Saturday, January 8, 2011

В СССР Секса не было

ჩვენ გოგოების ის თაობა ვართ, რომელიც გიჟდება „Sex and  the City“-ზე, 1998 წლიდან არ ბეზრდება ამ სერიალის და შემდეგ უკვე კინოფილმების ყურება და წარმოსახვაში თავს უფრო ხშირად კერი ბრედშოუდ მოიაზრებს (არანაკლები პოპულარობით სარგებლობს სამანტა და ერთი მეგობარიც მყავს, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება შარლოტასგან). მიუხედავად ამისა, სწორედ ის თაობა ვართ, რომელიც საუბრის დროს სიტყვა „სექსი“–ს ხსენებისას, ხმის ტონალობას თავისდაუნებურად ადაბლებს. ის თაობა, ვისაც სექსი მხოლოდ ერთ მამაკაცთან ჰქონდა, ყველაზე თამამებს ჩვენს შორის ქორწინებამდე (რა თქმა უნდა, მომავალ ქმრებთან), ნაკლებად „თამამებს“ კი - ქორწინების შემდეგ (ასევე მხოლოდ ქმრებთან). კიდევ არიან ისინიც, ვითვისაც ნიშნობაზე მომავალი ქმრის დეიდებსა და მამიდებს საგვარეულო სამკაულები არ უჩუქებიათ და შესაბამისად,  მათ ჯერ საერთოდ არ ჰქონიათ სექსი. მაგრამ ეს უკანასკნელნიც, ჩვენსავით გიჟდებიან „Sex and  the City“-ზე  (თუმცა ისევე როგორც ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი,  „გამონაკლისი“ მეგობრები გვყავს ჩვენც).

ვუბრუნდები ჩვენს თაობის გოგოებს, საბჭოთა საქართველოში დაბადებულებსა და გაზრდილებს, რომელთაც ამერიკული ფილმების ყურების დროს დედები თვალებზე ხელს გვაფარებდნენ (ძალიან კარგად მახსოვს, დეიდაჩემის სახლში შეკრებილი სხვა დეიდების და ბიძიების საზოგადოებამ და მათ შორის ჩემმა მშობლებმა, როგორ გამომისტუმრეს ოთახიდან,  „პრისტავკა“ ვიდეოზე „ერთხელ ამერიკაში“ ყურების დროს. ბევრი წლის მერე, როდესაც ტელევიზორს დედასთან, მამასთან, ბებია ნანუსთან და ქოქოსთან ერთად აღარ ვუყურებდი, ვერაფრით მივხვდი რას მიმალავდნენ მაშინ ასე მწარედ, დე ნიროს სცენას ვითომ?). ნეტა მართლა რას გვიმალავდნენ, იმას რომ „სექსი“ არსებობს? ან შეიძლება კი არ გვიმალავდნენ, უბრალოდ არ იცოდნენ როგორ აეხსნათ ეს ჩვენთვის, მითუმეტეს, იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი სექსის არსებობას საერთოდ გამორიცხავდა.

ჩემი მეგობრის არაქართული წარმოშობის ბებიამ ერთხელ თქვა: „Секс придумали американцы, в наше время секса не было, мы занимались любовью“. თემიდან გადახვევა გამომდის, მაგრამ დავფიქრდი, შეიძლება სლავი ქალები სწორედ ამიტომ სარგებლობენ ასეთი პოპულრობით მთელ მსოფლიოში, რომ მათ უბრალოდ სექსი კი არ აქვთ „Они занимаются любовью“ და ჩვენ ამ დროს საერთასორისო სიტყვის „SEX“–ის ქართული შესატყვისიც  კი არ გვაქვს.

ამ სტატიის შთაგონების წყარო ჩემი ის მეგობარია, რომელიც ძალიან ჰგავს შარლოტას, რომელსაც ტელევიზორში „კოცნაობის“ (თვითონ ასე ამბობს ხოლმე) სცენის დროს, დედა თვალებზე ხელს აფარებდა და როემლსაც სექსი მხოლოდ მას მერე ჰქონდა, რაც ჯვრისწერის შემდეგ გამართული „სვეცკი“ ქორწილიდან სიყვარულით თრობა თაფლობის თვეში განაგრძო. მის ისტორიას იმიტომ კი არ გიყვებით, რომ თქვენ რაიმე დასკვნა გამოიტანოთ თქვენთვის, უბრალოდ ამ ამბის მოსმენის შემდეგ, მომინდა დამწერა ეს სტატია. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ის გამომიტყდა: (მე კი უნამუსოდ მის საიდუმლოს საჯაროდ გიყვებით თქვენ) „ხომ იცი, როგორ მიყვარს ზამთარში თბილ „პიჟამოში“ ძილი, მაგრამ „იმას“ ასე ხომ ვერ დავხვდები. ამიტომ ყოველ ღამე, მის მოლოდინში წვრილ ბრეტელებიანი „პენიუარით“ ვიყინები ლოგინში. ნუ, მერე ხო ხვდები რაც ხდება? (ისიც ისეთია სიტყვა „სექსი“-ს წარმოთქმა რომ ეუხერხულება ხმამაღლა) და როდესაც ღამე მიილევა და ორივე დასადძინებლად ლოგინის ჩვენს მხარეებს ვუბრუნდებით, მე ბალიშის ქვემოდან ჯერ თბილ გეტრებს „ამოვაძვრენ“, მერე კისრამდე შევიკრავ დათბილული „პიჟამოს ზედას“, ბოლოს შარვალსაც ამოვიცვამ და ასე თბილად და ტკბილად ვიძინებ.“

თბილ ბამბაზიის პიჟამოში ის ისეთივე სექსუალურია, როგორც წვრილ ბრეტელებიან „პენიუარში“, მაგრამ როგროც ნამდვილი ქალი სიყვარულით ტკბობას მაინც ისე ამჯობინებს, როგორც ეს ბავშვობაში აკრძალულ ამერიკულ კინო-ფილმებში აქვს მალულად ნანახი.  ჩემთვის არის ამაში რაღაც ძალიან სექსუალური და ჭეშმარიტად ქალური.

მას მერე რაც ამერიკელებმა „სექსი“ მოიგონეს და საბჭოთა კავშირი დაიშალა, არაერთი რევოლუციის, მათ შორის სექსუალური რევოლიციის თუ ევოლუციის მომსწრე გახდა ჩვენი საზოგადოება. სექსი ჯერ საერთოდ არ იყო და ახლა ისეთი დიდი დოზით მოგვეწოდება ყველა შესაძლო წყაროდან, რომ მის არსებობაში თანამედროვე ბებიებს ნამდვილად აღარ ეპარებათ ეჭვი. ჩემი კიდევ ერთი მეგობრის ბებიამ, ერთ-ერთი ამერიკული კონოფილმის ნახვისას (სექსუალურად დატვირთული, საკმაოდ თამამი ინტიმური სცენის ცქერისას) გულდაწყვეტილმა თქვა: „რა სამწუხაროა, რომ ჩემი ქმარი გარდაიცვალა (ქმარი მართალია გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ თვითონ 70 წელს კარგად გადაცილებული რომ იყო, ამაზე არაფერი უთქვამს), რა მოსაწყენი ყოფილა ჩვენ დროს „სექსი“, რამდენი საინტერესო რამ არ ვიცოდით თურმე...“. იმის თქმა მინდა, რომ 21-ე საუკუნე იმდენად დაიტვირთა და შეიძლება ითქვას, გადაიტვირთა სექსით, რომ სხვა თუ არაფერი ნამდვილად ღირს თუნდაც სექსის ქართული შესატყვისი სიტყვის გამოგონებაზე დაფიქრება.

ისევ ჩვენი თაობის გოგოებს მივუნრუნდები, ოღონდ ამჯერად მათ, ვინც ევროპაში (არ იფიქროთ, ამერიკას იმიტომ არ ვახსენებ, რომ ის მეც „გარყვნილი სექსის“ გამომგონებელი მანქნა მგონია) გიჟდება „Sex and  the City“-ზე. ჩვენგან განსხვავებით ისინი კერი ბრედშოუს ცხოვრების პარალელურად არც თუ ისე ხშირად (ნუ ევროპაშიც მყავს ზემოხსენებული „გამონაკლისი მეგობრები“, მათგან ერთ-ერთმა იმდენად ხშირად იცვალა სექსუალური პარტნიორები, რომ გარშემო თითქმის არარავინ დარჩა, ვისთანაც სერიუზულ არამხოლოდ სექსე დამყარებულ ურთიერთობას შეძლებდა, და ამასწინათ გამომიტყდა: „სერიოზული არავინ მყავს, მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სექსუალური ცხოვრებით ვარ დაკავებულიო“) იცვლიან სექსუალურ პარტნიორებს და ამავე დროს „ნამდვილი სიყვარულის“ ძიებაში არიან. მათგან ერთ-ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია (ისევ თემიდან გადახვევა გამომდის, მაგრამ უნდა ადავწერო, თავის მორიგ „ბოიფრენდთან“ „ლაითი“ ფლირტის ეტაპზე იყო, აი იმ ეტაპზე ურთიერთობაში აუცილებლობის წესით სექსი რომ უნდა შემოსულიყო და ამ დროს მან მომავალი სექსუალური პარტნიორი შიდსის ანალიზის გასაკეთებლად გაუშვა. ანალიზის პასუხის მოსვლის დროს „ლაითი“ ფლირტი უკვე დასრულებული იყო, და რომანტიულ რომეოდ არგადაქცეული „ბოიფრენდი“ შიდსის  უარყიფითი პასუხით ხელში თავის თავთან მარტო დარჩა). მოკლედ ჩემი ევროპელი მეგობარი „Sex and  the City“-ზე  და საქართველოსზე გიჟდება. მე როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა მასპინძელმა შეძლებისდაგვარად ვაზიარე ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ქართულ სექს ის ჩემი დახმარების გარეშე ეზიარა. ერთხელ როდესაც საქართველოს ზღვისპირა კურორტზე ერთად ვისვენებდით მან მითხრა: „თქვენ ძალიან ემოციურები და თბილები ხართ, გყავთ ბევრი მეგობარი, ბევრს ერთობით ცეკვავთ და იხარჯებით, მაგრამ... ჩვენთან მეტი სექსია“.

ქართულ სექსზე (არის ეს ფენომენი „სექსი ქართულად“ – „სიყვარული ვენახში“) და ზოგადად სექსზე ამდენი ნამდვილად არასოდეს მილაპარაკია და დაწერითაც არ დამიწერია. ჩემი ევროპელი მეგობარი, საქართველოში ერთკვირიანი შვებულებაში ყოფნისას, მიხვდა, რომ ჩვენი საზოგადეობა ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს ამ თემაზე (ქართული ანეკდოტიც კი არსებობს: სექსი ფრანგულად: ერთი კაცი და სამი ქალი, სექსი ამერიკულად - 3 კაცი და ერთი ქალი, სექსი ქართულად - ერთი ლაპარაკობს 9 უსმენს) და ნაკლებად არის დაკავებული ამით - სექსით. საბჭოთა კავშირის დროს სექსზე ხმამაღლა საერთოდ არ საუბრობდნე, როგროც ზემოთ ავღნიშნე მის არსებობასც კი საეჭვოდ აფასებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ჩუმად და ხმაურის გარეშე „занимались любовью“. მაშინ სექსს არც გადაცემებს უძღვნიდნენ და არც სტატიებსა და წიგნებს წერდნენ ამაზე, ის არ ჩანდა, მაგრამ საკმაოდ დიდი დოზით არსებობდა და აგრძელებდა განვითარებას. შეიძლება სწორედ ამიტომ 70-80-იანი წლების ძველ ვიდეო ჩანაწერბზე ქუჩაში მოსეირნე ხალხი უფრო კმაყოფილი, უფრო სწორად დაკმაყოფილებულად გამოიყურება, ვიდრე დღეს მეტრო რუსთავლეთან შეკრებილი საზოგადოება (ბუნებრივია არის ბევრი სხვა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი, მაგრამ ეს მიზეზები ამ სტატიის თემა არ არის).

ჩვენ გოგოების ის თაობა ვართ, ვინც დღეს უკვე ქერი ბრედშოუს მზგავსად ქმრებს (ან უბრალოდ საყვარელ ადამიანებს) სამსახურში წასვლის წინ ჰალსტუხებს ვუსწორებთ (ამ შემთხვევაში მე ვარ ამ საერთო წესიდან გამონაკლისი) ვისაც ტელევიზორში ინტიმური სცენების ყურების დროს თვალებზე ხელს აღარავინ გვაფარებს. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ სექსი მას შემდეგ არსებობს რაც კაცოებრიობამ დაიწყო არსებობა და განვითარება, რომ ის სიყვარულის ბუნებრივი და ამასთან ყველაზე არაჩვეულებრივი გამოხატვის საშუალებაა  (სწორედ ამ დროს როდესაც მე ამ სტატიას ვწერ, საზოგადოების ერთი ჯგუფი ბათუმში ქალისა და მამაკაცის მეტალის ქანდაკების დადგმას აპროტესტებს. ქალისა და მამაკაცის მეტალის ფიგურები ზღვის სანაპიროზე დგანან და მექანიკური მართვის საშუალებით ერწყმიან ერთმანეთს. ეს არის სიყვარულის სიმბოლო და გნებავთ მინიშნებაც იმაზე, რომ სწორედ ასეთი შერწყმის შედეგად მოვევლინეთ ქვეყანას ჩვენც და ისინიც, ვინც მიუხედავად  ზემოთქმულისა, დღესაც გამორიცხავენ სექსი არსებობას). ჩვენ ასევი ვიცით (ვისწავლეთ ბოლოს და ბოლოს), რომ სექსი  მხოლოდ აქტიურ მოქმდებაში შეიძლება გამოიხატოს, და არა უმოქმედო „ლაქლაქში“. „Занимайтесь любовью и подавайтесь удовольствию“.  

3 comments:

  1. პირადად მე კინომანი ვარ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, ხოდა "ერთხელ ამერიკის" მაგალითი ჩემთვის ძალიან ახლო აღმონჩდა, რადგანაც ეს ფილმი თავიდან ბოლომდე არასდროს მაქვს ნანახი, რა თქმა უნდა ეს გასაკვირია კინომანისგან. ახლო კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ჩემში "ერთხელ ამერიკაში" ასოციაციას ბავშვობის ერთი შემთხვევა იწვევს, როდესაც დეიდაჩემთან ქუთაისში დეიდაჩემის სტუმრობისას ერთ-ერთ არხზე სწორედ რომ "ერთხელ ამერიკაში" დაიწყო, ჩემი დაინტერესებული მზერის დანახვისას, მახსოვს დედაჩემის სიტყვები მაშინ, "გადართეთ." დღემდე ერთხელ ამერიკაში არ მაქვს და რომც ვნახო ალბათ ყოველთვის ეს შემთხვევა გამახსენდება.

    ReplyDelete
  2. ძაააალიან კარგი პოსტი იყო! :) ღიმილით ჩავიკითხე და ბრავოთი დავასრულე :) ზუსტად ეხმაურებოდა იმას (და ფაქტიურად სიტყვიერად იყო გამოხატული ის), რაზედაც დრაფტის დონეზე ვმსჯელობდი ბოლო დროს, მაგრამ წერილობით (არც მატერიალურ და არც ვირტუალურ ფურცლებზე) ჯერ არსად გადამიტანია.

    მე დავამატებდი: ჩვენთან ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რაც თავისთავადად და ბუნებრივად და "ჩვეულებრივ პონტად" მიაჩნიათ. რაც ასეთი "ჩვეულებრივია, ცხადი და ბუნებრივი", იმის ასე იოგების დაწყვეტამდე აფიშირება მგონი არ არის საჭირო (იხ. fეისბუქი და სხვა სოც. ქსელები, სადაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა აღარ იცის როგორ და რა სახით შეატყობინოს საზოგადოების მეორე ნაწილს, კიდევ რა მეთოდებს მიმართოს, რომ გააგებინოს - სექსი აქვთ და ეს ასეთი ბუნებრივი მოვლენაა :))).

    ამიერიდან ამ ბლოგის მკითხველი

    ც.

    ReplyDelete
  3. ძალიან სასიამოვნოა თუ მოგეწონათ, დიდი მადლობა!

    ReplyDelete