან კიდევ უარესი, ვინმეს თვალშიც მაგარი გოიმი ვარ, მაგრამ მომწონს გულის ფორმის შოკოლადები და გულის ფორმის წითელი ბუშტები. გავიგეთ ბატონო, რომ ,,ყველა დღე სიყვარულის დღეა“, მაგრამ - აბა, სად არის ყოველ დღე გულები და ბუშტები?! ეს არ არის მთავარიო, ამასაც ამბობენ. მთავარი და პირველი არ არის, მაგრამ სასიამოვნოა, არა? ვეცადე და ყველა ,,ღირშესანიშნავი“ ვალენტინობა გავიხსენე ჩემს ცხოვრებაში. როდესაც პატარა ვიყავი, ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა ვალენტინობის დღეს შეყვარებულის თუ არა, ვინმე ,,დასტოინი“ ,,პაკლონიკის“ ყოლა მაინც, რომელიც ამ დღეს გაგრძნობინებდა, რომ შენ ხარ მისი ვალენტინი. სკოლაში ისეთ დროს ვსწავლობდი, ვალენტინობა ფერადი გულები და ბუშტები კი არა, შეშის „ფეჩი“ იდგა კლასში და გარეთ ომობანას თამაშობდნენ. არა და ამერიკულ ფილმებში ყველაზე მეტად ეს მომწონს, სკოლაში დადგმული საფოსტო ყუთი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ანონიმურ წერილებს უგდებენ ფრაზით ,,Be My Valentine“. ასეთი ყუთი ჩემს სკოლაში არასოდეს დადგმულა, მაგრამ მახსოვს ერთხელ ჩანთაში ვიპოვე პატარა ფურცელი, რომელზეც გული ეხეტა და ეწერა ,,I love you“. არც ვალენტინობა იყო იმ დღეს და არც სხვა დღესასწაული, მაგრამ როგორც ხედავთ ამ ისტორიამ ათწლეულებს გაუძლო, ჩემი მეხსიერების ფარულ ხვეულებში დაილექა და sms-ების შემოტევამ ისევ ამოატივტივა. ჩავთვალოთ რომ სწორედ ეს არის ჩემი პირველი და ყველაზე რომანტიკული ვალენტინობის მოგონება. ყველაზე უცნაური ვალენტიონა ჩემს პირველ სამსახურს უკავშირდება, როდესაც დილას სამსახურში მოსულს, ასმათმა მითხრა: გილოცავ ლიკა ვალენტინობას! დიდი მადლობა, მაგრამ მე რატომ მილოცავ? - ასე არ მითქვამს, მაგრამ ვიფიქრე. ესეც ხომ ქართული ამბავია, ყველა დღესასწაული, რომ ჩვენებულად ქართულ სუფრაზე უნდა ავღნიშნოთ. ამ დღეს გადატენილია დიღმის რესტორნები და ქართველი ღიპიანი ბიძები ღვინის ჭიქით: შე გენაცვალე, ვალენტინობას დაგილოცავთ...ეჰ, არ არის ჩვენი ადგილი იქ, სადაც ვალენტინობის დღეს რესტორანი ორ პერსონაზე იჯავშნება, წითელი სანთლები ანთია და გულის ფორმის ყუთებიდან, გულის ფორმის საჩუქრები ცვივა! ყველაზე უცნაური - ქართული ვალენტინობა გავიარეთ. ყველაზე უიმედო ვალენტინობა სკოლის პერიოდს უკავშირდება. მაშინ 15 წლის ვიყავი. უიმედოდ შეყვარებული, რა თქმა უნდა ცალმხრივად, ველოდებოდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც ჩვენში დარჩეს და ნიანგს უფრო ჰგავდა ვიდრე ვალენტინს, ჩემთან ანთებული გულით მოვიდოდა. რას ვიზამთ, არც გულის ცეცხლი აუგიზგიზებია ჩემი ფანჯრების წინ და არც სანთლებით მორთული კიბით ამოუტანია უთვალავი წითელი ვარდების თაიგული ,,მილიონ, მილიონ, მილიონ ალიხ როზ....“ სკოლის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და აი, დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც თამამად შემეძლო თვალებში ჩამეხედა ვალენტინობისთვის. დიახ, კითხვაზე: გყავს თუ არა შეყვარებული (მაშინ არ იყოს ეს In the Relationship) მქონდა ამაყი პასუხი - მყავს! დილა როგორ გათენდა და სხვა დეტალები არ მახსოვს, მაგრამ საჩუქარი არასოდეს დამავიწყდება!!! სათამაშო, გოგო და ბიჭი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ და თუ არ ვცდები, ერთი ცალი ვარდი, რომელიც არც ვარდს ჰგავდა და არც მიხაკს. ვიცი, რომ дарёному коню в зубы не смотрят , მაგრამ ,,კაკ ტუტ ნე პოსმოტრეტ ა?“ მე მგონი ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ზოგადად სათამაშოები, არც რბილი, არც ფუმფულა და არც ღუნღულა, მას მერე არ მიყვარს, რაც ათი წლის გავხდი. მაგრამ ჯერ სად ხართ, ვალენტინობა ასე ,,არაჩვეულებრივად“ მხოლოდ დაიწყო! საღამოს დაპატიჟებული შევიქენი არც მეტი და არც ნაკლები - სახინკლეში! ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, ზუსტად იცის, რომ ხინკალი, ჩემი 34 წლიანი ცხოვრების მანძილზე, ალბათ სულ ათჯერ მიჭამია, ისიც თუ გერმანელი მეგობრები უნდა ვაზიარო ქართულ კულინარიულ კულტურას, ან გაუსაძლის ,,პახმელიაზე“ სხვამ არაფერმა მიშველა (ვიტყუები, ერთხელ ორსულად მყოფცაც ვჭამე). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხინკალი, ხინკლის სუნი, სახინკლე, იქაური გაპრიალებული თეფშები, მსოფლიოში უთხელესი ,,სალფეთქებით“ გასაწმენდი დანა-ჩანგალი არ მიყვარს. არ მიყვარს არასოდეს, არც ზამთარში, არც ზაფხულში და მითუმეტეს ვალენტინობას!!! (მეც ამეტირა ცოტა არ იყოს) ისევე როგორც თქვენ, მეც მეგონა, რომ ამაზე უარესი უკვე აღარაფერი მოხდებოდა. ასე მეგონა მანამ, სანამ ყოვლად წარმოუდგენელ ე.წ. ,,ღამის კლუბში“ არ აღმოვჩნდი. სად არ ვყოფილვარ, სად არ მიცეკვია, მაგრამ ეს იყო... აღარ მინდა ამის გახსენება!!! თქვენ წარმოიდგინეთ, ამ გაუსაძლის ქართულ კლუბურ ,,ზავიდენიესაც“ გავუძელი, მაგრამ ჩემი ვალენტინი ისე საშინლად (პრინციპში სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო?) მოიქცა, რის გამოც ისე უბედურად ვიჩხუბეთ, რომ ღამის თუ დილის სამ საათზე სახლში მარტო დავბრუნდი. ეს იყო ყველაზე საშინელი ვალენტინობა ჩემს ცხოვრებაში, რომლის მსგავსიც არც მანამდე და არც მერე აღარ განმეორებულა. ალბათ, სწორედ ამ ვალენტინობას ვისწავლე, რომ ბევრად სასიამოვნოა, როდესაც ვალენტინობას ელოდები ვალენტინის გამოჩენას, ვიდრე, როდესაც გყავს ვალენტინი, რომელიც უფრო ვირია ან ... ვიდრე ვალენტინი. ამ ავადსახსენებელი ვალენტინობის წლისთავზე გაგიკვირდებათ და კიდევ ერთი ვალენტინობა დადგა. შეიძლება ითქვას, ზედიზედ ორჯერ გამიმართლა და მორიგ ვალენტინობასაც შეყვარებული ვიყავი. ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. ვალენტინობა რომ ,,პაპსაა“ და ყველა დღე რომ სიყვარულის დღეა ეს ბაზარი შემიყვანა ვალენტინობამდე გაცილებით ადრე, ამიტომ არანაერი ილუზია გულის ფორმის შოკოლადებზე და მითუმეტეს ბუშტებზე არ მქონია. წინა წლის საჩუქარი ჯერ კიდევ არ მქონდა მონელებული, ამიტომ ამჯერად საჩუქარი არც გამხსენებია - ჯვარი აქაურობას! რა მნიშვნელობა აქვს ვალენტინობაა თუ სტეფანეობა, როდესაც გყავს ,,გოგოები“ და როდესაც იცი, რომ ,,იქ“ (სადაც, რა თქმა უნდა, ყველა შენი ნაცნობი, მეზობელი, მეგობარი, უნივერსიტეტელი, მოკლედ ყველა მიდის) არის ,,პონტი“. ხოდა, მე და ჩემმა გოგოებმა გავადწყვიტეთ, ერთმანეთის ,,ვალენწინკები“ ვყოფილიყავით და წავედით. მოგეხსენებათ, ვალენტინობა 14 თებერვალს არის, შუა ზამთარში (ამის თქმას გარემოება მოითხოვს). მიუხედავად ზემოხსენებულისა, მე თხელი შიფონის კაბით შევიმოსე და ვარდისფერი ფეხსაცმელებით, შიშველი ფეხებით ჩავკაკუნდი მეიდანის კიბეებზე და... მერე რა მოხდა, კარგად არ მახსოვს. განუსაზღვრელი არყისა და „ტეკილა სანრაიზის“ მიღების შემდეგ ნინო რუხაძემ და ქეთამ სახლის კარებთან მიმაყუდეს. იმ დღეს ვიფიქრე, რომ ვალენტინი შეიძლება შენი ძალიან ახლო მეგობარი, ან შენი და იყოს, იმიტომ რომ ჩემს ნამდვილ ვალენტინს იმ მდგომარეობაში რომ ვენახე მომავალ წელს ისევ ახალი ვალენტინის მოლოდინში გავიღვიძებდი და არავინ იცის, როგორ ბლოგს დავწერდი დღეს, ან საერთოდაც, დავწერდი კი ბლოგს? მოკლედ, როგორც გაირკვა ვალენტინობა ნამდვილად არ არის ჩემი დღესასწაული. ერთხელ კინოში ვიყავი რომანტიკულ ფილმზე, სადაც ერთ-ერთმა გმირმა თქვა: ახალი წელი ,,ნეუდაჩნიკების“ დღესასწაულია, რომლებიც მთელი წელი პახაობენ და მხოლოდ ამ დღეს იწყვიტავენ -,,სრივაიუტსა ს კატუშეკო“. ხოდა იქნებ ვალენტინობაც ეს არის? მთელი წელი გეზარება სიყვარულის გამოხატვა და ჯანდაბას ერთი დღე გაიჭირვებ და იყიდი სუნამოს, დაადებ გულის ფორმის ,,ბამბანერკას, ამოიღლიავებ ყვავილებს და დააკაკუნებ კარზე, ჰა? მე რომ ვალენტინობის ექსპერტი არ ვარ, ეს უდაოა, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, არ არის ცუდი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს სიყვარულში უტყდება, პირადად ეუბნება, ან წერილს უგზავნის, დიდი სიამოვნებით მივიღებდი წერილს ფოსტით... სად გავჩერდი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა, ყველა დღე სიყვარულის დღედ ვაქციოთ, ყოველდღიურ ქაოსში ამის გაკეთება ხან გვეზარება, ხან გვენანება, ხან არ გამოგვდის, ხან არ ესწრება, ხან არ ხერხდება. და ასე გადის ბევრი დღე გულის ფორმის შოკოლადის და ბუშტების გარეშე. ამიტომ არაუშავს, თუ წელიწადში ერთი დღე გულს მოგვიმსუყებს სიყვარულით. იყოს ეს სასაცილო კონცერტები და კიდევ უფრო სასაცილო sms-ები, რაც არ უნდა ბევრი ვიაროთ წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ სიყვარულზე კარგს, ლამაზს, არაჩვეულებრივს მაინც ვერაფერს მოვიგონებთ! მიწერეთ ერთმანეთს წერილები, sms-ები, ესკაიპეთ, ეჩეტავეთ, ეკოცნავეთ და ესიყვარულეთ 14 თებერვალს, 25 მარტს, 19 აპრილს და ყოველთვის, როდესაც გესიყვარულებათ, მოკლედ, როგორც იტყვიან ,,Happy Valentines Day!“. პ.ს. დღეს ჩემი ვალენტინი, სავარაუდოდ იმერულ ყველს (რომლის მოტანაც გუშინ დაავიწყდა) მომიტანს, მე კი გულის ფორმის პეჩენიებს მაინც გამოვაცხობ, თუ საინტერესო რეცეპტს გადავაწყდი ინტერნეტ სივრცეში.