კინოში ვიყავი გოგოებთან ერთად. სპონტანურად არ წავსულვარ, ამ დღეს რამდენიმე თვეა ველოდები. რაც კი სტატია თუ ბლოგი დაიწერა ფილმის შესახებ, ყველა წავიკითხე. ტრეილერებიც ვნახე და მომზადებული მივედი, მომზადებული იმისათვის, რომ გვერდიდან მენახა, თუ როგორები ვართ ჩვენ.
31 წლის ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ 1989 წლის 9 აპრილიც კარგად მახსოვს, თბილისის ომიც, სამაჩაბლოს დაკარგვაც, აფხაზეთიც. ანუ ბნელი დროის შვილი ვარ მეც, სანთლის შუქზე კერაასინკის სუნით გაჟღენთილი დროის, ქალაქში ანთებული კოცონების და კოცონზე მოხარშული სადილების (თუმცა, სიმართლე გითხრათ ასეთი სადილი არასოდეს მიჭამია), ავტომატიანი ტიპების ბლატაობის დროის, პიკნიკის პეჩენიის და მე-9 ბლოკის ჩართვის მოლოდინში გატარებული წლების შვილი... მოკლედ, ბოლო 20 წლის მანძილზე რა ნაგავშიც იყო ეს ქვეყანა, იმ ნაგავში ვიყავი მეც. გაქცევა არასოდეს მიცდია, იმიტომ რომ ყველაფრის და მიუხედავად, დაკომპლექსებული და გაბოროტებული ტიპი არ გავხდი და არც დაჩაგრულად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ოდესღაც მარგარინიან პურს ვჭამდი და ტროლეიბუსზე უკან მოკიდებული ვმგზავრობდი. მოკლედ, ჩემი თავი არ მეცოდება ამ ყველაფრის გამო და მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი მშობლების დამსახურებაა. ამაში დღეს უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დედაჩემს ვუთხარი იმ დღეს, არ ვიცი დღეს რომ იგივეს გაკეთება მომიწიოს რაც შენ და მამა გააკეთეთ, როგორ შევძლებ მეთქი. მიუხედავ იმისა, რომ წარსულზე ხშირად და ბევრს ვფიქრობ, მეგონა, რომ ომი იმდენად შორს არის, რომ ის არასოდეს, აღარასოდეს განმეორდება. მითუმეტეს დღეს, 21 საუკუნეში, როდესაც მილიარდები იფანტება იმისთვის, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, მშვიდობისმყოფელები და მშვიდობის ელჩები, მშვიდობის მქადაგებელი სხვადასხვა ორგანოებისა და ორგანიზაციების ეგიდით დაფარფატებენ მთელს მსოფლიოში თეთრი მტრედებით ხელში... დღესაც, აი, სწორედ ახლა, ლიბია იბომბება....მოკლედ, არ მეგონა რომ ომი ჩემი რეალური ცხოვრების ნაწილიც გახდებოდა, მაგრამ როგორც ამ ომის ინიციატორმა იცის ხოლმე ნიშნის მოგებით თქმა: ნურას უკაცრავად...
არც პოლიტიკოსი ვარ, არც ისტორიკოსი, არ ნაციონალი და არც ლიბერალი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, დილას ვდგები ვსაუზმობ, როცა ამის დრო მაქვს, სამსახურში მივდივარ, მოვლენებს ვაკვირდები, ვკითხულობ და ვუყურებ. ხოდა ვუყურებ ტელევიზორს და აი რას ვხედავ: 2004 წლიდან 2008 წლამდე სატელევიზიო ეთერი მილიტარისტული სულისკვეთებით გაჯერებული სიმღერებით გამოიტენა, მუდმივად ვხედავდი რეზერვისტებს, პატრულის ბიძიებს და გულად ჯარისკაცებს, რომლებიც მზად იყვნენ ქვეყანა დაეცვათ მრტისაგან. მტერი რეალურად არსად ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვეძახდით მას, გამუდმებით ვაქეზებდით და თითს ვუქნევდით. იქნებ მე ვრთავდი ტელევიზორს არასწორ არხზე და სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო?! არ ვიცი... ფაქტია, რომ მილიტარისტული სიმღერის ბოლო კუპლეტი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწერა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისედაც ყველამ იცის, რა მოხდა, ჩემს განცდას რაც შეეხება, მაპატიეთ უხეშობა, მაგრამ ამ ხუთდღიანმა ომმა მე დედა მიტირა. არც მანამდე მქონდა ქვეყნის მდგრადი განვითარების იმედი, მაგრამ აგვისტოს მერე ყველაფერმა ფერი დაკარგა. თითქოს ისევ 30 წლით უკან დავბრუნდი იმ ბნელეთში, მაგრამ მაშინ გარემო სიტუაციის ადეკვატური იყო, დღეს კი მე ვგრძნობდი თავს ნაცრისფრად, ფერადი ფასადების ფონზე. შარდენის და ერეკელე მეორეს ქუჩებს არც მაშინ დატყობიათ და მითუმეტეს არც დღეს ეტყობათ ომის კვალი. ჩემი ქმარი ამბობს ხოლმე, მთელი ქვეყანა რომ წაგვართვას ვინმემ და მხოლოდ შარდენის ქუჩა დაგვიტივოს, მაინც მოვთავსდებით, ყველანი დავეტევით და კომფორტულად გავაგრძელებთ გულისამრევ სვეცკაობასო.
ომის კვალი წაშალეს ან შეღებეს, საგულდაგულოდ დამალეს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე ჩვენს სულს, გულს, ფიქრებს ეტყობა მხოლოდ, სხვაგან არასად მინახავს ამის შედეგი და დღეს ვნახე თაკოს ფილმში. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც ამას მე ვგრძნობ, სიცარიელე, უპერსპექტივო ყოფა და არა ცხოვრება, დინება რუტინა და ეს გულისგამაწვრილებელი სევდა...
ბედნიერი როგორ არ ვყოფილვარ, ყოველ დილას, როდესაც ჩემი შვილი „დილა მშვიდობისას“ მეუბნება - ბედნიერი ვარ, ყოველთვის როდესაც დედა მეხუტება, ან მეგობრებთან ერთად რაღაც უაზრობაზე ვიხევით სიცილით. ნამდვილად არის დღეები, ან მომენტები როდესაც ჩემი პირადი გარემო, რამდენიმე რადიუსში მაინც ვარდისფერია. ცხოვრება მარტო საკუთარ კვადრატში მოძრაობით რომ შემოიფარგლებოდეს, ალბათ ყველა ადამიანი შეძლებდა მისი კვადრატის სამყოფი ვარდისფერი საღებავის შოვნას, მაგრამ რა ვქნათ, რომ გარემო ჩვენს გარშემო კონკრეტულ კვადრატულ მეტრებს ბევრად აღემატება და ცდება?! პატარა რომ ვიყავი, მეგონა, ეს საამაყოა, საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში რომ ვიყავი დაბადებული. მეგონა, რომ მხოლოდ აქ არის ყველაზე მაღალი მთები, ყველაზე მწვანე ხეები, ყველაზე ლურჯი ზღვა და ყველაზე ღირსეული და ამაყი ხალხი. ან როგორ უნდა მგონებოდა სხვაგვარად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპიზოდი სწორედ ამაზე მოგვითხრობს. სკოლის მერე იმდენი წელი გავიდა... რაც უფრო მეტად ვშორდები ბავშვობას, მით უფრო ნაკლებად მჯერა საქართველოს ისტორიის მემატიანეების, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ იმ სიმძიმეს, რაც ამ ქვეყანაში დაბადებულების სათრევი ხვედრია.
ბოლო დროს საქართველოს ისტორიაზე დ მის ,,დიად წარსულზე“ საერთოდ აღარ საუბრობენ, და ჩვენი უძველესი სამშობლოს დაარსების თარიღს უახლესი ისტორიის ე.წ. ,,ვარდების რევოლუციას“ უკავშირებენ. არ მინდა ბევრი ვწერო იმაზე, რაზეც ისედაც წერენ და საუბრობენ, ეს თემები იმდენჯერ გადაიტკეპნა და ისე გაიცვითა, როგორც საქართველოს ,,დიადი“ წარსული. მხოლოდ იმას დავწერ, რომ თაკოს ფილმში არც ერთი ახალაშენებული სახლი თუ შენობა არ ჩანს, არც ახალი ბულვარი და პიაცას მოედანია გამომზეურებული, არც რესტორნული ცხოვრებაა ნაჩვენები, არც ქართული ზურნა-დუდუკი და ტაშ–ფანდური. არავინ იჩხირავს წამალს და არავის იჭერს პოლიცია, არც ქურდებს აგინებენ დედას და არც დიდძუძუებიან ბოზებს ჟიმავენ. მიუხედავდ იმისა, რომ ფილმი საკმაოდ ფერადია, კადრირების მხრივ და მოქმედება ძირითადად მზისგან გამთბარ და განათებულ დღეებში ვითარდება, მას თან სდევს ნაცრისფერი ფერი, რომელიც ფილმის გმირების თვალებიდან, საუბრიდან, მოქმედებედან ერთი სიტყვით ყველაფრიდან და ყველაფერში იგრძნობა. სევდა და სიმძიმე იმ ვითარებისა, იმ გარემოსი სადაც ჩვენ დავიბადეთ. თაკოს ფილმი გვერდიდან ნანახი რეპორტაჟების, თუ სხვა ფილმების, თუ უბრალოდ კამერით გადაღებული სცენებს შორის ერთადერთია, სადაც არ იტყუებიან, აქ ის არის ნაჩვენები რაც მართლა არის. ბევრი წლის მერე პირველად ვნახე ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა ისე როგორც მე ვგრძნობ. ტყუილი, ფარისევლობა, მოჩვენებითი კეთილდღეობა ყველგან და ყველაფერში - ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი.
მართლა დავიცალე ემოციისგან და თითქოს ბევრი უკვე განვლილი ტკივილი თავიდან განვიცადე, მაგრამ არის კიდევ ერთი....ჩემს წინ კინოში რამდენიმე 20 წლამდე ბიჭი იჯდა.. სწორედ იმ მომენტებზე იცინოდნენ, როდესაც მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რამდენჯერმე უაზრობაზე აჟიტირდნენ და მერე ისევ იცინეს. მათმა აბსოლუტურად არაადეკვატურმა რეაქციამ ჩემზე, ფილმზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იმოქმედა. ისინიც საქართველოში დაბადებულები არიან და დღეს ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ. არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, მათ შემყურეს გული მომიკვდა, გული მომიკვდა 9 აპრილზე, სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, უახლეს ომზე, ჩემ ქვეყანაზე მომიკვდა გული. არც ისე პატარები იყვნენ, არც ისე უაზროები უნდა ყოფილიყვნენ... მაგრამ რა აზრი აქვს ახლა მათი სიცილის მიზეზებზე წერას. ფასაულობები და ღირებულებები ისე გადაუგვარეს, ისე შეუნიღბეს, ისე ამოუქოლეს, რომ სხვას რას უნდა ველოდოთ ნეტა?!
თაკოს ფილმმა კიდევ ერთხელ ამატირა საქართველოზე. აუცილებლად მომინდა, დამეწერა ამის შესახებ და მეთქვა დიდი მადლობა სიმართლისათვის, არაფარისევლური და ფლიდი, არამედ გულწრფელი გრძნობისათვის, მადლობ, თაკო!
Friday, April 29, 2011
Saturday, April 9, 2011
,,შვაბრა’’ VS გლამურული ძროხა
სტატიის დაწყება P.S.-ით რომ შეიძლებოდეს, მას ასე დავიწყებდი: სანამ კითხვას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ არ გშიათ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გირჩევთ, სასუსნავი მოიმარაგოთ.
გუშინ ჩემი ერთ–ერთი მეგობრის სტატუსი წავიკითხე ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ (ეს ისე გამომივიდა, გადაცემებში კონკრეტული ტელე–არხის, თუ ბრენდის სახელს რომ არ ამბობენ, რეკლამაში ჩაგვეთვლებაო... ჩამეთვალოს) სოციალურ ქსელში: ,,ქალი რომ 00:30-ზე შემწვარ კარტოფილს და პურს შეჭამს, სასწორი უნდა ურტყა ყველა მხრიდან გაბრტყელებამდე“. ამ სტატუსს შესაშური აქტიურობით გამოეხმაურა ჩემი მეგობრის ,,ფრენდების“ დიდი უმრავლესობა. ფაქტიურად ქართულ–ევროპული სუფრა გაიშალა, ვის რა ჰქონდა ნაჭამ–ნასვამი და ვის რა. ვიფიქრე, მეც შევუერთდები საერთო წვეულებას და ჩემი ,,სუფრიდან“ ვაახლებ რაიმესთქო, მაგრამ მერე მაინც თავი შევიკავე საჯარო გამოსვლისგან. იმ დღეს არც მეტი და არც ნაკლები ერთი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური, ერთი ხაჭოს ფუნთუშა და ერთიც უცნაურ შიგთავსიანი ფუნთუშა გახდა ჩემი მსუნაგი ბუნების მსხვერპლი. აი ახლაც, თავი ანონიმური ალკოჰოლიკების თუ ნარკომანების კლუბის მსგავსი ჯგუფის წევრი მგონია: გამარჯობა, მე ლიკა ვარ და მე დღეს ფუნთუშა ვჭამე (ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელსაც მუდმივად საქმის კურსში ვამყოფებ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობის შესახებ, სრული და აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციით, სპეციალურად და ექსკლუზიურად არა ნანუკას შოუსთვის, არამედ ჩემთვის მოიგონა ეს გამოთქმა: ღმერთმა შეგარგოს, ისე, რომ არ გასუქდე). ღმერთმა შეგარგოთ თქვენც, პიცა პეპერონი, პასტა ყველის სოუზით, მექსიკურად შემწვარი კარტოფილი, მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, ვენური შნიცელიც და ჩინური გუმბაო, მაგრამ... როგორ გინდა ამ ყველაფრის გემრიელად შექცევის შემდეგ არ გასუქდე?! (არის რაღაც ვარიანტები, თუმცა არა ასპროცენტიანი ! утром кекс, вечером секс). უხსოვარი დროიდან აწუხებს ეს შეკითხვა კაცობრიობას, განსაკუთრებით კი მის იმ ნაწილს, რომელსაც ყველა შესაძლო საშუალებით მუდმივად შეახსენებენ, მკაცრი პარამეტრების 90/60/90 დაცვის შესახებ (გულის გაჩერებამდე მომიჭერია წელზე ხშირი მოხმარებისგან გაცვეთილი სანტიმეტრი, რომ სასურველ პარამეტრებთან მიახლოებითი პარამეტრებისათვის მაინც მიმეღწია). ,, мужчина не собака, на кости не бросается“–ო - ყველა ჩემს მიერ გუშინ შექცეული (ვერ მომინელებია!) ფუნთუშასავით ფუმფულა ქალბატონის საყვარელი გამონათქვამია, რომელზეც მამაჩემს მარტივი პასუხი აქვს : ,,я собака!“. მიდი და შეედავე, კაცი თავისი პირით აღიარებს ძაღლი ვარ და თანაც ძვლები მიყვარსო. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც მიყვარს ძვლები, უფრო კონკრეტულად კი ,,ვეშოლკას“, ან ,,შვაბრას“ რომ ეძახიან ისეთი ქალები. დიახ, მირჩევნია მითხრან – ,,ვაიმე, რა გამხდარი ხარ!“, ვიდრე – ,,დედაა, რა ლამაზი ხარ!“. თუ გამხდარი ვარ ე.ი. შემიძლია ლამაზად გამოვიყურებოდე. პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გარეშე შემიძლია თან, მაკიაჟი, ჩრდილი თვალზე, ზაგარი (მომიტევეთ და რუჯი) კანზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე და ფაქტიურად ეგ არის რა... ღმერთო, როგორ მომენატრა ქუსლიანი ფეხსაცმელები და წელში გამოყვანილი კაბა! (თუ ჩამეთვლება რეკლამაში ძალიანაც კარგი, ატელიე INFORMAL-ის 2011–2012 წლების შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ნახვის შემდეგ, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა).
მოკლედ, თუ აქამდე ვერ გაიგეთ რაზე ვწერ და ვისთვის, ყველაზე მეტად, მაპატიეთ ეს ეგოიზმი და ჩემთვის და მათთვის, ვინც გარკვეული ობიექტური და ამავე დროს სუბიექტური მიზეზების გამო, საყვარელი გარდერობის ნახევარზე მეტს ვეღარ იყენებს და ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლა მხოლოდ იმიტომ აშინებს, რომ საგულდაგულოდ შერჩეული ,,ჟაკეტიკებისა“ და პიჯაკების იძულებითი გახდის შემდეგ ზედმეტი კოლოგრამები ყველასათვის უფრო შესამჩნევი გახდება. აგრეთვე მათთვის, ვინც ზემოხსენებული ეტაპი ტანჯვა–წამებით უკვე გამოიარა და დღეს ნატურალური რძის მწარმოებელ ფაბრიკა–კომბინატად არის ქცეული და ნებისმიერ კონკურსში აჯობებს ბავარიული წარმოშობის ნებისმიერ გლამურულ ძროხას (იხ. ,,No Land for Young Man“ http://khvichiavakho.blogspot.com/2010/12/no-land-for-young-man.html).
სტატიის შუაშიც რომ შეიძლებოდეს P.S.-ის ჩამატება, დავწერდი, რომ გლამურულ და არაგლამურულ ძროხად, ბეჰემოტად და თუნდაც ტანსაცმლის კარადადაც ღირს იგრძნო საკუთარი თავი, ამ სრულიად არაჩვეულებრივი შეგრძნებისთვის. მაგრამ, რადგან შევთანხმდით, რომ სტატია სწორედაც რომ გლამურულ ძროხებს გვეძღვნება, სენტიმენტალური ჩანაწერებისგან თავს შევიკავებ, მითუმეტეს, რომ ასეთ შეგრძნებებზე წერა არასოდეს გამოდის გულწრფელი. ეს ის გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და ჩემი აზრით, არც უნდა ეცადო.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, გარკვეული გასტრონომიული პლიუსები ნამდვილად აქვს ჩვენს მდგომარეობას. თქვენი არ ვიცი და მრავალწლიანი შიმშილის შემდეგ წელს პირველად გავსინჯე ,,გუდვილის“ ხილის ტორტი, ,,ანტრეს“ საოცარი ფუნთუშები და ლორის ,,სენდვიჩი“, ლიტერატურულის ნამცხვრების ფეერვერკიც მოვიწყვე და ტაილანდური სამზარეულოს ექსპერტი თუ არა, კონსულტანტი მაინც გავხდი. წლების შემდეგ Marco Polo-ში ვეზიარე მივიწყებული ,,რობინ ჰუდისა“ და ,,მილანური კოტლეტის“ გემოს. არც ქართულ სამზარეულოს დავწყვიტე გული და ხაჭაპურის ვარიაციებზე შექმნილი არაერთი ცომეული დავაგემოვნე. Luca Polare–ს სამარხვო თუ არასამარხვო ნაყინებზე, მათ ფერთა და გემოთა გამაზე თამამად შემიძლია სამეცნიერო ნაშრომის დაწერა და მეტსაც გეტყვით, უახლოვეს დღეებში ვაპირებ ვეწვიო BUFFET-ს და პასტას ყველაზე დიდი პორცია შევუკვეთო (ხომ წარმოგიდგენიათ, რა გამწარებული ვყოფილვარ მთელი ის წლები, ხის ფირფიტა ხლებცებს რომ ვაკნატუნებდი, უმი სტაფილოსა და კომბოსტოს დესერტად).
ჩემი მეგობრის გულწრფელი სურვილის მიუხედავად – ღმერთმა შეგარგოს, ისე, რომ არ გასუქდე, არც ერთ ლუკმას, უფრო სწორად კი კალორიას ჩაუვლია უკვალოდ, თითოეულმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა......კვალი კი დატოვა მაგრამ, არა წარუშლელი, იმედი მაქვს. ზემოხსენებული კვალი, როგორც შეიარაღებული, ისე შეუიარაღებელი თვალისათვის იმდენად შესამჩნევია, რომ ყველაზე, ყველაზე კეთილის მსრუველნიც კი ვერ მალავენ გაოცებას. ჩემი მკერავი, რომელიც კახური პირდაპირობით გამოირჩევა, ,,პრიმერკისას“ გულწრფელად გამომიტყდა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შენს უკანა ნაწილის ასეთი ზომის მიღების უნარი ჰქონდაო. აი, ესეც მე ვარ?! ამ აღიარების მთელი სიმძიმის მიუხედავად (ხომ წარმოგიდგენიათ, მას მერე რამდენი ხანი აღარ გამჩენია ახალი ტანსაცმლის არამც თუ შეკერვის, არამედ ყიდვის სურვილიც კი), იყო მასში რაღაც უაღრესად დადებითი, რაც ჩემი წარსულის სიდიადეს უსვამდა ხაზს. დიახ, იყო დრო, როდესაც მე (და ჩემი უკანალი) მედიკო მკერავის თვალში ,,შვაბრა“ ვიყავი!
გასტრონომიული პლიუსებისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა და უდიდესი მადლიერების მიუხედავად, გადავდივარ სტატიის შემდეგ ბლოკზე, რომელიც, როგორც თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა სავსებით ლოგიკურად ვარაუდობს, ეძღვნება ,,შვაბრებს“. მას შემდეგ რაც ჩემი პარამეტრები 90/60/90–ს დღითიდღე სულ უფრო და უფრო შორდება და წელში გამოყვანილი კაბაც ისევ ჩემი ბუნდოვანი მომავალის ოცნებად რჩება, სხვა რაღა დამრჩენია, თუ არა ძველი ალბომების დათვალიერება... თუ უცებ წარმოიდგინეთ, რომ შავ-თეთრი ფოტოებისგან აწყობილი ბაბთიანი საგვარეულო ალბომი მიპყრია ხელთ, ცდებით. ალბომიც, ისევე როგორც ამ სატატიის შთაგონების წყარო – ჩემი მეგობრის ზემოხსენებული სტატუსი, facebook-ის და შესაბამისად (ნაწილობრივ მაინც) მარკ ცუკენბერგის საკუთრებაა. ხან რომელ ალბომში აღმოვაჩენ საკუთარ თავს და ხან რომელში. განსაკუთრებით მიყვრას ის ფოტოები, რომლებშიც ყველაზე უფრო მეტად ვგავარ ,,შვაბრას“, ერთ–ერთ ფოტოზე კალორიების აღმრიცხველი ჩემი მეგობრის კომენტარია. კომენტარების ტოპ–ათეულს რომ ვადგენდე, მას პირველ საპატიო ადგილს მივანიჭებდი: ,,lika simindis taros gevxar:))))))))))))))))dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan gamxdari xaaaaaaaaaaaaaaaar:))))))))))))))))))))))))“ (იხ. ალბომი ,,zamtris week-endebi“ ფოტო N113). სიმინდის ტარო არ არის ცუდი, თან ეროვნულია - ქართული. სიმინდის ტარომდე, ისევე როგორც ,,შვაბრამდე“ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი მიკლია და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, უახლოესი რამდენიმე თვე (წელითქო განზრახ არ დავწერე, გამოუსწორებელი ოპტიმისტის როლს ვთამაშობ ვითომ) მომიწევს გლამურულ ძროხად დარჩენა. ფსიქოლოგიური თერაპიის და თვითშთაგონების არ მჯერა, რამდენიც არ უნდა ვუმტკიცო საკუთარ თავს: Я самая обаятельная и привлекательная, все мужчины без ума от меня–თქო (ეს უკანასკნელი შეიძლება თამამად გამოვტოვოთ გასაგები მიზეზების გამო), ფაქტი ფაქტად რჩება, რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედო საკუთარ თავს, ძნელია მიხვდე Вини пух-ს უფრო ვგავარ თუ მის გაზიან ბუშტს (Я тучка, тучка, тучка, Я вовсе не Медведь....)
რა შეიძლება იყოს, ამ სტატიის დასკვნითი ნაწილი, როგორ გგონიათ? ფიქრობთ, რომ ნოყიერი პიცის ნაჭერი და ტირამისუ მირჩევნია, ჩემს 36 ზომა ტანსაცმელს??? რადგან თავად ავირჩიე ეს გზა და ,,შვაბრასა“ და გლამურულ ძროხას შორის გამარჯვებული უნდა გამოვავლინო, ვაღიარებ, ძალიან მომენატრება ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური და ,,New York Cheesecake“, მაგრამ წელში გამოყვანილი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელები (ქუსლიან ფეხსაცმელს ასე გამწარებით იმიტომ მივტირი, რომ ძალიან სასაცილოდ და საცოდავად მეჩვენება ძროხა ქსულებზე, ამიტომ დროებით მათზე სასტიკი უარი ვთქვი) კიდევ უფრო მეტად მენატრება. გლამურულია თუ არა, ძროხა მაინც ძროხაა და მას ისევ სიმინდის ტარო მირჩევნია. ამიტომ, შეიძლება თქვენთვის ბანალურად, ჩემთვის მაინც ,,შვაბრაზე“ გავაკეთებ არჩევანს და ძალიან, ძალიან ვიმედოვნებ, რომ 2012 წლის გაზაფხულის რომელიმე მზიან დღეს მაინც მივალ სამსახურში (სხვათაშორის სამსახური სულ ახლახანს გამოვიცვალე, წარმოიდგინეთ ვმუშაობ ხალხთან ერთად, რომლებმაც როგორც გლამურული ძროხა ისე გამიცნეს და არა როგორც ,,შვაბრა“, რამხელა სტრესია!!!!) იძულებით მოცმული ,,ჟაკეტიკისა“ და ჩაფართხუნებული ,,იუბკის“ გარეშე.
P.S. თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ მაინც არ გადაგიწყვეტიათ დიეტაზე გადასვლა ან გადმოსვლა, ხვალ შაბათია, წამოდით, ერთად ვისადილოთ...
P.S.-ის P.S. სტატიაში გამოყენებულ არც ერთ კომპანიას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, არ მოუმართავს ჩემთვის რეკლამისთვის. მათი რეკლამა ატარებს მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს და შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრას არ დაექვემდებარება.
Friday, March 25, 2011
ქოქო და მიშა
ბებიაჩემი ქოქო 87 წლის არის. ის ყველაზე რომანტიული და სათუთი სულის მქონე ადამიანია, ვისაც ვიცნობ. მიუხედავად ასაკისა, დღემდე მთელ თავისუფალ დროს (დამსახურებული პენსიისა და ისევ და ისევ ზემოხსენებული ასაკის გამო ბოლო დროს მართლაც ბევრი აქვს) წიგნების კითხვაში ატარებს. უყვარს რომანები, არ ბეზრდება მათი მეორედ, მესამედ და მეათედ გადაკითხვა. მანამ სანამ ჩემს გულსა და გონებას ერთადერთ მამაკაცს დავუკავშირებდი, ბევრი გატაცება მქონდა, გატაცებული და აღტაცებული, რომანტიული და ზოგჯერ სასოწარკვეთილიც, ყოველთვის ქოქოს ვუზიარებდი გულის ნადებს. დღემდე ნებისმიერ რომანტიკანარევ ისტორიას გრძნობით უსმენს და ყოველთვის ტირის...ტირის, ფილმების სასიყვარულო სცენებზე, რომანის ეპიზოდებზე...მისი მეუღლე, ჩემი ბაბუა მიშა (წესით-მიხეილი, მაგრამ მისთვის ამ სახელით არასოდეს მიმიმართავს, ამიტომაც მეხამუშება რაღაც) ყველაზე სიმპათიური კაცი იყო, იმ სიმპათიურ მამაკაცებს შორის, წითელ ხალიჩაზე ოსკარებით ხელში რომ დარბიან. ის 1999 წელს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბერებულა, ყოველთვის ენერგიული, საქმიანი, ძალიან სამართლიანი და ამასთან, ძალიან არარომანტიული კაცი იყო. არ უყვარდა თბილად და ტკბილად მოფერება, არც ტკბილი სიტყვა უყვარდა მაინცდამაინც, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მაინც ხშირად ვახერხებდი მის კალთაში აღმოჩენას და სწორედ მაშინ ვგრძნობდი, რომ ვითომ უხეში და ბრაზიანი გარეგნული იერის შიგნით, ის არაჩვულებრივად თბილი და მოსიყვარელე ადამიანი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო.
რომანტიული ქოქო და ამაყი, მკაცრი მიშა ერთად როგორ შეიყარნენ, ძალიან საინტერესო ისტორიაა. სამამულო ომის შემდეგ მოსკოვში სამუშაოდ წასულ ქირურგ მიხეილს ქოქო 4 წელი ელოდა. ამ ხნის მანძილზე მიხეილის მიერ გაყვითლებულ ფურცლებზე დაწერილი არაერთი წერილი გამხდარა ქოქოს ულამაზესი ნაცრისფერი თვალების აცრემლების მიზეზი. «Целую тебя так, чтоб костачки хрустели...“, წერდა ერთი შეხედვით არაარომანტიული და უხეში მიშა, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე საოცნებო და არაჩვეულებრივი, კაცი იყო ამ სიტყვის სრული გაგებით. მისი რომანტიზმის პიკი ქოქოსთვის, ძველ გაზეთში გახვეული საჩუქარი გახლდათ. დღემდე სევდანარევი სიცილით იხსენებს გაოცებას, როდესაც ძველი, დაკუჭული გაზეთების ხვეულიდან არაჩვეულებრივი სუნამო აღმოაჩინა. მათი ცხოვრება ყველაზე ნაკლებად იყო რომანტიზმით სავსე, პირიქით, სულ მიკვირდა, ქოქოსნაერ მეოცნებე ქალს, რა ჰქონდა საერთო ბაბუსთან, რომელიც მას ჩემი თანდასწრებით არასოდეს ჩახუტებია, მისთვის არასოდეს უკოცნია....
ბაბუს თავისი სასიყვარულო ისტორიები, რა თქმა უნდა, არასოდეს მოუყოლია ჩემთვის. არა და მისი გარეგნობის მამაკაცი სასიყვარულო გატაცებებისა და თავგადასავლების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიდა, უბრალოდ არაღირსეულად მიაჩნდა ჩემთან, თავის პირველ შვილიშვილთან ამ თემებზე საუბარი. სამაგიეროდ მიყვებოდა სოფელში გატარებულ ბავშვობაზე, ბავშვურ მაიმუნობებზე, როგორ ჩაუყარა თავის ბიძაშვილს კირი ფერუმარილის ყუთში, იხსენებდა სტუდენტობას, რომელიც მოსკოვში გაატარა სამედიცო ფაკულტეტზე. მიყვებოდა ომის წლებზე.... მახსოვს ბაბუს რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მშობლებს გერმანულ სკოლაში შევყავდი. მაშინ ეს ფაქტი პირად შეურაცხყოფად მიიღო, იმდენი სიმწარე და უბედურება ჰქონდა ნანახი ფაშისტურ გერმანიაში, რომ მისი თანამედროვე დემოკრატიის არ სჯეროდა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან ` в мельчайших подробностях~ ვიცი ქოქოს სასიყვარულო ისტორიები, მისი პირველი სიყვარული კოლია...დამავიწყდა მეთქვა, რომ ქოქო და მიშა სოხუმში ცხოვრობდენ, ყველაზე ლამაზ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც არც ნიცას ჰგავდა და არც კანს. ეს იყო სოხუმი – ქალაქი მარადმწვანე პალმებითა და ვარდისფერ–თეთრი ლილიების სურნელით...სამწუხაროა, რომ დღეს სოხუმი ძალიან მახინჯ სიტყვა `ლტოლვილთან~ ასოცირდება, არა და ეს სწორედ ის ქალაქია, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება დღეს ასე პოპულარული სიტყვა `სვეცკი~. დიახ, (მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა გაოცებულს გაეცინა) სოხუმი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს არც ევროკავშირში და არც ევროტურში არავინ ეპატიჟებოდა, ძალიან ევროპული ქალაქი იყო, ევროპისათვის დამახასიათებელი მომღიმარე და თბილი მოსახლეობით, პატარ ლამაზი ქუჩებითა და ღია კაფეებით. სოხუმის ე.წ. `სვეცკი~ – ნაღები საზოგადოების წევრები იყვნენ ქოქო და მიშა. ამ არაჩვეულებრივ ქალაქში მუდამ მოიძებნებოდა დროს ტარების მიზეზი, თითქოს საიდანღაც სულ ისმოდა გულწრფელი და ლაღი სიცილის ხმა... ძალიან ხშირად ქოქო და მიშა სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ე.წ. `სვეცკ~ ღონისძიებებზე ხვდებოდნენ. მიშა თავის ბიჭებთან ერთად ერთობოდა, ქოქო კი თავის გოგოებთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ვითომ აზიატი მიშა, თავის სუფრიდან ცოლის სუფრას შამპანურებს უგზავნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკა ნამდვილად აკლდა ქოქოს რომანტიულ და ნაზ ბუნებას, ის მიშას ერთგული და ღირსეული ცოლი იყო მთელი ცხოვრება. ცხოვრება არარომანტიული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჰქონდა, ხშირად მოგზაურობდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხშირად სტუმრობდნენ მასაც პროფესორი მეუღლის პროფესორ მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ ქოქოსთვის დამახასიათებელი სითბოთი და სიგემრიელით უმასპინძლდებოდა. იცნობდა ძალიან საინტერესო და ღირსეულ ადამიანებს. ჰყავდა ბევრი კარგი მეგობარი. მახსოვს, როგორ აღვფრთოვანდი როდესაც გავიგე, რომ ქოქო ელენე ახვლედინაის სახლში მოწყობილ საღაამოებს ესწრებოდა თურმე თბილისში....
ქოქოს და მიშას მართლაც ძალიან ცოტა ჰქონდათ ერთი შეხედვით საერთო, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ერთად იყვნენ. ერთად იყვნენ, მაშინაც, როდესაც სექტემბრისათვის უჩვეულოდ ცივ დღეებში სოხუმი სოხუმელებისგან ნელ–ნელა დაიცალა. კარგად მახსოვს ის დღეები, სექტემბრის წვიმიანი საათები. ასეთი ერთსულოვანი ქოქო და ბაბუ არასოდეს მინახავს. მედიცინის სხვადასხვა დარგში წლების მანძილზე ერთგულად მოღვაწეებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ, რომ ვინმე მათ პატივსა და ღირსებას, მითუმეტეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეეხებოდა. ეს ის წელია, როდესაც მთელი აფხაზეთი, მთელი თავისი მზიური სითბოთი ლტოლვილთა უწყვეტ ნაკადად იქცა აფხაზეთის სვანეთის გზაზე. ამ გზას ქოქო და ბაბუ არ გამოყოლიან, ისინი დაიკარგნენ, გაუჩინარდნენ....
დაახლოებით სამი თვე არაფერი ვიცოდით მათ შესახებ, ბაბუს ლურჯი ფერის ვოლგა არავის არსად დაუნახავს. . . სამი თვე, რომელიც ჩვენთვის სამ წელზე, ან სამ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ ამბავს კეთილი დასასრული აქვს, ქოქო და ბაბუ დეკემბრის ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ. მზიანი სოხუმიდან ნაცრისფერ თბილისში...
რომანტიული ყოფა არც 90–იანი წლების საქართველოში ჰქონდათ, ალბათ იმაზე მეტს ჩხუბობდნენ და კამათობდნენ ვიდრე სოხუმში. მერე ბაბუ ავად გახდა. მახსოვს ის დღე, როდესაც ყველასთვის გასაკვირად, ქოქოს დაუძახა და უთხრა: შენ ისეთი რბილი და ემოციური ადამიანი ხარ, თუ კაცი მოინდომებს აუცილებლად დაგჩაგრავს, არასოდეს არავის მისცე უფლება, დაგიყვიროს, ამის უფლება მხოლოდ მე მქონდა....
ასეთი ისტორია აქვთ ჩემს ბაბუს და ქოქოს, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ, მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივ ადამიანს. საოცრად გაცვეთილი ისტერიული პათოსი `ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს~ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სიმძაფრით აქტიურდება და მერე ისევ კვდება. დღეს ამაზე ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ, ვიდრე ოდესმე. შეიძლება სწორედ ამიტომ მომინდა დამეწერა ქალაქზე, სადაც ქოქო და ბაბუ ცხოვრობდნენ და სადაც მე ვერასოდეს დავბრუნდები. . .
Sunday, March 13, 2011
ბერმუდის სამკუთხედი
სკოლაში იმ წლებში ვსწავლობდი, როდესაც განათლების რეფორმა პერსპექტივაშიც კი არ იყო და შესაბამისად, „აი, ია“ - „აი, თითი“ ჩემი მეგობარი ბუკის დახმარების გარეშე შევისწავლე. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ რიცხვს მანდატურები არ განეკუთვნებოდნენ, არც მე და არც ერთი ჩემი სკოლელი და კლასელი არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სკოლაში კარგად, შეიძლება ითქვას ძალიან კარგად ვსწავლობდი, ქართულიდან დაწყებული, ქიმიით დამთავრებული (ქიმიაზე ცოტა გადავამეტე, მაგრამ ქიმიის მასწავლებელს ისე ვუყვარდი,რომ....), როგორც იტყვიან „круглая отличница“ ვიყავი (როგორც იტყოდნენ, საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ რუსულ ენას საქართველოში ლათინური ენის ბედის გაზიარებას უპირებენო). ეროვნული კომფორტი რომ არავის დავურღვიო ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელიც სავარაუდოდ ასე უნდა ჟღერდეს: „მრგვალი ფრიადოსანი“. განსაკუთრებით მიყვარდა რუსული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. ხომ გესმით ჩემი, რაღაცას რომ კითხულობ და სწავლობ არა იმიტომ, რომ ხვალ გაკვეთილზე მოყვე, არამედ იმიტომ, რომ ძალიან გაინტერესებს და უბრალოდ ვერ წყდები. რუსული ლიტერატურის საყვარელი გმირები დღესაც კარგად მახსოვს, მაგრამ აი, საქართველოს ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი პერიოდი, ეპიზოდი, თარიღი ისე ამომიფრინდა თავიდან, რომ გეგონება არც კი წამეკითხოს არასდროს. ვახო ამბობს, ეს იმის ბრალია, რომ სკოლის შემდეგ არ მქონია შეხება და ამის გამო ე.წ. პასიურ ცოდნაში გადავიდა, როგორც კი დაინტერესდები, ეგრევე ამოგიტივტივდებაო. თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, მეფე ლუარსაბი, თურქ-სელჩუკები და გარისის ბრძოლა, წარმოიდგინეთ სცენა, როგორ ტივტივებენ ისინი ჩემი მეხსიერების ფსკერზე.
თემიდან ძალიან შორს რომ არ წავიდე, ბარემ გეტყვით რაზე ვწერ, მოკლედ იმის და მიუხედავად, რომ როგორც შევთანხმდით სკოლაშიც და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში, (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელს მხოლოს ასო ბგერა „ივ“-თი რატომ მოიხსენიებენ ხომ არ იცით?!) „მრგვალი ფრიადოსანი“ ვიყავი, სკოლაში და უნივერსიტეტში ნასწავლი და გააზრებული ბევრი ისეთი ელემენტარული რამ აღარ მახსოვს, რომ ძალიან მიკვირს. გარდა ამისა, არის ბევრი სფერო, რომელშიც არც არასოდეს ვიცოდი ბევრი, არის ბევრი წიგნი, ე.წ. საკითხავად სავალდებულო ლიტერატურიდან, რომელიც არ წამიკითხავს, არის ბევრი თემა, რომელზეც მხოლოდ მოკრძალებულად თუ შემიძლია ორიოდე სიტყვის თქმა. მოკლედ, ალბათ ვიღაცის თვალშიც მე არასაკმარისი ინტექლექტით თუ ცოდნით გამოვირჩევი, ისევე როგორც ის სხვები ჩემს თვალში რომ არიან, უფრო ზუსტად, რომ უნდა იყვნენ „დაუნები“. სწორედ აქედან უნდა დამეწყო, დიახ, იმ „დაუნებიდან“, პეტრე მელიქიშვილი დიზაინერი რომ ჰგონიათ, შოთა რუსთაველი საქართველოს მეფე და ობსერვატორია კონსერვატორიის ნაწილი. გულახდილად რომ გითხრათ, მე სულაც არ გამეხარდა, ყველა ამ შეკითხვაზე, გაგიკვირდებათ და სწორი პასუხი ვიცოდი. ნუთუ ეს რამეს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩემს ადამიანობას, პატიოსნებას, წესიერებას, თუნდაც ინტელექტის დონეს?. როგორი იქნებოდა ჩემი პასუხები ვინმეს ფიზიკიდან ან ქიმიიდან ან მაკრო ეკონომიკიდან რომ დაესვა ათი უმარტივესი კითხვა? არ მინდა იმის თქმა, რომ ეს კარგია, თუ ვინმეს შოთა რუსთაველი საქართველოს მეფე ჰგონია (დამსახურება კი შოთა რუსთავლეს ნამდვილად ბევრ მეფეზე თუ არა ბევრ პრეზიდენტზე ნამდვილად მეტი აქვს საქართველოს წინაშე) და იაპონია-საქართველოს ომზეც შეუძლია ორიოდეს სიტყვის თქმა, არა ეს კარგი, ნამდვილად არ არის, ეს ცუდია (თანამედროვე ტერმინოლოგიას თუ დავესესხები - ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ცუდია). ეს არის ერის ინტელექტუალურ-გონებრივი დეგრადაცია, იმ ერის უკანასკნელი ოცი წელი სოციალური სიდუხჭირისა და პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ რომ ვერაფერს გახდა (თუმცა, ბევრიც არაფერი უცდია, ალბათ ისევ ინტელექტუალური დეგრადაციის გამო). თავს დატეხილი ყველა უბედურება, სოციალურ პრობლემას რომ არ დავაბრალო, გავაგრძელებ.
მე არ ვეკუთვნი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური პრინციპებისა და მოსაზრებების გამო არ უყურებს ტელევიზორს. მე ტელევიზორის აქტიური მაყურებელი ვარ, მაინტერესებს, რა ხდება, მაინტერესებს, როგორ ხდება და მაინტერესებს მომხდარი რა ფორმით მოაქვთ ჩემამდე. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება დღევანდელი ქართული ტელევიზია (და ისიც ვიცი, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ტელევიზიას საზოგადოების ფართო წრეებზე, საქართველოს უახლესი ისტორია, ე.წ. ვარდების რევოლუცია ამის საუკეთესო მაგალითია) და სწორედ ამიტომ ვწერ დღეს ამ თემაზე. სტატიის თემა ის ე.წ. „სპეციალური რეპორტაჟია“, რომელიც ზემოხსენებულ „დაუნებს“ ეძღვნება, უფრო ზუსტად კი დაუნებს ამხელს. მე მაქვს შეკითხვა: რას ეძღვნება ქართული ტელეარხების გადაცემების 99 პროცენტი? მაინტერესებს, ვინ აპიარებს ბიჭოლას (ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ არხზე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების კულტურის ბლოკში გასული ნახევარსაათიანი რეპორტაჟი. ამ ადამიანის შესახებ არც არავინ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდა, რომ არა ჟურნალისტების ძალისხმევა, მისი სექსუალური ორიენტაცია, იმიჯი, საყვარლად გადმოგდებული სექსუალური ღიპი იმდენჯერ მოხვდა ქართული ტელეარხების ჟურნალისტების ობიეტივში და შესაბამისად, ჩემს ტელევიზორში, რომ დიახ, ნამდვილად, მეც ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ბიჭოლა, ისიც ვიცი, რომ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი იაფიანი ქსოვილებით ქმნის შედევრებს და შემდეგ კატასტროფულ ფასად ყიდის ქართული ბომონდის კორიფეებზე, ვიცი და საიდან ვიცი??? მე ტელევიზორს ვუყურებ), ვინ გვთავაზობს ოცწუთიან რეპორტაჟებს იმის შესახებ, თუ როგორ სვამს ფორთოხლის ფრეშს ნინა წკრიალაშვილი და რამდენ ევროდ ყიდულობს ნინო ჩხეიძე შანელის ჩანთას პარიზში. მესმის, რომ შეიძლება ეს თემებიც ვინმეს აინტერესებს, არაფერი მაქვს არც ამ პიროვნებების საწინააღმდეგო, მაგრამ რა დოზით?! თქვენ თუ არ იცით მე გეტყვით, ერთი და იგივე სახეები, ყველა გადაცემაში, უკლებლივ ყველა არხზე და ათასჯერ დასმული ერთი და იგივე შეკითხვები თმის ფერზე, სილიკონის ძუძუებზე, ლეოპარდის ელასტიკებზე, გატეხილ და გამთელებულ გულებზე, ფულიან საყვარლებზე, ბერმუდის სამკუთხედზე....საინტერესო იქნებოდა შეკითხვა ბერმუდის სამკუთხედზე, მაგრამ ის არავის არასოდეს დაუსვამს, არაკომერციულია და შესაბამისად კარგად შეფუთულს, სარფიანად რომ ვერ გაყიდი, ალბათ ამის გამო. არც ერთ ქართულ არხზე არც ერთი შემეცნებითი გადაცემა არ გადის (ან შეიძლება იმდენად არარეიტინგულ დროს გადის და ისე ჩუმად, რომ არ ვიცი მათ შესახებ), სამაგიეროდ დღის პირველი ნახევარი უხვად არის დატვირთული იაფფასიანი უინტელექტო სერიალებით. შემეცნებითი გადაცემის როლს, გარკვეულ წილად, თავის თავზე საინფორმაციო გადაცემები იღებენ (მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც). ისინი მოგვითხრობენ, ქართულ, ამერიკულ და ევროპულ სინამდვილეზე, იშვიათად, მაგრამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ აზიაზეც. საინტერესო აქაც ინფორმაციის მოწოდების ფორმა და დოზაა. მაგალითად, ბოლო სამი დღე ამერიკელი ბიზნესმენი ბატონი დონალდ ტრამპი იმდენჯერ მომესალმა ტელეეკრანიდან და მის შეხვედრას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტთან ისეთი დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, ფაქტიურად დავიჯერე, რომ ის ამერიკის პრეზიდენტი თუ არა საგარეო საქმეტა მინისტრი მაინც არის.
და ისევ ვუბრუნდები და ამჯერად ვასრულებ თემას.
დილიდან ჩემი მეგობრების უმრავლესობა ერთი და იგივე ვიდეოს „აშეარებს“ და თან ინდივიდუალურ კომენტარსაც ურთავს: „სირცხვილია?!“, „კოშმარია!“ და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ სირცხვილია, მაგრამ დაფიქრდით ჩვენი საუკუნე ინფორმაციული ოკეანეა, რომელშიც სულ უფრო და უფრო რთული ხდება ცნება „განათლებული ადამიანი“-ს განსაზღვრა. დაფიქრდით, სანამ `
„დაუნებს“ დაცინებთ დაცინვა ყველაზე დაბალი და იუნტელექტო საქციელია. ნაკითხი და მცოდნე ადამიანი, ის ვინც არც ინტელექტის დეფიციტს განიცდის და მუდმივად ახლის ძიებასა და შეცნობაშია, არასოდეს ჩავარდება თვითკმაყოპილებაში სხვისი უმეცრებისა და გაუნათლებლობის შემხედვარე. იმ ზემოხსნებული რეპორტაჟის გასვლით, საზოგადოების გარკვეულმა წრემ, ჟურნალისტების ჩათვლით, თვითდამკვიდრების კომპლექსი და კიდევ სხვა ათასი დაიკმაყოფილა. როგორც სატელევიზიო პიარის კიდევ ერთი პირმშო ე.წ. „კოხორა“ იტყოდა: ეს არის ჩემი კომენტარი ტელეკომპანია „იმედი“-ს არხზე 2011 წლის 12 ივლისს გასულ `სპეციალურ რეპორტაჟზე~.
Saturday, January 22, 2011
რა (ჯანდაბა) სურთ კაცებს?!
2011 წელი მსოფლიოს ეკონომიკის კორიფეებმა დიდი ინფლაციის წლად დაასახელეს. მარტივად რომ გითხრათ, ინფლაცია ფულის გაუფასურებას ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ფასების ზრდასთან და შესაბამისად, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მატერიალური კეთილდღეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რბილად რომ ვთქვათ, გაუარესებასთან. ფასების ზრდა გამოიწვევს გარკვეული სახეობის პროდუქციის დეფიციტს... აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდე. თუ იფიქრეთ, რომ 2011 წლის ეკონომიკური ანალიზის შესახებ ვწერ და ინფლაციის დაძლევისა და ფასების ზრდის შეჩერების პროგრამის მონახაზს ვაკეთებ, ძალიან ცდებით. არც განათლება მაქვს საამისოდ საკმარისი, არც გამოცდილება და არც ასე ძვირად ღირებული ნერვები. სიტყვა „დეფიციტი“ უბრალოდ არ მიხსენებია. ამ რამდენიმე თვის წინ ვწერდი ე.წ. „მამაკაცების დეფიციტზე“ და მათზე ძებნა გამოვაცხადე. როგორც მოსალოდნელი იყო (ან შეიძლება არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი მკაცრი და ჯიუტია), არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ გამომომეხმაურა და როგორც სავსებით მოსალოდნელი იყო, იაქტიურეს ქალებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მწერდა: „თუ იპოვი ვინმეს ასეთს, ჩემსკენ გამოუშვიო“. ვერავინ ვერავისთან გავუშვი, სამწუხაროდ. ნეტა მართლა შემეძლოს მამაკაცების ერთი კარგი პარტიის გამოშვება, დაფასოებულები ფერებისა და ზომების მიხედვით (всех размеров и цветов), ჩაპროგრამებული ხასიათით, კრისტალური რეპუტაციითა და მთლად რობოტივით მოსაწყენები რომ არ იყვნენ, რამდენიმე ადვილად დასაძლევი მანკიერი თვისებით. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების პიკში შეიძლება მართლაც არის, მაგრამ ასე შორსაც არ წასულა ეს ყველაფერი, მამაკაცების ზემოხსენებული პარტიის გამოშვება რომ ხელეწიფებოდეს ვინმეს.
2011 წელს მოსალოდნელმა ინფლაციამ თავისდაუნებურად კაცების დეფიციტი გამახსენა. ფასების ზრდა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მათზეც თუ გავრცელდა „не видать мне больше розового платья, подружки невесты“ (როგორც გაირკვა ამდენს იმიტომ ვირჯები, რომ უბრალოდ მეჯვარეობა მომენატრა, თორემ ჩემი დაუქორწინებელი და ამასთან დასაქორწინებელი მეგობრების ბედი სულაც არ მაწუხებს). როგორც ამბობენ - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და ამიტომ „მამაკაცების დეფიციტის“ თემას თავს დავანებებ. ახლა იმაზე მინდა დავწერო, უფრო სწორად კი ის გავარკვიო რა (ჯანდაბა) სურთ მამაკაცებს?
თავიდანვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ქალების იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, რომელიც დამაჯერებლად იჩემებს, (და არა მხოლოდ იჩემებს, ნივთიერი მტკიცებულების სახით სიგელებს, მოწმობებს და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებით დამთავრების დიპლომებსაც კი ფლობს, აბაა, კი არიან ასეთებიც) რომ ექსპერტია „კაცების“ დარგში. ნამდვილად არ ვარ არც ექსპერტი, არც სპეციალისტი და შეიძლება ითქვას, რომ უბრალო კონსულტანტადაც (ახლა რომ გაყიდვების მენეჯერი ქვია) კი არ გამოვდგები. ძალიან ბანალურად, იმ მამაკაცს გავყევი თავის დროზე ცოლად, რომელთანაც ყველაზე ხანგრძლივად „ვიარე“. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა სურთ მამაკაცებს, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე სურს, მართლა დაპროგრამებულები ხომ არ არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.
Вокруг да около ბევრი არ მივლია ისე, პირდაპირ ჩემს ერთ მეგობარს მივადექი ამ კითხვით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი არც ერთი სიტყვა რომ არ დაკარგულიყო, ჩემმა ქმარმა (მას რა სურდა, ქვემოთ მოგიყვებით) სამოყვარულო კამერა მოიმარჯვა და ჩვენი დიალოგი ფირზე აღბეჭდა. ჩემი მეგობარი მალე 31 წლის შეიქმნება, დახვეწილი მუსიკალური და არა მხოლოდ მუსიკალური გემოვნება აქვს, ჯაკო პასტორიუსის ფანია და ნიუ-იორკზე ოცნებობს. მას მერე რაც გავიცანი, ერთი სურვილი მაქვს, მის გვერდზე (არ არის აუცილებელი გვერდით ედგას, კალთაში თუ ჩაუჯდება კიდევ უკეთესი) ქალი ვნახო, გინდათ შეყვარებული დაარქვით, გინდათ საყვარელი, გინდათ „გიოლფრენდი“. მთავარი ჩემთვის ის არის, რომ მას ერთ ღამეზე ცოტა უფრო დიდი ხანი რომ გრძელდება, ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან - ვინმე ქალთან. მოკლედ, ჩემი სურვილი წლებია სურვილად რჩება და ნიუ-იორკის ცათამბჯენებზე მეოცნებე ჩემი მეგობარი (დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან სიმპათიურია, მაღალი, ახოვანი და შავგვრემანი) მარტო დაბორიალობს თბილისის ქუჩებში. დიალოგზე ადვილად დავითანხმე და პირდაპირ ვკითხე: რა (ჯანდაბა) გინდა? პასუხის გაცემა სულაც არ გაჭირვებია. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იცის რაც უნდა. ვეცდები მოკლედ ჩამოგიყალიბოთ მისი სურვილი. როგორც ჭეშმარიტი ქართველი, უფრო კონკრეტულად კი ქართველი ხელოვანი (ხელოვნების რომელ დარგს ემსახურება განგებ არ დავწერ, მაშინ ადვილად მიხვდებით მის ვინაობას, მე კი კლიენტის ანონიმურობას უნდა გავუფრთხილდე) ის ძალიან ზარმაცია, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ ნიჭიერი. ალბათ სწორედ მის სიზარმაცეს უნდა დავაბრალოთ, რომ მისი აზრით, ურთიერთობა სასურველია დაიწყოს ქალმა. ზოგადად აქტიური ქალი, ქალის ის ტიპია, რომელიც მას ხიბლავს (უფრო კონკრეტულად კი მის ზარმაც, მაგრამ ნიჭიერ ბუნებას). როდესაც ურთიერთობას თვითონ იწყებს, რისკის კოეფიციენტი მაღალია, ვაი თუ ტყუილად მოუხდა ჩალიჩი, დროისა და ენერგიის დახარჯვა. ტყუილად ჩალიჩს კი საერთოდ რა მუღამი აქვს, ვერ ხვდება. სწორედ ამიტომ ურჩევნია, რომ ურთიერთობის დასაწყისშივე გაიასნებული იყოს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ორივეს „უნდა“. ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც თავს იფასებს (თავის დაფასება კი იმაში გამოიხატება, თუ ქალი პირველივე შემოთავაზებაზე არ თანხმდება პაემაზე და ნიჭიერ ხელოვანს თქვენ წარმოიდგინეთ და სამჯერ უწევს მისთვის sms-ის გაგზავნა), დამღლელი და გამაღიაზიანებელია. ხოდა არ აპირებს, ვინმეს ეხვეწოს რაა, უნდა უნდა, არ უნდა და....ურთიერთობის დაწყების ინიციატორ ქალს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება იყოს მოსიყვარულე და თბილი. აქვე უნდა გამოვრიცხოთ ის ფრიგიდული ქართველი ქალები, ურთიერთობის პირველი 3 თვე მარტო კოცნაობით რომ შემოიფარგლებიან. გადაღლილი და დაღლილია, ამიტომ ეგრევე ლოგინში უნდა სითბოც, ალერსიც და დილის საუზმეც. იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ბევრად მეტია, ქალი უნდა იყოს შინაგანად საინტერესო და გარეგნულად მიმზიდველი. უპირატესობას ე.წ. ხორციან ქალბატონებს ანიჭებს, რომლებსაც, როგორც მინიმუმ, მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე უნდა შეეძლოთ ერთ-ორი სიტყვის თქმა. ფაქტიურად ეს არის რაც მას სურს, ანუ თუ ვინმე ამას ყველაფერს აქეთ შესთავაზებს და ლანგარზე კოხტად დაწყობილს ახალგაღვიძებულს ლოგინში მიართმევს, ჩემი მეგობარი პატივს დასდებს და „გამოართმევს“, უარს არ იტყვის.
ხვდებით ალბათ, რატომაც დაბოდიალობს თბილისის ქუჩებში მარტო. მაგრამ თუ ყველაფრის მიუხედავად მაინც გინდათ მისი გაცნობა მომმართეთ.
კომენტარისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ჩემთვის მოკრძალებულად მაინც ვიმედოვნებ, რომ ყველა მამაკაცს ერთი და იგივე მაინც არ სურს.
დიალოგმა იმდენად გამიტაცა, რომ იგივე კითხვით ჩემს კიდევ ერთ მეგობარს მივადექი. მთლად лет 40-45 არ არის, მაგრამ არც ბევრი უკლია. ვერ ვიტყვი რომ დაბორიალობს, თანამდებობის პირია და შავი „რაღაცნაერი“ მანქანით მიასრიალებენ-მოასრიალებენ ხოლმე, მაგრამ იმ ზემოხსენებული „სამადავოლნი ბალვანი“-ს მსგავსად, ესეც მარტო დადის. რაც თავი მახსოვს, ყოველ ახალ წელს მპირდება, რომ მომავალ წელს ცოლს მოიყვანს და ოჯახური ცხოვრების ფერხულში ჩაებმება. დიალოგის ფირზე აღბეჭდვის სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა და საერთოდ არასერიოზულად მოეკიდა ჩემს კითხვას. მცდელობა არ დავაკელი და გავარკვიე, რომ თავის 35 წლის ასაკში უნდა „გულავი“, წელიწადში სამჯერ ევროპა, ერთხელ ამერიკა, ოღონდ მხოლოდ მანჰეტენზე, „კრუგლი გოდ“ უნდა აუზი, კორტები, ზაგარი, ჰუგო ბოსი, ტომი ჰილფიგერი და პოლო. აი ასე მარტივად არის საქმე.
რესპოდენტი N3 შედარებით ახალგაზრდაა და მისი დაოჯახება სულ არ მეჩქარება. მისთვის შეკითხვა: რა (ჯანდაბა) გინდა? ასე პირდაპირ არ დამისვამს, მაგრამ იმდენი ველაპარაკე ცხოვრების ამაოებაზე, თავისით დაფქვა ყველაფერი. ეს მამაკაცის ის ტიპია, არც მუშაობა რომ ეზარებათ და არც ქალის გულისთვის ჩალიჩი. დილას ადრე დგება.... გაპარსულ-გაპრიალებული დავინახე ერთხელ გაჩერებაზე, როგორც იტყვიან იდგა ამაყად „вес в белом“... ხოდა ეს ჩემი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მეგობარი არაჩვეულებრივი მექალთანეა და ამასთან რომანტიული ჯენტლმენი. ხან გატაცებულია, ხან შეყვარებული, ხან თავდავიწყებული და ხანაც თავდაკარგული. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვადასხვა ტიპის ქალებთან აქვს ურთიერთობა, გულში მანაც კარგად იცის რა უნდა: სულიერი, შინაგანი კომფორტი და სტაბილურობა. მის რომანტიულ ბუნებას აღიზიანებს ამბიციური და პრეტენზიული ქალები. უყვარს და სურს ის ქალები, რომელნიც მისდევენ მარტივ ტენდენციას: С милым и в шалаше рай. მაგრამ ამასთან, სასურველი ქალისათვის არ ეზარება ზემოხსენებული სამოთხის შექმნა, გნებავთ მოწყობა. არიან მამაკაცები, რომლებიც სწორედ იმით „კაიფობენ“ ქალებს რომ უსრულებენ რომანტიულ კაპრიზებს და მათი გულის დასაპყრობად „საგმირო საქმეებს“ სჩადიან.
სანამ დასკვნით ნაწილზე გადავალ, ჩემს ოჯახში შემოგახედებთ, სადაც ორი მამაკაცია. მათგან ერთ-ერთს ჯერჯერობით მხოლოდ მანქანები, დინოზავრები და ზვიგენები აინტერესებს. რაც შეეხება მეორეს, ანუ ჩემს ქმარს, სანამ ცოლად მომიყვანდა ასეთი სურვილი ჰქონდა: სამსახურიდან დაღლილი სახლში რომ დაბრუნებულიყო, გემრიელად წამოწოლილიყო ტახტზე და სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლისთვის დაეძახა: Sadeeeee! დიახ, უნდოდა, რომ შადეს დაეხვედრებინა მისთვის თბილი ჩუსტები და ძილის წინ „smooth operator“ ემღერა ხავერდოვანი ხმით. სინამდვილეში კი ცოლად ერთი უსმენო გოგო მოიყვანა, რომელიც დღემდე Анжелика Варум-ის სიმღერებს უსმენს. მამაკაცებო, აქვე მინდა გირჩიოთ, ის გინდოდეთ თუ შეიძლება, რისი მაპატიეთ გამოთქმაზე და ტრაკიც გაქვთ! მაინცდამაინც ანჯელინა ჯოლი თუ გინდათ ცოლად, თქვენც უნდა იყოთ მინიმუმ ბრედ პიტი თუ არა ჯორჯ კლუნი მაინც (ვაღიარებ: далеко არა ანჯელინა ვარ, მაგრამ კლუნიზე, было дело, მიოცნებია).
მოკლედ ბევრი ვილაპარაკე, თუ ცოტა ვილაპარაკე, გამოვლინდა მამაკაცის სამი განსხვავებული ტიპი: თვითკმაყოფილი, იგივე „სამადავოლნი ბალვანი“; ჩვეულებრივი „პოხუისტი“ და რომანტიული ჯენტლმენი. გარდა იმისა, რაც ამ სამი ტიპის მამაკაცს ცალ-ცალკე სურს, არსებობს საერთო საყოველთაო კაცური სურვილები. აი, ისინი ქალებს რომ გვათქმევინებს ხოლმე ყველა კაცი ერთნაერიაო. ამ სურვილების ტოპ-ათეული კი, სავარაუდოდ ასე გამოიყურება:
პირველ ადგილს საპატიოდ იკავებს მატერიალური კეთილდღეობა, უფრო მარტივად კი ფული და აქვე ერთიანდება ყველა ის მატერიალური ნივთი (მანქანა, საათი, ბლუთუსი, აიფოუნი და აიპადი და მართლა ჯანდაბა თქვენ!), რომლის შეძენაც მხოლოდ ფულით არის შესაძლებელი.
მეორე ადგილზე 90% შემთხვევებში დგანან (კვარცხლბეგზე) ქალები, უფრო კონკრეტულად კი უკრაინელი ქალები (ჩემმა ერთმა უკრაინიდან დაბრუნებულმა მეგობარმა გულდაწყვეტით აღიარა: აქამდე კაცებში მივლიაო).
მესამე ადგილს იკავებს ჭამა-სმა დიდად შესარგი და მხოლოდ მამაკაცებს რომ ესმით, ისეთი „გულავი“.
მეოთხე ადგილი, გარკვეული წლების შემდეგ, ვაი-ვაგლახითა და წვალებით მოიპოვეს ცოლებმა (შეიძლება ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია). თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცოლისათვის განკუთვნილ ადგილას თქვენი დედა მოკალათდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცების უმრავლესობას მაინც სურს ოჯახური კომფორტი, გარეგნული იდილია, რომელიც სურათის ჩარჩოში თავსდება - ოჯახური პორტრეტი ცოლ-ქმარი და სამი შვილი ბათუმის ბულვარზე, კოლონების ფონზე.
მეხუთე ადგილზეა თქვენი დედა, თუ მეოთხე პოზიციაში არ შეეცილება ცოლს, რა თქმა უნდა.
აუცილებელი ხუთეულის შემდეგ საპატიო მეექვსე ადგილს იკავებენ მეგობრები, მეგობრული „ტუსოვკები“, პოკერ-ჯოკერი და ასე შემდეგ.
მეშვიდე ადგილას არის დასვენება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია N2 სურვილთან.
მერვე ადგილს იკავებს ტელევიზორი, მისივე პულტი და ის სიმყუდროვე, რომელიც ტახტზე წამოწოლაში გამოიხატება.
მეცხრე ადგილი არის შესასრულებლად სავალდებულო, მაგრამ გარკვეულ წილად მაინც სურვილით განპირობებული ოჯახური გასვლითი ტურები.
მივადექი მეათე ადგილს, რომელსაც არ დავაკონკრეტებ და ერთ თავისუფალ სურვილს დავუტოვებ მამაკაცებს.
ტოპ ათეულს რომ თავი დავანებო, ჩემი აზრით მამაკაცებს რა (ჯანდაბა) სურთ და...რაც შეიძლება მეტი შეუზღუდავი თავისუფლება. მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე, მამაკაცების დარგში ექსპერტი არ ვარ და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი სურვილების თანმიმდევრობაც შემეშალა და შინაარსიც. ამიტომ ყველა მამაკაცს, რომელიც ამ სტატიას წაიკითხავს (იმედი მაქვს სათაურით მაინც მივიზიდავ თქვენს ყურადღებას) ძალიან გთხოვთ, მითხარით, რა (ჯანდაბა) გსურთ?!
Thursday, January 13, 2011
С новым Годом! С легким паром!
კვირა დღეს მე და ჩემი რვა ნახევარი წლით პატარა და ქეთევანი (მე რამდენი წლის ვარ, აღარ დავაკონკრეტებ) მოვდიოდით საახალწლოდ განათებულ თბილისში, რომელიც რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, მართლა ლამაზია. სიტყვა „გალამაზდას“ პრინციპულად არ დავწერ, იმიტომ რომ ვერ ვიტან, როდესაც დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდება და გაღიმებული, ოდნავ იმფანტილური სახით მეტყვის: „ვაიმე, ვერ გიცანი, როგორ გალამაზდი?!“. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ არ მიყვარს ეს გამოთქმა. ამჯერად ჩემი გარეგნობის ცვალებადობაზე აღარ შევჩერდები და ისევ თბილისს მივუბრუნდები. თბილისი კი არ გალამზდა, ის, ჩემი აზრით, ბევრი წლების წინ კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ახლა, მერე რაღაც დროით ჩაქრა და თითქოს არ ჩანდა, უსახური ნაცრისფერი ყოფის ფერი მანაც შეიძინა. დღევანდელ დღეს ყოფა, რამდენად ფერადია თქვენ თავად განსაზღვრეთ, თბილისი კი ნამდვილად ფერადი (ზოგჯერ მეტისმეტად) და რაც მთავარია, ნათელია. მომწონს ნათურები, ჭაღებიც მომწონს, მძივებიც და წვიმებიც (მართალია, ახალ წელთან ფოთლებისა და ჩიტების და მითუმეტეს მედუზების კავშირის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ როგორც რუსები იტყვიან не надо предираться).
მოკლედ, მოვდივართ მე და ქეთევანი და ამ დროს ქეთევანს მისი ნაცნობი ბიჭი ხვდება. ტრადიციული გადაკოცნა-გადმოკოცნისა და „ვაა, რამდენი ხანია არ მინახიხარის“ შემდეგ ბიჭი ეკითხება: „გაგისწორდა ახალი წელი?“ (მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მიმაჩნია, რომ ქეთევანის თაობას ნამდვილად არ ვარ ჩამორჩენილი, მაგრამ მაინც ძალიან მეხამუშა ეს „ახალი წელი გაგისწორდა“). ქეთავანმა, როგორც თანამედროვე „თინეიჯერების“ ღირსეულმა წარმომადგენელმა, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი „რაღაცნაერი“ (ვგიჯდები ამ სიტყვაზე „რაღაცნაერი“) უკმაყოფილო ტონით უპასუხა: „არაა“ (რატომღაც რომ ეთქვა, გამისწორდაო!). ნაცნობს საპასუხო ფრაზა უკვე გამზადებული ჰქონდა და ქეთევანის „არა“-ს უმალვე შეაგება: „ხოო, არავის არ გაუსწორდა, ვაბშე“. იცის ბიჭმა, სტატისტიკურად გამოიკვლია, რომ 2011 წელის დადგომა, სრულიად მსოფლიოში თუ არა, ნახევარში მაინც, დიახაც რომ არავისაც გაუსწორდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქეთევანს ზემოხსენებული შეკითხვა, რომელსაც მე სტატიას ვუძღვნი საერთოდ არ „ესტრანნა“.
საქმე კი სინამდვილეში იმაში კი არ არის ვის რამდენად გაუსწორდა, ან არ გაუსწორდა ახალი წელი, არამედ დამოკიდებულებაში, არსებობს ეს ფენომენი მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და მუდმივი წუწუნის, „ფუუუ რა იდიოტობაა“ (სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცით რომ ეს იდიოტობაზე ბევრად მეტი ...-ობაა) იმ დამოკიდებულების შერბილებული გამოხატვაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მეც) აქვს და გვაქვს ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენების, უფრო კონკრეტულად კი „ივენთების“ და „ფართების“ მიმართ. არა და წესით და რიგით ეს დაუსრულებელი „ტუსოვკები“ სწორედ იმიტომ იმართება, რომ ჩვენ გავერთოთ, მოვდუნდეთ, დავიმხოთ რა ვიცი კიდევ რას აკეთებთ ხოლმე? არ ვიცი შეიძლება ჩემს გარშემო შეიკრიბა ეს „ნედავოლნი“ საზოგადოება, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად შემაშფოთებლად ბევრია, რომ აღნიშვნად ნამდვილად ღირს.
მივუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას, კერძოდ კი „ნედავოლნი საზოგადოებას“. საინტერესოა, როდის მოხდა ეს, როდის დაგვიქვეითდა კმაყოფილების შეგრძნების რეცეპტორები? პოლიტიკური და სოციალური ფონი პირდაპირ კავშირშია ამ პრობლემასთან, მაგრამ არ მინდა ამ თემებზე არც ჩემი და არც თქვენი ყურადღების გამახვილება. არ მინდა იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმე თემებია და ამ საახალწლოდ არც თავს დავიმძიმებ და არც თქვენ დაგამძიმებთ. უბრალოდ ჩვენთვის შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკურმა და სოციალურმა რბილად რომ ვთქვათ - დაღმა სვლამ და გაუთავებელმა წარუმატებლობებმა დიდი გავლენა იქონია ზემოხსენებული „ნედოვოლსტვა“-ს სინდრომის ჯერ ჩამოყალიბებაზე და შემდეგ უკვე განვითარებაზე.
იმისთვის რომ გავერკვე, მაინც როდის იღებს სათავეს დაუკმაყოფილებლობის სინდრომი წარსულს გადავხედე. პირველად, როდესაც ახალი წლის დამოუკიდებლად აღნიშვნის უფლება მოვიპოვე, (რაც დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: ტრადიციულად 24:00 საათზე სახლში შეხვედრა, იგივე დასტუკება და პირველის წუთებზე კი წასაყვანად რომ მოგაკითხეს იმ მეგობრების მანქანაში, ან ტაქსში პირდაპირ მე-5 სართულიდან გადახტომა) 18 ან 19 წლის ვიყავი. ეს ის წლებია, როდესაც, არც რუსთაველის და არც ჭავჭავაძის გამზირები იყო განათებული უთვალავი „ლამპოჩკით“ და საბურთალოსათვის ახლა არავინ იკლავს თავს და მაშინ ხომ საერთოდ ახალი წლის დადგომის არანაირი მინიშნება არ არსებობდა. ახალი წლის დადგომამდე, როგორც წესი დენი „კაკ მინიმუმ“ 2-ჯერ მიდიოდა. ვინ იცის, რამდენჯერ „ჩააგდო“ დენის წასვლამ ელექტრო ღუმელში ამოსული ფუმფულა ბისკვიტი.... ბისკვიტების ვარდნის წლები თამამად შეიძლება ვაღიაროთ რესტორნების აღმართვის წლებად. სწორედ იმ წლებში აშენდა ის გემოვნებიანი და საოცრად მყუდრო სამასი, ხუთასი და ათასხუთას კაციანი რესტორნები. „დიდი რესტორნების ხანა“ მე ღირსეულად გავატარე, ყოველ ახალ წელს, ან საახალწლოდ გამართული რესტორნული „ივენთის“ ბილეთში ვათხლიშავდი უსაზღვრო ფულს, ხანაც მეგობრებთან ერთად თავად ვქირაობდი მათგან ერთ-ერთს და ვაწყობდით იმას, დღეს რომ „პრაივატ ფართი“ ქვია. ძალიან კარგად და გამორჩეულად მახსოვს, სავარაუდოდ 1998 ან 1999 წლის ახალი წელი, როდესაც ჩვენი მეგობრის მეგობრის მეგობრის ნაცნობმა ბიჭებმა დაგვპატიჟეს. ეს იყო გამართლების პიკი, მე და ჩემი ორი მეგობარი ახალი წლის ღამეს ავღმოვჩნდით ნახევრად ჩაბნელებულ „ზავიდენიეში“ რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ (დღეს იქ სავარაუდოდ ხინკალცენტრია, ან რაღაც მსგავსი). სიტუაცია სრულიად გაუგებარი იყო და ამიტომაც მალევე დავტოვეთ იქაურობა. მახსოვს როგორ გვიჩერებდნენ მანქანას უცხო ბიჭები რესპუბლიკის მოედანზე და ჩვენ როგორ ვიყინებოდით ტაქსის მოლოდინში. ერთი წარუმატებელი „ფართი“ არ გამორიცხავდა მეორე „ტუსოვკის“ წარმატებულობას და ამიტომ ჩვენს მეგობრებთან გადავწყვიტეთ წასვლა. ეს ის პერიოდია თბილისის ინტელიგენციას რომ გაუჭირდა და ვაკე-საბურთალოდან დიდ დიღომს რომ მიაშურა. სწორედ ასეთი ყოფილი საბურთალოელის ცოლი იყო ჩვენი კლასელი, რომელიც დიდი დიღომის დიდ დიღომში გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს მივედით ჩაბნელებულ დიდი დიღომის სულ-სულ ბოლო კორპუსთან, დენი რა თქმა უნდა არ იყო, მაგნიტოფონს მეზობლის „დვიჟოკიდან“ მოპარული კაბელით ვუსმენდით. ძალიან ბევრი დავლიეთ და ძალიან ბევრი ვიცინეთ იმ ახალ წელს. მიუხედავდ იმისა, რომ არც პერო გვქონდა გაყრილი, არც ლელა წურწუმია და დათო გომართელის დუეტი გვართობდა და ერთი „ილიჩის ლამპოჩკას“ რომ ეძახიან, ისეთი ნათურაც კი არ გვენთო,ჩვენ ის ახალი წელი ძალიან გაგვისწორდა.
კიდევ ერთ ახალ წელს ევროპის ცენტრში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მთლად ჭიპის ადგილას არ არის, მაგრამ თავის მნიშვნელობით ჭიპი კი არა გულია, - პარიზში შევხვდი. სამი შტერი ქართველი გოგო, რომელთაგან ორი პარიზში უფულოდ ჩამოვიდა, მაგრამ ახალი წლის „ფართიზე“ მოხვედრა და აფროამერიკელებთან ერთად ლამბადას ცეკვაში ახალი წლის ღამეც გაათენა. რა ვიცი, იყო კი ეს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი, სხვა დანარჩენ ახალ წლებს შორის?
ამ ახალი წლების მერე კიდევ ბევრი ახალი წელი მოვიდა, წავიდა, მოვა ახალი წელი.... უნდა ვაღიარო, რომ ახალი წლის ღამის მაქსიმალურად არაჩვეულებრივად გატარების სურვილი და მოლოდინი ყოველთვის იმდენად დიდია, რომ უმრავლეს შემთხვევებში არ ამართლებს ჩვენს მოლოდინს.
ალბათ ხდება კიდეც ახალი წლის ღამეს საოცრებები. იმ ახალი წლის ღამეებს შორის, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, არამგონია ახალი წელი სხვას იმაზე მეტად გასწორებოდა ვიდრე რიაზანოვის ჟენიასა და ნადიას გაუსწორდათ და იმაზე მეტად გატყდომოდა, ვიდრე იპალიტს გაუტყდა ახალნაყიდი პალტოთი რომ შევიდა დუშში საბანაოდ. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ბარბარა ბრილსკას კინოგმირის ბედი გამეზიარებინა და ბენდელიანის ქუჩაზე ჩემს ბინაში გზააბნეული უცნობი სიმპათიური მამაკაცი აღმომეჩინა. მაგრამ კინოს სიუჟეტი კინოში რჩება და ჩვენ კი გვრჩება ჩვენი ცხოვრება და ცხოვრების ის მომენტები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვისწორდება, როდესაც მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა არაჩვეულებრივი და საოცარი.
მიუხედავად ამდენი უკმაყოფილო ადამიანისა, იმათ ვგულისხმობ „ახალი წელი რომ არ გაუსწორდათ „ვაბშე“, მე მყავს ერთი მეგობარი, რომელმაც მითხრა: „წელს ყველაზე არაჩვეულებრივი ახალი წელი მქონდა, მე და გიგიშა (მისი შეყვარებული) მთელი ღამე სამზარეულოში ვისხედით და კონიაკს ვწრუპავდითო“. აი ამაშია საქმე, დამოკიდებულებაში, არ არის აუცილებელი Chloe-ს 2010/2011 წლების კოლექციის კაბა გეცვას (აუცილებელი შეიძლება არ არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი) და მართლა, მაპატიეთ გამოთქმაზე, და ტრაკში პეროგაყრილი იჯდე სადმე „ნებასკრობზე“. არა თუ ვინმესთვის მხოლოდ ეს არის მთავარი და მითუმეტეს საკმარისი, კი ბატონო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მეც ძალიან მიყვარს მსგავსი „სვეცკი“ „ფართები“. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება აი ასეთი „ზესვეცკი“ „ფართიც“ არ გაგისწორდეს, იმიტომ რომ მარტივად შენ თვითონ არ იცოდე რა გისწორდება. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ერთი ნაცნობი, როგორი აღშფოთებული და მართლა „ნედავოლნი როჟით“ აღწერდა იმ საახალწლო ღამეს, სადაც მოსახვედრად მთელი თვის ხელფასი გადაიხადა. ხოდა იმას ვამბობდი, რომ რადგან მთავარი მაინც ჩვენი დამოკიდებულებაა - მე ჩემ თავს, ჩემ მეგობრებს და ყველას თქვენ ვუსურვებ და გისურვებთ, რომ ვისწავლოთ ისეთი სიტუაციების შექმნა, ისეთი განწყობის მოტანა და ისე მოქცევა, რომ როდესაც ერთად ვიქნებით 31 დეკემბერს, 17 მარტს თუ 24 ოქტომბერს, ძალიან მაგრად გაგვისწორდეს.
„ნედავოლნი“ საზოგადოებას (ჩემი ჩათვლით) ვულოცავ ახალი წლის დადგომას, (მიუხედავად იმისა, რომ არანაერი საახალწლო სამზადისი არ მაქვს და 31 დეკემბრისაგან განსხვავებით არც ნიგვზიანებს ვკმაზავ და არც წიწილა მაქვს შესაწვავად შემდგარი, სწორედ დღეს დგება ახალი წელი). С новым Годом როგორც იტყვიან და С легким паром!
Monday, January 10, 2011
მე პოლიტიზირებული საზოგადოების წევრი ვარ - ნებით თუ უნებლიეთ. ბოლო დროს ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა იყოს მეგობრებთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან, შეკრების მიზეზი, პოლიტიკაზე საუბრამდე მივდივარ, რასაც ხშირ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს. საკუთარ თავსაც კი შევამჩნიე, როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება აგრესიული ვხვდები, ემოცია ხშირად თავს მაკარგინებს და ამ დროს სარკეში თუ მოვლანდე ჩემი თავი მეშინია – შეშლილის გამომეტყველება მაქვს!!!! პოლიტიკურ მდგოამრეობაზე საუბარი, ფიქრი ჩემი გონების, ფიქრების, განცდების და ემოცების სულ უფრო დიდ ნაწილს იპყრობს, რამაც საბოლოოდ დაუოკებელი სურვილი გამიჩინა დავწერო ყველაფერი ის რაც მაწუხებს, რაც უკვე წლებია გროვდება.
რატომ ხდება ის რაც ხდება და არის კი გამოსავალი?. რატომ არის რომ 20 წელია ერთ ადგილას ვდგავართ და თუ ერთ ნაბიჯს წინ გადავადგამთ, მას აუცილებალად 3 ნაბიჯი მოჰყვება უკან (ეს რა თქმა უნდა პირობითად). ეს წინადადება აბსტრაქტული რომ არ მოეჩვენოს ვინმეს მაგალითებს მოვიყვან: შევარდნაძის დროსაც კი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ყოვლად ბნელი, უიმედო უპერსპექტოვო, პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიკარგა სამაჩაბლო და გაიყიდა აფხაზეთი, როდესაც კორუფციამ ჩვენი ცხოვრრების ყველა შესაძლო სფერო მოიცვა და მეცნიერულ დონეზე დასაბუთებული კანონზომიერება გახდა, მეტნაკლები წინსვლები მაინც იყო: სამოქალაქო ომის შემდეგ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი გახდა ქუჩაში გადაადგილება იმის შიშის აგრეშე, რომ ვიღაცა ან მანქანიდან გადმოგსვავს, ან ჩანთას წაგართმევს. ეს შემთხვევები რა თქმა უნდა მაინც იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. მაგრამ ამის პარალელურად საქართველოში იყო სიბნელე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცნობილი მე-9 ბლოკი, რომელიც მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც, მახსოვს, მისაღები გამოცდებითვის ფანრით ხელში ვმეცადინეობდი. გაუთავებელი პურის რიგები, ძნელად მოსაპოვებელი საკვები და კიდევ უფრო ძნელად მოსაპოვებელი სახსრები საკვების შესაძენად. კრიმინალურ ბანდებში გაწევრიანებული ახალგაზრდები იარაღებით ხელში და უბნებს შორის წარმოებული გამუდმებული შურისძიება. საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპის ქვეყნების კეთილი ნების შედეგად საქართველოსკენ მომართული ჰუმანიტარული დახმარებები, კრედიტები და გრანტები გზაში უჩინარდებოდა და არავინ ინტერესდებოდა მათი მიზნობრივი ხარჯვით. ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ ეტყობა იმდენად მძიმე იყო ის ჩვენთვის, რომ ვცდილობთ ამაზე აღარ ვიპიქროთ და არ გავიხსენოთ. ალბათ ამიტომაა, რომ არავის გახსენებია მოითხოვოს იმ მთავარი პიროვნების დასჯა, ვისაც ბრალი მიუძღვის ყველაპერ ზემოთ ჩამოთვლილში. მახსოვს, რომ იმ პერიდოში შეიღება ბათუმის ყველა სახლი თეთრად, ბათუმს საერთოდ უხდება თეთრი ფერი.... მაგრამ ამის პარალელურად ასლან აბაშიძის მე-2 თუ მე-4 კლასის მოსწავლე შვილიშვილი სპეციალური შეკვეთილი დამზადებული მანქანით გადაადგილდებოდა ქალაქში რის გამოც ქუჩები პერმანენტულად იკეტებოდა. ბათუმის ძალიან ბევრ სკოლაში იყიდებოდა ნარკოტიკი, ან ხშირ შემთხვევაში კი არ იყიდებოდა საყოფაცხოვრებო საგნებზე, თუ საკვებზე იცვლებოდა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ წინგადადგმული ნაბიჯები კი იყო, მაგრამ ისინი კარგავდნენ მნიშვნელობას იმ უსამართლობის, უკანონობის, ბოროტების წინაშე რაც პარალელურად ხდებოდა.
რა შეიცვალა 2003 წლის შემდეგ???? თუ ვინმეს გონია, რომ მე მხოლოდ ცუდს ვხედავ, ძალიან ცდება.
განხორციელდა მისაღები გამოცდების რეფორმა, რისთვისად დიდი მადლობა. უნივერსიტეტში ნაცნობებობის გარეშე, თითოეულ საგანში ოთხი თუ ხუთი (ეს ტარიფი მუდმივად იცვლებოდა, ფაკულტეტების მიხედვით )ათასი დოლარის გადახდის გარეშე ჩაბარება რეალური გახდა. ძალიან ბევ ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა 100%. სახელმწიფო დაფინანსება და უფასოდ მიეღო განათლება იმ უმაღლეს სასწავლებელში რომელსაც აირჩევდა. მაგრამ პარალელურად რა დაემართა სასკოლო პროგრამას???? მაპატიეთ, ძალიან ჩახედული არ ვარ ამ სფეროში, მაგრამ სწორედ ჩახედული ადამიანებისგან არა ერთხელ მსმენია, რომ საქართველოში განხორციელდა აფრიკის ერთ-ერთ უკიდურესად გაჭირევებული ქვეყნის მსგავსი სასკოლო პროგრამის რეფორმა. ვფიქრობ, რომ არაფერი არ დამაკლო და პირიქით ძალიან ბევრი რამ შემძინა თავის დროზე, იმან რომ ვეფხის-ტყაოსნის სწორედ ორიგინალი ვერსია ვისწავლე. რატომღაც მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა ნესტან-დარეჯანის კაბის ფერს და ტარიელის ვარცხნილობას, ღირებული იყო მათი მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების შესახებ ისტორიები. სწორედ სასკოლო პროგრამის რეფორმის შემდეგ გავიგე, რომ ვეფხისტყაოსნის ორიგინალი ტექსტის სწავლება სკოლის ასაკში, დამრთგუნველი შეიძლება იყოს მოსწავლისათვის.
დიდი მადლობა დაგებული გზებისათვის, მაგრამ ძალიან ხშირად მებადება კითხვა სად დაიგო ეს გზები? უფრო მეტია ის ადგილები სადაც უნდა დაგებულიყო და არ დაიგო, მაგრამ იმისთვის სადაც დაიგო ძალიან დიდი, გულწრფელი მადლობა!
ხალხის სიყვარულს მოკლებული მილიციის ადგილი, ევროპულად ჩაცმულმა პოლიციელებმა დაიკავეს. უნდა ვაღიარო, თავიდან მათ მიმართ ნდობა მათლაც ძალიან დიდი იყო. ქალაქში ძალიან ბევრი მოქალაქე თავს უფრო დაცულად გრძნობდა იმის გამო, რომ მუდმივად გვიმეორებდნენ `ჩვენ გვიცავს ჩვენი პატრული~, `მადლობა პატრულს!!!~. მაგრამ... საპატრულო პოლიციის რეფორმის განხორციელებიდან ძალიან მალე, აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი პოლიციის მიერ განხორციელებული თითქმის ყველა სპეცოპერაცია უნდა გაშუქებულიყო ყველა მასობრივი საშუალებით, ყველაზე უმნშვნელო დეტალების ჩათვლით (წარმოიდგინეთ ნებისმიერი ევროპული ქალაქის დღის ქრონიკაში რომ გავიდეს რეპორტაჟები დღის განმავლობაში ქალაქში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ალბათ ევროპელების ერთი ნაწილი საშინელ პანიკაში ჩავარდება და ფსიქოთერაპიის ხანგძლივ სენასებს გაივლის, დეპრესიისაგან თავის დასახწევად, ხოლო მეორე ნაწილი შეეცდება რაც შეიძლება სწრაფად საცხოვრებლად უფრო მშვიდ ქალაქში გადავიდეს) და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ თითქმის ყველა სპეც-ოპერაცია დამთავრდა დამნაშავეების, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაციით. დამნაშავე, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა უნდა დაისაჯოს და უნდა შეეფარდოს ამავე კოდექსით მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მას მერე, რაც თითოეული სქმეზე ჩატარდება გამოძიება, პირის ბრალეულობა მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეფუძნება და ამის შესასებ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ლოგიკურად მებადება კითხვა: რა საჭიროა სასამართლო თუ ნებისმიერ ეჭვმიტანილს ან თუნდაც ყველაზე მძიმე დამნაშავეს ადგილზე გავუსწორდებით და სიცოცხლეს გამოვასალმებთ????
მადლობა იმისთვის, რომ დენი წყალი და გაზი შეუფერხებლად მოგვეწოდება. თუმცა აქვე არ შემიძლია არ დავამატო ის, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველოში ახალი ჰესი არ აშენებულა. მოსახლეობის შეგნება გაიზარდა იქამდე, რომ მოხმარებული დენის საფასური, შენ შენი ჯიბიდან უნდა გადაიხადო. შესაბამისად, ქართველმა ისწავლა, ან ეხლაც სწავლობს მის მიერ გამოყენებული სიკეთეების ყაირათიანი ხარჯვას. გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახური (და ამაში მას სახელმწიფო, სრულიადა სამართლიანად უჭერს მხარს, განსხვავებით იმ ავად გასახსენებელი პერიოდისგან, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი) უფლებამისილია შეზღუდოს მოქალაქის უფლება და ის მარტივად რომ ვთქვათ გაზის და/ან დენის გარეშე დატოვოს.
მაგრამ არ მინდა მუდმივად განათებული ნათურა და არც მუდმივად ჩართული ტელევიზორი, თუ ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები, რომელბსაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი აქვთ და ამ აზრს სახალხოდ, საჯაროდ გამოთქვამენ ჩემს თვალწინ უნდა დაარბიონ, ცემონ, მიწასთან გაასწორონ, ქვეყნის ღალატში დასდონ ბრალი, მათი ბრალეულობა არც კი გამოიძიონ ისე, მომდევნო ერთი თვე ძილის წინ, ყოველ დღე წამიკითხონ ზღაპარი იმის შესახებ, რომ რაც საკუთარი თვალით ვნახე ისე კი არ იყო, როგორც მე დავინახე და აღვიქვი, არამედ ისე როგოც განმიმარტავენ. როდესაც ვხედავ, რომ პირდაპირ ეთერში ჯურნალისიტებს უვარდებიან, ავტომატებით ემუქრებიან და საბოლოოდ მაუწყებლობა უწყდება იმ ერთადერთ არხს, რომელიც ჩემს როგორც მოქალაქის ინტერესსა და მოთხოვნილებას ასე თუ ისე აკმაყოფილებდა, ვინაიდან ავსებდა იმ განსხვავებული აზრის ნიშას, რომლის არარსებობაც ზოგადად სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყნისათვის.
დიდი მადლობა განათებული ქუჩებისათვის, ახალი შადრევნებისათვის, კაფეებისათვის, მაგრამ... და ისევ ეს მაგრამ!!!! გვააქვს კი უფლება, ყველას თანასწორად, დავტკბეთ ჩვენს ქალაქში განხორციელებული ცვლიელბებით და საღამო უსაფრთხოდ თუნდაც ახალდაშენებული შადრევნის შორი ახლოს მდებარე რომელიმე კაფეში გავატაროთ????
ჩვენი ეს, ერთი შეხედვით უწყინარი უფლება, მაშინვე იზღუდება როგორც კი რთული, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმავე კაფეში გადაწყვეტს განტვირთვას სადაც ჩვენ. გაუთავებელი ქუჩის გაადაკეტვები, იარაღიანი დაცვის წევრების, საქმიანი მოძრაობა, ალიაქოთი....მაგრამ....
უფლების შეზღუდვას ადვილად გადავიტანთ, ეს რომ უფრო მძიმე და საშინელი დანაშაულის საფრთხეს არ გვიქმნიდეს. სანდრო გიგვლიანის მკვლელობა `ძალიან ცუდი შემთხვევა~ კი არ არის, როგორც ის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა შეაფასა, არამედ ეს არის დანაშაული ადამიანის სიცოცხლის, წინააღმდეგ, ეს არის უკანონობა, უსამართლობა და მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია კი არა, არამედ მთელი საზოგადოების, რომელიც სრულიად დაუცველია მსგავსი შემთხვევების წინაშე. მუდმივად ევროპას რომ გვადარებენ, პასუხად არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ნებისმიერი ევროპის ან თუნდაც არაევროპის, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო გარეული ასეთი დანაშაულის საქმეში, ის დღეს თავის თანამდებობაზე არ იქნებოდა და ქვეყნის პოლიციური რეჟიმით მართვას ვეღარ გააგრძელებდა, ამ დანაშაულში პასუხისგებაში მიცემული პირები კი დანაშაულის ადეკვატური სახელით დაისჯებოდნენ.
ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გარემონტდა სკოლები და საავადმყოფოები და ღვთის წყალობით არა მარტო თბილისში (სამწუხაროდ ბევრს დღემდე გონია, რომ საქართველო მარტო თბილისია), არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში, მაგრამ განა გარემონტებული სკოლები და საავადმყოფოებია ახლა სოფლებისათვის მნიშვნელოვანი.
ეს არის თემა, რომელიც ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია 2003 წლის შემდეგ განხორციელებულ მოვლენებთან შედარებით, ამიტომ აქაც მხოლოდ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, აზრის გამოთქმით შემოვიფარგლები:
2008 წლის აგვისტოში საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ომი წააგო და არ მოუგია. ეს იყო ნამდვილი ომი, მთელი თავისი სიმძიმით. დაკარგული ტერიტორიებით, გაუბედურებული, უსახლკაროდ დარჩენილი ხალხით, პატივაყრილი, იარაღჩამორთმეული და გაძარცვული ქართული ჯარით.
რა თქმა უნდა ამნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისროლა პირველმა, მაგრამ ეს არი არის ამოსავალი წერტილი. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგს:
თუ ომი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო, მაშინ ის ან ცუდი დიპლომატი და პლიტიკოსია ან უბრალოდ უაზროდ ამბიციული ჭკუასუსტი. 21-ე საუკუნეში ომის დაწყება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ...!!!!! ალბათ ყველას კარგად ახსოვს ჩNN მიერ გავრცელებული კადრები ჩვენი და რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ძალის თანაბარდობასთან დაკავშირებით. ამაზე მეტი რომ დავწერო არ მინდა, იმიტომ რომ არც სამხედრო ექსპერტი ვარ და არც პოლიტიკოსი. ვარ უბრალო მოქალაქე, რომელსაც მიაჩნია, რომ გაუმართლებელია შენი ქვეყნის უახლოეს მეზობელთან, რომელზეც მხოლოდ შენ კი არა მთელი ევროვაა ეკონომიკურად დამოკიდებული, ომის დაწყება. ასობით ადამიანის უსახლკაროდ დატოვება, ასობით ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და შედეგად სწორედ იმის მიღება რაც შენს `მტერს~ რუსეთს აწყობდა: საბოლოდ დაკარგული ტერიტორიები, განიარაღებული ქართული ჯარი, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკის მარტივად რუსეთისათვის აგდაცემა.
ვთქვათ ომი რუსეთმა დაიწყო. რა გააკეთა საქართველომ იმისათვის რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა? მე პირიქით მხოლოდ ომის პროვოცირების ფაქტები მახსენდება. მუდმივად მილიტარისტული კლიპები ტელევიზიით, პოპულისტური გამოსვლები და მუდმივი მუქარა შეურაწყოფა რუსეთის მიმართ. ჩემი, როგორც უბრალო მოქალაქის პოზიციაა, მიმაჩნია რომ ქვეყნის ლიდერს უნდა შეეძლოს მოვლენების ადეკვატური შეფასება და თუ კი ხედავს ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების საშიშროებას, ყველა დიპლომატიურ-პოლიტიკური სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისათვის რომ არ დაუშვას ომი.
ორივე შემთხვევაში, მე როგორც საქართველოს მოქალაქე ,თავს დამარცხებულად ვგრძნობ. ომის გამართლების ერთ-ერთი არგუმენტი არაერთხელ მოვისმინე, რომ თურმე ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე! თუ ვინმეს ამის ჯერა....მსოფლიო ასეთი გულუპრყვილო როგორ გგონიათ!!!! ყველამ კარგად იცის იცოდა და ეცოდინება ვინ არის რუსეთი და რა ეკონომიკური თუ სამხედრო შესაძლებლობები აქვს მას. არც ერთი ევროპის ქვეყნის ლიდერი მას ისეთი ტონით არ ელაპარაკება, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, საერტოდ მიმაჩნია, რომ დიპლომატია იმდენად შორს არის წასული, რომ ამ უკანასკნელის მიერ არჩეული ურთიერთობის მანარას საერთოდ არ იყენებს არავინ და არც არის გამოსაყენებელი.
საქართველომ ომი წააგო რუსეთთან, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დადგენილი საზღვრები, საქართველო არის ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან 30 კმ-ში დგას ოკუპანტის ჯარი და მიუხედავად ამისა მე მაინც უნდა მახარდებდეს შადრევნები და დაგებული გზები? ნუთუ ეს ყველაპერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მთავარსარდალს ერთხელ მაინც შერცხვეს, უბრალოდ საჯაროდ შერცხვეს!
ისევე როგორც ყველა ნაშრომს, ჩემს წერილსაც ჭირდება დასკვნა და აი ისიც, ჩვენთვის – ქართევლებისთვის:
ჩვენ - ქართველები არ ვართ განსაკუთრებული ხალხი! ის რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა არის ღვთის დიდი მადლი და წყალობა, რის გამოც ამპარტავნები კი არ უნდა გავხდეთ, კუდი ყავარზე გავიდოთ და უსაქმურად ველოდოთ, როდის გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელ საქმეს `უხილავი ძალა ზეციდან~, არამედ ღმერთს ყოველ დღე მადლობა შევწიროთ და მადლობა არა სიტყვაში არამედ ჩვენი ქვყნის, ერთამენთის სიყვარულში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო საქმის კეთებაში გამოვხატოთ.
ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ სუფრაზე ჭიქით ხელში, არამედ ქუჩაში _ ერთმანეთს თუ დავეჯახებით ბოდიში მოვუხადოთ, ეს სირცხვილი არ არის, რიგში - რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, არ გადავხატეთ თავზე ჩვენს წინ მდგომს, მაღაზიაში _ ყიდვისას თუ გაყიდვისას არ დავამადლოთ ერთმანეთს ჩვენი არსებობა, გავიღიმოთ და მადლობა ვუთხრათ, სამსახურში _ არ გაგვეხარდეს, თუ ჩვენმა კოლეგამ შეცდომა დაუშვა, არ შეგვეშინდეს პასუხისმგებლობის ჩვენ თავზე აღების, არ გავუკეთოთ და არც ვუსურვოთ ერთმანეთს ბოროტება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ყველაზე მეტად ისევ ჩვენ ვზარალდებით.
ჩვენს ქვეყანას არ ჭირდება გულში მუშტების რტყმა და იმის ძახილი, როგორ გვიყვარს საქართველო, არც ჩვენი თავდადება, თავგანწირვა ჭირდება. ჩვენ ქვეყანას ჩვენ ცოცხლები, ჯანმრთელები და მონდომებით აღსავსენი ვჭირდებით დღეს. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, თითოეულმა
ჩვენთაგანმა ჩვენი ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის შესაბამისად, პატიოსნად და კეთილსინდისიერად, ნუ დაველოდებით რომ მას ჩვენ ნაცვლად ვინმე სხვა გააკეთებს, ნაკლებად დავინტერესდეთ სხვისი შეცდომებით და ვიმუშაოთ საკუთარზე. ამოსავალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთიდღეობაზე, განვითარება, წინსვლა. ხშირად გავიხედოთ ჩვენი ფანჯრის, სახლის კარების ზღურბლის გარეთ.
ნუ დავიჩემებთ, რომ მხოლოდ რასაც და როგორც ჩვენ ვფიქრობთ არის მართალი და ჭეშმარიტი. დავუშვათ განსახვავებული აზრის არსებოდა, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს.
დავანებოთ თავი პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების სიყვარულს. შევაფასოდ მათი განხორციელებული ქმედებები ობიექტურად, მოვიწონოთ მათი რეფორმები, მაგრამ ნუ შეგვეშინდება გაკრიტიკება. პატივი ვცეთ მათ და სიყვარული მხოლოდ ჩვენ შვილებს, მშობლებს, დებს ძმებს მეგობრებს ახლობლებს მოვახმაროთ.
უარი ვთქვათ ძალადობაზე. არ გამოვიყენოთ ძალადობა სხვისი შვილების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. საქმე რომლის საწყისი შურისძიება, ამბიციების დაკმაყოფილება, რევანშიზმი, შუღლი და ბოროტებაა თავიდანვე განწირულია. ნუ გამოვიყენებთ ბრძოლის იმ მეთოდებს, რომლებსაც საჯარო გამოსვლებში ჩვენ თვითონვე ვგმობთ.
მიუხედავად იმისა, რომ წერის დაწყების წინ არ მქონდა ეს განზრახვა, ჩემი წერილი უნდა დავასრულო იმით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ვფიქრობ, გამოსავალი ამ ეტაპზე მაინც ერთია: ჩვენი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, 2003 წლიდან დღემდე განხორციელებული ყველა ქმედება და მოვლენა ადეკვატურად უნდა შეფასდეს, ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას და ყველა დამნაშავეს ადეკვატური სასჯელი უნდა შეეფარდოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ქვეყნის წინსვლაზე ფიქრი, ქმედება და არა საუბარი. ჩვენ, განვმეორდები და ვიტყვი, თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი საქმის კეთილსინდისიერი და პატიოსანი კეთებით, უნდა დავაყენოთ საქართველო დემოკრატიის, სამართლებრივი, თავისუფალი სახელმწიფოს შენების გზაზე. ეს რთული და ხანგძლივი პროცესია, რომელიც არც ერთი, ორი ან თუნდაც 5 წლით შემოფარგლება, გადამწყვეტი და მნუიშვნელოვანი არის სწორეს ის, რომ თუნდაც 20 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენი შვილები დაიკავენებ ჩვენს ადგილს, საქართველო შედგეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
2009 წელი
ქ. თბილისი
Subscribe to:
Posts (Atom)

