Thursday, November 13, 2014

სად წავიდა თაფლი?

ჩემთვის ნაცნობ მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ენაზე ეს სიტყვა, უფრო სწორად ეს პერიოდი თაფლის ჭამასთან ასოცირდება. დიახ, სწორედ თაფლის დასაგემოვნებლად მიემგზავრებიან რუსი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუ ჩვენი მშობლების თაობის აბსოლუტური უმრავლესობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის თაფლს თუ არა, ,,სოჩენსკაია სმეტანა“ გადასმულ ,,ბულკს“ მიირთმევდა საუზმედ, თანამედროვე ქართველები - სწორედ რომ თაფლით გაჟღენთილი თურქული ფახლავათი იტკბარუნებენ პირს და ერთმანეთს საუკუნო ლხინსა თუ ჭირს, დარსა თუ ავდარს რომ გაუძლებს, ისეთ სიყვარულს ეფიცებიან... როდესაც ჩემი თაფლის ჭამის დრო დადგა, ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფრო ზუსტად კი სამსახურებრივი უნარების გასაუმჯებესებლად, გერმანიის სოფელ გარმიშ-პარტენკირხენის სასწავლო ცენტრში მიავლინეს. თბილისში მარტო დარჩენასა და მის ლოდინში უძილო, ცრემლიანი ღამეების გათენებას თაფლის ჭამა ვარჩიე და თან გავყევი (თან წამიღო, როგორც იტყვიან).
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.

ქოქო

ამ ბლოგის წერა რამდენიმე კვირის წინ დავიწყე, მაგრამ შესავალშივე ,,გავიჭედე“ და თავი დავანებე. რთულია იმაზე წერა, რაც შენ ძალიან გიყვარს და რაც უკვე შენი არ არის. ალბათ, ამიტომ გამომივიდა შესავალი უსაშველოდ დიდი და მთავარ სათქმელამდე მისვლა გამიჭირდა. მე ვწერდი სიკეთეზე და სიყვარულზე, იმაზე, რომ როდესაც პატარა ვიყავი, დედა ასე მეფერებოდა: „შენს ყველა წერტილს ვენაცვალე!“ სულ მაინტერესებდა, სად მქონდა წერტილები და ვეკითხებოდი: „დედა, აბა სად, სად მაქვს წერტილები?“ კიდევ ვწერდი ჩემს შვილებზე. მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო და მერე ნიკო მოევლინენ ქვეყანას, თავად მინდა, მათ ყველა წერტილს მოვეფერო და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩემს რისხვასა და ბრაზს იმსახურებენ, ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულში გავზარდო. ვწერდი იმაზეც, რომ ახლა უკვე ვიცი - ადამიანები ბევრი მილიონი და მილიარდი წერტილისგან შედგებიან, წერტილები სიხარულის, სიყვარულის, სინანულის, ავის და კარგის, კეთილისა და ბოროტის, როგორც ფაზლები, ისე აწყობენ ადამიანს შინაგან და გარეგნულ იერსახეს. ვწერდი, რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ და ვწერ ადამიანების ბოროტებაზე, ავისა და ცუდის კეთების სურვილზე. გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ არ მესმის ასეთი ადამიანების, არ მესმის რა ძალა ამოძრავებთ, ან ნეგატიურმა ემოციებმა რატომ მოიყარეს ასე უხვად თავი მათ გონებაში, სულსა და ხასიათში. ეტყობა ბავშვობაში დედები მათ ყველა წერტილებს არ ეფერებოდნენ.... მოკლედ, მაინც უსაშველოდ დიდი შესავალი გამომივიდა. ამ დროს კი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, ჩემს გარშემო ბევრი კარგი და კეთილი ადამიანია. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ ხალხს ვეცნობი, უკეთესად ვხვდები, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა... ჩემი ბებია ქოქო, ყველაზე კეთილი ადამიანია მთელს მსოფლიოში. ეს სიტყვები შეიძლება ვინმეს გაზვიადებულად მოჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და მტკიცება არ სჭირდება. მისი ბუნება მხოლოდ კეთილი წერტილებისაგან შედგება. ყველაზე გულჩვილი და სათუთი სულის მქონე ადამიანი, რომლის მსგავსსაც არასოდეს და არსად შევხვედრივარ. როდესაც ადამიანზე წერ, რომ კეთილია, უბოროტოა, ლამაზია, საყვარელია, მტკიცებულების სახით რაღაც უნდა მოაყოლო, რომ სხვებმაც დაგიჯერონ და ასე სიტყვაზე არ გენდონ. ბევრი ამბავი და ფაქტი შეიძლება გავაცოცხლო წარსულიდან, იმ ზღვისპირა ვარდისფერი ლილიების წარსულიდან, რომელიც ყველაზე მეტად მენატრება... ერთი სიტყვით რომ გითხრათ, სოხუმი ჩემთვის იყო ბედნიერება, ერთი დიდი, ფერადი, საინტერესო, უსაზღვრო, სიყვარულით სავსე, ზღვიანი და ქვიშიანი, ყველაზე გემრიელ ნაყინიანი, ღია კაფეებიანი, მეგობრებიანი, მხოლოდ ღიმილიანი ბედნიერება! ეს ბედნიერება ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა, როდესაც ვამბობ, რომ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდები, კვადრატულ მეტრებსა და ასფალტიან, თუ ქვიშიან ქუჩებს არ ვგულისხმობ. ტერიტორია, სადაც დღესაც სოხუმია, ალბათ ისევ ,,ფეხმისაწვდომია“ ჩემთვის. მაგრამ მე მხოლოდ ქუჩები და ლილიები არ მენატრება... მე მენატრება ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სოხუმს, ყველაზე ლამაზ ქალაქს დედამიწაზე, ადამიანები, რომელთა უმრავლესობა დღეს უბრალოდ ცოცხალი აღარ არის ამიტომაც მე ვეღარასოდეს დავბრუნდები იქ, ვეღარასოდეს დამხვდებიან ისინი! სევდიანია ის რასაც ვწერ და სევდიანი ვარ მეც, ამის წერა რომ მიწევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, მოგიყვეთ სიკეთის ისტროია, რომელიც შეიძლება წაკითხვისთანავე დაგავიწყდეთ, მაგრამ მე სულ მემახსოვრება და ალბათ ყოველთვის ,,მაიძულებს“ ნებისმიერ დროს და ადგილას, ნებისმიერ ბოროტ თუ ავ ქმედებას, ჩემი მხირდან მხოლოდ სიკეთე შევაგებო. ჩემს ბებია ქოქოს ყველა იცნობთ, მასზე არაერთხელ დამიწერია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირადად არ იცნობდით ადამიანს, რომელიც მხოლოდ დადებითი წერტილებისგან შედგებოდა, ის უბრალოდ არ ფიქრობდა ცუდზე, ავსა თუ ბოროტზე, უყვარდა ცხოვრება და უყვარდა ადამიანები, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით ივსებოდა და იყო ბედნიერი. ბედნიერების განცდა ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობაში. მიყვარს ქოქოს ეს თვისება და მიყვარს სამყაროს მისეული აღქმა, როგორ მინდა რომ თქვენც იგრძნოთ რასაც ვწერ. ქოქოს ნაცრისფერი, ბოლო წლებში სულ სევდიანი თვალები, ყოველთვის ბედნიერების ნაპერწკლებით ციმციმებდნენ! ქოქოს შესახებ რამდენიც არ უნდა ვწერო, სიტყვები არასოდეს მეყოფა, ამიტომ, როგორც შეგპირდით მხოლოდ ერთ ისტორიას მოვყვები, სიკეთის ისტორიას. ქოქო პედიატრი იყო, სოხუმის საავადმყოფოში დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავდა, მხოლოდ ბავშვები. სოხუმი საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქი იყო და შესაბამისად, ქოქოს პაციენტებიც სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ .... როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, ჩვენ თბილისში წამოვედით. ქოქო და ბაბუ სოხუმში დარჩნენ. ეს ერთხელ უკვე დავწერე, არც ერთს არ სჯეროდა, რომ მათ აფხაზები ხელს ახლებდნენ, მათ სიცოცხლესა და მით უმეტეს ჯანმრთელობას შეეხებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზი და სომეხი ,,ბოევიკები“ ე.წ. სიებით ხელში დაძრწოდნენ დაბომბილი სოხუმის ქუჩებში და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ოჯახებს ადგილზე ხოცავდნენ. ძირითადად, წმენდა სოხუმის ინტელიგენციას შეეხო, იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ აფხაზეთს მეცნიერებისა თუ კულტურის სხვადასხვა დარგში. გაავებული ბოევიკების ერთი ნაკადი ჩვენს ეზოშიც შემოიჭრა, გამწარებით ეძებდნენ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქალს. სოხუმში დარჩენილმა მერი ხაშბამ, პროფესორ მუშნი ხაშბას ქალიშვილმა და ქოქოს ნათლულმა, აუხსნა, რომ ის მეზობელი სახლიდან გაქცეულიყო. სად არის, დაჟინებით კითხულობდნენ ბოევიკები, უნდა ჩავხოცოთ, სკოლის მასწავლებელი იყო და ჩემს შვილს სულ ორიანებს უწერდაო... ცოდვის ტრიალი იყო სექტემბრის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმში, ნამდვილი ცოდვის ტრიალი... მერის კარებზე კიდევ ერთხელ დააკაკუნეს, მას კარის გაღების შეეშინდა, ბოევიკების დაჯგუფება, ამჯერად, ქეთევან ხაჟომიას (ქოქოს) კითხულობდა. ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ, აქედან უნდა გავიყვანოთ, მან ჩემი შვილი გადაარჩინა, როდესაც უფულოდ და უკაპიკოდ საავადმყოფოში მივედი, არავინ მომისმინა, მხოლოდ ქეთევანმა გასინჯა ჩემი შვილი, უმკურნალა, თავისი სახსრებით ყიდულობდა მისთვის წამალს და სახლიდან საჭმელი მოჰქონდაო.... ამაზე მეტს მე ვერაფერს დავწერ და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ეს ისტორია მერიმ დედას ტელეფონზე უამბო, წლევანდელი წლის 9 ან 10 ივნისს, როდესაც მე კიდევ უფრო მეტად, მილიონობით კილომეტრით, დავშორდით სოხუმს.

დეფიციტის დაძლევა შიდა ბაზრის გამოუყენებელი რესურსის დახმარებით

ქართული ეკონომიკის მდგრადი განვითარების მჯერა თუ არა, ამას არ გეტყვით და არც იმაზე დავწერ, რომ ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, ყველაზე გამართლებული სტრატეგიაა, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება აირჩიოს. ვინც ჩემს ბლოგებს ინტენსიურად ან არაინტენსიურად კითხულობთ, იცით, რომ რამდენიმე წელია სულ ერთი თემის გარშემო ვტრიალებ: ერთ-ერთი ბლოგი მამაკაცების დეფიციტსაც მივუძღვენი და ამაოდ ვეცადე გამეგო, თუ რა სურთ ქართველ მამაკაცებს. მოკლედ, ბევრი ვეცადე თუ ცოტა, ერთი ურთიერთობის დაწყების ნაპერწკალიც ვერ დავანთე. ხელი არასოდეს ჩამიქნევია და ამ პრობლემაზე გამუდმებით ვფიქრობთ. კი, მაქვს ბევრი სხვა საფიქრალიც, მაგრამ ეგრევე ნუ გამაკრიტიკებთ, ჯერ კარგად მომისმინეთ. უკანასკნელი შვიდი წელია, ანუ მას შემდეგ რაც ჯერ სანდრო მოევლინა ქვეყანას და შემდეგ უკვე ნიკო, ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელ 20 დღეს ბაკურიანში ვატარებ. ბაკურიანში ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან ბევრი ჟანგბადი, ძალიან ლამაზი მთები, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცა და ჩემი აღმოჩენა - რაინდები ცხენებზე! ე.წ. რაინდებზე, მხოლოდ ორი დღის წინ დავფიქრდი, როდესაც სანდრო ნახევარი საათით ცხენზე საჯირითოდ გავაცილე. პირველად, როდესაც ცხენზე დავსვი - ორი წლის იყო, მაშინ მეც მასთან ერთად ვჯდებოდი და ასე ერთად მივდიოდით სასეირნოდ ტყეში. ცხენის პატრონები, ძირითადად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები არიან. დილას ადრე ადგომა რომ არ ეზარებათ და სახეზე არაჩვეულებრივი რუჯი რომ აქვთ ისეთები. მართალია, მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის, მაგრამ ამისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ნახევარსაათიანი გასეირნების საფასურის გადახდის შემდეგ, მეცხენე ბიჭებზე აღარ მიფიქრია. შემდეგ წელს, ანუ როდესაც სანდრო 3 წლის გახდა, ის უკვე დამოუკიდებლად ჯდებოდა ცხენზე, მაგრამ მე, როგორც მზრუნველი ქართველი დედა, ძუნძულით მივყვებოდი უკან. ასე ვთქვათ სასიამოვნოს სასარგებლოს ვუთავსებდი და საუზმეზე ლიმონის ნამცხვრისა თუ ფუმფულა ხაჭოს ალადების მირთმევით მიღებული კალორიების დაწვას ვცდილობდი. დადგა მორიგი წელიც, როდესაც ძუნძული გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო აღარ შემეძლო და არც მიღებული კალორიების დაწვას ჰქონდა აზრი, ისედაც ძროხას, ან შეიძლება უფრო ბეჰემოტს ვგავდი და ნიკოს დაბადებისთვის ვემზადებოდი. ყველა ზემოხსენებულ მეცხენე ბიჭს შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, სწორედ ამ წელს გაცნობილი მეცხენე ბიჭი - ალბერტი აღმოჩნდა. უცნაური სახელის გამო, სანდრომ მას ,,სანდრო“ დაარქვა და დაუმეგობრდა. ყოველ დღე ალბერტი და სანდრო ერთად მიდიოდნენ საჯირითოდ, საღამოობით ერთად „აბირჟავებდნენ“ სხვა მეცხენე ბიჭებთან ერთად. ეს იყო ნამდვილი და გულწრფელი ორმხრივი მეგობრობა, თან ძალიან ერთგული და უღალატო. თუ ალბერტს რიმე მიზეზეზის გამო სანდროსთვის არ ეცალა, სანდრო სხვის ცხენზე არ ჯდებოდა და მორჩილად ელოდებოდა, თუ როდის მორჩებოდა ალბერტი ყანაში ფუსფუსს, დააპურებდა საქონელს და კიდევ, რა ვიცი, რამდენი და რა სახის საქმის მოგვარება უწევდა ბაკურიანელ ყმაწვილს. ალბერტისა და სანდროს მეგობრობა ორი წელი გაგრძელდა. მთელი წელი ბაკურიანიდან ბაკურიანამდე ალბერტს, მის ცხენს, მასთან საუბრებს, ჯირითის დროს გადამხდარ ისტორიებს ვიხსენებდით. როდესაც შარშან ტრადიციისამებრ ბაკურიანს ვესტუმრეთ, პირველი რაც გავაკეთე, ალბერტი და მისი ცხენი მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ალბერტმა ცხენი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იმ წელს სანდრო ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ ცხენების სიყვარულმა წყენა გადაავიწყა და ახალგაზრდა ძმები: ლევანი და ვასიკო გაიცნო. ეს ბიჭები დილიდან საღამომდე ცხენებით დაჰქრიან ბაკურიანში, მათ იცნობს ყველა სასტუმროს ადმინისტრატორი და დამსვენებელი ბავშვების დედები. ლევანისა და ვასიკოს მსგავსად ბაკურიანის თითქმის ყოველ მაცხოვრებელს ჰყავს ცხენი. თეთრ, ყავისფერ თუ შავ რაშზე ამხედრებული ,,რაინდები“ გამუდმებით დაჰქრიან ბაკურიანის ტყეებსა თუ ახლა უკვე ჩაბეტონებულ გზებზე. ამ სანახაობას ისე მივეჩვიე, თითქოს არაფერი, არა და ქალების ოცნება ხომ ცხენზე ამხედრებული რაინდია?! ამ აღმოჩენამდე ჩემი საყვარელი ზღაპრის, საყვარელი გმირის - კონკიას ისტორიამ მიმიყვანა. საღამოს, როდესაც ბავშვები მივაძინე და ლეპტოპით ხელში სასტუმროს ფოიეში გემრიელად მოვკალათდი, ტელევიზორში კონკიას თანამედროვე, ჰოლივუდური უნიჭო ეკრანიზაცია გადიოდა. ცოტა გული დამწყდა, ეს არაჩვეულებრივი ისტორია ასე უგემოვნოდ რომ წარმოაჩინეს, მაგრამ უცებ გონება გამინათდა. ცხენზე ამხედრებულ რაინდებზე მეოცნებე გოგონები და კონკიას ისტორია ერთმანეთს დავუკავშირე და მგონი ზემოთდასახული პრობლემის გადაჭრის გზასაც მივაგენი! კონკია ერთი უსახური, მურიანი და მოწყენილი გოგო იყო კეთილი გულით. ფერიას მისთვის ულამაზესი კაბა და ბროლის ფეხსაცმელები რომ არ ეჩუქებინა, უფლისწული მას ზედაც არ შეხედავდა. კონკიას კეთილი გულითა და ლამაზი ფახულა თვალებით ისევ გოჭები, ინდაურები, ქათმები და თაგვები დატკბებოდნენ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული და თქვენ რომ ახლა კითხულობთ იმ ბლოგის მონახაზს ვაკეთებდი გონებაში, როდესაც ცხენზე გასეირნების სურვილით გულანთებული სანდრო სასადილოდან პირმოთხვრილი ამოვარდა და ელვის სისიწრაფით ლევანის ცხენს შემოახტა. ლევანი ვერ ვიცანი. გაბურძგნული შავი წვერი გაპარსული ჰქონდა, სალათისფერი, ახალგარეცხილი პერანგი ეცვა და უხერხულად ქვემოთ იყურებოდა. აი, ამ დროს კი, წინა დღის საღამო გამახსენდა, როდესაც ლევანმა ჩვენი სასტუმროს დამსვენებლის სალომეს შვილი - 3 წლის თემუკა მოიყვანა ნახევრსაათიანი ჯირითის შემდეგ. სალომე თემუკას წამოსაყვანად მივიდა და დაახლოებით 10 წუთი ჭიშკართან შეყოვნდა. ხელში თემუკა ეჭირა და ალბათ, ერთი სული ჰქონდა ეზოში შემოსულიყო, მაგრამ ლევანი სხვადასხვა კითხვებით თავს არ ანებებდა და ცხენზე სასეირნოდ ეპატიჟებოდა. ორი წლის მანძილზე ლევანი წვერგაპარსული და პერანგში პირველად ვნახე. საკმაოდ კარგი გარეგნობის ბიჭი აღმოჩნდა, მთიელებისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველებით და მთის ოქროსფერი რუჯით. მართალია, სალათისფერმა პერანგმა სალომეს თბილისში გამგზავრებაზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ქერა, გრძელფეხა სალომეა, რომელიც თავის უფლისწულს ელოდება ცხენზე ამხედრებულს? როგორც რეალობა აჩვენებს, ცხენზე ამხედრებული რაინდების ქალაქში ლოდინი, სრული უტოპიაა. თბილისში ლოჯისტიკის მენეჯერებს თუ შეხვდებით მხოლოდ, ჰალსტუხწაჭერილებსა და „რაღაცნაერი“ გაწელილი „ბაზრებით“ (გადავწყვიტე ლოჯისტიკის მენეჯერი ჩემს ყველა ბლოგში ერთხელ მაინც ვახსენო სხვადასხა კონტექსტში J). ნამდვილი რაინდები კი აქ, მთაში ცხოვრობენ, ქალის ფასიც რომ იციან და გემოც. მთელი დღე აიფონში კი არ იჩხრიკებიან, სლავური წარმოშობის ქალების უკანალის სანახავად, ცხენებზე ჯირითობენ ამაყი სახით, თივის ზვინებს აგებენ და ცხვრის ფარას მთის კენწეროზე მიერეკებიან. მერე რა, რომ მათ ტანსაცმელს ცხენის სუნი ასდის და შავი გაბურძგნული წვერიდან სახის ნაკვთების გარჩევა ჭირს. და თუ კონკიას ჰყავდა კეთილი ფერია, რომელმაც მას სუფთა ტანსაცმელი და ლამაზი თმის ვარცხნილობა აჩუქა, რატომ არ შეიძლება თანამედროვე გოგოები გახდნენ ფერიები ცხენოსანი რაინდებისთვის? ოცნებები მხოლოდ ზღაპარში არ ხდება და რომანტიკული ისტორიები თანამედროფე ტექნოლოგიებს ბოლომდე ჯერ არ გადაუსანსლავთ. აქ ბაკურიანში, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ცხოვრობენ წვერგაუპარსავი რაინდები, რომლებიც ისევე როგორც თქვენ, ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობენ. ტურიზმის დეპარტამენტი ისე შორს დგას ჩემგან, როგორც ლოჯისტიკის მენეჯმენტი, ამიტომ სამაჭანკლო ტურის ორგანიზება არამგონია კარგი იდეა იყოს. მე შემიძლია მხოლოდ გთხოვოთ, ჩამოდით ბაკურიანში და გაიცანით ისინი, ცხენით მოიარეთ აქაური ადგილები და შემდეგ პერანგის რეცხვისას „პერსილს“ გამოიყენებთ, თუ „არიელს“ ეს უკვე თქვენი საქმეა. P.S. სანდრომ ალბერტი წელსაც გაიხსენა და შევპირდი, აუცილებლად მოგიძებნი მეთქი. დარწმუნებული ვარ, ორი წელი თბილისში თუ გაძლო ბაკურიანის მთებში გაზრდილმა ბიჭმაა, სოციალურ გვერდზე აუცილებლად ექნება თავის პროფილი და არაერთი თბილისელი პრანჭია გოგოს გულიც დაპყრობილი. P.S. ალბერტისა და სანდროს ფოტოს აუცილებლად დავურთავ ბლოგს, თავად რომ დარწმუნდეთ...

მიჯნურობა

დღეს დილას ნიკომ ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იპოვა და ჭკვიანური სახით ფურცვლას შეუდგა. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ეს საქმიანობაც მალევე მობეზრდა და ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ჩემს ხელში აღმოჩნა. მას მერე რაც სიყვარულისა თუ მეგობრობის სამაგალითო თხზულებების წიგნი უკანასკნელად წავიკითხე, მთელი 17 წელი გავიდა. ზუსტად ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ადამიანებს შორის ურთიერთობის დეფიციტზე, უურთიერთობაზე, უსიყვარულობაზე. ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელმაც ადამიანებს სულიერი საზრდო ,,წაართვა“, ბნელ 90-ანებზე, რომლებმაც უშუქობაში, კერასინკის სუნით გაჟღენთილი ჩვენი ურთიერთობა და მეგობრომა ასე მყარი გახადა. ჩემი მთავარი თემა მაინც უსიყვარულობაა, ალბათ არავინ შემეწინააღმდეგებით, რომ ეს ასეა. იმას ვგულისხმობ, ორი ადამიანი ერთმნეთს რომ ვერ ან არ ხვდება და ცალ-ცალკე ბოდიალი რომ ურჩევნია. ჩემთვის ეს არის ეკოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პრობლემაც. დღეს ნიკოს ხელიდან მოწოდებული ,,ვეფხის-ტყაოსანი“ იმ ორი დღის წინ დაწყებული საუბრის გაგრძელებად მეჩვენა. ,,გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდი უფრო წყლულად, საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ მოკლულად!“ ,,ვეფხის-ტყაოსანი“-ს სტროფების გარჩევით ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს, მით უმეტეს რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი თემა მაინც ექნება გარჩეულ-დაწერული თინათინისა და ავთანდილის სიყვარულზე, ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობაზე, ასმათისა და ტარიელის ურთიერთობის საჭვოობაზე, თემა თუ არა ნაფიქრი მაინც გვაქვს და ამას ახლა თავიდან აღარ მოვყვები. ჩემთვის გადავწყვიტე, ,,ვეფხის-ტყაოსანი“ ყოველ დღე წავიკითხო, ტექნიკურმა პროგრესმა სული რომ არ გამიცივოს და მიჯნურობის მიმართ ცინუკი არ გამხადოს. თითქოს ყველას წაკითხული გვაქვს და თითქოს ყველას მოგვწონს, მაგრამ მაინც ჩემს გარშემო იმდენი ადამიანია, რომელსაც მეორე ადამიანის არსებობის საჭიროება არ აქვს, სოციალური ქსელში გამოხატული აქტივობა, საღამოს კლუბში გაცნობილ პარტნიორთან ,,ვან ნაით პონტი“, დილას ჰალსტუხი და ლოჯისტიკის მენეჯმენტი სავსებით საკმარისია ცხოვრების მშვენიერის შესაგრძნობად. ამ დროს არავინ ფიქრობს, რომ მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი... მაგრამ იქნებ ზემოხსენებული ,,ვაინ ნაით პონტიც“ თავის დროზე წაკითხული შოთას გავლენაა, პირდაპირ აღქმული და აქტიურ ქმედებაშ გამოხატული: ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“... გაცემაში რუსთაველი, მაინც მატერიალურ თუ სულიერი სიკეთის გაცემას გულისხმობა ჩემი აზრით და არა გრძნობისა და ემოციის გრძნობისა და ემოციის გარეშე გაცემ-მიცემას. თუმცა ყველას თავისი შოთა და ყველას თავისი ,,ვეფხის-ტყაოსანი“ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი მიჯნურობაზე... მომწონს როდესაც ფოტოს მილაიქებენ და კომენტარში < 3 ვარიაციით გული იწერება, თანამედროვეობას მივყვები, მაგრამ ავთანდილის მსგავსად, მინდა ჩემი უნახაობით ვარდი ფერნაკლული შეიქმნას და ნახვამ გულში ცეცხლის ალი განაახლოს, ვგრძნობდე, რომ მიჯნურობა არის ტურფა, რომ სიყვარულსა მალვა უნდა... დღეს დილას ნიკოს ,,ვეფხის-ტყაოსანი“ რომ არ ეპოვა, არაფერს დავწერდი და არაფერზე ვიფიქრებდი, წეროვანის მზით დავტკბებოდი მხოლოდ და არ გამახსენდებობა თინათით მზესა სწუნობდა, მაგრა მზე კი თინათინებდა... კარგია როდესაც გიყვარს და კარგია როდესაც უყვარხარ, წაიკითხეთ ,,ვეფხის-ტყაოსანი“, მოძებნეთ ერთმანეთი თუნდაც სოაცაიალურ ქსელში დაწერეთ < 3 ვარიაციით შექმნილი გულები და სასიყვარულო წერილები.