Tuesday, April 2, 2013

ქართველი კაცები და მათი ქალები

ბოლო დროს ხშირად ვაწყდები სტატიებს და ბლოგებს, რომლებიც სხვა სტატიებისა თუ ბლოგების პასუხად დაიწერა. პასუხის პასუხი, გამოხმაურება პასუხის პასუხის გამოხმაურებაზე, შუალედური წერილი, წერილი ავტორის ანალიზის კომენტარზე.... ფურცელზე ფურცლით პასუხს, თავის დროზე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობისას შევეჩვიე. რაოდენ სულელური და აბსურდული, შავით თეთრზე აკრეფილი (ხელნაწერ წერილებს არ მოვსწრებივარ), წერილიც არ უნდა მოსულიყო ჩემამდე, მასზე აუცილებლად პასუხი ასევე შავით თეთრზე აკრეფილი ფურცელით უნდა გამემზადებინა. ნებისმიერ ნომერმინიჭებულ ფურცელს, მეორე, მისთვის განკუთვნილი, ასევე ნომერმინიჭებული ფურცელი უნდა შეესაბამებოდეს. ეს წესი, ალბათ იმისათვის არის საჭირო, რომ ბიუროკრატია მთელი თავისი დიდებითი და ღირსებით შედგეს. ბიუროკრატიული ინსტიტუბები არც თუ ისე საინტერესო, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანი და თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულ სიტუაციებში საკმაოდ საჭირო მექანიზმებია, მაგრამ არა ჩემი სტატიის თემა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ფურცელზე ფურცლით პასუხის გაცემა ლამის სისხლში მაქვს გამჯდარი, მაგრამ შემოქმედებით პროცესში, ამ ბიუროკრატიული მეთოდისთვის არასოდეს მიმიმართავს. რამდენიმე ხნის წინ, ერთ–ერთ სტატიას გადავაწყდი, კითხვის დაწყების წინ დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა სტატიის შინაარსზე, მაგრამ წაკითხვისას მან ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად გადააჭარბა, რომ თქვენ სწორედ ახლა აი ამ სტატიას კითხულობთ. თავიდან მინდა გითხრათ, რომ არ მიყვარს მკაცრად განსაზღვრული დაპირისპირებები, ჩაი უფრო გიყვარს თუ ყავა, (ლიმონიანი ჩაიც მიყვარს და რძიანი ყავაც, რა ვქნა რა გავაკეთო?!) ღვინისტი ხარ თუ არყისტი? (ეგოსიტი ვარ მე, სინამდვილეში კი წითელი ღვინო მიყვარს სადილზე და ზღვაზე არაყი მირჩევნია), და მითუმეტეს სასტიკად ვეწინააღმდეგები დაპირისპირებას ქალებსა და მამაკაცებს შორის. ვფიქრობ, მამაკაცებთან გასაყოფი არაფერი მაქვს, ნუ გლობალურად თუ ვიმსჯელებთ არაფერი, თორე აგერ უკვე მეშვიდე წელია სწორედაც რომ ერთ მამაკაცთან ვიყოფ გაზისა და დენის გადასახადს, შემწვარი ქათმის ბარკალს და ტელევიზორის წინ განთავსებულ ,,დივანსაც“. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ყველა ქალი ქათამია და ყველა კაცი, ბოდიში მომითხოვია და ... (ხო მიხვდით არა). არსებობენ ჭკვიანი და სულელი, მანქანას რომ ატარებენ და რომ ვერ ატარებენ, ეგოისტი და არაეგოისტი, სნობი და ,,სვეცკი“, მეოჯახე და ,,მეტუსოვკე“ ქალები, ღირსეული და ლაჩარი, კრიჟანი და ხელგაშლილი, პათოლოგი და გაწონასწორებული, მომღერალი და მოცეკვავე, დაბალი და მაღალი მამაკაცები. სწორედ ამიტომ, ვფიქრომ, რომ დაპირისპირება ქალებსა და მამაკაცებს შორის სასაცილოა და მხოლოდ აბსურდამდე მიიყვანს ადამიანს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლომდე სულიერ–მორალურ, თუ მატერიალურ–ფიზიკურ კომფორტს ადამიანები მხოლოდ საპირისპირო სქესთან ჰარმონიული შერწყმის შედეგად აღწევენ. მოკლედ, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ გითხრათ: მე ძალიან მიყვარს მამაკაცი. განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, ზოგადად სამხრეთელი მამაკაცების ტემპერამენტი მომწონს, ვფიქრობ მათ გარეშე, უფრო კონკრეტულად კი, მათთან კეკლუცისა და ფლირტის გარეშე, ნამდვილად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი – ქალების ცხოვრება. საკმაოდ ხმამაღალი და თამამამი განაცხადის შემდეგ, ვფიქრობ არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ რატომ მეწყინა, ან კი არ მეწყინა, უსიამოვნოდ მომხვდა გულზე ის ზემოხსენბული უხსენებელი სტატია. ბევრი ილაპარაკა თუ ცოტა ილაპარა, საბოლოოდ ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენ ქართველ ქალებს გვაქვს დიდი და კეხიანი ცხვირი, დაბალი ტრაკი, არ გვიყვარს სექსი და ამ ყველაფრის გამო ვართ მსუქნები და უშნოები. გოიმურად იმის მტკიცებას ხომ არ დავიწყებ, დედას ვფიცავარ თუ მქონდეს დიდი ცხვრი და დაბალი ტრაკი და არც სექსზეც ვამბობ უარს-მეთქი, მინიშნებამ სიმსუქნეზე ფაქტიურად გულში დამჭრა (არა და ვაღიარებ პირველი რეაქცია, სწორედაც რომ გოიმური მქონდა და ძალიან მინდოდა მეთქვა, ჩემ გარშემო რამდენ გოგოს აქვს აწკუმპული ლამაზი ცხვირი, აბზეკილი ტრაკი, შხვართი ფეხები, არაჩვეულებრივი თვალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...), ამიტომ გადავწყვიტე ბიუროკრატიული მექანიზმები მთელი სიმძიმითა და დატვირთვით ავამოქმედო. ჩათვალეთ, რომ ეს არის პასუხი სტატიაზე, შესაგებელი ბლოგზე, არგუმენტირებული დასაბუთება, კატეგორიული კომენტარი. ბევრი წლის წინ ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭმა მითხრა: ყველა ქალი ლამაზია, როგორ შეიძლება ქალი უშნო იყოსო. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მართალი რომ გითხართ, გამიკვირდა ასეთი შეფასება. სინამდვილეში კი მნიშვნელობა არ აქვს ქალზე საუბრობ თუ მამაკაცზე, ადამიანის გარეგნულ ნაკლოვანებებზე მითითება, მარტივად რომ გითხრათ სულმდაბალი საქციელია. ეს რაც შეეხებოდა ოფიციალურ შეფასებას. არ მახსოვს რომელ კანონში წერია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ჩანაწერი არის, ადამიანის შეურაცხმყოფელი შეფასება, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, უნდა მოხდეს იმავე ფორმით და საშუალებით, რა ფორმითაც გავრცელდა. იმ ლამაზყდიან ჟურნალში ამ ბლოგს არავინ დამიბეჭდავს, მაგრამ ჩემი 500-ზე მეტი ფრენდი ხომ წაიკითხვას, ამით ვიმშვიდებ თავს. არა მხოლოდ ავტორის, არამედ ძალიან ბევრი ქართველი მამაკაცის პრობლემა არის ის, რომ ,,ვიძიწელი“ არ მოსწონთ ქართველი ქალები, ზემოაღნიშნული დაბალი ტრაკისა და კეხიანი ცხვირის გამო და ამიტომ დაჩაგრულები სლავური წარმოშობის ქალების მოსაპოვებლად მიემგზავრებიან ახლო უკრაინასა თუ შორეულ რუსეთში. იქიდან ბევრი დაოჯახებულიც კი ჩამოდის. ვითომ ხო ძააან ,,პრადვინუტები” არიან და მათთვის მხოლოდ ველური და არატრადიციული სექსია ურთიერთობის პიკი, მაგრამ რამდენიმე უძილო ღამისა და ალკოჰოლიანი სასმელის განუსაზღვრელი რაოდენობის მიღების შემდეგ, ურთიერთობას მაინც ქართულად, გოიმურად ,,ზაქსით“ ამთავრებენ. ანუ ამაზე მეტს ვერ ,,ქაჩავს“ ქართული მენტალიტეტი, ტრადიციულად მაინც უდევს თავში დამოკიდებულება: ეს ქალი ჩემთვის მინდა! რა გინდაა? შენთვის გინდა? გინდა შენი ნასკები და ტრუსიკები რეცხოს, იმის ნაცვლად, რომ ერთი სალონიდან მეორეში იაროს? და თან სად გინდა? თბილისში, სულ 3 კლუბია ერთმანეთის გვერდით და ყველა შენს ბაღელს, კლასელს და კურსელს რომ ნახავ პარასკევ საღამოს? კიდევ რა გინდა? დედამ სადილი კონტეინერში ჩასხმული რომ გაგიმზადოს და საღამოს წამოიღებ? ,,საროჩკები“ დამლაგებელმა ქალმა უნდა დაგიუთავოს და სამსახურში ყავის ჭიქა თანამშრომელმა გოგომ გაგირეცხოს? ყველაზე სასაცილოა, როდესაც რაღაცნაერად ცოტა ბოხი ხმით ბაზრობენ, ქართველ ფრიგიდულ ქალებზე და ქალიშვილობის ინსტიტუტზე, მაგრამ ,,დაჟე“ უკრაინელ შხვართ ნაშასთანაც ბოხხმიანი ბაზარი ბოლოს იქამდე მიდის, რომ ,,დარაგაია, ხოჩეშ პოჟენიმსია“-ო ეუბნება. ერთ-ერთმა ქართველმა ,,ვაჟკაცმა“, თავისი უკრაინული წარმოშობის ცოლის ცოლად მოყვანის ფაქტი ასე ახსნა: ,,ისეთი საყვარელია, ფრჩხილებსაც კი თვითონ მაჭრისო“. თურმე რა ცოტა სდომებია ამ გაჭირებულ დღეზე შობილს! ქართველო ქალებო, გადააგდეთ მანდილები, მოიმარჯვეთ მაკრატლები და დააკმაყოფილეთ ქართველი კაცების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები!!! ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც არ მინდა ეს დაპირისპირება ქალებსა და კაცებს შორის. იმ უხსენებელ ავტორს ხომ არ დავემსგავსები, რომელსაც მაღალტრაკიანი და ,,კურნოსა“ ქართველი გოგოები არც სკოლაში რომ არ უყურებდნენ და არც უნივერსტეტში რომ არ აძლევდნენ, ამიტომაც არის დაბოღმილი და გულჩათხრობილი. გამართლებით მასაც ალბათ მხოლოდ სლავური წარმოშობის ნაშასთან გაუმართლა, იქ იგრძნო თავი ალბათ ლოგინის ზევსად ან ნეპტუნად. ,,ტი კონჩილ“-ო რომ კითხეს და პასუხი რომ გასცა: ,,ნეტ, ია ტოლკო ნა ვტორი კურს პერეშოლო“. მე მგონია, რომ ქართველმა კაცებმაც და ქალებმაც უნდა მოვიშოროთ ეს წმინდა ქართული-გოიმური ჩვევები, ეთნიკურად ქართული წარმოშობის ქალთანაც შეიძლება გქონდეთ ისეთი მაგარის სექსი, როგორიც სლავური წარმოშობის ნაშასთან, ოღონდ ამისთვის პირველ რიგში პატარა, ეთნიკურად ქართული კომპლექსები უნდა გადალახოთ: ნაშასთან რომ რაღაც არ ტეხავას და ,,აბრუჩალკიან“ ქალთან მაგრად ტეხავს, ამას რომ მოაგვარებთ იქნებ მერე სექსის დროს დაგველაპარაკოთ კიდეც და ასე ნელა-ნელა მივაღწიოთ ეთნიკურად ქართულ, ევროპულის მსგავსს ორგაზმს!

Thursday, March 21, 2013

არა ოკუპაციას!

ჩემს პირად განცდებზე საჯაროდ არ მიყვარს საუბარი. არის თემები, მაქვს მოგონებები, რომლებსაც არავის ვუზიარებ, იმიტომ არა, რომ მათ ვმალავ ან მათ გამო მრცხვენია - საერთოდ არ მიყვარს უარყოფითი მოგონებების და განცდების გახსენება. როდესაც ისინი მიდიან, მათ აღარ ვეტირები და ჩემი რეალობის დამახინჯების უფლებას არ ვაძლევ. მიხარია, რომ წავიდნენ და ის ფაქტი, რომ ოდესღაც ისინი გადავიტანე, ჩემს ახალ დღეს არ თრგუნავს. არ ვიცი ეს როგორ შევძელი, ალბათ, მაინც იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავს (ამას აბსოლუტურად გულწფელად ვამბობ). თემა, რომელზეც ვწერ მართლა ძალიან მძიმეა და ამიტომ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ჩემი ძალიან ბევრი ახლო მეგობარიც კი არ დამიმძიმებია ამ მოგონებებით, მაგრამ დღეს ძალიან მომინდა მე დამეწერა და თქვენ წაგეკითხათ. ჩემი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ. სხვადასხვა დროს ორივემ სწავლა მოსკოვსა თუ თბილისში განაგრძო, რის გამოც მე თბილისში გავჩნდი, სოხუმი კი მხოლოდ ჩემი ბედნიერი ბავშვობის, ბედნიერი ზაფხულების გატარების ადგილად იქცა. როდესაც დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციეზე საუბრობენ, მე სოხუმი მახსენდება. საქართველოს ისტორია მეტნაკლებად მაინც, კარგად ვიცი, თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მეპარება ეჭვი მემატიანეთა გულწრფელობაში. დღეს, როდესაც მე თვითონ ვარ ჩემი ქვეყნის ისტორიის თანამოწილე, ვხვდები, რომ ჩემი რეალობა სრულიად განსხვავდება ჟამთააღმწერელთა მიერ ფურცელზე გადატანილი ......გან. თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე ისევ აფხაზეთს მივუბრუნდები. მე მინდა მოგიყვეთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, რომელიც საქართველოს ისტორიის მოჩუქურთმებულ წიგნებში კი არ ამოვიკითხე, არამედ მე თვითონ გადავიტანე. როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, 12 წლის ვიყავი. ჩემს დედასთან და პატარა დასთან ერთად სოხუმში ვისვენებდი, ჩემი ბებიის და ბაბუის ყველაზე ლამაზ თეთრ სახლში - ბოტანიკური ბაღის წინ. ჩვეული მზიანი დღე იყო, როგორც ყოველთვის ბევრი სტუმარი გვყავდა - ჩემი დეიდაშვილები, დედაჩემის მეგობრები, მათი შვილები. ავს არაფერი მოასწავებდა, როდესაც უცებ გავიგეთ, რომ სოხუმის საზღვრებთან ქართული ჯარი გამაგრდა.... აქედან დაიწყო... საბრძოლო მოქმედებების დეტალები და საომარი სტრატეგია არ მახსოვს. მახსოვს, როგორ ჩავსხედით ბაბუჩემის მანქანაში და წავედით სოფელში, რომელიც შემდეგ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად იქცა, როგორ გავირეთ დანაღმულ გზაზე და საბედნიეროდ არ ავფეთქდით, როგორ ჩამოვიდა თბილისიდან მამაჩემი, რომელიც აეროპორტიდან სახლამდე ფეხით მივიდა, მახსოვს ტყვიების წუილის ხმა და დაბომბვები, მახსოვს 24 საათი, რომელიც სოხუმის აეროპორტში გავატარე, მახსოვს დედაჩემის მეგობარი მიშა კოკაია, რომელმაც გამოგვაცილა და რომელიც მას მერე აღარასოდეს გვინახავს და დღესაც უცნობია, როდის და სად მოკლეს. მახსოვს ბევრი ბავშვიანი ქალი, რომელიც იმ თვითმფრინავში ვერ დაეტია, რომლითაც ჩვენ გამოვფრინდით, მახსოვს პატარა თვითმფრინავი და ფეხზე მდგომი უამრავი მგზავრი, მახსოვს როგორ ყვებოდა დედა იმ ღამით აეროპორტის საშინელი დაბომბვის ისტორიას, მახსოვს დღეები, როდესაც ველოდი ჩემი დეიდაშვილების სოხუმიდან გამოფრენას, მახსოვს მათი ჩამოსვლა, სასტუმრო "ივერიის" ფოიე, მახსოვს ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომლებიც დიდი და ლამაზი სახლებიდან, პატარა სასტუმრო ოთახში შეკუჭეს, მახსოვს აღშფოთებული თბილისის "ელიტა", რომელსაც სულიერი და ფიზიკური კომფორტი ერღვეოდა ლტოლვილების შემხედვარეს. ეს ის ხალხია - დღეს ოკუპაციას არას რომ ეუბნებიან, მაშინ კი სულ ...ზე ეკიდათ რუსების მიერ აფხაზეთიდან გამოყრილი ადამიანები და "სვეცკად" განაგრძობდნენ გულაობას ,,ყაზბეგსა“ და "აიჯიეში“. მახსოვს, როგორ ვრეკავდით გაუთავებლად სოხუმში, ყოველი მორიგი ცნობა სოხუმის დაბომბვის შესახებ და საათები გატარებული ჩემი სოხუმში დარჩენილი ბებიის და ბაბუის ხმის გაგების მოლოდინში, მახსოვს სასოწარკვეთილი მამაჩემი, რომლის ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარი სოხუმის საავადმყოფოში ოცდაოთხსაათიან მუშაობას გადაყვა, მახსოვს გაუთავებელი ცნობები ჩემი მშობლების ნათესავების, მეგობრების, უბრალოდ ნაცნობების, უბრალოდ ადამიანების გარდაცვალების, ნაღმზე აფეთქების, ომში დაღუპვის შესახებ, მახსოვს მზიანი ქალაქი გაგრა და მისი დაცემა, გაგრაში ამოხოცილი ოჯახები, შეურაცხყოფილი გვამები, მახსოვს სოხუმში დედაჩემის სახლის აფეთქება, მახსოვს დედაჩემი, რომელიც არასოდეს იღიმოდა და სულ ტიროდა, მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებით გაკეთებული სადილები, მახსოვს მამაჩემის დარდი, მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, მახსოვს 3 თვე, როდესაც ჩემი ბებია და ბაბუა და ჩემი ბიძა ტყვედ ჩავარდნენ და 3 თვიანი ძიება, იმის დასადგენად ცოცხლები იყვნენ თუ არა... მახსოვს აფხაზეთის სვანეთის გრძელი გზა, მახსოვს გაყინული ხალხი, მახსოვს ომის შემდგომი წლები, მახსოვს ბაბუჩემი, მახსოვს დედაჩემი, მახსოვს სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ვეღარასოდეს დაბრუნდება, რამდენჯერაც არ უნდა დავწეროთ დიდ პოსტერებზე: ,,ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“, ან "აფზაზეთი ჩვენი ტკივილია“. ნამდვილად! აფხაზეთი ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილია, არა აბსტრაქტული, არა რაღაც არარეალური, არამედ სისხლით ხორცამდე ნამდვილი ტკივილი, რომელიც ყოველი ფოტოს, ყოველი მორიგი ნივთის, ყოველი მოგონების შეხებისას სულ უფრო მძაფრად გტკივა. ბევრი წელი გავიდა. მაშინ ბევრს საუბრობდნენ მიზეზებზე, გამოსავალზე. არც პოლიტიკაში გამეგება რამე და არც ანალიტიკაში, მე მხოლოდ რეალობის აღქმა შემიძლია და ჩემი რეალობა დღეს ასეთია: არც ერთი, თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისკენ, პირიქით - ბევრი დიდი ნაბიჯი უკან. აფხაზეთის მერე იყო 2008 წელი, როდესაც რუსეთს კიდევ ერთხელ მივეცით ჩვენი ოკუპაციის უფლება. ბევს დღესაც ჰგონია, რომ რუსეთი როგორც დამპყრობელი, რუსეთი როგორც ოკუპანტი, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაანახა მსოფლიოს. მე კიდევ მგონია, მგონია არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის 2008 წელის აგვისტო ნაციონალური მოძრაობის 4 წლიანი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. არ ვიცი ეს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გააკეთეს, ამაზე შეიძლება ბევრი იდავო, მაგრამ ფაქტი არის ერთი და თან ჯიუტი - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ, მათმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომი, მაშინ ზუსტად ის მოხდა რაც რუსეთს სურდა, ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც ოკუპანტს აწყობდა, სწორედ მის წისქვილზე დაისხა წყლის ულევი ნაკადი. არა - ნაციონალურ მოძრაობას და არა - რუსეთის ოკუპაციას, ჩემთვის ეს ორი ცნება ისეა ერთი მთლიანი, როგორც სხვა არაფერი დედამიწაზე. ჩემი ტკივილი არც სხვაზე მეტია და არც სხვის ტკივილზე ნაკლები, აფხაზეთი მარტო მე და ჩემს ოჯახს არ დაგვიკარგავს. თუმცა ეს საერთო ქართული ტკივილი მაინც არ არის. არავის არ ვაყენებ შეურაცხყობას, უბრალოდ ვიცი, როდესაც რაღაც პირადად არ შეგხებია, როდესაც რაღაც პირადად ძალიან არ გტკენია - მას ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. ამიტომაც ლოზუნგი „არა ოკუპაციას“ (ზოგიერთი ადამიანის პირიდან გამოთქმული) ისევე არაგულწრფელად მოდის ჩემამდე, როგორც მივიწყებული პათოსი - ,,ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს“. სამშობლოს სიყვარულში არავის ვეჯიბრები, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი განცდა გვაქვს, ყველას ჩვენი ემოციები და გრძნობები ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ უფლებას არავის მივცემ იმ ქვეყნის მონობისა თუ მორჩილების სურვილი დამწამოს, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან რაღაც ძალიან დიდი და ძვირფასი, ყველაზე ლაღი და მზიანი სამუდამოდ ამოგლიჯა.