Thursday, February 13, 2014
პლასტიკური ვალენტინი
შემოტევა 12 თებერვალს, დილას ასე თორმეტის ნახევრისთვის დაიწყო. ვინმე RGG და მასთან ერთად ,,ალდო“, ,,ლა სენზა“, ,,მარკ სპენსერი“ (მეც არ ვიცი ვინ არიან) და სხვანი მატყობინებდნენ, რომ მალე ვალენტინობაა. მთელი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა: სპეციალური შემოთავაზებები, ტექნიკის მაღაზიებისგან, რესტორნებისგან, საფონდო ბირჟებისა და ბანკებისგან... ეს კიდევ არაფერი, დღის კულმინაცია იყო - „შეხვდი ვალენტინობას ლამაზი ტუჩებით!“...
პლასტიკური ოპერაცია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით არ დამიგეგმავს, მაგრამ გადავწყვიტე საყოველთაო ღელვას ავყვე და მეც დავწერო ორი სიტყვა ამ თემაზე.
როგორც უკვე არაერთხელ დამიწერია, არ მიყვარს მკაცრად განსაზღვრული დაპირისპირებები, ანუ Fuck Valentine's Day-ს მიმდევარი ვარ და არც გულის ფორმის ტორტების გამოცხობას ვაპირებ ამ დღესთან დაკავშირებით, მითუმეტეს ჯვარი აქაურობას და არც პლასტიკურ ოპერაციას.
ამ დღის ისტორია ისედაც ყველამ კარგად იცით, ახლა მე რომ არ მოვყვე თხრობას. ზოგადად სიყვარული და მისი გამოვლინება მრავალმხრივი და გნებავთ რომანტიკული, მომწონს. შეიძლება ზედმეტად ბანალური, ან კიდევ უარესი, ვინმეს თვალშიც მაგარი გოიმი ვარ, მაგრამ მომწონს გულის ფორმის შოკოლადები და გულის ფორმის წითელი ბუშტები. გავიგეთ ბატონო, რომ ,,ყველა დღე სიყვარულის დღეა“, მაგრამ - აბა, სად არის ყოველ დღე გულები და ბუშტები?! ეს არ არის მთავარიო, ამასაც ამბობენ. მთავარი და პირველი არ არის, მაგრამ სასიამოვნოა, არა?
ვეცადე და ყველა ,,ღირშესანიშნავი“ ვალენტინობა გავიხსენე ჩემს ცხოვრებაში. როდესაც პატარა ვიყავი, ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა ვალენტინობის დღეს შეყვარებულის თუ არა, ვინმე ,,დასტოინი“ ,,პაკლონიკის“ ყოლა მაინც, რომელიც ამ დღეს გაგრძნობინებდა, რომ შენ ხარ მისი ვალენტინი. სკოლაში ისეთ დროს ვსწავლობდი, ვალენტინობა ფერადი გულები და ბუშტები კი არა, შეშის „ფეჩი“ იდგა კლასში და გარეთ ომობანას თამაშობდნენ. არა და ამერიკულ ფილმებში ყველაზე მეტად ეს მომწონს, სკოლაში დადგმული საფოსტო ყუთი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ანონიმურ წერილებს უგდებენ ფრაზით ,,Be My Valentine“. ასეთი ყუთი ჩემს სკოლაში არასოდეს დადგმულა, მაგრამ მახსოვს ერთხელ ჩანთაში ვიპოვე პატარა ფურცელი, რომელზეც გული ეხეტა და ეწერა ,,I love you“. არც ვალენტინობა იყო იმ დღეს და არც სხვა დღესასწაული, მაგრამ როგორც ხედავთ ამ ისტორიამ ათწლეულებს გაუძლო, ჩემი მეხსიერების ფარულ ხვეულებში დაილექა და sms-ების შემოტევამ ისევ ამოატივტივა. ჩავთვალოთ რომ სწორედ ეს არის ჩემი პირველი და ყველაზე რომანტიკული ვალენტინობის მოგონება.
ყველაზე უცნაური ვალენტიონა ჩემს პირველ სამსახურს უკავშირდება, როდესაც დილას სამსახურში მოსულს, ასმათმა მითხრა: გილოცავ ლიკა ვალენტინობას! დიდი მადლობა, მაგრამ მე რატომ მილოცავ? - ასე არ მითქვამს, მაგრამ ვიფიქრე. ესეც ხომ ქართული ამბავია, ყველა დღესასწაული, რომ ჩვენებულად ქართულ სუფრაზე უნდა ავღნიშნოთ. ამ დღეს გადატენილია დიღმის რესტორნები და ქართველი ღიპიანი ბიძები ღვინის ჭიქით: შე გენაცვალე, ვალენტინობას დაგილოცავთ...ეჰ, არ არის ჩვენი ადგილი იქ, სადაც ვალენტინობის დღეს რესტორანი ორ პერსონაზე იჯავშნება, წითელი სანთლები ანთია და გულის ფორმის ყუთებიდან, გულის ფორმის საჩუქრები ცვივა!
ყველაზე უცნაური - ქართული ვალენტინობა გავიარეთ.
ყველაზე უიმედო ვალენტინობა სკოლის პერიოდს უკავშირდება. მაშინ 15 წლის ვიყავი. უიმედოდ შეყვარებული, რა თქმა უნდა ცალმხრივად, ველოდებოდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც ჩვენში დარჩეს და ნიანგს უფრო ჰგავდა ვიდრე ვალენტინს, ჩემთან ანთებული გულით მოვიდოდა. რას ვიზამთ, არც გულის ცეცხლი აუგიზგიზებია ჩემი ფანჯრების წინ და არც სანთლებით მორთული კიბით ამოუტანია უთვალავი წითელი ვარდების თაიგული ,,მილიონ, მილიონ, მილიონ ალიხ როზ....“
სკოლის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და აი, დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც თამამად შემეძლო თვალებში ჩამეხედა ვალენტინობისთვის. დიახ, კითხვაზე: გყავს თუ არა შეყვარებული (მაშინ არ იყოს ეს In the Relationship) მქონდა ამაყი პასუხი - მყავს! დილა როგორ გათენდა და სხვა დეტალები არ მახსოვს, მაგრამ საჩუქარი არასოდეს დამავიწყდება!!! სათამაშო, გოგო და ბიჭი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ და თუ არ ვცდები, ერთი ცალი ვარდი, რომელიც არც ვარდს ჰგავდა და არც მიხაკს. ვიცი, რომ дарёному коню в зубы не смотрят , მაგრამ ,,კაკ ტუტ ნე პოსმოტრეტ ა?“ მე მგონი ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ზოგადად სათამაშოები, არც რბილი, არც ფუმფულა და არც ღუნღულა, მას მერე არ მიყვარს, რაც ათი წლის გავხდი. მაგრამ ჯერ სად ხართ, ვალენტინობა ასე ,,არაჩვეულებრივად“ მხოლოდ დაიწყო! საღამოს დაპატიჟებული შევიქენი არც მეტი და არც ნაკლები - სახინკლეში! ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, ზუსტად იცის, რომ ხინკალი, ჩემი 34 წლიანი ცხოვრების მანძილზე, ალბათ სულ ათჯერ მიჭამია, ისიც თუ გერმანელი მეგობრები უნდა ვაზიარო ქართულ კულინარიულ კულტურას, ან გაუსაძლის ,,პახმელიაზე“ სხვამ არაფერმა მიშველა (ვიტყუები, ერთხელ ორსულად მყოფცაც ვჭამე). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხინკალი, ხინკლის სუნი, სახინკლე, იქაური გაპრიალებული თეფშები, მსოფლიოში უთხელესი ,,სალფეთქებით“ გასაწმენდი დანა-ჩანგალი არ მიყვარს. არ მიყვარს არასოდეს, არც ზამთარში, არც ზაფხულში და მითუმეტეს ვალენტინობას!!! (მეც ამეტირა ცოტა არ იყოს) ისევე როგორც თქვენ, მეც მეგონა, რომ ამაზე უარესი უკვე აღარაფერი მოხდებოდა. ასე მეგონა მანამ, სანამ ყოვლად წარმოუდგენელ ე.წ. ,,ღამის კლუბში“ არ აღმოვჩნდი. სად არ ვყოფილვარ, სად არ მიცეკვია, მაგრამ ეს იყო... აღარ მინდა ამის გახსენება!!! თქვენ წარმოიდგინეთ, ამ გაუსაძლის ქართულ კლუბურ ,,ზავიდენიესაც“ გავუძელი, მაგრამ ჩემი ვალენტინი ისე საშინლად (პრინციპში სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო?) მოიქცა, რის გამოც ისე უბედურად ვიჩხუბეთ, რომ ღამის თუ დილის სამ საათზე სახლში მარტო დავბრუნდი. ეს იყო ყველაზე საშინელი ვალენტინობა ჩემს ცხოვრებაში, რომლის მსგავსიც არც მანამდე და არც მერე აღარ განმეორებულა. ალბათ, სწორედ ამ ვალენტინობას ვისწავლე, რომ ბევრად სასიამოვნოა, როდესაც ვალენტინობას ელოდები ვალენტინის გამოჩენას, ვიდრე, როდესაც გყავს ვალენტინი, რომელიც უფრო ვირია ან ... ვიდრე ვალენტინი.
ამ ავადსახსენებელი ვალენტინობის წლისთავზე გაგიკვირდებათ და კიდევ ერთი ვალენტინობა დადგა. შეიძლება ითქვას, ზედიზედ ორჯერ გამიმართლა და მორიგ ვალენტინობასაც შეყვარებული ვიყავი. ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. ვალენტინობა რომ ,,პაპსაა“ და ყველა დღე რომ სიყვარულის დღეა ეს ბაზარი შემიყვანა ვალენტინობამდე გაცილებით ადრე, ამიტომ არანაერი ილუზია გულის ფორმის შოკოლადებზე და მითუმეტეს ბუშტებზე არ მქონია. წინა წლის საჩუქარი ჯერ კიდევ არ მქონდა მონელებული, ამიტომ ამჯერად საჩუქარი არც გამხსენებია - ჯვარი აქაურობას! რა მნიშვნელობა აქვს ვალენტინობაა თუ სტეფანეობა, როდესაც გყავს ,,გოგოები“ და როდესაც იცი, რომ ,,იქ“ (სადაც, რა თქმა უნდა, ყველა შენი ნაცნობი, მეზობელი, მეგობარი, უნივერსიტეტელი, მოკლედ ყველა მიდის) არის ,,პონტი“. ხოდა, მე და ჩემმა გოგოებმა გავადწყვიტეთ, ერთმანეთის ,,ვალენწინკები“ ვყოფილიყავით და წავედით. მოგეხსენებათ, ვალენტინობა 14 თებერვალს არის, შუა ზამთარში (ამის თქმას გარემოება მოითხოვს). მიუხედავად ზემოხსენებულისა, მე თხელი შიფონის კაბით შევიმოსე და ვარდისფერი ფეხსაცმელებით, შიშველი ფეხებით ჩავკაკუნდი მეიდანის კიბეებზე და... მერე რა მოხდა, კარგად არ მახსოვს. განუსაზღვრელი არყისა და „ტეკილა სანრაიზის“ მიღების შემდეგ ნინო რუხაძემ და ქეთამ სახლის კარებთან მიმაყუდეს. იმ დღეს ვიფიქრე, რომ ვალენტინი შეიძლება შენი ძალიან ახლო მეგობარი, ან შენი და იყოს, იმიტომ რომ ჩემს ნამდვილ ვალენტინს იმ მდგომარეობაში რომ ვენახე მომავალ წელს ისევ ახალი ვალენტინის მოლოდინში გავიღვიძებდი და არავინ იცის, როგორ ბლოგს დავწერდი დღეს, ან საერთოდაც, დავწერდი კი ბლოგს?
მოკლედ, როგორც გაირკვა ვალენტინობა ნამდვილად არ არის ჩემი დღესასწაული. ერთხელ კინოში ვიყავი რომანტიკულ ფილმზე, სადაც ერთ-ერთმა გმირმა თქვა: ახალი წელი ,,ნეუდაჩნიკების“ დღესასწაულია, რომლებიც მთელი წელი პახაობენ და მხოლოდ ამ დღეს იწყვიტავენ -,,სრივაიუტსა ს კატუშეკო“. ხოდა იქნებ ვალენტინობაც ეს არის? მთელი წელი გეზარება სიყვარულის გამოხატვა და ჯანდაბას ერთი დღე გაიჭირვებ და იყიდი სუნამოს, დაადებ გულის ფორმის ,,ბამბანერკას, ამოიღლიავებ ყვავილებს და დააკაკუნებ კარზე, ჰა?
მე რომ ვალენტინობის ექსპერტი არ ვარ, ეს უდაოა, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, არ არის ცუდი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს სიყვარულში უტყდება, პირადად ეუბნება, ან წერილს უგზავნის, დიდი სიამოვნებით მივიღებდი წერილს ფოსტით... სად გავჩერდი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა, ყველა დღე სიყვარულის დღედ ვაქციოთ, ყოველდღიურ ქაოსში ამის გაკეთება ხან გვეზარება, ხან გვენანება, ხან არ გამოგვდის, ხან არ ესწრება, ხან არ ხერხდება. და ასე გადის ბევრი დღე გულის ფორმის შოკოლადის და ბუშტების გარეშე. ამიტომ არაუშავს, თუ წელიწადში ერთი დღე გულს მოგვიმსუყებს სიყვარულით. იყოს ეს სასაცილო კონცერტები და კიდევ უფრო სასაცილო sms-ები, რაც არ უნდა ბევრი ვიაროთ წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ სიყვარულზე კარგს, ლამაზს, არაჩვეულებრივს მაინც ვერაფერს მოვიგონებთ! მიწერეთ ერთმანეთს წერილები, sms-ები, ესკაიპეთ, ეჩეტავეთ, ეკოცნავეთ და ესიყვარულეთ 14 თებერვალს, 25 მარტს, 19 აპრილს და ყოველთვის, როდესაც გესიყვარულებათ, მოკლედ, როგორც იტყვიან ,,Happy Valentines Day!“.
პ.ს. დღეს ჩემი ვალენტინი, სავარაუდოდ იმერულ ყველს (რომლის მოტანაც გუშინ დაავიწყდა) მომიტანს, მე კი გულის ფორმის პეჩენიებს მაინც გამოვაცხობ, თუ საინტერესო რეცეპტს გადავაწყდი ინტერნეტ სივრცეში.
Tuesday, January 28, 2014
ნანუ
მე, ლიკა ახობაძე, 1979 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, მთელი 3 კვირით ადრე, ვიდრე მელოდნენ. ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ბებიისათვის და ერთი ბაბუისათვის, ასევე ყველა პირდაპირი თუ ,,ირიბი“ დეიდისათვის და ბიძისათვის, პირველი შვილიშვილი, პირველი დიშვილი, პირველი დეიდაშვილის შვილი ვიყავი. ,,პირველი სიხარული“, როგორც მაშინ იტყოდნენ ხოლმე. ეს პირველობა მაინცდამაინც ადვილი საქმე არ იყო, ,,შენ დიდი ხარ, მეტი მგეთხოვება“-ს ამბავში, მაგრამ ამავე დროს, დაბადებიდან უსაზღვრო სიყვარულით დავიმუხტე. ვისაც როგორ შეეძლო ისე მანებივრებდა. ძალიან გამიმართლა, რომ ადეკვატური დედა აღმომაჩნდა, თორემ ერთი თავნება, აუტანელი ეგოისტი ვიქნებოდი დღეს (თუმცა შეიძლება, ვინმე ასეთად აღმიქვავს, არ ვიცი). მოკლედ, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორ წლამდე თავზე თმა საერთოდ არ მქონდა და ფოტოებს რომ ვუყურებ ძნელი გასარჩევია გოგო ვარ თუ ბიჭი, მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი, იმიტომ რომ დედამ მარტივი სიტყვების ,,ბურთი“, ,,სახლი“ და ,,აუა“-ს ნაცვლად პრეზიდენტების სახელები მასწავლა, რომელთაც მეც თუთიყუშივით ვიმეორებდი - ,,რეიგანიო“, ,,მიტერანიო“... ხო, სად გავჩერდი და ჭკვიანი კი არა ბებიაჩემი ნანუს თვალში, ნამდვილი ,,ვუნდერკინდი“, იგივე ბავშვი საოცრება ვიყავი. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ყველაზე ნიჭიერი და ვიცოდი ყველა ლექსი (რომელიც სხვა ბევრვმა ბავშვმაც იცოდა), მე ვხატავდი და ვძერწავდი ყველაზე კარგად, მე მქონდა ყველაზე ლამაზი თმა დედამიწაზე (იმდენად ლამაზი, რომ ბოლო 20 წელია არავის, ნუ თითქმის არავის ვუნახივარ ჩემი ბუნებრივი, არაგასწორებული თმით), მე მქონდა ყველაზე ლამაზი, ატმისფერი კანი.... კარგად თუ გახსოვართ, ისიც გეცოდინებათ რამდენი ჭორფლი იყრის ამ ,,ულამაზეს“ ატმისფერ კანზე თავს, (ეს ჭორფლი კი არა, მზემ გაკოცაო, ასე მეუბნებოდნენ). მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი დაბადებით სრულიად ნათესაური კავშირი ხარობდა, ამათ დაამატეთ დედას და მამას უთვალავი მეგობარი. აი ასეთი უდიდესი და გულწრფელი სიყვარულის ბუშტში გავიზარდე. დედაჩემი ყოველი თვის 23 რიცხვში იხდიდა ჩემს დაბადების დღეს, მოდიოდნენ დეიდები და ბიძიები, ზოგი მათგანი სწორედ 23-მების ფლირტაობის შედეგად გახდა ერთი მთლიანი, ან არ გახდა და უბრალოდ გაეპრანჭა ერთმანეთს და რაც მთავარია, დააგემოვნა მარინას შუები და ,,ტრუბაჩკები“, ტარხუნის ,,პეროგი“ და სოკოს ,,პერაშკები“, თუ გაუმართლა და ,,კაფეინი ტორტის“ ერთი ნაჭერი მაინც გასინჯა, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება ციფრი 23. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, კარგი ქნა დედაჩემმა რომ გამაჩინა.
დეიდებსა და ბიძიებს, თენგოს ბიჭებს და მარინას გოგებს, ყველა იმ მოსიყვარულე ადამიანს, თავისი ადგილი აქვს ჩემს გულშიც, ყველასთან ჩემი ურთიერთობა და ბევრი მოგონება მაკავშირებს. მათ შორის არის ჩემი ბიძა იკა, რომელიც ბევრი წელია ძალიან შორს ცხოვრობს, მაგრამ მთელი ბავშვობა სწორედ მის კისერზე (საკმაოდ მაღალზე) გავატარე და ბევრი წელი მასთან ერთად დავდიოდი პაემნებზე, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მათ შორის ჩემი მეცადინეობით (შეიძლება ვამეტებ) ქორწინებით დასრულდა. ჩემი დეიდა ლიანა, რომლის სახელიც მქვია და რომლისთვისაც ნამდვილად პირველი დისშვილი ვიყავი. ნამყოფი ვარ ლიანას ყველა მეგობრის სახლში, ლიანას ,,მკაცრი“ მითითებით ნადგომი ვარ ყველა ამ სახლის კუთხეში, მომსწრე ვარ ყველა ქალური, თუ ქალ-ვაჟურ ,,ტუსოვკის“ თბილისშიც და სოხუმშიც. ჩემი ბიძია ბორია, რომელმაც ჩემი გცნობის შთაბეჭდილება ასე გამოხატა: ,,ლუჩე დომა იმეტ ლვა, ჩემ ლიკუ“-ო. მერაბი ბიძია და ალი ბიცოლა, მახსობს წითელა მქონდა და ლალიმ წითელკობლებიან კაბაში გამოწყობილი თოჯინა ჩამომიტანა, ნანა, რომელიც დეიდაც არის ნათლიაც, მეგობარიც, შორენა, რომელიც სხვათაშორის პირველი შორენაა დედამიწაზე და ყველაზე მეგობრული მამიდა, მამიდებს შორის.... შემიძლია დაუსრულებლად ვწერო ადამიანებზე, ისინი მართლა ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ ყველა ამ ადამიანს შორის ყველაზე, ყველაზე მეტად მაინც ერთს ვუყვარდი - ნანუს.
ნანუ ჩემი ბებიაა, ნათელა შენგელაია, პედაგოგიკის ლექტორი მაშნდელ პუშკინის ინსტიტუტში. სახელი ,,ნანუ“ მე დავარქვი. მოგეხსენებათ ლაპარაკი უადრეს ასაკში დავიწყე და მოსაწყენი სახელის ,,ნათელა“-ს ნაცვლად ნანუ დავარქვი. მას მერე მისთვის ნათელა აღარავის დაუძახია. მე და ნანუ, ჩემი დაბადებისთანავე, განუყრელი მეგობრები გავხდით. ერთხელ დედას და მამას რაღაცაზე გავუბრაზდი, უფროს სწორად ისინი გამიბრაზდნენ და ნანუსთან დავიძინე, მას მერე ბევრი წელი ერთად გვეძინა და დედ-მამასთან აღარ დავბრუნებულვარ. ნანუს დავყავდი ბაღში და შემდეგ მაკითხავდა. სამსახურს ადრე ამთავრებდა და კარგ ტონად მიაჩნდა ბაღიდან ჩემი ადრე გამოყვანა, მაგრამ მე როგორც თამაშის მოყვარულს ნანუს ,,სვეცკი პონწიკების“ არ მესმოდა და პატივცემული ლექტორი ქალი საღამოს 7 საათამდე მელოდებოდა, სანამ უკანსკნელი ბავშვი არ დატოვება ბაღის კედლებს. მერე ტროლეიბუსით ვბრუნდებოდით სახლში, სადაც მე ისევე როგორც ახლა სამსახურიდან წამოსულს, აუცილებლად მეძინებოდა. ტროლეიბუსში გვხვედებოდა იკას მეგობარი ლევან მიქელაძე, რომლესაც ხელით მივყავდი სახლში. ნანუ მატარებდა მუსიკაზე ჯანაშიას ქუჩაზე და ნანა მასწავლებელთან ერთად თვლიდა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვუკრავ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნოტის ჟღერადობა არ მესმის და საშინელი უნიჭო ვარ. იქიდან რუსთაველზე, გამომცემლობასთან გამატარებდა და პონჩიკებს მიყიდდა აუცილებლად. ნანუს დავყავდი სოლფეჯიოზე და გუნდზე. იქიდან აუცილებლად კაფე ,,ფრანციაში“ გადამიყვანდა და ასაწონ ნამცხვარს ,,ოცნება“-ს მაჭმევდა. ნანუს ეგონა რომ არაჩვეულებრივად ვმღერი, ერთხელ მახსოვს გუნდზე დედამ წამიყვანა, ალბათ ღია გაკვეთილი იყო, ყველა ბავშვი თავის ნიჭს წარმოაჩენდა, როდესაც ჩემი სიმღერის ჯერი დადგა და მე ავმღერდი, დედამ სირცხვილისგან თავი ძალიან ქვემოთ ჩასწია და მას მერე გუნდზე მხოლოდ ნანუ მატარებდა. ნანუ მიკეთებდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ,,ალადიკებს“ (სწორედ მისი რეცეპტით ვამზადებ მეც) ,,ვიშინკის“ მურაბასთან ერთად, კარტოფილის ღვეზელებს, მისრულებდა ყველა ნორმალურ და არანორმალურ სურვილს. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენი და როგორი სტუმარი გვყავდა სახლში, თუ მე იმ დროს არ ვიყავი, ნანუ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თეფშით ხელში მივიდოდა გაწყობილ მაგიდასთან და ყველა კერძის საუკეთესო ნაწილს ჩემთვის გადმოიღებდა და სათუთად შენახულს დამახვედრებდა. 10 მაისს ნანუს დაბადების დღეა, მიყვარდა 10 მაისი, მოდიოდნენ მისი მეგობრები, ბიძაშვილები - ცისია კახიანი, საშურა შენგელაია, დები, ყველანი ლამაზები და როგორ გითხრათ გვრაიანები, დედა ახვედრებდა ათასგვარ გემრიელობებს, სხდებოდნენ და იწყებდნენ საუბარს. ნანუ იცნობდა ყველას, მართლა ყველას! აი. მელქაძეების პირველი ვაჟის დისწულის ძმა, რომელიც ცეკას მდივანთან მუშაობდა და გელოვანები კაცო, ილიკო ბიძიას პირველი ცოლი, საღარაძეები, ჩემი ნელიკო, ნინა დეიდა. ,,ნინა დეიდა“ ჩემი ბავშვობის მითია, მუდმივად საუბრობდა მასთან ტელეფონით და მე სულ მაინტერესებდა: რამდენი წლის იყო ის ქალი, ვისაც ჩემი ბებია ნანუ დეიდას ეძახდა. პირველი შოკი ალბათ მაშინ განიციდა, როდესაც მე მარხვა გადავწყვიტე. ის რომ ,,ლიკუნას“ რამე აკლია, ყოვლად წარმოუდგენელი იყო მისთვის და ამის ხათრით კულინარიაში რევოლუციებს ახდენდა. მერე მე გავიზარდე. ნანუ ამისთვის მზად არ იყო, არც როდესაც 15 წლის ვიყავი, არც როდესაც 20-ს, 25-ს 30-ს. მუდმივად ცდილობდა ისევ ისე მომქცოდა როგორც პატარას, ამის გამო უფრო მეტს ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ვიდრე ვმეგობრობდით. რომანტიკულ ისტორიებს არ მიყვებოდა, მაგრამ 16 წლით მასზე უფროსი ერასტი ახობაძე როგორ მოხიბლა მწვანე თვალებითა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფეხებით, ეს კი გამიზიარა. კეკლუცი არ იყო, არა და მისი აგრეგნობის ქალი ნამდვილად უნდა ყოფილიყო. მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ მას ვგავარ.
2010 წლის იანვარში მე ბერლინში წავედი და 17 იანვარს დავბრუნდი. 16 იანვარს ნანუ გარდაიცვალა.
ვგიჟდები, ვაფრენ, უშენოდ მოვკვდები...
რამდენიმე კვირის წინ ბებიაჩემი ქოქოს მეგობარი გარდაიცვალა - ამალია.
ამალია ბოლო 20 წელია არ მინახავს, მოგონებები მასთან მხოლოდ სოხუმში მაკავშირებს, როდესაც ჩემი ნების დამოუკიდებლად ქოქოს თავის (ყოვლადწარმოუდგენილი ფორმის და ხარისხის ხუხუჭა თმის) დასაბანად მივყავდი. განწირული ხმით საშველად ვუხმობდი ჩემს ბოლო იმედს: ამალიააა, მიშველეეეეე!!! მას მერე ბევრი წელი გავიდა, მე გავიზარდე, თავის დაბანაზე აღარ ვტირი და შესაბამიად, არც ამალიას ვიხმობ საშველად. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ამალია, მეუღლესთან ერთად, მაშინდელ ცხაკაიაში - დღევანდელი სენაკი, გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში ტრადიციულად, „სატირალში“ ჩამოდიოდა ხოლმე, ამიტომაც მართლა ძალიან ბევრი წელი არ მყავდა ნანახი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი.
როდესაც დედამ პანაშვიდზე წასვლა ,,დამავალა“, ბუნებრივია დავემორჩილე. პანაშვიდზე მისვლა ვის უყვრას, მაგრამ არის ამაშიც რაღაც დადებითი, (რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც გარდაცვალება სიბერეში მოდის, რაც რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად კანონზომიერია) ხედავ ბერვ, დიდი ხნის უნახავ სახეს, რომელთა უმრავლესობა ბავშვობას გაგონებს, შენ ისევ პატარ ხდები და ის ,,დიდები“ ისევ გესიყვარულებიან, ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა ბევრს არ ფიქრობ, იმდენი გარემო ფაქტორი მოქმედებს და მოდიხარ ცოტა სევდიანი, მაგრამ ამავე დროს, სასიამოვნო განცდით. განცდით, რომელმაც ცოტა ხნით სადღაც შორს, ბავშვობაში დაგაბრუნა. ამალიას პანაშვიდიდან სწორედ ასეთი სევდანარევი სასიამოვნო შეგრძნებით დავბრუნდი. დასაფლავებაზე ვერ მივედი, მოგეხსენათ მცხეთაში ვმოღვაწეობ და ასე მარტივად ვერ გადავაადგილდები თბილისის ქუჩებში. კვირა დღეს, წირვის შემდეგ, ტრადიციულად დედაჩმეთან ვიყავი, როდესაც დედამ ამელიას ქმრის გარდაცვალების შესახებ მითხრა. ეს კაცი, ბორია ბიძია, რომელიც ერთი კვირის წინ პანაშვიდზე ვნახე, ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ ორი ადამის სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. დედამ ორი სიტყვით მითხრა, ხო, სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი და მერე სულ ერთად იყვნენო.
გამოგიტყდებით და ამალია, საკმაოდ თავისებული ქალი ყოფილა, მაინცდამაინც მარტივი ხასიათი რომ არ აქვთ - ისეთი. მახსოვს, წითლად შეღებილი თმა ჰქონდა, მუდამ გაპრანჭული დადიოდა და დამახასიათებელი ხმა, გემრიელ მეგრელ ქალებს რომ აქვთ ხოლმე ზუსტად ისეთი. მისი მეუღლე ბორია, საკმაოდ სიმპატიური კაცი იყო, კარგი ექიმი და საყვარელი ადამიანი. ნამდვილად არ ვიცი მათი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო და რა სირთულეების გადალახვა მოუხდათ ერთად, ბოლომ კი ძალიან ამიჩუყა გული და დამაფიქრა: ანუ არსებობენ, ნამდვიალად არსებობენ ადამიანები, ერთმანეთისათვის შექმნილები, იმდენად შერწყმულნი ერთ მთლიანად, რომ ერთამანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ?
ამ თემაზე ფიქრი, ბუნებრივია მალევე გასცდა მხოლოდ ჩემი გონების საზღვრებს. ჩემმა ერთმა ძალიან ახლო მეგობარმა მითხრა: ეს სუსტი და მარტივი ადამიანების ხვედრია, ძლიერი ადამიანი სულ ახლის ძიებაშია და სხვაზე ,,ჩამოკიდების“ საშუალებას არ აძლევს საკუთარ თავსო. ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანი რაც უფრო მოაზროვნე და არაპრიმიტიულია, მით უფრო რთულია. რთულია მისი ხასიათი, საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც, ის მუდმივად ფიქრობს აანალიზებს, ეძებს და იკვლევს. ასეთია სამსახურშიც, ბორშიც კეთების დროსაც და სალონში თმის შეჭრის პროცესშიც. ალბათ, არ ვიცნობ არც ერთ საინტერესო ადამიანს, რომელიც მარტივია. მაგრამ ადამიანის ხასიათის სირთულე და მისი ,,იდუმალებით მოცული ბუნება“ არ არის ჩემი სტატიის თემა. ის რაც ზემოთ წერია სისუსტეა და მეტი არაფერი? ნუთუ არ არსებობს, ორი ჭკვიანი, აზრიანი და საინტერესო ადამიანი, ორი დამოუკიდებელი ,,შემდგარი“ (ეს სიტყვა და შეფასება მძულს) ინდივიდი, რომელიც ერთ მთლიანად არის შერწყმული?
ბუნებრივია, მეც რომეოსა და ჯულიეტაზე ვიფიქრე, მაგრამ ისინი სულ 13-14 წლის იყვნენ და სწორედ მაშინ მიატოვეს წუთისოფელი, როდესაც სიყვარულისგან თავბრუ ეხვეოდათ და ძლიერი ვნებისა და ლტოლვის მეტს ვერაფერს გრძნობდნენ. ასეთი მძაფრი შეიძლება არა, მაგრამ გრძნობის ძლიერი ტალღით გამოწვეული თავბრუსხვევა ყველა ადამიანს, ერთხელ მაინც გამოუცდია, თუ რომეოსა და ჯულიეტას ბედი არ გაუზუარება, ამ ტალღის განელებით გამოწვეული ,,იმედგაცრუების“ გემოც გაუსინჯავს. რომეოს და ჯულიეტას არც ბაზარში, ბოდიში ,,გუდვილიში“ უვლიათ ერთად და არც აბიტურიენტი შვილების მისაღებ გამოცდებზე უნერვიულიათ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ გრძნობ, ლტოლვა და ვნებაც ისეთივე წარმავალი და დროებითია, როგორც სხვა ყველაფერი დედამიწაზე, მაგრამ აბა რა არის ჩემი ისტორია, ამალიას და ბორია ბიძიას ისტორიაც ეს არის?
ეს თემა მართლა მაინტერესებს, მითუმეტეს ახლა, როდესაც უკვე შვიდი წელი გავიდა მას მერე, რაც მე ჩემი თავი გული, სული და ცხოვრება ერთ ადამიანს დავუკავშირე. არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ჩემთვის პირადად და ძალიან კონკრეტულად არის ეს საინტერესო, მყავს მე ჩემი მეორე ნახევარი, იმდენად შეზრდილი ჩემს სულსა და გულთან, რომ მე მის აგრეშე არსებობას ვერ შევძლებ? შვიდა არა, აი ოცდაშვიდი წელი რომ გავა, ისევ ისე შემომხედავს და მაკოცებს? შესაძლებელია, ერთი ადამიანის არ არსებობამ შეწყვიტოს მეორეს არსებობა? სისუსტეა, როდესაც ,,ვიღაცის“ გარეშე უბრალოდ არ შეგიძლია, არ გინდა ცხოვრება და ძლიერი ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული? კიდევ ერთი რაზეც ვიფიქრე: საჭიროა კი ეს? ანუ ჩვენ ყველას ერთად გვინდა, რომ დღესაც ისე გვიყვარდეს, როგორც ოცი წლის წინ და ,,ბედნიერებაც“ ესაა?
მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი, რომელზეც ამ რამდენიმე დღის წინ სასაქონლო ნიშნების შესახებ პრეზენცაციისას ვმსჯელობდი: ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია ორი ადამიანიც ერთად და ცალ-ცალკე, არაფერ შუაშია არც სისუტე და არც გონებრივი განვითარება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მილიარდიან პლანეტაზე ერთმანეტს პოულობენ და ერთი მთლიანი ხდებიან, კიდევ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამავე მილიარდიან პლანეტაზე ისეთ ადამიანებს ხვდებიან, რომ ერთი მთლიანი ვერ ხდებიან და მიდმივ ძიებაში არიან. არც დასკვნა სჭირდება ამ ნაწერს და არც ღრმა ანალიზი, უბრალოდ ჩემთვის, ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ამ ნაცრისფერ დედამიწაზე, ქიმიური იარაღისა და გაუთავებელი ომების პარალელურად, ტექნოლოგიური რევოლუციების შორიახლოს, აიფონ ხუთების და ახალი ,,სოფთ ვეერების“ ,,დააბდეითების“ პროეცესში კიდევ არსებობს მძაფრი ადამიანური გრძნობები, ძლიერი ემოციები ,,ვგიჟდები“, ,,ვაფრენ“, ,,უშენოდ მოვკვდები“.....
Tuesday, April 2, 2013
ქართველი კაცები და მათი ქალები
ბოლო დროს ხშირად ვაწყდები სტატიებს და ბლოგებს, რომლებიც სხვა სტატიებისა თუ ბლოგების პასუხად დაიწერა. პასუხის პასუხი, გამოხმაურება პასუხის პასუხის გამოხმაურებაზე, შუალედური წერილი, წერილი ავტორის ანალიზის კომენტარზე.... ფურცელზე ფურცლით პასუხს, თავის დროზე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობისას შევეჩვიე. რაოდენ სულელური და აბსურდული, შავით თეთრზე აკრეფილი (ხელნაწერ წერილებს არ მოვსწრებივარ), წერილიც არ უნდა მოსულიყო ჩემამდე, მასზე აუცილებლად პასუხი ასევე შავით თეთრზე აკრეფილი ფურცელით უნდა გამემზადებინა. ნებისმიერ ნომერმინიჭებულ ფურცელს, მეორე, მისთვის განკუთვნილი, ასევე ნომერმინიჭებული ფურცელი უნდა შეესაბამებოდეს. ეს წესი, ალბათ იმისათვის არის საჭირო, რომ ბიუროკრატია მთელი თავისი დიდებითი და ღირსებით შედგეს. ბიუროკრატიული ინსტიტუბები არც თუ ისე საინტერესო, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანი და თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულ სიტუაციებში საკმაოდ საჭირო მექანიზმებია, მაგრამ არა ჩემი სტატიის თემა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ფურცელზე ფურცლით პასუხის გაცემა ლამის სისხლში მაქვს გამჯდარი, მაგრამ შემოქმედებით პროცესში, ამ ბიუროკრატიული მეთოდისთვის არასოდეს მიმიმართავს. რამდენიმე ხნის წინ, ერთ–ერთ სტატიას გადავაწყდი, კითხვის დაწყების წინ დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა სტატიის შინაარსზე, მაგრამ წაკითხვისას მან ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად გადააჭარბა, რომ თქვენ სწორედ ახლა აი ამ სტატიას კითხულობთ.
თავიდან მინდა გითხრათ, რომ არ მიყვარს მკაცრად განსაზღვრული დაპირისპირებები, ჩაი უფრო გიყვარს თუ ყავა, (ლიმონიანი ჩაიც მიყვარს და რძიანი ყავაც, რა ვქნა რა გავაკეთო?!) ღვინისტი ხარ თუ არყისტი? (ეგოსიტი ვარ მე, სინამდვილეში კი წითელი ღვინო მიყვარს სადილზე და ზღვაზე არაყი მირჩევნია), და მითუმეტეს სასტიკად ვეწინააღმდეგები დაპირისპირებას ქალებსა და მამაკაცებს შორის. ვფიქრობ, მამაკაცებთან გასაყოფი არაფერი მაქვს, ნუ გლობალურად თუ ვიმსჯელებთ არაფერი, თორე აგერ უკვე მეშვიდე წელია სწორედაც რომ ერთ მამაკაცთან ვიყოფ გაზისა და დენის გადასახადს, შემწვარი ქათმის ბარკალს და ტელევიზორის წინ განთავსებულ ,,დივანსაც“. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ყველა ქალი ქათამია და ყველა კაცი, ბოდიში მომითხოვია და ... (ხო მიხვდით არა). არსებობენ ჭკვიანი და სულელი, მანქანას რომ ატარებენ და რომ ვერ ატარებენ, ეგოისტი და არაეგოისტი, სნობი და ,,სვეცკი“, მეოჯახე და ,,მეტუსოვკე“ ქალები, ღირსეული და ლაჩარი, კრიჟანი და ხელგაშლილი, პათოლოგი და გაწონასწორებული, მომღერალი და მოცეკვავე, დაბალი და მაღალი მამაკაცები. სწორედ ამიტომ, ვფიქრომ, რომ დაპირისპირება ქალებსა და მამაკაცებს შორის სასაცილოა და მხოლოდ აბსურდამდე მიიყვანს ადამიანს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლომდე სულიერ–მორალურ, თუ მატერიალურ–ფიზიკურ კომფორტს ადამიანები მხოლოდ საპირისპირო სქესთან ჰარმონიული შერწყმის შედეგად აღწევენ. მოკლედ, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ გითხრათ: მე ძალიან მიყვარს მამაკაცი. განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, ზოგადად სამხრეთელი მამაკაცების ტემპერამენტი მომწონს, ვფიქრობ მათ გარეშე, უფრო კონკრეტულად კი, მათთან კეკლუცისა და ფლირტის გარეშე, ნამდვილად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი – ქალების ცხოვრება.
საკმაოდ ხმამაღალი და თამამამი განაცხადის შემდეგ, ვფიქრობ არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ რატომ მეწყინა, ან კი არ მეწყინა, უსიამოვნოდ მომხვდა გულზე ის ზემოხსენბული უხსენებელი სტატია. ბევრი ილაპარაკა თუ ცოტა ილაპარა, საბოლოოდ ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენ ქართველ ქალებს გვაქვს დიდი და კეხიანი ცხვირი, დაბალი ტრაკი, არ გვიყვარს სექსი და ამ ყველაფრის გამო ვართ მსუქნები და უშნოები. გოიმურად იმის მტკიცებას ხომ არ დავიწყებ, დედას ვფიცავარ თუ მქონდეს დიდი ცხვრი და დაბალი ტრაკი და არც სექსზეც ვამბობ უარს-მეთქი, მინიშნებამ სიმსუქნეზე ფაქტიურად გულში დამჭრა (არა და ვაღიარებ პირველი რეაქცია, სწორედაც რომ გოიმური მქონდა და ძალიან მინდოდა მეთქვა, ჩემ გარშემო რამდენ გოგოს აქვს აწკუმპული ლამაზი ცხვირი, აბზეკილი ტრაკი, შხვართი ფეხები, არაჩვეულებრივი თვალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...), ამიტომ გადავწყვიტე ბიუროკრატიული მექანიზმები მთელი სიმძიმითა და დატვირთვით ავამოქმედო. ჩათვალეთ, რომ ეს არის პასუხი სტატიაზე, შესაგებელი ბლოგზე, არგუმენტირებული დასაბუთება, კატეგორიული კომენტარი.
ბევრი წლის წინ ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭმა მითხრა: ყველა ქალი ლამაზია, როგორ შეიძლება ქალი უშნო იყოსო. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მართალი რომ გითხართ, გამიკვირდა ასეთი შეფასება. სინამდვილეში კი მნიშვნელობა არ აქვს ქალზე საუბრობ თუ მამაკაცზე, ადამიანის გარეგნულ ნაკლოვანებებზე მითითება, მარტივად რომ გითხრათ სულმდაბალი საქციელია. ეს რაც შეეხებოდა ოფიციალურ შეფასებას. არ მახსოვს რომელ კანონში წერია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ჩანაწერი არის, ადამიანის შეურაცხმყოფელი შეფასება, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, უნდა მოხდეს იმავე ფორმით და საშუალებით, რა ფორმითაც გავრცელდა. იმ ლამაზყდიან ჟურნალში ამ ბლოგს არავინ დამიბეჭდავს, მაგრამ ჩემი 500-ზე მეტი ფრენდი ხომ წაიკითხვას, ამით ვიმშვიდებ თავს.
არა მხოლოდ ავტორის, არამედ ძალიან ბევრი ქართველი მამაკაცის პრობლემა არის ის, რომ ,,ვიძიწელი“ არ მოსწონთ ქართველი ქალები, ზემოაღნიშნული დაბალი ტრაკისა და კეხიანი ცხვირის გამო და ამიტომ დაჩაგრულები სლავური წარმოშობის ქალების მოსაპოვებლად მიემგზავრებიან ახლო უკრაინასა თუ შორეულ რუსეთში. იქიდან ბევრი დაოჯახებულიც კი ჩამოდის. ვითომ ხო ძააან ,,პრადვინუტები” არიან და მათთვის მხოლოდ ველური და არატრადიციული სექსია ურთიერთობის პიკი, მაგრამ რამდენიმე უძილო ღამისა და ალკოჰოლიანი სასმელის განუსაზღვრელი რაოდენობის მიღების შემდეგ, ურთიერთობას მაინც ქართულად, გოიმურად ,,ზაქსით“ ამთავრებენ. ანუ ამაზე მეტს ვერ ,,ქაჩავს“ ქართული მენტალიტეტი, ტრადიციულად მაინც უდევს თავში დამოკიდებულება: ეს ქალი ჩემთვის მინდა! რა გინდაა? შენთვის გინდა? გინდა შენი ნასკები და ტრუსიკები რეცხოს, იმის ნაცვლად, რომ ერთი სალონიდან მეორეში იაროს? და თან სად გინდა? თბილისში, სულ 3 კლუბია ერთმანეთის გვერდით და ყველა შენს ბაღელს, კლასელს და კურსელს რომ ნახავ პარასკევ საღამოს? კიდევ რა გინდა? დედამ სადილი კონტეინერში ჩასხმული რომ გაგიმზადოს და საღამოს წამოიღებ? ,,საროჩკები“ დამლაგებელმა ქალმა უნდა დაგიუთავოს და სამსახურში ყავის ჭიქა თანამშრომელმა გოგომ გაგირეცხოს? ყველაზე სასაცილოა, როდესაც რაღაცნაერად ცოტა ბოხი ხმით ბაზრობენ, ქართველ ფრიგიდულ ქალებზე და ქალიშვილობის ინსტიტუტზე, მაგრამ ,,დაჟე“ უკრაინელ შხვართ ნაშასთანაც ბოხხმიანი ბაზარი ბოლოს იქამდე მიდის, რომ ,,დარაგაია, ხოჩეშ პოჟენიმსია“-ო ეუბნება. ერთ-ერთმა ქართველმა ,,ვაჟკაცმა“, თავისი უკრაინული წარმოშობის ცოლის ცოლად მოყვანის ფაქტი ასე ახსნა: ,,ისეთი საყვარელია, ფრჩხილებსაც კი თვითონ მაჭრისო“. თურმე რა ცოტა სდომებია ამ გაჭირებულ დღეზე შობილს! ქართველო ქალებო, გადააგდეთ მანდილები, მოიმარჯვეთ მაკრატლები და დააკმაყოფილეთ ქართველი კაცების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები!!!
ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც არ მინდა ეს დაპირისპირება ქალებსა და კაცებს შორის. იმ უხსენებელ ავტორს ხომ არ დავემსგავსები, რომელსაც მაღალტრაკიანი და ,,კურნოსა“ ქართველი გოგოები არც სკოლაში რომ არ უყურებდნენ და არც უნივერსტეტში რომ არ აძლევდნენ, ამიტომაც არის დაბოღმილი და გულჩათხრობილი. გამართლებით მასაც ალბათ მხოლოდ სლავური წარმოშობის ნაშასთან გაუმართლა, იქ იგრძნო თავი ალბათ ლოგინის ზევსად ან ნეპტუნად. ,,ტი კონჩილ“-ო რომ კითხეს და პასუხი რომ გასცა: ,,ნეტ, ია ტოლკო ნა ვტორი კურს პერეშოლო“.
მე მგონია, რომ ქართველმა კაცებმაც და ქალებმაც უნდა მოვიშოროთ ეს წმინდა ქართული-გოიმური ჩვევები, ეთნიკურად ქართული წარმოშობის ქალთანაც შეიძლება გქონდეთ ისეთი მაგარის სექსი, როგორიც სლავური წარმოშობის ნაშასთან, ოღონდ ამისთვის პირველ რიგში პატარა, ეთნიკურად ქართული კომპლექსები უნდა გადალახოთ: ნაშასთან რომ რაღაც არ ტეხავას და ,,აბრუჩალკიან“ ქალთან მაგრად ტეხავს, ამას რომ მოაგვარებთ იქნებ მერე სექსის დროს დაგველაპარაკოთ კიდეც და ასე ნელა-ნელა მივაღწიოთ ეთნიკურად ქართულ, ევროპულის მსგავსს ორგაზმს!
Thursday, March 21, 2013
არა ოკუპაციას!
ჩემს პირად განცდებზე საჯაროდ არ მიყვარს საუბარი. არის თემები, მაქვს მოგონებები, რომლებსაც არავის ვუზიარებ, იმიტომ არა, რომ მათ ვმალავ ან მათ გამო მრცხვენია - საერთოდ არ მიყვარს უარყოფითი მოგონებების და განცდების გახსენება. როდესაც ისინი მიდიან, მათ აღარ ვეტირები და ჩემი რეალობის დამახინჯების უფლებას არ ვაძლევ. მიხარია, რომ წავიდნენ და ის ფაქტი, რომ ოდესღაც ისინი გადავიტანე, ჩემს ახალ დღეს არ თრგუნავს. არ ვიცი ეს როგორ შევძელი, ალბათ, მაინც იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავს (ამას აბსოლუტურად გულწფელად ვამბობ). თემა, რომელზეც ვწერ მართლა ძალიან მძიმეა და ამიტომ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ჩემი ძალიან ბევრი ახლო მეგობარიც კი არ დამიმძიმებია ამ მოგონებებით, მაგრამ დღეს ძალიან მომინდა მე დამეწერა და თქვენ წაგეკითხათ.
ჩემი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ. სხვადასხვა დროს ორივემ სწავლა მოსკოვსა თუ თბილისში განაგრძო, რის გამოც მე თბილისში გავჩნდი, სოხუმი კი მხოლოდ ჩემი ბედნიერი ბავშვობის, ბედნიერი ზაფხულების გატარების ადგილად იქცა. როდესაც დღეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციეზე საუბრობენ, მე სოხუმი მახსენდება. საქართველოს ისტორია მეტნაკლებად მაინც, კარგად ვიცი, თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მეპარება ეჭვი მემატიანეთა გულწრფელობაში. დღეს, როდესაც მე თვითონ ვარ ჩემი ქვეყნის ისტორიის თანამოწილე, ვხვდები, რომ ჩემი რეალობა სრულიად განსხვავდება ჟამთააღმწერელთა მიერ ფურცელზე გადატანილი ......გან.
თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე ისევ აფხაზეთს მივუბრუნდები. მე მინდა მოგიყვეთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, რომელიც საქართველოს ისტორიის მოჩუქურთმებულ წიგნებში კი არ ამოვიკითხე, არამედ მე თვითონ გადავიტანე.
როდესაც სოხუმში ომი დაიწყო, 12 წლის ვიყავი. ჩემს დედასთან და პატარა დასთან ერთად სოხუმში ვისვენებდი, ჩემი ბებიის და ბაბუის ყველაზე ლამაზ თეთრ სახლში - ბოტანიკური ბაღის წინ. ჩვეული მზიანი დღე იყო, როგორც ყოველთვის ბევრი სტუმარი გვყავდა - ჩემი დეიდაშვილები, დედაჩემის მეგობრები, მათი შვილები. ავს არაფერი მოასწავებდა, როდესაც უცებ გავიგეთ, რომ სოხუმის საზღვრებთან ქართული ჯარი გამაგრდა.... აქედან დაიწყო... საბრძოლო მოქმედებების დეტალები და საომარი სტრატეგია არ მახსოვს. მახსოვს, როგორ ჩავსხედით ბაბუჩემის მანქანაში და წავედით სოფელში, რომელიც შემდეგ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად იქცა, როგორ გავირეთ დანაღმულ გზაზე და საბედნიეროდ არ ავფეთქდით, როგორ ჩამოვიდა თბილისიდან მამაჩემი, რომელიც აეროპორტიდან სახლამდე ფეხით მივიდა, მახსოვს ტყვიების წუილის ხმა და დაბომბვები, მახსოვს 24 საათი, რომელიც სოხუმის აეროპორტში გავატარე, მახსოვს დედაჩემის მეგობარი მიშა კოკაია, რომელმაც გამოგვაცილა და რომელიც მას მერე აღარასოდეს გვინახავს და დღესაც უცნობია, როდის და სად მოკლეს. მახსოვს ბევრი ბავშვიანი ქალი, რომელიც იმ თვითმფრინავში ვერ დაეტია, რომლითაც ჩვენ გამოვფრინდით, მახსოვს პატარა თვითმფრინავი და ფეხზე მდგომი უამრავი მგზავრი, მახსოვს როგორ ყვებოდა დედა იმ ღამით აეროპორტის საშინელი დაბომბვის ისტორიას, მახსოვს დღეები, როდესაც ველოდი ჩემი დეიდაშვილების სოხუმიდან გამოფრენას, მახსოვს მათი ჩამოსვლა, სასტუმრო "ივერიის" ფოიე, მახსოვს ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომლებიც დიდი და ლამაზი სახლებიდან, პატარა სასტუმრო ოთახში შეკუჭეს, მახსოვს აღშფოთებული თბილისის "ელიტა", რომელსაც სულიერი და ფიზიკური კომფორტი ერღვეოდა ლტოლვილების შემხედვარეს. ეს ის ხალხია - დღეს ოკუპაციას არას რომ ეუბნებიან, მაშინ კი სულ ...ზე ეკიდათ რუსების მიერ აფხაზეთიდან გამოყრილი ადამიანები და "სვეცკად" განაგრძობდნენ გულაობას ,,ყაზბეგსა“ და "აიჯიეში“. მახსოვს, როგორ ვრეკავდით გაუთავებლად სოხუმში, ყოველი მორიგი ცნობა სოხუმის დაბომბვის შესახებ და საათები გატარებული ჩემი სოხუმში დარჩენილი ბებიის და ბაბუის ხმის გაგების მოლოდინში, მახსოვს სასოწარკვეთილი მამაჩემი, რომლის ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარი სოხუმის საავადმყოფოში ოცდაოთხსაათიან მუშაობას გადაყვა, მახსოვს გაუთავებელი ცნობები ჩემი მშობლების ნათესავების, მეგობრების, უბრალოდ ნაცნობების, უბრალოდ ადამიანების გარდაცვალების, ნაღმზე აფეთქების, ომში დაღუპვის შესახებ, მახსოვს მზიანი ქალაქი გაგრა და მისი დაცემა, გაგრაში ამოხოცილი ოჯახები, შეურაცხყოფილი გვამები, მახსოვს სოხუმში დედაჩემის სახლის აფეთქება, მახსოვს დედაჩემი, რომელიც არასოდეს იღიმოდა და სულ ტიროდა, მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებით გაკეთებული სადილები, მახსოვს მამაჩემის დარდი, მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, მახსოვს 3 თვე, როდესაც ჩემი ბებია და ბაბუა და ჩემი ბიძა ტყვედ ჩავარდნენ და 3 თვიანი ძიება, იმის დასადგენად ცოცხლები იყვნენ თუ არა... მახსოვს აფხაზეთის სვანეთის გრძელი გზა, მახსოვს გაყინული ხალხი, მახსოვს ომის შემდგომი წლები, მახსოვს ბაბუჩემი, მახსოვს დედაჩემი, მახსოვს სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ვეღარასოდეს დაბრუნდება, რამდენჯერაც არ უნდა დავწეროთ დიდ პოსტერებზე: ,,ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“, ან "აფზაზეთი ჩვენი ტკივილია“.
ნამდვილად! აფხაზეთი ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილია, არა აბსტრაქტული, არა რაღაც არარეალური, არამედ სისხლით ხორცამდე ნამდვილი ტკივილი, რომელიც ყოველი ფოტოს, ყოველი მორიგი ნივთის, ყოველი მოგონების შეხებისას სულ უფრო მძაფრად გტკივა.
ბევრი წელი გავიდა. მაშინ ბევრს საუბრობდნენ მიზეზებზე, გამოსავალზე. არც პოლიტიკაში გამეგება რამე და არც ანალიტიკაში, მე მხოლოდ რეალობის აღქმა შემიძლია და ჩემი რეალობა დღეს ასეთია: არც ერთი, თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისკენ, პირიქით - ბევრი დიდი ნაბიჯი უკან.
აფხაზეთის მერე იყო 2008 წელი, როდესაც რუსეთს კიდევ ერთხელ მივეცით ჩვენი ოკუპაციის უფლება. ბევს დღესაც ჰგონია, რომ რუსეთი როგორც დამპყრობელი, რუსეთი როგორც ოკუპანტი, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაანახა მსოფლიოს. მე კიდევ მგონია, მგონია არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის 2008 წელის აგვისტო ნაციონალური მოძრაობის 4 წლიანი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. არ ვიცი ეს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გააკეთეს, ამაზე შეიძლება ბევრი იდავო, მაგრამ ფაქტი არის ერთი და თან ჯიუტი - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკამ, მათმა მილიტარისტულმა პროპაგანდამ გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომი, მაშინ ზუსტად ის მოხდა რაც რუსეთს სურდა, ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც ოკუპანტს აწყობდა, სწორედ მის წისქვილზე დაისხა წყლის ულევი ნაკადი. არა - ნაციონალურ მოძრაობას და არა - რუსეთის ოკუპაციას, ჩემთვის ეს ორი ცნება ისეა ერთი მთლიანი, როგორც სხვა არაფერი დედამიწაზე.
ჩემი ტკივილი არც სხვაზე მეტია და არც სხვის ტკივილზე ნაკლები, აფხაზეთი მარტო მე და ჩემს ოჯახს არ დაგვიკარგავს. თუმცა ეს საერთო ქართული ტკივილი მაინც არ არის. არავის არ ვაყენებ შეურაცხყობას, უბრალოდ ვიცი, როდესაც რაღაც პირადად არ შეგხებია, როდესაც რაღაც პირადად ძალიან არ გტკენია - მას ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. ამიტომაც ლოზუნგი „არა ოკუპაციას“ (ზოგიერთი ადამიანის პირიდან გამოთქმული) ისევე არაგულწრფელად მოდის ჩემამდე, როგორც მივიწყებული პათოსი - ,,ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.
სამშობლოს სიყვარულში არავის ვეჯიბრები, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი განცდა გვაქვს, ყველას ჩვენი ემოციები და გრძნობები ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ უფლებას არავის მივცემ იმ ქვეყნის მონობისა თუ მორჩილების სურვილი დამწამოს, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან რაღაც ძალიან დიდი და ძვირფასი, ყველაზე ლაღი და მზიანი სამუდამოდ ამოგლიჯა.
Saturday, February 18, 2012
უი, სულ არ გეტყობა!
იცით თუ არა, რა არის მეზოთერაპია? ათი წლის წინ არც მე ვიცოდი. წელს კი, რაღა დაგიმალოთ და უცხო სიტყვათა ლექსიკონის წყალობით საფუძვლიანად შევისწავლე. ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განმარტებასაც გადავაწყდი და ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ გამყოფოთ, თქვენც გაგიზიარებთ, რომ მეზოთერაპია: ,,ეს არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი და ნიშნავს კანის ზედაპირულ შრეში ცალკეული პრეპარატებისა ან სპეციალური კოქტეილის შეყვანას. კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც ძალზე დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე“. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მეზოთარეპია ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ბოტოქსისაგან განსხვავებით, ხელშეუხებელს ტოვებს ჩვენს მიმიკას და რეკომენდირებულია მათთვის, ვინც აგერ უკვე მერამდენე მტკიცე ნაბაჯით გადააბიჯა სანუკვარ 30 წელს!
ესთეტიკური მედიცინა დღეს ისე მჭირდება როგორც არასდროს, მაგრამ ლიპოსაქციისა და სხეულის კორექციის მეთოდებზე წერა, აბა, რა ჩემი საქმეა? 90-იან წლებში ყველა შენობის პირველ სართულზე, სახინკლე ან საკომისიო მაღაზია იხსნებოდა, დღეს კი მათ ადგილას თანამედროვე ნავაროტებით აღჭურვილი ცენტრებია, სადაც გნებავთ გაგახდუნებენ და გნებავთ - გაგასუქებენ, გაგიკეთებენ მონიკა ბელუჩის ძუძუებს და ანჯელინა ჯოლის ტუჩებს, ჩაგსვამენ შოკოლადის კოლბაში და ნემსის ერთი ჩხვლეტით საშივილიშვილოდ დაგიფიქსირებენ სახის ინფანტილურ გამომეტყველებას. მოკლედ, არ არის ეს ყველაფერი არც ჩემი და არც ამ სტატიის საქმე.
მეზოთერაპიის ბრალია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფრაზა ,,უი სულ არ გეტყობა“, რომელიც ჩემი ასაკის გაგების პასუხად მესმის, სულ უფრო აქტუალური ხდება. ამიტომაც დავფიქრდი, რა ასაკია ასეთი, რომელიც უნდა მეტყობოდეს, იქნებ მემუარების წერის დროც არის უკვე? გადავწყვიტე მეზოთერაპია იქამდე გავიკეთო, ვიდრე ეს უხსენებლი ასაკი დამეტყობა, ხოლო მემუარების წერას რაც შეეხება მგონია, რომ ჯერ მაინც შორს ვარ, შორს თუ არა - ერთი მსუყე ათწლეული ნამდვილად მაშორებს ,,შავით თეთრზე აღწერილ ჩემს რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებას“.
მეზოთერაპიაზე ფიქრმა აშკარად სითამამდე შემმატა, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ. სინამდვილეში მეზოთერაპია არაფერ შუაშია, ასაკია თავი და თავი. აღმოჩნდა, რომ როდესაც მის განსაზღვრულ ნიშნულს აღწევ, წარსულის უხერხული მომენტების აღარ გცხვენია, მათ გამო აღარც წითლდები და მეტიც - შეგიძლია ისინი თამამად გაუზიარო სხვას.
რა არის სირცხვილი და რა არა, შეცდომა იყო თუ პრაგმატული ნაბიჯი, თავად განსაზღვრედ მე უბრალოდ თხრობას ვიწყებ.
სერიიდან რისი მცხვენია, უფრო სწორად რისი მცხვენოდა, საპატიო პირველ ადგილს ჩემი ასევე პირველი, მაგრამ ამავე დროს გაუაზრებელი სიყვარული იკავებს. ის საბავშო ბაღში მეწვია. გოგა ბარბაქაძე ერქვა იმ ყმაწვილს, რომელიც მას მერე აღარასოდეს მინახავს. მასთან დაკავშირებით ორი სცენა მახსენდება. პირველი საბავშო ბაღში ხდება: ვდგები მივდივარ და ვკოცნი, ის კი საშინლად შეწუხებული ჩემი სითამამით ცდილობს თავი დამაღწიოს. როდის, როგორ ან რის გამო შემიყვარდა, კოცნამდე ან კოცნის შემდეგ რა ხდება, ჩემმა ტვინის ,,მემორი ქარდმა“ არ შემოინახა. მეორე სცენა სახლში, კერძოდ კი სამზარეულოში ვითარდება: ვსხედვართ მე დედა და მამა, დედა კი მეუბნება: ლიკუნა, დედიკო, სირცხვილია, გოგომ ბიჭს არ უნდა აკოცოს!
სირცხვილი მატერიალური ფორმით პირველად სწორედ ამ დღეს ვიგრძენი. ეტყობა ამ ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ მომდევნო ათი წელი ბიჭებისკენ საერთოდ არ გამიხედავს, სკოლას ისე ვამთავრებდი, ერთი ბიჭიც კი არ მომწონებია. ამ ისტორიის დასკვნა ის არის, რომ ჩემი ინიციატივით ბიჭისთვის არასოდეს მიკოცნია, არა და რომ მეკოცნა, ვინ იცის, როგორი რომანტიკული ისტორიის გმირი ავღმოჩნდებოდი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ არის სირცხვილი, როდესაც გოგო თავისი ინიციატივით კოცნის ბიჭს.
გამართლებით არც მეორე სიყვარულის დროს გამიმართლა, რომელიც მართლა ზუსტად 10 წლის შემდეგ მეწვია. ამის შესახებ ერთხელ უკვე დავწერე: ,,როდესაც პირველად შემიყვარდა 15 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს ის დღე: ქუჩაში ვსეირნობდი და რუსი მომღერლის ანჟელიკა ვარუმის სიმღერას „Ля, Ля, Фа – эти Ноты“-ს ვღიღინებდი. უცებ „ის“ დავინახე და ცხოვრებაში პირველად გულში „ლიფტი“ ვიგრძენი. ასეთი რამ (ერთი ნახვით შეყვარებას ვგულისხმობ) არც მანამდე და არც მერე აღარ დამმართნია, გულში ლიფტს ჰგავდა და თავში ფეიერვერკს.“. გულში ლიფტით და თავში ფეიერვერკით რამდენიმე წელი ვიცხოვრე. მე 15 წლის ვიყავი, ის კი 25, ის არაყას სვამდა მე კი ჯოხიანი კამფეტით ხელში ვუვლიდი წრეებს, ის ესპანეთის ფანი იყო, მე კი მერაია კერის საოცარ სიმღერას ვაჭყავლებდი მთელ ხმაზე, მას გრძელი თმა ჰქონდა (რაც მის ინდივიდუალურიბასა და გამორჩეულ სტილს უსვამს ხაზს, რა თქმა უნდა), მე კი ჯინსის შორტებითა და ზოლიანი ,,კაპიშონიანი მაიკით“ ვეპრანჭებოდი. დასკვნის გაკეთებაც არ ღირს მგონი, ისედაც გასაგებია ყველაფერი.
სირცხვილის სერიიდან კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, არც 5 წლის ვიყავი და არც 15, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე უკვე დამთავრებული მქონდა და ,,ბეზპიწი მინუტ“ ევროპული სამართლის მაგისტრი ვხდებოდი, როდესაც იმ დროს საკმაოდ პოპულარულ ე.წ. ,,ჩატში“, (სად იყო ,,ფეისბუქი“ და კარგი ცხოვრება - ,,ლიკა ახობაძე ის ტაგეფ ვიზ ვახო ხვიჩია ჰიერ - ჰოუმ“ არ იყო მაშინ ასეთი ნავაროტები) – ”მირკში“ ერთი ბიჭი გავიცანი (სინამდვილეში ბევრი ბიჭი გავიცანი, მაგრამ მართლა ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით), ჰოდა საკმაოდ მარტივად მივეცი ჩემი ტელეფონის ნომერი, მანაც დამირეკა, ასევე საკმაოდ მარტივად დავთანხმდი პაემანზე. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა იქამდე, სანამ მის ტელეფონზე ზარი არ გაისმა. გაოცებულმა თავისი ტელეფონი გამომიწოდა. ერთ წუთში ვინანე, რომ მირკში შევედი, მას ჩემი ტელეფონი მივეცი, ისიც კი ვინანე, რომ კომპიუტერი მქონდა სახლში. საქმე იმაშია, რომ ჩვენი შეხვედრის მიმოწერა, სრულიად უწყინარი მიზეზეით ჩემი მეგობრის თვალწინ განხორციელდა. მოტივით: რა ვიცი მე, იქნებ მანიაკია, მეგობრის ტვინმა ბეჯითად მოახდინა ,,მირკში გაცნობილის“ ტელეფონის ნომერის სკანირება და მას შემდეგ რაც ჩემი ტელეფონი ,,ქაბრიჯერიაში“ აღმოჩნდა, იმის გასაგებად ისევ ცოცხალი ვარ თუ არა, ბეჯითად დამახსოვრებულ ნომერზე დარეკა. ხვდებით ალბათ ბიჭმა რა იფიქრა, რომ მე არასდროს არ ვყოფილვარ არც ერთ სულიერთან პაემანზე. კიდევ ალბათ სხვა რაღაცეებიც იფიქრა, რის გამოც, ბუნებრივია აღარასოდეს გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში. დასკვნა ამ ისტროიის, მარტივია, ნუ ეტყვით თქვნეს მეგობარს იმ ბიჭის ტელეფონის ნომერს, რომელსაც ჯერ თავადაც არ იცნობთ.
შემდეგ ისტორია სირცხვილს და სიამაყეს ორივეს აერთიანებს. ეს ის შემთხვევაა, წლები რომ გადის და მაინც ცუდად გახსენდება. არ ვიცი ყველას აქვს თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს ისტორია, რომელიც მერჩივნა რომ არ მქონოდა. ეს ამბავი კარგად რომ არ დამთავრდებოდა მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, როდესაც დაიწყო. პირველი პაემანი მიშა სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს რომ გექნება, კარგს აბა რას უნდა ელოდო?! მოკლედ, სულ სამი ტანჯული თვე ,,ვიარეთ“ და შემდეგ ოცდასამი იმაზე მეტად ტანჯული თვე ვშორდებოდით. პროცესის გართულება იმან გამოიწვია, რომ ის ბოროტი ადამიანი აღმოჩნდა და ჩემი ფსიქიკის დაზიანება განიზრახა. არსებობენ ასეთი ,,სვიდუ“ მშვიდი მანიაკები, რომლებიც სინამდვილეში, მაგარი ბანძი ტიპები არიან. ჰოდა, ეს ზემოხსენებული მშვიდი მანიაკი, დაშორებიდან რამდენიმე თვე დაუღალავად და ამავე დროს, ოლიმპიური სიმშვიდით მეპატიჟებოდა ხან ბლინების და ხანაც ხინკლების საჭმელად. სინამდვილეში არც ბლინები უნდოდა და არც ხინკლები, თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა. არის მომენტები, ქალის ცხოვრებაში, როდესაც საკუთარი თავი თავად უნდა დაიცვა (,,პრინც ნა ბელომ კონე’’-ს არ უნდა დაელოდო), მეც ასე მოვიქეცი და მის მორიგ კულინარიულ შემოთავაზებას დავთანხმდი. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდნენ არც ერეკლე მეორეს და არც შარდენის ქუჩების ბარ-რესტორნები, ტაბიძის ქუჩა კი მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ იქ მეწაღე სახელად - ზაზა, 300 ლარად სასწაულებს ახდენდა, ამიტომაც ბლინების თუ ხინკლების საჭმელად ,,პეროვზე“ წავედით. დღის მენიუ ნამდვილად არ მახსოვს, აი გადახდის დროს კი გამარჯვება ვიზეიმე, როდესაც საფულე ამოვიღე და ანგარიშის დაფარვაში დახმარება შევთავაზე. ისე გაბრაზდა, აღარასოდეს დავუპატიჯებივარ საჭმელად და სულ მალე თავი დამანება.
ახლა შემიძლია შვებით ამოვისუნთქო და თამამდ განვაცხადო, რომ მეტი ,,სამარცხვინო“ ისტორია თავს არ გადამხდენია. ახლა სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბების ჯერია ისევ და ისევ აღიარებების სერიიდან.
ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭმა ერთ მშვენიერ გაზაფხულის დღესაც გადაწყვიტა და სიყვარულში გამომიტყდა. გაოცებისგან თავზე არა მხოლოდ ზარი, არამედ რკინა და ბეტონი ერთად დამეცა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მთავარი კიდევ წინ მელოდა, როდესაც აბსოლუტურად დარწმუნებულმა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ,,ვზაიმნი“ გრძნობის აღიარება მომთხოვა. სასწრაფოდ მჭირდებოდა მყარი, არა უმყარესი არგუმენტი მისი გრძნობის უარსაყოფად. რატომ მაინცდამაინც უარსაყოფად და გაიხსენეთ ჩემი პირველი სირცხვილის ისტორია. ჰოდა, ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და პირდაპირ ვაჯახე: მე შენ არასოდეს შემიყვარდები, შენ ხომ დედაჩემის მეგობრის შვილი ხართქო. ახლა მას დაეცა თავზე მე რომ დამეცა ის ზარები და რკინა-ბეტონი, გაბრაზებულ-გაოცებულმა თავი ვერ ან უფრო არ შეიკავა და მითხრა: აუ, მაგარი გოიმი ხარო. მახსოვს, მაშინ ძალიან მეწყინა ეს შეფასება, დღეს კი ვეთანხმები, გოიმი ვიყავი, აბა რა ვიყავი?! დედაჩემის მეგობრის შვილი - ყვავი-ჩხიკვის მამიდა. გაზაფხულის გასვლის შემდეგ ჩემდამი გრძნობა ისევ მეგობრობად ტრანსფორმირდა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დედები მართლა მეგობრობდნენ, ჩვენც მათ მივბაძეთ. დასკვნა თუ გაინტერესებთ ის არის, რომ მაღალ, ახოვან და სიმპათიურ ბიჭს ნამდვილად არ უნდა უთხრათ უარი იმის გამო, რომ ის დედათქვენის მეგობრის მამიდაშვილის მეზობელია.
ისევ გაზაფხული იყო, ოღონდ ამჯერად სხვა წლის, სახლში წითელი ტაქსით ვბრუნდებოდი, როდესაც მანქანის სარკეში თეთრი ,,ნოლსემი“ შევნიშნე. სიმართლე გითხრათ, არ შემშინებია და ტაქსის მძღოლს თავი სადარბაზომდე მივაყვანინე. რა ვიცოდი, წინ თურმე ჰოლივუდი მელოდა. შევდივარ სადარბაზოში და რას ვხედავ, თეთრი ,,ნოლსემიდან“ ,,პახოდკაი დიკოი კოშკი“ უსაშველოდ სიმპათიური ბიჭი მიახლოვდება და ამ დროს მთელ ხმაზე არ მახსოვს ბარი უათი იყო თუ ლიზა სტენფილდი, მაგრამ ამას რა მნიშვბელობა აქვს, სიმღერა ირთვება. ,,ნასმატრელსა მალჩიკ ვსაკიხ გლუპოსტეი“, მაგრამ უნდა ვაღიარო, ძალიან შთამბეჭდავი იყო გაცნობის მისეული ფორმა. რომატიკაში თქვენც რომ არ გადაგაგდოთ, აქვე მოვუღებ ბოლოს ამ ისტორიას: ეს უსაშველოდ სიმპათიური ბიჭი არც მეტი და არც ნაკლები სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა, თან დიდი მექალთანე სკოლის მოსწავლე. მოკლედ, გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ სანამ მის ასევე უსაშველოდ ლამაზ ლურჯ თვალებს ჩემი გასულელების უფლებას მივცემდი, რაღაც უნდა მეღონა. ბევრი არ მიფიქრია ისე, ერთ-ერთი საუბრისას შევთავზე, დღეს ჩემი დის მშობელთა კრებას დავესწარი სკოლაში და თუ გინდა შენთანაც მოვალთქო. მიზანს იმაზე სწრაფად მივაღწიე, ვიდრე ამისთვის მზად ვიყავი. დასკვნა მოკლე და ლაკონურია: არ გაბედოთ მსგავსი რამის თქმა ადამიანისთვის, თუ მისი სამუდამოდ დაკარგვა არ გსურთ.
ნამდვილად არ მქონია ამის განზრახვა, მაგრამ პატარა ,,პუტევოდიტელს“ კი ჰგაქვს ჩემი სტატია. ყველა ამ და ნებისმიერი სხვა ისტორიის აზრი ის არის, რომ ყოველი მათგანი რაღაცას გაძლევს, ზოგჯერ გართმევს, ყოველი მათგანი რაღაცას გასწავლის, ან უბრალოდ რაღაცაზე გაფიქრებს და საბოლოო ჯამში მიდიხარ ისტორიამდე, რომლის არცერთი დეტალის არ გცხვენია, რადგან სწორედ ის ხდება შენი რეალური და ყოველდღიური ცხოვრება. ამდენი აღიარების შემდეგ ნამდვილად თამამად შემიძლია ვაღიარო, რომ 32 წლის ვარ და პირველი ნაოჭები, როგორც იტყვიან ,,ნე ზა გორამი“, ამიტომაც ბევრს აღარ დავაყოვნებ - პირველივე შესაძლებლობისას მეზოთერაპიის კარგ და გემრიელ კურსს ჩავიტარებ.

Monday, January 23, 2012
სად წავიდა თაფლი?
ჩემთვის ნაცნობ მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ენაზე ეს სიტყვა, უფრო სწორად ეს პერიოდი თაფლის ჭამასთან ასოცირდება. დიახ, სწორედ თაფლის დასაგემოვნებლად მიემგზავრებიან რუსი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუ ჩვენი მშობლების თაობის აბსოლუტური უმრავლესობა მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის თაფლს თუ არა, ,,სოჩენსკაია სმეტანა“ გადასმულ ,,ბულკს“ მიირთმევდა საუზმედ, თანამედროვე ქართველები - სწორედ რომ თაფლით გაჟღენთილი თურქული ფახლავათი იტკბარუნებენ პირს და ერთმანეთს საუკუნო ლხინსა თუ ჭირს, დარსა თუ ავდარს რომ გაუძლებს, ისეთ სიყვარულს ეფიცებიან... როდესაც ჩემი თაფლის ჭამის დრო დადგა, ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმარი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, უფრო ზუსტად კი სამსახურებრივი უნარების გასაუმჯებესებლად, გერმანიის სოფელ გარმიშ-პარტენკირხენის სასწავლო ცენტრში მიავლინეს. თბილისში მარტო დარჩენასა და მის ლოდინში უძილო, ცრემლიანი ღამეების გათენებას თაფლის ჭამა ვარჩიე და თან გავყევი (თან წამიღო, როგორც იტყვიან).
კალენდარი აშკარად მაისს აჩვენებდა. თბილისში პირველი ვარდებიც აყვავდნენ. იქ კი ზუსტად ისე ციოდა, როგორც ჩვენთან ნოემბერში: პირველ ივნისს თოვლი მოვიდა, მერე რამდენიმე კვირა გვიანი შემოდგომა იდგა და სადღაც ივლისის ბოლოსთვის ნანატრი ზაფხულიც შემოიპარა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ქმარმა პირველი სამთვიანი თანაცხოვრების პერიოდში მოვახერხეთ და წელიწადის ყველა დროს დავაგემოვნეთ თაფლი, რადგან ამაში ბავარიის არაჩვეულებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან „მეგობრობა“ უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, სამშობლოში საკმაოდ გულმომსუყებულები დავუბრუნდით და ეს პროდუქტი დროებით სხვა ნუგბარით ჩავანაცვლეთ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა. კარაქიან პურზე გადასმულ თაფლს ახლა უკვე ჩვენი შვილები გეახლებიან და შესაბამისად, ჩვენც ნაკლები გვრჩება. სწორედ გუშინ მკითხა ვახომ: თაფლი თუ გვაქვსო? არამეთქი, ვუპასუხე. სად წავიდა ჩვენი თაფლი?
გული თქვენც რომ არ მოგიმსუყოთ, თაფლს ცოტა ხანი აღარ ვახსენებ. არა, ერთხელ მაინც მომიწევს, რადგან თაფლის ჭამის პერიოდი ხომ ის ტკბილი და გემრიელი ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც შენ არც მისი სიგარეტის ბუღი გაღიზიანებს და არც ,,ქაუნთერ-სტრაიქის“ თამაშის გამო გეშლება ნერვები. როცა,,შოპინგზე“ მოგყვება და მთელი ძალ-ღონით ცდილობს მოგაჩვენოს, თუ როგორი ბედნიერია შენი ორმოცდაათი ახალი შენაძენით ხელში რომ დგას ZARA-ს სალაროს დაუსრულებელ რიგში. როცა ფეხით სიარულში საათები წამებივით გადის და მისთვის სულერთია უკრაინელი ,,ნაშების“ ზაგრიანი მეტრაოციანი ფეხები. როდესაც არც შენთან რჩებიან ღამე ,,დაქალები“ (თუმცა ჩემი თაფლობის თვის ბოლო კვირას სწორედაც რომ სამნი ვიწექით ლოგინში: მე, ის და ჩემი მეგობარი) და არც ის ათენებს ძმაკაცებთან ერთად ღამეს არყის, ვისკის ან ღვინის სმაში. როცა თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე, იღიმით უკლებლივ ყველა ფოტოზე და რა თქმა უნდა, გაუთავებლად მიირთმევთ თაფლს. მაგრამ მერე გადის დღეები, თვეები, წლები და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი თაფლის ქილაც თითქმის ცარიელია. სად წავიდა თქვენი თაფლი?
სინამდვილეში თაფლი ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო, უბრალოდ, დილას ვერ ასწრებთ მის მირთმევას - სამსახურში გეჩქარებათ, თქვენ უფრო გემჟავებათ, ვიდრე გეთაფლებათ. სამსახურში ძირითადად ,,მარშუტკით“, ზოგჯერ ტაქსით მიდიხართ, საღამოს ძალიან დაღლილი, უკვე მერამდენად ვერ ახერხებთ ბოლომდე საინტერესო ფილმის ყურებას და გაოგნებულს, პულტით ხელში გეღვიძებათ ტლევიზორთან ტუუუუუუუს (ან ხშშშშშშშშშშ-ს) გამაყრუებელი ხმისგან. მერამდენე შაბათ-კვირაა ,,ბიჭები“ სათამაშო პულტით იძინებენ თქვენს ნალოლიავებ კრემისფერ დივანზე, პარასკევ საღამოს სულ უფრო და უფრო ხშირად იჩითება დალევის პონტი, რომელსაც ვერაფრით გამაზავს, ამ ZARA-საც არ ეღირსა გახსნა და ინტერნეტ-შოპინგმა თქვენი საკრედიტო ბარათი საბოლოოდ გააკოტრა, ამასობაში თაფლის მჭამელები შეგემატათ: ერთი ტირის - ბაღში არ უნდა, მეორეც ტირის ფისი უნდა, მესამე? რა მესამე, ღადაობ?! საძინებელი ამერიკაში გადასახლებული ჩინელი ემიგრანტების ოთახს დაემსგავსა და მისაღები.... ვინ დაყარა ამ სკამზე პეჩენია და რა უნდა ტელევიზორის თავზე თქვენს ახალ ლიფს? სხვათაშორის, იმის ახალი თანამშრომელი 25 წლის არის, რა შუაშია? არაფერ შუაშია, უბრალოდ ისეთ ვიდზეა - ,,ნე დაი ბოგ“ და შენ რამდენი კილოგრამი გაქვს ზედმეტი? ეგეც რა შუაშია? აბსოლუტურად არაფერში. ჰო, სად არის ის ლურჯი ,,კლეჩატი საროჩკა“ და რატომ აქვს ამ ჩახოხბილს ასე მსხვილად დაჭრილი ხახვი? აუ, გამოაღე ის ზედა უჯრა და მომაწოდე..... ნეტა ამ დროს ტყდება თაფლის ქილა?
ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია, რა თქმა უნდა რეალური, საკმაოდ ბანალური და ამასთან გარდაუვალი, უფრო სასაცილოა, ვიდრე სატირალი და რაც მთავარია საერთოდ არ უშლის ხელს თაფლის ჭამას. ბანალურია ისიც, რომ სწორედ ასეთ რეალობაში აღმოჩნდებოდნენ მსოფლიო რომანტიკის გმირებიც, ერთხელაც რომეოს ჯულიეტას გაუთოებულ ,,საროჩკაზე“ უხერხული ნაკეცი რომ აღმოეჩინა. ჩახოხბილში მსხვილად დაჭრილი ხახვი, ან ,,საროჩკაზე“ გაჩენილი ,,სტრელკა“ შეიძლება გახდეს თაფლის ქილის გატეხვის მიზეზი, თუ არ შეიძლება? ამ თემაზე მართლა სერიოზულად დავფიქრდი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს ირგვლივ, როგორც იტყვიან პანტა-პუნტით, დაიმსხვრა თაფლიანი ქილები.
ტელევიზორის პულტით ისევ უკან უნდა გადავახვიო და იმ წერტილთან მივიდე, როდესაც თქვენ ერთად ცეკვავთ ,,იდიოტი“ ანიმატორის ხმაზე და ...და შემდეგ როგორც ტექსტშია. როგორ მიდიან ადამიანი ამ წერტილიდან იმ წერტილამდე. ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მითუმეტეს, რომ ჩემი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა (ტფუ, ტფუ, ტფუ!!!) და თან ეს სტატია სულაც არ არის რთულ სასამართლო პროცესზე, ქონების გაყოფაზე, ალიმენტის ოდენობაზე და შვილის გასეირნებისთვის გამოყოფილს კვირი დღეებსა თუ საათებზე. არამგონია არსებობდეს ერთი პასუხი, რომელიც რეცეპტივით ყველა თაფლისქილადამსხვრეულს გამოადგება, მითუმეტეს რომ მისი დამსხვრევის მიზეზი ზუსტად იმდენი შეიძლება იყოს, რამდენიც თაფლნაჭამი თუ თაფლუჭმელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე. როდესაც თაფლის ქილა დამსხვრეულია, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა (მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ ორი ადამიანისათვის და არა გლობალურად პრობლემის განხილვისათვის) ვინ დაამსხვრია, ერთმა მეორეს ესროლა, თუ შემთხვევით გაუვარდათ ხელიდან, შეიძლება ერთ-ერთმა კარაქიან პურზე გადასმული თაფლი მესამეს გაუნაწილა და სწორედ ამაშია საქმე. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ თაფლის ქილა კი არ დაგემსხვრეთ, უბრალოდ თაფლი გაგითავდათ.
Каждому горшку своя крышка-ო ამბობენ რუსები, ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი თავსახური არ ეკუთვნის ყველა ქოთანს. არ მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. მე მგონია, რომ სიყვარული ზუსტად იმდენია, რამდენჯერაც გიყვარს, ზოგჯერ მეტი ვნებაა, ზოგჯერ ნაკლები თავდავიწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე ის ნამდვილია და არაჩვეულებრივი. არც იმის მჯერა, რომ ყველა ადამიანისთვის სიყვარულის თანაბარი პორციაა განაწილებული სადღაც ზემოთ და მას ჩვენ ყველანი ერთად ცხოვრების მანძილზე თანაბრად ვიღებთ და ვაგემოვნებთ. არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთი თაფლის ქილიდან ჭამენ, არსებობენ ისეთებიც ვინ თაფლს კაკლის მურაბით ანაცვლებს, ან ნაკლებად ეროვნულ, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელ ნუტელას ეტანება. როგორ მოდიან ადამიანები იმ წერტილიდან ამ წერტილამდე ამას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ მოსულ წერტილზე წერტილი არ დასვან და ის ადამიანი იპოვონ, ვისაც სწორედ რომ მსხვილად დაჭრილი ხახვი მოსწონს ჩახოხბილში და სიმართლე თუ გაინტერესებთ - მეტწილად მაგრად ,,კიდია“, აქვს თუ არა ჩახოხბილს ხახვი.
სინამდვილეში ეს სტატია არც ჩახოხბილზეა და არც ხახვზე. ეს სტატია არის მათზე ვისი თაფლის ქილა ჯერ არ დამსხვრეულა, ისევ იქ დევს სადაც ყოველთვის იდო და დროდადრო პირამდე თუ არა, შუამდე მაინც ამოვსებას საჭიროებს.
პირადად მე სულ ახლახანს შევიძინე თაფლი და თქვენც იგივეს გირჩევთ.

Subscribe to:
Posts (Atom)