Friday, March 25, 2011

ქოქო და მიშა



ბებიაჩემი ქოქო 87 წლის არის. ის ყველაზე რომანტიული და სათუთი სულის მქონე ადამიანია, ვისაც ვიცნობ. მიუხედავად ასაკისა, დღემდე მთელ თავისუფალ დროს (დამსახურებული პენსიისა და ისევ და ისევ ზემოხსენებული ასაკის გამო ბოლო დროს მართლაც ბევრი აქვს) წიგნების კითხვაში ატარებს. უყვარს რომანები, არ ბეზრდება მათი მეორედ, მესამედ და მეათედ გადაკითხვა. მანამ სანამ ჩემს გულსა და გონებას ერთადერთ მამაკაცს დავუკავშირებდი, ბევრი გატაცება მქონდა, გატაცებული და აღტაცებული, რომანტიული და ზოგჯერ სასოწარკვეთილიც, ყოველთვის ქოქოს ვუზიარებდი გულის ნადებს. დღემდე ნებისმიერ რომანტიკანარევ ისტორიას გრძნობით უსმენს და ყოველთვის ტირის...ტირის, ფილმების სასიყვარულო სცენებზე, რომანის ეპიზოდებზე...მისი მეუღლე, ჩემი ბაბუა მიშა (წესით-მიხეილი, მაგრამ მისთვის ამ სახელით არასოდეს მიმიმართავს, ამიტომაც მეხამუშება რაღაც) ყველაზე სიმპათიური კაცი იყო, იმ სიმპათიურ მამაკაცებს შორის, წითელ ხალიჩაზე ოსკარებით ხელში რომ დარბიან. ის 1999 წელს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბერებულა, ყოველთვის ენერგიული, საქმიანი, ძალიან სამართლიანი და ამასთან, ძალიან არარომანტიული კაცი იყო. არ უყვარდა თბილად და ტკბილად მოფერება, არც ტკბილი სიტყვა უყვარდა მაინცდამაინც, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მაინც ხშირად ვახერხებდი მის კალთაში აღმოჩენას და სწორედ მაშინ ვგრძნობდი, რომ ვითომ უხეში და ბრაზიანი გარეგნული იერის შიგნით, ის არაჩვულებრივად თბილი და მოსიყვარელე ადამიანი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო.
რომანტიული ქოქო და ამაყი, მკაცრი მიშა ერთად როგორ შეიყარნენ, ძალიან საინტერესო ისტორიაა. სამამულო ომის შემდეგ მოსკოვში სამუშაოდ წასულ ქირურგ მიხეილს ქოქო 4 წელი ელოდა. ამ ხნის მანძილზე მიხეილის მიერ გაყვითლებულ ფურცლებზე დაწერილი არაერთი წერილი გამხდარა ქოქოს ულამაზესი ნაცრისფერი თვალების აცრემლების მიზეზი. «Целую тебя так, чтоб костачки хрустели...“, წერდა ერთი შეხედვით არაარომანტიული და უხეში მიშა, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე საოცნებო და არაჩვეულებრივი, კაცი იყო ამ სიტყვის სრული გაგებით. მისი რომანტიზმის პიკი ქოქოსთვის, ძველ გაზეთში გახვეული საჩუქარი გახლდათ. დღემდე სევდანარევი სიცილით იხსენებს გაოცებას, როდესაც ძველი, დაკუჭული გაზეთების ხვეულიდან არაჩვეულებრივი სუნამო აღმოაჩინა. მათი ცხოვრება ყველაზე ნაკლებად იყო რომანტიზმით სავსე, პირიქით, სულ მიკვირდა, ქოქოსნაერ მეოცნებე ქალს, რა ჰქონდა საერთო ბაბუსთან, რომელიც მას ჩემი თანდასწრებით არასოდეს ჩახუტებია, მისთვის არასოდეს უკოცნია....
ბაბუს თავისი სასიყვარულო ისტორიები, რა თქმა უნდა, არასოდეს მოუყოლია ჩემთვის. არა და მისი გარეგნობის მამაკაცი სასიყვარულო გატაცებებისა და თავგადასავლების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიდა, უბრალოდ არაღირსეულად მიაჩნდა ჩემთან, თავის პირველ შვილიშვილთან ამ თემებზე საუბარი. სამაგიეროდ მიყვებოდა სოფელში გატარებულ ბავშვობაზე, ბავშვურ მაიმუნობებზე, როგორ ჩაუყარა თავის ბიძაშვილს კირი ფერუმარილის ყუთში, იხსენებდა სტუდენტობას, რომელიც მოსკოვში გაატარა სამედიცო ფაკულტეტზე. მიყვებოდა ომის წლებზე.... მახსოვს ბაბუს რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მშობლებს გერმანულ სკოლაში შევყავდი. მაშინ ეს ფაქტი პირად შეურაცხყოფად მიიღო, იმდენი სიმწარე და უბედურება ჰქონდა ნანახი ფაშისტურ გერმანიაში, რომ მისი თანამედროვე დემოკრატიის არ სჯეროდა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან ` в мельчайших подробностях~ ვიცი ქოქოს სასიყვარულო ისტორიები, მისი პირველი სიყვარული კოლია...დამავიწყდა მეთქვა, რომ ქოქო და მიშა სოხუმში ცხოვრობდენ, ყველაზე ლამაზ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც არც ნიცას ჰგავდა და არც კანს. ეს იყო სოხუმი – ქალაქი მარადმწვანე პალმებითა და ვარდისფერ–თეთრი ლილიების სურნელით...სამწუხაროა, რომ დღეს სოხუმი ძალიან მახინჯ სიტყვა `ლტოლვილთან~ ასოცირდება, არა და ეს სწორედ ის ქალაქია, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება დღეს ასე პოპულარული სიტყვა `სვეცკი~. დიახ, (მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა გაოცებულს გაეცინა) სოხუმი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს არც ევროკავშირში და არც ევროტურში არავინ ეპატიჟებოდა, ძალიან ევროპული ქალაქი იყო, ევროპისათვის დამახასიათებელი მომღიმარე და თბილი მოსახლეობით, პატარ ლამაზი ქუჩებითა და ღია კაფეებით. სოხუმის ე.წ. `სვეცკი~ – ნაღები საზოგადოების წევრები იყვნენ ქოქო და მიშა. ამ არაჩვეულებრივ ქალაქში მუდამ მოიძებნებოდა დროს ტარების მიზეზი, თითქოს საიდანღაც სულ ისმოდა გულწრფელი და ლაღი სიცილის ხმა... ძალიან ხშირად ქოქო და მიშა სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ე.წ. `სვეცკ~ ღონისძიებებზე ხვდებოდნენ. მიშა თავის ბიჭებთან ერთად ერთობოდა, ქოქო კი თავის გოგოებთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ვითომ აზიატი მიშა, თავის სუფრიდან ცოლის სუფრას შამპანურებს უგზავნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკა ნამდვილად აკლდა ქოქოს რომანტიულ და ნაზ ბუნებას, ის მიშას ერთგული და ღირსეული ცოლი იყო მთელი ცხოვრება. ცხოვრება არარომანტიული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჰქონდა, ხშირად მოგზაურობდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხშირად სტუმრობდნენ მასაც პროფესორი მეუღლის პროფესორ მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ ქოქოსთვის დამახასიათებელი სითბოთი და სიგემრიელით უმასპინძლდებოდა. იცნობდა ძალიან საინტერესო და ღირსეულ ადამიანებს. ჰყავდა ბევრი კარგი მეგობარი. მახსოვს, როგორ აღვფრთოვანდი როდესაც გავიგე, რომ ქოქო ელენე ახვლედინაის სახლში მოწყობილ საღაამოებს ესწრებოდა თურმე თბილისში....
ქოქოს და მიშას მართლაც ძალიან ცოტა ჰქონდათ ერთი შეხედვით საერთო, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ერთად იყვნენ. ერთად იყვნენ, მაშინაც, როდესაც სექტემბრისათვის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმი სოხუმელებისგან ნელ–ნელა დაიცალა. კარგად მახსოვს ის დღეები, სექტემბრის წვიმიანი საათები. ასეთი ერთსულოვანი ქოქო და ბაბუ არასოდეს მინახავს. მედიცინის სხვადასხვა დარგში წლების მანძილზე ერთგულად მოღვაწეებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ, რომ ვინმე მათ პატივსა და ღირსებას, მითუმეტეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეეხებოდა. ეს ის წელია, როდესაც მთელი აფხაზეთი, მთელი თავისი მზიური სითბოთი ლტოლვილთა უწყვეტ ნაკადად იქცა აფხაზეთის სვანეთის გზაზე. ამ გზას ქოქო და ბაბუ არ გამოყოლიან, ისინი დაიკარგნენ, გაუჩინარდნენ....
დაახლოებით სამი თვე არაფერი ვიცოდით მათ შესახებ, ბაბუს ლურჯი ფერის ვოლგა არავის არსად დაუნახავს. . . სამი თვე, რომელიც ჩვენთვის სამ წელზე, ან სამ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, ქოქო და ბაბუ დეკემბრის ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ. მზიანი სოხუმიდან ნაცრისფერ თბილისში...
რომანტიული ყოფა არც 90–იანი წლების საქართველოში ჰქონდათ, ალბათ იმაზე მეტს ჩხუბობდნენ და კამათობდნენ ვიდრე სოხუმში. მერე ბაბუ ავად გახდა. მახსოვს ის დღე, როდესაც ყველასთვის გასაკვირად, ქოქოს დაუძახა და უთხრა: შენ ისეთი რბილი და ემოციური ადამიანი ხარ, თუ კაცი მოინდომებს აუცილებლად დაგჩაგრავს, არასოდეს არავის მისცე უფლება, დაგიყვიროს, ამის უფლება მხოლოდ მე მქონდა....
ასეთი ისტორია აქვთ ჩემს ბაბუს და ქოქოს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ, მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივ ადამიანს. საოცრად გაცვეთილი ისტერიული პათოსი `ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს~ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სიმძაფრით აქტიურდება და მერე ისევ კვდება. დღეს ამაზე ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ, ვიდრე ოდესმე. შეიძლება სწორედ ამიტომ მომინდა დამეწერა ქალაქზე, სადაც ქოქო და ბაბუ ცხოვრობდნენ და სადაც მე ვერასოდეს დავბრუნდები. . .

No comments:

Post a Comment